განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2019
საქმის ნომერი
010210018001925745
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001925745

№2\ბ-885-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი - შპს „ბ---–----ი“

წარმომადგენლები - ა------–-–---–ი, ა-–------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ-----ბ ა---–--ე

წარმომადგენელი - გ-------–----ე

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ-----ბ ა---–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩვრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ზ-----ბ ა---–--ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს „ბ---–----ს“ დაეკისრა ზ-----ბ ა---–--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 36000 ლარის ოდენობით. მასვე, დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 36000 ლარის 0,07%-ისგადახდა, 2016 წლის 26 მარტიდან, დავალიანების თანხის სრულად გადახდამდე.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2014 წლის 18 მარტს, ზ-----ბ ა---–--ეს და შპს „ბ---–----ის“ დირექტორ მ----ბ უ-----ეს შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ზ-----ბ ა---–--ე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა შპს „ბ---–----ში“, კერძოდ ქ. ბათუმში, თ------------–ის ქ. N------ში მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ზ-----ბ ა---–--ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2014 წლის 18 მარტს და მოქმედებდა 2015 წლის 18 მარტამდე. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით“.

 

2.2. სასამართლომ შპს „ბ---–----ის“ ყოფილი დირექტორის და პარტნიორის მ----ბ უ-----ის განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ მან ზ-----ბ ა---–--ესთან ნამდვილად გააფორმა შრომითი ხელშეკრულება და ვიდრე ის იყო შპს ‘ბ---–----ის“ დირექტორი, ზ-----ბ ა---–--ე ასრულებდა თავის მოვალეობას, ხოლო მისი წამოსვლის შემდეგ ზ-----ბ ა---–--ე დარჩა სამუშაოზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მხარეებს არ გამოუთქვამთ მისი შეწყვეტის სურვილი, რის გამოც ზ-----ბ ა---–--ესთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, 2016 წლის 18 მარტამდე. შესაბამისად, ზ-----ბ ა---–--ე 2014 წლის 18 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ორი წლის განმავლობაში (2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე პერიოდში) მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში მშენებლობის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა შპს „ბ---–----ის“ მიერ არ მომხდარა მისთვის ხელფასის ანაზღაურება, რის გამოც მოპასუხე ორგანიზაციის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 36000 ლარს.

 

2.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლების მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არის ფიქტიური და ფაქტობრივად მოსარჩელე არ იმყოფებოდა შპს ”ბ---–----თან” შრომით ურთიერთობაში. დადგენილი იქნა, რომ შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებულია კანონით დადგენილი წესით. თავად ხელშეკრულებაზე ხელმომწერი შპს “ბ---–----ის“ ყოფილი დირექტორი და იმ დროისათვის შპს ‘ბ---–----ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მ----ბ უ-----ე, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დროს თავად წყვეტდა საწარმოში თანამშრომელთა დაქირავებისა და მათთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საკითხებს, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2014 წლის 18 მარტიდან ზ-----ბ ა---–--ე სწორედ მის მიერ იქნა მოყვანილი და დასაქმებული შპს ‘ბ---–----ში“ მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე და იგი ასრულებდა თავის მოვალეობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლზე და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ამდენად შრომითი ურთიერთობების რეგულირებისას გასათვალისწინებელია მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს დასაქმებულის ინტერესები.

 

2.5. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულება იდება როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.

 

2.6. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 07 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტით იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი, ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კანონის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კი, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

2.9. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მის მიერ დასაქმებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის მთლიანი მოცულობით აუნაზღაუროს მის მიერ შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ასევე აუნაზღაუროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ შპს „ბ---–----მა“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ 2014 წლის 18 მარტს ზ-----ბ ა---–--ესა და შპს ,,ბ---–----ს" შორის გაფორმებულ იქნა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებული ზ-----ბ ა---–--ე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა შპს ,,ბ---–----ში" პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები. სასამართლოს დასკვნას შრომითი ხელშეკრულების დადებაზე გამორიცხავს არაერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა, კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმების დრო, რომელსაც მოსარჩელე უთითებს, წინააღმდეგობაში მოდის საჯარო რეესტრის მიერ შპს ,,ბ---–----ის“ რეგისტრაციაში გატარების დროსთან, რომელიც წინ უსწრებს შპს ,,ბ---–----ის" საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გატარების დროს.

 

3.3. საქმეში არ არსებობს ხელშეკრულების დედანი, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირები, ეგზემპლარების სხვადასხვა რაოდენობის არსებობაზე მიუთითებენ. ზ-----ბ ა---–--ემ სასამართლოს წარმოუდგინა 2014 წლის 18 მარტით დათარიღებული დოკუმენტის ასლი, რომელზე დაყრდნობითაც ცდილობს ამტკიცოს, რომ 2014 წლის 18 მარტიდან შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული შპს ,,ბ---–----ში", მაშინ როდესაც მსგავსი ხელშეკრულება კომპანიის დოკუმენტების არქივში საერთოდ არ იძებნება.

 

3.4. შპს ,,ბ---–----ის" წილის ნასყიდობისას ახალ პარტნიორს ზ-----ბ ა---–--ესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ გადასცემია და არც ნასყიდობის დოკუმენტებში არსად არ არის მითითებული შპს ,,ბ---–----ის" არსებული ვალდებულება ზ-----ბ ა---–--ის მიმართ. 2015 წლის 30 მარტს კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი გახდა შპს ,,ნ---------–-----ი", ხოლო 2015 წლის 25 დეკემბერს კომპანიის წილის დარჩენილი 49%-ის შესყიდვის გზით შპს ,,ნ---------–-----ი" გახდა შპს ,,ბ---–----ის" 100%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის ახალ მფლობელს გადაეცა იმ მომენტისათვის გაფორმებული ყველა ხელშეკრულება/დოკუმენტი. ახალი მფლობელი დეტალურად გაეცნო გადაცემულ დოკუმენტაციას, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებებს, მოხდა მათი შეფასება, ფინანსური ანალიზი და აღნიშნულის შესაბამისად გამოითვალა კომპანიის პასივი და აქტივი, რის საფუძველზეც 2016 წლის 5 თებერვალს შედგა ურთიერთშეთანხმების აქტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა, რომ იმ მომენტისათვის შპს ,,ბ---–----ს" არანაირი დავალიანება არ ჰქონდა. ზ-----ბ ა---–--ე იყო შპს „ბ---–----ის“ ყოფილი პარტნიორისა და დირექტორის მ----ბ უ-----ის წარმომადგენელი და არა შპს „ბ---–----ში“ დასაქმებული პირი.

 

3.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელემ სარჩელი წარადგინა 2017 წლის 16 მაისს, შესაბამისად, რომც დადგინდეს მოსარჩელის შრომითი ურთიერთობა კომპანისათან, სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმულია.

 

3.6. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

4. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

4.1. მოწინააღმდეგე მხარემ - ზ-----ბ ა---–--ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა სწორად. ასევე სწორი სამართლებრივი შეფსება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

 

6. ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

6.1. 2018 წლის 18 მარტს დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბ---–----ი“. (ს. ფ. 17)

 

6.2. 2014 წლის 18 მარტს, შპს „ბ---–----ის“ დირექტორ მ----ბ უ-----ესა და მოსარჩელე ზ-----ბ ა---–--ეს შორის, გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულ ზ-----ბ ა---–--ეს დაევალა – „შეასრულოს შპს „ბ---–----ში“, კერძოდ, ქ. ბათუმში, თ------------–ის ქ. N------ში მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომითი ფუნქციები“. (ს. ფ. 19-23)

 

6.3. მხარეთა შეთანხმებით ზ-----ბ ა---–--ის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით. (ხელშეკრულების 5.1.პუნქტი – ს. ფ. 19–23)

 

6.4. შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ერთი წლით, 2014 წლის 18 მარტიდან 2015 წლის 18 მარტამდე. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით კი დადგინდა, რომ „თუ მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 2 (ორი) კვირით ადრე არ გამოთქვამდნენ მისი შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულება ჩაითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად ერთი წლის ვადით“. (ს.ფ.19-23);

 

6.5. ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ზ-----ბ ა---–--ე, შეუდგა შრომითი მოვალეობის შესრულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მხარეებს არ გამოუთქვამთ მისი შეწყვეტის სურვილი, რის გამოც ზ-----ბ ა---–--ესთან შრომითი ურთიერთობა, ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, 2016 წლის 18 მარტამდე.

 

6.6. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „ბ---–----ი“ ჩართული იყო „ქ. ბათუმში, არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში - „ბათუმი ბარაკების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც შპს „ბ---–----ი“ აწარმოებდა საქმიანობას ქ. ბათუმში, თ------------–ის ქ. N------ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. ზ-----ბ ა---–--ე, როგორც მშენებლობის პროექტის მენეჯერი, უშულოდ იყო ასრულებდა და ხელმძღვანელობდა მშენებლობის წარმოების მიზნით განხორციელებულ ყველა მოსამზადებელ სამუშაოს, მათ შორის საპროექტო სამუშაოების წარმოებას, ბარაკულ დასახლებაში მცხოვრებ პირებთან მოლაპარაკების წარმოებას, საქმიანობის განხორცილების პროცესში სხვადასხვა მიზნობრივი დანიშნულებით კომპანიის კუთვნილი თანხების განკარგვას და სხვა.

 

6.7. ზ-----ბ ა---–--ეს, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტამდე, მუშაობდა შპს „ბ---–----ში“ მშენებლობის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე და ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომითი მოვალეობას, შრომის ანაზღაურება, ჯამში 36000 ლარის ოდენობით (1500 X24თვე), არ მიუღია.

 

6.8. 2017 წლის 2 მაისსა და 2017 წლის 11 მაისს, შპს „ბ---–----ის“ დირექტორს განცხადებით მიმართა ზ-----ბ ა---–--ემ და ითხოვა 24–თვიანი სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღურება. 2017 წლის 16 მაისს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს შრომის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

6.9. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მტკიცებას, რომ მოსარჩელე ზ-----ბ ა---–--ესთან გაფორმებული ხელშეკრულება იყო ფიქტიური და რეალურად ის არ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში შპს „ბ---–----თან“. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ფაქტი დადგენილია არა მხოლოდ დასაქმებულ ზ-----ბ ა---–--ის განმარტებითა და შპს „ბ---–----ის“ ყოფილი დირექტორის მ----ბ უ-----ის ჩვენებით, არამედ, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეს (აპელანტს) ამ გარემოების უარსაყოფად დამაჯერებელი/წონადი არგუმენტები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

6.10. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

6.11. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“.

 

6.12. დადგენილია, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2015 წლის 13 ოქტომბრამდე შპს „ ბ---–----ის“ დირექტორის პოზიციას იკავებდა მ----ბ უ-----ე, (მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან – ს. ფ. 17; 18; პარტნიორთა საერთო კრების ოქმი #3 – ს. ფ. 101), რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2014 წლის 18 მარტს ზ-----ბ ა---–--ესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ზ-----ბ ა---–--ე, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან რეალურად ასრულებდა მშენებლობის პროექტის მენეჯერს შრომით მოვალეობას კომპანიაში.

 

6.13. ზ-----ბ ა---–--ესა და შპს „ბ---–----ს“ შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტს ადასტურებს ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაც. მათ შორის აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.05.2018 წლის ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომელშიც ფიქსირებულია 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ელექტრონული მიმოწერა ზ-----ბ უ-----ესა და შპს „ბ---–----ის“ სხვადასხვა პასუხისმგებელ პირს შორის. მიმოწერის შინაარსი აშკარად ადასტურებს ზ-----ბ უ-----ის, უშუალო ჩართულობას შპს „ბ---–----ის“ მიერ განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაში. (მაგალითად: 13.01.2016 წელი – „ზ----- ... გიგზავნი ფაილს... გადახედე და შეამოწმე რამე გაურკვევლობა ხომ არ არის“. (შემოწმების მიზნით გადაგზავნილია ხარჯთაღრიცხვა შპს „ბ---–----ის“ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ); 26.10.2015 წელი – „ზ----- გადაავლე თვალი ორივე შიტს, აქ არის ინფორმაცია რომელიც ინაშთება 138370 აშშ დოლარი“; 29.10.22015 წელი – „ზ----- მჭირდება ნასყიდობის ხელშეკრულება, აგე ეხლა რომ გაფორმდა და იქნებ როგორმე მომაწოდო დოკუმენტაციაში ჩასალაგებლად მჭირდება, რომ ბალანსი გადასაკორექტირებელია“).

 

6.14. სააპელაციო პალატა საქმეზე შეკრებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებით გამოკვლევის შედეგად დადასტურებულად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ ზ-----ბ ა---–--ე, დასაქმებული იყო შპს „ბ---–----ში“ მშენებლობის პროექტის მენეჯერად და ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით ვალდებულებებს.

 

6.15. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ზ-----ბ ა---–--ე იყო არა შპს „ბ---–----ში“ დასაქმებული პირი, არამედ შპს „ბ---–----ის“ ყოფილი პარტნიორის მ----ბ უ-----ის წარმომადგენელი და ამ მიმოწერით მასთან, როგორც წარმომადგენელთან, ზუსტებოდა შპს „ნ---------–-----ის“ მიერ შპს „ბ---–----ში“ წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული დეტალები. საქმეში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. დადგენილია, რომ წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებები, ასევე, შპს „ნ---------–-----ისაგან“ თანხის მიღებისა და მიღებული თანხის გახარჯვის შესახებ შეთანხმებები ხელმოწერილია უშუალოდ შპს „ბ---–----ის“ ყოფილი პარტნიორის მ----ბ უ-----ის მიერ წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. ის ფაქტი, რომ შპს „ბ---–----ის მიერ განხორციელბული საქმიანობის შესახებ დეტალები მოწმდებოდა/ზუსტდებოდა ზ-----ბ ა---–--ის მიერ, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ზ-----ბ ა---–--ე რეალურად ასრულებდა შპს „ბ---–----ში“ მშენებლობის პროექტის მენეჯერის შრომით ფუნქცია–მოვალეობებს.

 

6.16. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ზ-----ბ ა---–--ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დედანი, შრომითი ურთიერთობის არსებობის საწინააღმდეგო სათანადო არგუმენტად ვერ ჩაითვლება. მოსარჩელემ, შპს „ბ---–----ში“ დასაქმების ფაქტის დასადასტურებლად, წარმოადგინა რა შრომის ხელშეკრულების ასლი, განმარტა, რომ ხელშეკრულების დედანი არ გააჩნია და ის ინახებოდა დამსაქმებელთან.

 

6.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა შეუძლებელია გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

 

6.18. ამ ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭების უფლებამოსილებას. ასლის სახით წარმოდგენილი დოკუმენტისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება სასამართლოს შეფასების საგანია, რაც უნდა განხორციელდეს ყველა გარემოების ობიექტური შეფასების, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში.

 

6.19. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისა და მასზე უფლებამოსილ პირთა ხელმოწერების ფაქტი, მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა შპს „ბ---–----ის“ ყოფილმა დირექტორმა მ----ბ უ-----ემ (ხელშეკრულების ხელმომწერი პირი), ასევე, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი დასტურდება საქმეში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულებით, პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ ასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტს (შრომით ხელშეკრულებას) მართებულად მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

 

6.20. რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ბ---–----ის“ ყოფილმა პარტნიორმა და დირექტორმა მ----ბ უ-----ემ ,ზ-----ბ ა---–--ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა შპს „ნ---------–-----ს" წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებისას, არ წარმოადგენს შპს „ბ---–----სა“ და ზ-----ბ ა---–--ეს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტის გამომრიცხავ გარემოებას და დამსაქმებელს არ ათავისუფლებს მოვალეობისაგან დასაქმებულის სასარგებლოდ გასცეს შრომის ანაზღაურება.

 

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს:

 

6.21. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს – შრომის ანაზღაურების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 34–ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 07 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) და 31.3–ე (დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) მუხლებიდან გამომდინარეობს.

 

6.22. პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებული მიერ დამსაქმებლისასთვის სამუშაოს შესრულება აანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთოიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორულებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. (შდრ. სუსგ #921–871–2015).

 

6.23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა მხარეთა შორის წერილობითი გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვადიანი შრომითი ურთიერთობის ფაქტი, რომლის ფარგლებში დადასტურებულია დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობის შესრულების, ხოლო დამსაქმებლის მიერ შრომის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.24. დადგენილია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო შრომითი ურთიერთობის ორი წლის მანაძილზე მოსარჩელისათვის (დასაქმებულისათვის) აენაზღაურებინა 36 000 ლარი, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებითა და მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

 

6.25. პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.

 

6.26. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მიმართ ხელფასის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა მოპასუხე (დამსაქმებელი) ვალდებულია დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

6.27. აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში, პალატა მიიჩნევს, რომ კანონშესაბამისია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზ-----ბ ა---–--ის სარჩელი დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

6.28. პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ არ მიუთითებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში ამ გარემობაზე მითითება ეწინააღმდეგება სსსკ–ის 380–ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთAხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

7.2. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა:

 

1. შპს „ბ---–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი