განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210019002903786
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-1303-19 04 მარტი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
ა---–----------------------დის------–----–---------------
წარმომადგენელი: ს---–---- ჩ-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ,,ქ----“
წარმომადგენელი: რ---- შ-----
დავის საგანი: პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს ,,ქ----“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2017 წლის 13 სექტემბერს, შპს ,,ქ----“-სა და ქ----- მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NAT 1-------- ხელშეკრულება N150. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ----- მუნიციპალიტეტის, სოფელ კ------------- წყლის სისტემის მაგისტრალის სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 136 000,99 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიმწოდებელმა- შპს ,,ქ----“-მ პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა ვადაში -2017 წლის 06 სექტემბრამდე და შემსყიდველს მიაწოდა, მთლიანი ღირებულების 52,43% - 71 311,73 ლარის სამუშაოები. ასევე, გადაჭარბებით შესრულდა მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სულ 27,85% - 37877,04 ლარის ღირებულების. სამუშაოების სრულად დასასრულებლად დარჩენილი იყო ოთხი წნევაჩამხშობი ჭის თავისი სახურავებით და გამანაწილებელი ავზის მონტაჟი, რომლის შესრულებას ხელი შეუშალა კლიმატურმა პირობებმა და ტერიტორიის რელიეფურმა მდგომარეობამ. აღნიშულის გამო, 2018 წლის 06 იანვარს, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება N3 და ქ----- მუნიციპალიტეტის მიერ, სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 მაისამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 01 ივლისამდე (30 ივნისის ჩათვლით). დარჩენილი მცირე ღირებულების სამუშაოები შპს ,,ქ----“-მ სრულად შეასრულა, თუმცა მაგისტრალის გამავალი ხაზის კლდოვან მონაკვეთზე, ბოგირის ნაცვლად გაჭიმა იგივე დიამეტრის მავთული, რის გამოც არ იქნა დამონტაჟებული სამაგრი ბოძები. 2018 წლის 20 აგვისტოს, აღნიშნულის თაობაზე წერილით მიმართა შემსყიდველს და წარუდგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა საინჟინრო დასაშვებობის შესახებ. შემსყიდველმა, ბოგირის გაჭიმვისა და სამაგრების მოწყობის სამუშაოების ღირებულება, კერძოდ, 1267,81 ლარი შესრულებულად არ ჩათვალა, მისი ღირებულება ასანაზღაურებელი ფორმა N2-ში გაანულა სრულად და უარი განაცხადა მის ანაზღაურებაზე. ქ----- მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, აღნიშნული სანქცია საკმარისად არ ჩათვალა, მიიღო გადაწყვეტილება ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და ხელშეკრულების მე-15-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს ,,ქ----“ დააჯარიმა სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ით - 6800 ლარით, რომელიც 1267,81 ლართან ერთად დააკლო საბოლოო ანგარიშსწორებისას. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოები ითვალისწინებდა ლითონის ბაგირის გაჭიმვას და სამაგრი ბოძების დამონტაჟებას, თუმცა მის ნაცვლად შპს ,,ქ----“-მ გაჭიმა მავთული და არ დაამონტაჟა სამაგრი ბოძები. სამუშაოების ამგვარი სახით განხორციელება არ იყო შეთანხმებული შემსყიდველთან - ქ----- მუნიციპალიტეტთან. შესაბამისად, კომისიამ ეს სამუშაოები არაჯეროვნად მიიჩნია და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის გამო, უარი განაცხადა ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე. გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების მიღების დროს, კომისიის მიერ აღმოჩენილი იქნა ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობები, რომლის თაობაზეც წერილობით ეცნობა შპს ,,ქ----“-ს, თუმცა ხარვეზები არ იქნა აღმოფხვრილი, რამაც განაპირობა კომისიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შეფასება და ხელშეკრულების მე-15.1 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ,,ქ----“-სთვის ხელშეკრულების ღირებულების 5% - 6800 ლარის გადახდის დაკისრება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ქ----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. ქ----- მუნიციპალიტსა და შპს „ქ----“-ს შორის, 2017 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N150 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ქ----“-ზე განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდეს და განისაზღვროს, შეუსრულებელი სამუშაოს - 1267,81 ლარის 5 %, - 63,39 ლარის ოდენობით; 3. მოპასუხე, ქ----- მუნიციპალიტეტს (მერიას) (საიდენტ. N----------), მოსარჩელე შპს ,,ქ----“-ს (სადენტ. N---------) სასარგებლოდ დაეკისროს, მათ შორის 2017 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N150 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებეული სამუშაოების აუნაზღაურებელი თანხის - 6736.61 ლარის გადახდა; 4. მოპასუხე, ქ----- მუნიციპალიტეტის გამგეობას, მოსარჩელე შპს „ქ----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის სანაცვლოდ 202 ლარის გადახდა; 5. შპს ,,ქ----“- ს სხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებულ ნაწილში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2017 წლის 05 ივლისს, ქ----- მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ქ----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N150 ხელშეკრულება ქ----- მუნიციპალიტეტის სოფელ კ------------- წყლის სისტემის მაგისტრალის მშენებლობის თაობაზე. შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 136 000,99 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რაც 2018 წლის 06 იანვრის N3 შეთანხმებით გაგრძელდა 2018 წლის 01 ივლისამდე (30 ივნისის ჩათვლით), ხოლო სამუშაოთა დასრულების ვადა 2018 წლის 30 მაისამდე. 2.2. შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტებითა და ფორმა 2-ით დადგინდა, რომ მიმწოდებელმა 2017 წლის 06 სექტემბრამდე შეასრულა და შემსყიდველს მიაწოდა, პირველი ეტაპით გათვალისწინებული მთლიანი ღირებულების 52,43% - 71 311,73 ლარის სამუშაოები ასევე, მეორე ეტაპით გათვალისწინებული 37 877,04 ლარის ღირებულების სამუშაოები - 27,85%. მეორე ეტაპის ვადაგადაცილება იყო 15 დღე. დარღვევის პირგასამტეხლომ შეადგინა 816 ლარი, რაც გადახდილი იქნა მიმწოდებლის მიერ. 2.3. შპს ,,ქ----“-მ, 2018 წლის 1 ივნისის N15 მიმართვით, ქ----- მუნიციპალიტეტის მერს აცნობა, რომ 2017 წლის 07 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N150 ხელშეკრულების საფუძველზე, დასრულებული იყო სოფელ კორომხეთი-კოლოტაურის წყლის სისტემის მაგისტრალის დარჩენილი 26 812.22 ლარის სამშენებლო სამუშაოები. 2.4. ქ----- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 22 ივნისის N03/3307 წერილით, შპს ,,ქ----“-ს უარი ეთქვა წარმოდგენილი ფორმა 2-ით სამუშაოების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები არ ემთხვეოდა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებს. 2.5. შპს ,,ქ----“-მ, 2018 წლის 20 აგვისტოს წერილით აცნობა დამკვეთს, რომ აღმოფხვრილი იქნა ხარვეზები, სამუშაოები მთლიანად შესრულებულია და მოსახლეობა უწყვეტად ღებულობს წყალს, თუმცა იმ მიზეზით, რომ კლდოვან ტერიტორიაზე შეუძლებელი შეიქმნა ლითონის კონსტრუქციების ჩაბეტონება, კლდის არეზე ბაგირის ნაცვლად 6 მმ-იანი უჟანგავი მავთული იქნა გამოყენებული. 2.6. 2018 წლის 31 აგვისტოს, ქ----- მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს-ტექნიკური საბჭოს სხდომის N44 ოქმით მიჩნეული იქნა, რომ სამუშაოები არასრულყოფილად შესრულდა, კერძოდ ბაგირისა და სამაგრის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1267.81 ლარით ნაკლები იყო, რაც უნდა გაქვითულიყო გასაცემი ღირებულებიდან -26812 ლარიდან. ასევე, არაჯეროვნად შესრულებისათვის, პირგასამტეხლოს სახით დაიქვითა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5 % - 6800 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417- 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებზე და განმარტა: განსახილველ შემთხვევაში, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულებულიყო 2018 წლის 30 მაისამდე. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ მართალია, სამუშაოები სრულად შესრულდა, თუმცა ვადის დარღვევით ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 1267.81 ლარით ნაკლები, აღნიშნული კი წარმოადგენდა ხელშეკრულების მე-17 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. 2.8. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების დარღვევის ხასიათი, გამომწვევი მიზეზი და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან კანონშეუსაბამო იყო და, რომ შპს ,,ქ----“-ს დაგვიანებისა და შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა შეუსრულებელი ღირებულების - 1267,81 ლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5%, რაც შეადგენდა - 63,39 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე ქ----- მუნიციპალიტეტის მერიისათვის, გაუცემელი 6800 ლარიდან აღნიშნული თანხის (63,39 ლარი) ნაკლებობით 6736.61 ლარის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1267,81 ლარის 5% ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირება არასწორია. სასამართლოს შეეძლო ემსჯელა ბოლო ეტაპის სამუშაოს ღირებულების- 26812,22 ლარის 5%-მდე შემცირებაზე, რაც შეადგენს 1340,61 ლარს და არა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების-1267,81 ლარის 5%-ის დაკისრებაზე. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ქ----ს“ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.6. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ასევე, 2.7-2.8 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (ნარდობის), ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სკ-ის 115-ე, 316-317-ე, 417-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: 4.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ, სამუშაოების დასრულების ფაქტის სამართლებრივი შეფასება, რადგან ამას უკავშირდება მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მართლზომიერების დადგენა. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). პალატა განმარტავს, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო და იმის გათვალისწინებითაც, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს (სსკ-ის 642-ე მუხლი), თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი). თუკი შემკვეთი, არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). 4.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით, ქ----- მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 22 ივნისის N03/3307 წერილით ირკვევა, რომ მართალია, შპს ,,ქ----“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში- 2018 წლის 30 მაისამდე სრულად არ შეასრულა ვალდებულება, თუმცა მერიის მხრიდან გაეგზავნა მოთხოვნა უმოკლეს ვადაში დაესრულებიათ სამუშაოები (ს.ფ.55). ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმათა ანალიზის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა კანონით განსაზღვრული შესაძლებლობებიდან ერთდროულად ორი გამოიყენა, შემსრულებელს სამუშაოს დამატებითი შესრულების მოთხოვნაც წარუდგინა და 2018 წლის 30 მაისამდე ბოლო ეტაპის-26812,22 ლარის შეუსრულებელი სამუშაოსათვის ვადაგადაცილებული დროის განმავლობაში პირგასამტეხლოც დააკისრა. 4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა. 4.7. სადავოს არ წარმოადგენს, რომ მენარდემ 2018 წლის 20 აგვისტომდე, დამატებით ვადაში შეასრულა სამუშაო, თუმცა 1267,81 ლარით ნაკლები ღირებულების. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მენარდისათვის ბოლო ეტაპის-26812,22 ლარის შეუსრულებელი სამუშაოსათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, არამართლზომიერია, ვინაიდან, ასეთი წესით დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან და იგი გამართლებული იქნებოდა, თუკი დამატებითი ვადა განსაზღვრული არ იქნებოდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებითაც, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე Nას-164-160-2016წ. 28.07.2016წ.). 4.8. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შემკვეთმა, კანონით დადგენილი წესით აირჩია დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობა, მენარდე კი დაეთანხმა მას და საბოლოოდ, დამატებით ვადაში უზრუნველყო ნაკლის დიდი ნაწილის გამოსწორება, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავს მისთვის 26812,22 ლარის შეუსრულებელი სამუშაოსათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მენარდესათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა დამატებითი ვადის დასრულების დროისათვის შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების-1267,81 ლარის პროპორციულად- დასაბუთებულია. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს შპს ,,ქ----ს“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ქედის------–----–---------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ქედის------–----–---------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, არ არსებობს აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქედის------–----–---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე