განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002561008
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/1441-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
I აპელანტი / მოწინააღმდეგე მხარე - შ------------------------’’
წარმომადგენლები - მ-----–--------–-–---–----------------------–------------–---
I I აპელანტი / მოწინააღმდეგე მხარე - სს “ს----------–---------------
წარმომადგენელი - თ---------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით შპ-------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე სს „-----------–--------------ს“ მოსარჩელე შპ-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 7963,06 ლარის გადახდა, ასევე სახელმწიფო ბაჟის 238,89 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2015 წლის 10 ოქტომბერს სს „ს----------–----------------“ (შემსყიდველი) და შპ-------------------------ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა №–-------- ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით.
ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1347445,11 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის მიწოდება დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი№8). დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
- 2015 წლის 10 ოქტომბრის №–-------- ხელშეკრულება საქონლის შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 15-24).
2.1.2. მიმწოდებელმა შპ-------------------------მ შეასრულა აღებული ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა 2015 წლის 10 ოქტომბრის №–-------- საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის 5 დღის დაგვიანებით (424 511,55 ლარის ღირებულების), ხოლო 12681 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ, 19.12.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 12:27:16-დან).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 51-53).
- საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი №1 (ს.ფ. 31).
2.1.3. მხარეებს შორის არ არის სადავო გარემოება იმის შესახებ, რომ სს „ს----------–---------------“ შპ-------------------------ს მხარეებს შორის, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის ასანაზღაურებელი ოდენობიდან დაუკავა და არ გადაუხადა 13 672,57 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 51-53).
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისადავოდარ გაუხდიათ.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, 2015 წლის 30 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით (შეთანხმებული მახასიათებლების მქონე), შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1 347 445,11 აშშ დოლარი). მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის მიწოდება დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და დაესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თანდართული გრაფიკის შესაბამისად (დანართი №8). დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება. ამდენად, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ არსებით პირობებზე, სსკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მიმწოდებელმა შპ-------------------------მ შეასრულა აღებული ვალდებულება და შემსყიდველს მიაწოდა 2015 წლის 10 ოქტომბრის №–-------- საქონლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის 5 დღის დაგვიანებით, ხოლო 12 681 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლსა და 418-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია შპ-------------------------ის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო დაეკისრა მოსარჩელისათვის.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომ მიმწოდებლისათვის დასარიცხი პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან და განმარტა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა (0,1%) და მისი დაანგარიშების კონკრეტული პირობა, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობდა, პირგასამტეხლოს გამოანგარიშებას არა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ დაანგარიშებას ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან დღგ-ის გარეშე (1 141 902,64 ლარს). შესაბამისად, 5 ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დასაკავებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 5 709,51 ლარს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო 5 709,51 ლარი არ არის შეუსაბამოდ მაღალი სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისათვის.
როგორც აღინიშნა, შემსყიდველმა მიმწოდებელს არ გადაუხადა 13 672,57 ლარი, მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი ღირებულებიდან; იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს შეეძლო დაეკავებინა 5 709,51 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შემსყიდველმა დაიკავა უსაფუძვლოდ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარეებს დამატებით გარემოებებზე დაკავებულ თანხასთან (7963,06 ლარი) დაკავშირებით, არ მიუთითებიათ. შესაბამისად, სს „ს----------–---------------- მიერ 13 672,57 ლარიდან 7 963,06 ლარი დაკავებულია მხარეთა შორის გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა. როგორც აღინიშნა, მხარეებს სხვა რაიმე საფუძველზე არ მიუთითებიათ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მაგრამ მოპასუხემ 13 672,57 ლარიდან 7 963,06 ლარი დაიკავა უსაფუძვლოდ, მიმწოდებლისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული რაიმე ვალდებულების გარეშე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნას და არ მიიჩნევა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულად. შესაბამისად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს სწორედ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის (დაზოგილის) უკან დაბრუნება წარმოადგენს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას და შესაბამისი წინაპირობების არსებობას, რის გამოც სს „-----------–--------------“ ვალდებულია გადაუხადოს შპ-------------------------ს უსაფუძვლოდ დაკავებული თანხა 7963,06 ლარის ოდენობით.
3.1. შპ-------------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა 2015 წლის 10 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართებში მოცემული ფასების ცხრილში (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) არსებული ონფორმაცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის ფასები: ა) რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით 299მ და ნაკლები რადიუსის მქონე მრუდეებისთვის - 3500 ცალი (ერთეული ფასი - 78,9435 აშშ დოლარი), საერთო ღირებულებით 276 302,25 აშშ დოლარი; ბ) რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით 350მ-დან 300-მდე რადიუსის მქონე მრუდეებისთვის - 11 541 ცალი (ერთეული ფასი - 75,0022 აშშ დოლარი), საერთო ღირებულებით 865 600,39 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მე-8 დანარათის თანახმად განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს 30 დღის განმავლობაში უნდა მიეწოდებინა 2360 ცალი შპალი (ტიპები იხილეთ დანართი №8-ში), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 2360 შპალის ფასის ჯამს, ხოლო დანარჩენი 12 681 ცალი შპალი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში. მიმწოდებელმა შეასრულა აღებული ვალდებულება და მყიდველს მიაწოდა საქონელი - 2360 ცალი შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრული 30 დღიანი ვადის 5 დღის დაგვიანებით, ხოლო 12 681 შპალი ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში. სს „ს----------–---------------“ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული 5 დღიანი დაგვიანების გამო, რამაც შეადგინა 13 672,57 ლარი, რაც არასწორია, ვინაიდან დარღვეულ იქნა მხოლოდ საქონლის ნაწილის 2360 ცალი შპალის მიწოდების 30 დღიანი ვადა 5 დღით, შესაბამისად სს „-----------–--------------ს“ პირგასამტეხლოს უნდა დაერიცხა მხოლოდ ამ რაოდენობის საქონლის (ღირებულება - 424 511,6 ლარი) მიწოდების ვადის დარღვევაზე. ცალსახად ჩანს, რომ აპელანტმა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება 90 დღიან ვადაში 12681 შპალის მიწოდების ნაწილში და შესაბამისად არ არსებობს სასამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში პირგასამტეხლოს დაკისრებისა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
3.2. სს „ს----------–---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.2.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და მე-400 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას საქონლის დაგვიანებით მიწოდების თაობაზე, თავადვე ადასტურებს. ასევე სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ შპ-------------------------მ სს „-----------–--------------ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 2360 ცალი შპალი 5 დღის დაგვიანებით მიაწოდა.
აპელანტმა ასევე მიუთითა სსკ-ის 417-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეებმა სსკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დაცვით ხელშეკრულების 8.1 პუნქტით დადეს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე, რომლის შესაბამისადაც, 5 დაგვიანებულ დღეზე მოსარჩელეს დაერიცხა შეთანხმებული პირგასამტეხლოს 1 141 902,64 აშშ დოლარის 0,1% X 5 = 5709,51 აშშ დოლარს. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივ შეფასებაში სწორად მიუთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების კონკრეტული პირობაც, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობდა პირგასამტეხლოს გამოანგარიშებას არა ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, არამედ დაანგარიშებას ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დღგ-ს გარეშე.
3.2.2. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0,1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებული იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისთვის. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში (გვ. 5) სწორად ჩათვალა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო - 5709,51, ამასთან სამართლიანად და გონივრულად მიიჩნიას დარიცხული პირგასამტეხლო და არ ჩათვალა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისთვის. თუმცა სასამართლოს დაშვებული აქვს შეცდომა, კერძოდ 5709,51 ლარის ნაცვლად უნდა მიეთითებინა აშშ დოლარი, ვინაიდან ხელშეკრულების საერთო ღირებულება განსაზღვრულია აშშ დოლარში, სასამართლოს მიერ გაზიარებული ფორმულით დაანგარიშებული პირგასამტეხლო - 1141902,64-ის 0,1% = 1141,90264 X 5 დღეზე = 5709,51 არის აშშ დოლარი და არა ლარი. აღნიშნული თანხა მიღება-ჩაბარების დღეს არსებული კურსით (10.12.2015წ. – 1$ - 2,3947 ლარი) შეადგენდა სწორედ სადავო თანხას 5709,51 აშშ დოლარი x 2,3947 ლ. = 13672,571 ლარს, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა უსაფუძვლო გამდიდრების ნომრები, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი არ ჰქონია და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული 7963,06 ლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს - 5709,51 აშშ დოლარის ექვივალენტი 13 672,571 ლარის შემადგენელ თანხას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2015 წლის 30 ოქტომბერს სს “ს----------–---------------” და შ------------------------“-ს შორის გაფორმდა №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ორი სახეობის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით, ჯამში - 15 041 ერთეული. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1 347 445,11 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 15-19);
- ფასების ცხრილი (ტ. 1, ს.ფ. 24);
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი №8 (ტ.1, ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო 2360 ერთეული რკინა-ბეტონის შპალი მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და მათი ღირებულება ჯამში შეადგენდა 424 511,55 ლარს, ხოლო დარჩენილი 12 681 ერთეულის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ტ. 1, ს.ფ. 20-23);
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების დანართი №8 (ტ.1, ს.ფ. 28);
- 04.12.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი №1 (ტ. 1, ს.ფ. 31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხელშეკრულებითა და მისი დანართით განსაზღვრული პირველი - 2360 ერთეული რკინა-ბეტონის შპალის, მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 04 დეკემბერს, ხელშეკრულებით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით. ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე. დარჩენილი 12 681 ერთეულის მიწოდება განხორციელდა 90 დღიანი ვადის დაცვით, კერძოდ ბოლო მიწოდება მოხდა 2016 წლის 20 იანვარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.12.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი №1 (ტ. 1, ს.ფ. 31);
- მიღება-ჩაბარების აქტები №2-5 (ტ. 1, ს.ფ. 35-38)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2015 წლის 30 ოქტომბრის №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0,1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებული იქნება აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნება ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისთვის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (ტ. 1, ს.ფ. 20-23);
- ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პირველი მიწოდების 5 დღიანი ვადაგადაცილების გამო შ------------------------“-ს დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების სრული ღირებულების 1 141 902,64 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით თითოეული დღისთვის, რამაც ჯამში შეადგინა 5 709,51 აშშ დოლარი - 13672,56 ლარი. პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე შ------------------------“-ს ეცნობა 2016 წლის 21 იანვარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ს----------–---------------- 21.01.2016წ. წერილი (ტ. 1, ს.ფ. 34)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შ------------------------“ ეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრებას 2122,56 ლარის ნაწილში და ითხოვს დარჩენილი 11 550 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ.
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ შ------------------------“-ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს “ს----------–---------------” შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №–-------- ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში 2360 ერთეული რკინა-ბეტონის შპალის მიწოდების შესახებ, თუმცა, ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საქონლის მეორე ნაწილის - 12 681 ერთეული რკინა-ბეტონის შპალის, მიწოდება შ------------------------“-ის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ 90 დღიან ვადაში შესრულდა. პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „-----------–--------------ს“ შესრულების ხარისხის მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, შესაბამისად იგულისხმება, რომ შესრულება განხორციელდა შეთანხმებული ხარისხით.
პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ხუთდღიანი ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად სს „ს----------–---------------- მიერ ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს ურთიერთგაქვითვის საფუძველი.
4.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
4.1.4. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო განსაკუთრებულ აქცენტს იმ გარემოებაზე გააკეთებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში 2360 ცალი რკინა-ბეტონის შპალის ხუთდღიანი დაგვაინებით მიწოდება წარმოადგენს. როგორც ზემოთ აღინიშნა პირგასამტეხლოზე მსჯელობისას საგულისხმოა ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომ პირგასამტეხლოს მიზანს დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და საბოლოოდ, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა და ასევე სს „ს----------–---------------- წარმომადგენლის მიერ ვერ იქნა დასახელებული, შპს ,,S-------------------“-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევით, (რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში 2360 ცალი რკინა-ბეტონის შპალის მიწოდებას გულისხმობდა) რაიმე სახის ზარალის დადგომის ფაქტი. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ შპს ,,S-------------------“-მ 30.10.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული დანარჩენი ვალდებულება 12681 რკინა-ბეტონის შპალის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 90 დღიანი ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა, მყიდველისთვის მისაღები ხარისხით.
პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა საბოლოოდ წარმატებით შესრულდა. პალატა შენიშნავს, რომ სანქციის სახით პირგასამტეხლოს დაწესება არ უნდა გასცდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ანიჭებს. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერების პრინციპი ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმებთან ურთიერთკავშირში განიხილავს და იგი ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა, სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაა იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას (კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 83). პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მიუხედავად ეპიზოდური ვადის დარღვევისა, ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მისაღები ხარისხით სრულდება, სახეზე არაა ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, ვადაგადაცილება შეადგენს ხუთ დღეს და ამასთან პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სს „ს----------–---------------“ შპს ,,S-------------------“-ს შეატყობინა ვალდებულების დარღვევიდან ერთ თვეზე მეტი ვადისა და ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, შპს ,,S-------------------“-სთვის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელი და არაგონივრულია.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე პალატა იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას, რომ პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა განხორციელდეს ვადადარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 424 511, 55 ლარს, რომლის 0,1%-ია 424,51 ლარი. შესაბამისად 5 ვადადარღვეული დღისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვრო 2122,55 (424,51 X 5) ლარით.
4.1.5. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად წინამდებარე ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით, რომლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ გამყიდველის - შპს ,,S-------------------“-ს, მიერ 30.10.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება რკინა-ბეტონის შპალების მიწოდების შესახებ შესრულებულია, სს „-----------–--------------ს“ კი, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება - 13 672,56 ლარის ნაწილში არ შეუსრულებია. ამასთან როგორც ზემოთ იქნა დადგენილი, სს „-----------–--------------ს“ მოსარჩელის მიმართ აქვს შემხვედრი მოთხოვნა ვადის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით, რომელიც შეადგენს 2122,55 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძვლით სს „-----------–--------------ს“ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება - 2122,55 ლარის ნაწილში აღარ აქვს, ხოლო დარჩენილი 11550 (13 672,56 – 2122,55) ლარის ნაწილში, შპს ,,S-------------------“-ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს----------–---------------- სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
რაც შეეხება შპს ,,S-------------------“-ს სააპელაციო საჩივარს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,S-------------------“-ს სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით დაკმაყოფილდება სრულად და სს „-----------–--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება 11 550 ლარის ანაზღაურება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
პირველ რიგში სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,S-------------------“-ს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 11 550 ლარს, რომლის 3%-ია (სსსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) 346,5 ლარი, მოსარჩელეს კი სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 360 ლარი (იხ. ქვითრები, ტ. 1, ს.ფ. 41-42), შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 13,5 ლარი.
რაც შეეხება დარჩენილ 346,5 ლარს, გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,S-------------------“-ს სარჩელი სს „ს----------–---------------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად, სს „-----------–--------------ს“ უნდა დაეკისროს შპს ,,S-------------------“-ს სასარგებლოდ 346,5 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხს, პირველ რიგში პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,S-------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა 7963,06 ლარის ნაწილში, მისი სააპელაციო მოთხოვნა შეეხებოდა თანხის დარჩენილ ნაწილს - 3 586,94 ლარს (11 550 – 7963,06), რომლის 4%-ია 143,5 ლარი, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს (სსსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი). შპს ,,S-------------------“-ს სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი აქვს 462 ლარი (იხ. ქვითარი, ტ. 1, ს.ფ. 140), საიდანაც ზედმეტად გადახდილი 312 ლარი აპელანტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,S-------------------“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად სს „-----------–--------------ს“ უნდა დაეკისროს შპს ,,S-------------------“-ს სასარგებლოდ 150 ლარის ანაზღაურება. ხოლო ვინაიდან სს „ს----------–---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს----------–---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,S-------------------“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,S-------------------“-ს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და სს „-----------–--------------ს“ შპს ,,S-------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 11 550 ლარის ანაზღაურება;
4. სს „-----------–--------------ს“ შპს ,,S-------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 346,5 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება;
5. შპს ,,S-------------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 13,5 ლარი (სს „თიბისი ბანკი“, გადახდის თარიღი - 17.07.2018; საგადასახადო დავალება №0) და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 312 ლარი (სს „თიბისი ბანკი“, გადახდის თარიღი - 21.02.2019; საგადასახადო დავალება №1550733692);
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური