განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.06.2018
საქმის ნომერი
010210016001498322
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010210016001498322

საქმე №ას-644-644-2018 8 ივნისი, 2018 წელი

№ას-644-644-2018 მ----–--------ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ----- მ----–--------ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ------ მ------–-–---–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ლ------ მ------–-–---–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ----- მ----–--------ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას. ფართს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინას ფლობს მართლზომიერად. მოსარჩელემ ფართი შეიძინა იძულებით აუქციონზე 2016 წლის 4 მაისს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში მოპასუხე გადაუხდიდა მოსარჩელეს თანხას და ბინაზე საკუთრებას დაიბრუნებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 312-ე, 170-ე, 172-ე მუხლები, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 230-ე, 241-ე მუხლები.

7. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, 2017 წლის 14 ივნისის სხდომის თარიღის არასწორი ჩანიშვნა წარმოადგენს თუ არა სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებას.

8. სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 241-ე მუხლზე და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სხდომაზე მიწვევის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და ეცნობა პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

10. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა, კონკრეტული მტკიცებულებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა საპატიო.

11. საქმეში განთავსებული სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 აპრილის სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის ოქმზე თანდართულ ხელწერილით ეცნობა 2017 წლის 14 ივნისის სხდომის დღის თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ მითითებული მიზეზი – სხდომის თარიღის არასწორად დამახსოვრება, არ წარმოადგენს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საპატიო გარემოებას, აპელანტის მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის თაობაზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

13. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, როდესაც უცვლელად დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე დადგენილ ევროსასამართლოს პრაქტიკას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და რეკომენდაციებს.

14. არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სსსკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნა და არ მისცა შესაძლებლობა მხარეებს, დავა მორიგებით დაემთავრებინათ.

15. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ფართი შეიძინა იძულებით აუქციონზე 2016 წლის 4 მაისს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში მოპასუხე გადაუხდიდა მოსარჩელეს თანხას და ბინაზე საკუთრებას დაიბრუნებდა. შესაბამისად, მოპასუხე ფლობდა სადავო ფართს მესაკუთრესთან არსებული შეთანხმების საფუძველზე.

16. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხე სხდომაზე მიწვეული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით. რეალურად მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხდომის მდივანმა არასწორად ჩაანიშნინა მოპასუხეს პროცესის თარიღი, რითაც შეცდომაში შეიყვანა იგი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სხდომაზე მიწვევის თაობაზე სასამართლო უწყება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით და ეცნობა პროცესზე გამოუცხადებლობის შედეგები, თუმცა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა, რომ სადავო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – სხდომის მდივანმა მხარეს არასწორად ჩაანიშნინა საქმის განხილვის თარიღი. ამასთან, მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, დავა მორიგებით დაესრულებინათ. კასატორის მოსაზრებით, იგი სადავო უძრავ ნივთს ფლობს მესაკუთრესთან შეთანხმებით, რადგან მოელაპარაკა, რომ იძულებით აუქციონზე ფართის შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში გამოესყიდა მოსარჩელისაგან სადავო ფართზე საკუთრების უფლება.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

24. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

25. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით.

26. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის მისთვის საქმის განხილვის თარიღის შეტყობინების ფაქტს და მიუთითებს, რომ მოპასუხეს სხდომის მდივანმა არასწორად ჩაანიშნინა პროცესის თარიღი.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

28. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის 2017 წლის 14 ივნისის 15:00 საათისათვის ჩანიშვნის ფაქტის მისთვის კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობის თაობაზე.

30. საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 12 აპრილის სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, რომელსაც ჩამოერთვა ხელწერილი 2017 წლის 14 ივნისს საქმის განხილვის ჩანიშვნის შეტყობინების შესახებ (ს.ფ.58). ხელწერილში გარკვევითაა მითითებული პროცესის თარიღი.

31. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

32. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, უწყება ჩააბაროს მხარის წარმომადგენელს, რაც საპროცესო დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

33. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის არგუმენტი არც იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ნივთს ფლობდა მოსარჩელესთან შეთანხმებით.

34. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

37. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

39. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

40. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

41. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის სადავო ნივთზე რაიმე შეთანხმების არსებობას მოპასუხის მხრიდან მის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობაზე მითითებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

43. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებითა და მისი ძალაში დატოვებით მხარეებს შესაძლებლობა არ მიეცათ, მორიგებით დაესრულებინათ დავა.

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილი და 83-ე მუხლის პირველი ნაწილი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს, მორიგებას მიაღწიონ საქმის წარმოების ნებისმიერ (მათ შორის, აღსრულების) ეტაპზე, ამდენად, მხარეთა აღნიშნული უფლება არ დარღვეულა.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

52. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 30% – 45 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ----–--------ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ----- მ----–--------ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის 30% – 45 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე