განჩინება

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
330141318002407310
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141318002407310

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№141-18 17 მაისი, 2018 წელი

ლ---–--- ო-----, 141-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ _ დავით ბუკიას

ადვოკატ – თ----- გ-----ის

მსჯავრდებულ _ ო----- ლ---–---ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ო----- ლ---–---ს, - დ----------–-------–--–-, - მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ პუნქტებით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა საპყრობილეში მოხდით. ცნობად იქნა მიღებული, რომ ო----- ლ---–--- დაკავებულია 2000 წლის 25 ივნისს.

 

2. აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ო----- ლ---–--- გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.

 

მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით ო----- ლ---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენითა და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო----- ლ---–---ს სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

6. საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით შეწყალებულ იქნა ო----- ლ---–--- - მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 23 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2025 წლის 25 ივნისი.

 

7. 2016 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ო----- ლ---–---მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

10. 2018 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წერილი და მასალები მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობზე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს მიმართ არ იქნა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო----- ლ---–---მ და ითხოვა მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულების გათვალისწინებით, რომლითაც მას, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი, ამავე კანონის შინაარსიდან გამომდინარე, ვრცელდება ყველაზე. შესაბამისად, მისი არასახვა უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებზე, წარმოადგენს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოთხოვნის ძირითადი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მას უვადო თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ფაქტობრივად, განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მას ერთი მეოთხედით აქვს შემცირებული სასჯელი, რაც რეალურად ვერ აისახა უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, იგი უნდა აისახოს დღეის მდგომარეობით მისთვის განსაზღვრულ ვადიან სასჯელზე, რასათან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს:

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

 

4. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულისთვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა - არ შეცვლილა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გამოხატა ნება, რომ ო----- ლ---–--- კონკრეტულ დღეს გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ამდენად, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ამნისტია ვრცელდება პირისთვის დანიშნულ სასჯელზე, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა (აღნიშნულ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, გადაწყვეტილებები: N10აგ-14; N67აგ-16, №41-18, №51-18, №121-18 ).

 

5. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის ფაქტობრივი არასახვა უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებზე, წარმოადგენს მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, პალატა აღნიშნავს, რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განსაზღვრა არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას. საკასაციო პალატა არ დგას ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროების წინაშე, ვინაიდან არ მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოსაყენებელი კანონი ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, განუმარტავს კასატორს, რომ თავად მსჯავრდებული არ არის შეზღუდული, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმათა კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით, რომლებიც, მისი მოსაზრებით, არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ მის უფლებებს.

 

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ო----- ლ---–---ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე