განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310019003153971
საქმე N3/ბ-452-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მოსარჩელე)– ჯ----–-------–--ე
წარმომადგენელი - თ-------------–ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)– სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – თ----------------ე
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ჯ----–-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 20 აგვისტოს ჯ----–-------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოპასუხეზე სახელფასო დავალიანების სახით 752.76 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით;
სასარჩელო მოთხოვნას ჯ----–-------–--ე იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ მუშაობდა შემოსავლების სამსახურის სისტემაში, კერძოდ ბაღდათის საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც მიუღებელი აქვს 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით შეადგენს 752.76 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (1997 წლის 01 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია), ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან - გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში, 1998 წლის 20 თებერვლის N1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის N2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს - არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ახალი კანონით გაუარესდა პირთა მდგომარეობა - მოითხოვონ წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ასეთ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, მოსარჩელემ განმარტა, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით კანონმდებელმა სამოქალაქო უფლებების დაცვა გარკვეული ვადებით შეზღუდა, მაგრამ იმ პირობებში, როცა არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ცნობა დავალიანების არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ვალდებულების აღიარება, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს შესრულებაზე.
მოპასუხე – სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20 აგვისტოს, სახელფასო დავალიანება კი წარმოიშვა 1998-2000 წლებში, შესაბამისად, ამ პერიოდიდან გახდა იგი კრედიტორი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოვალისათვის ვალდებულების შესრულება.
მოპასუხემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა უნდა მიეღო ხელფასი და არ მიიღო, ე.ი. თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ თვის ბოლო რიცხვიდან, როდესაც პირს უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი არ მიუღია. შესაბამისად, თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს, რადგან სარჩელი არ არის აღძრული კანონით დადგენილ ვადაში, რაც სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
მოპასუხის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (სახელფასო დავალიანების შესახებ) წარმოადგენს ინფორმაციულ ხასიათის დოკუმენტს და არ ადასტურებს ვალის აღიარებას. იმისათვის, რომ ცნობა განხილული იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ და ნათლად უნდა იყოს გამოხატული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე. ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ცნობა არ შეიცავს ზემოთ აღნიშნულ არცერთ ელემენტს, მასში მხოლოდ დაფიქსირებულია მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციული მონაცემები სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა ჯ----–-------–--ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.3 მუხლით და 129.2 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ----–-------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელე წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის, კერძოდ ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს;
2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N----------- წერილით, ჯ----–-------–--ეს 2019 წლის 03 ივნისის N--------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის (ჯ----–-------–--ის) მიმართ 1998-2000 წლებში წარმოქმნილი დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 752.76 ლარს, საშემოსავლო გადასახადი, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად 12%.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 341-ე მუხლები და მიიჩნია, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, შესაბამისად სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამასთან მიუთითა, რომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის N----------- წერილის შინაარსი ვერ განიმარტებოდა ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელე ჯ----–-------–--ის სასარგებლოდ იმოქმედებდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში. აღნიშნული წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო, შესაბამისად მოცემული წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით სასამართლომ არ მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ----–-------–--ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. სწორედ აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგენებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს. კოდექსის 1341 მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს ჩანაწერს არ შეიცავდა, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, - იყო უკანონო.
3.1.2. აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გაუარესდა მისი მდგომარეობა - მოითხოვოს წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, შესაბამისად, აღნიშნულ კანონს არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა. ამასთან, აპელანტის აღნიშვნით, ახალ კანონში ასეთი დანაწესის გაუთვალისწინებლობა ვერ დააბრკოლებს მის უფლებას მოითხოვოს თანხის ანაზღაურება, ვინაიდან ამგვარი მიდგომა არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე;
3.1.3. აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას, რომ დავალიანების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო და მიჩნეული ვერ იქნებოდა ვალის აღიარებად, რადგან აღნიშნული წერილით ნათლად დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელისადმი სახელფასო დავალიანება, რაც ცალსახად ვალის აღიარებას წარმოადგენდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს; კერძოდ:
სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემოსავლების სამსახური, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, სადავო პერიოდში შედიოდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 05 მაისის N40 განკარგულების საფუძველზე დაიწყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემური და ფუნქციონალური რეფორმირება. რეფორმის ფარგლებში, თავდაპირველად შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენდა ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან შემდგარ ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და იგი უზრუნველყოფდა საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. რეფორმის შემდგომ ეტაპზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავლი საქვეუწყებო დაწესებულება - შემოსავლების სამსახური, როგორც ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2006 წლის 29 დეკემბრის №4254რს კანონის გარდამავალი დებულებების 22.1 მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების წარმოებაში არსებული საქმეები ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით უნდა გადასცემოდა შემოსავლების სამსახურს მისი შექმნისთანავე. 2010 წლის 23 თებერვლის №2666–Iს კანონის გარდამავალი დებულებების შესაბამისად განისაზღვრა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ უნდა იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად. ამავე კანონის, 15.2 მუხლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში (1998-2000წწ.) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 31 ოქტომბერი №1022-Iს) 1.1 მუხლის მიხედვით, საჯარო სამსახური იყო საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
ამდენად, მითითებულ საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, შესაბამისად, სადავო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეს, რომელთანაც 1998-2000 წლებში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მუშაკის სახელფასო ვალდებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს კონსტიტუცის 26-ე მუხლით (ცვლილებამდე 30-ე მუხლი), “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის (ცვლილებამდე 21-ე მუხლი) პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივ უფლებათა განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საშუალებას კი, თავის მხრივ, ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლეოდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრული იყო საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავდა დროს - სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს (ამოქმედდა 1997 წლის 01 დეკემბრიდან) კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას არსებული დავალიანების დაფარვაზე.
ზემოხსენებული ნორმის დანაწესზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 01 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 2017 წლის 01 ივლისის შემდგომ მიმართვა, წარმოშობს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმის შეფასების აუცილებლობას, გააჩნდათ თუ არა აღნიშნულ პირს ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პირობებში აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით განმტკიცებულია საკუთრების უფლება. მითითებული მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ ((Kopecký v. Slovakia), No. 44912/98, 28.9.04 (დიდი პალატა)) გაკეთებულ განმარტებებზე, რომლებიც შემდგომ მეორდება სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალშიც (Centro Europa 7 S.r.l და დისტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l and Di Stefano v. Italy), No. 38433/09, 07.06.2012, 73-ე პარაგრაფი), კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირს, რომელსაც ის გააჩნია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში, მაგალითად სადაც არსებობს ეროვნულ სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა/პრეცედენტული სამართალი, რომელიც აღნიშნულის არსებობას ადასტურებს...“ ..თუმცა, ვერანაირი ლეგიტიმური მოლოდინი ვერ წარმოიშვება, როდესაც დავა ეხება ეროვნული სამართლის მართებულ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას და მომჩივნის პოზიცია უარყოფილია ეროვნული სასამართლოების მიერ.“
„ლეგიტიმური მოლოდინის“ საკითხთან მიმართებით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი განმარტებები იქნა გაკეთებული საქმეზე რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ ((Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივნების მოლოდინები არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უფრო ეყრდნობოდა იმედს, რომ მათ გაუხანგრძლივებდნენ ან განუახლებდნენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს იმ პირობებით, რომლებიც ძველ პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მათთვის არ იქნებოდა. სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობის საპირისპიროდ, მიუთითებს მსგავს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა“ (უსგ Nბს-1104(კ-18), 12 სექტემბერი, 2019 წელი).
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 20 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
ამასთან, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებებით, განსაზღვრულია 2008 წლამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასების დაბეგვრის წესი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 38-ე პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით. შესაბამისად, 2019 წლის 17 ივნისის N----------- ცნობაში გათვალისწინებული სახელფასო დავალიანება მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა შეძლო წარმოედგინდა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ჯ----–-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ----–-------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ----–-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს ჯ----–-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-2000წწ. დარიცხული სახელფასო დავალიანების 752.76 ლარის ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე