განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2018
საქმის ნომერი
330210115001122216
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
22.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 330210115001122216

საქმე №ას-624-624-2018 22 ივნისი, 2018 წელი

№ას-624-624-2018 შ------ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ----- შ------ე (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ----------ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. სს „თ----------მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ----- შ------ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 6991,48 ლარის დაკისრების შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 5 ივლისს მხარეთა შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი ასლარიანი ლიმიტით. 2011 წლის 30 აპრილს ლიმიტი ავტომატურად გაიზარდა და თანხის ნაშთმა შეადგინა 1297,23 ლარი. კრედიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი და ათი თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 20%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო – 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3. 2013 წლის 20 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 1300-ლარინი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. 2014 წლის 25 თებერვალს საკრედიტო ლიმიტი ავტომატურად გაიზარდა და თანხის ნაშთმა შეადგინა 2993,38 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთად დადგინდა 36%, პირგასამტეხლოდ კი – 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები. 2010 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისმა დავალიანებამ შეადგინა 1991,04 ლარი, ხოლო 2013 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 3663,40 ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2010 წლის 5 ივლისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1991,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 1297.23 ლარი, პროცენტი – 188.78 ლარი, ჯარიმა – 505.03 ლარი, 2013 წლის 20 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, – 3663.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა – 2993.38 ლარი, პროცენტი – 423.03 ლარი, ხოლო ჯარიმა – 246.99 ლარი, 2015 წლის 15 სექტემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე – 1297.23 ლარზე – წლიური 20% სარგებლის გადახდა, 2015 წლის 15 სექტემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე – 2993.38 ლარზე – წლიური 36% სარგებლის გადახდა.

7. საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა სადავოდ გახადა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა.

10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მისი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 4 მაისს, 11:15 საათზე.

11. მოპასუხეს უწყება გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ოთხჯერ. 2017 წლის 8, 11, 20 აპრილისა და 2 მაისის უკუგზავნილებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოსტის კურიერებს ადრესატი – მოპასუხე მისამართზე არ დახვდათ. (ტ. 1, ს.ფ 78-81).

12. უდავოა, რომ 2017 წლის 4 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

13. როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. საჩივრის ავტორის განმარტებით, ის მარტოხელაა, მუშაობს, შესაბამისად, კურიერის ვიზიტი მის საცხოვრებელ მისამართზე დამთხვა სამუშაო საათებს და ამ დროს აპელანტი სახლში ვერ იქნებოდა. აპელანტის განმარტებით, მის მიერ შესაგებელში გზავნილის ჩაბარების ოპტიმალურ პერიოდად მითითებულ დროს ფოსტის თანამშრომლის ვიზიტი განხორციელდა მხოლოდ ერთხელ.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

15. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე რამოდენიმეჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება, თუმცა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო, უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩაუბარებლობისა, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება მოპასუხე მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება. ამდენად, მოპასუხის სასამართლო სხდომაზე მიწვევა განხორციელდა კანონით დადგენილი წესით.

16. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა ის გარემოება, რომ აპელანტი მარტოხელაა, მუშაობს და კურიერის მიერ სამუშაო საათებში განხორციელებული ვიზიტის დროს სახლში ვერ იქნებოდა, რადგანაც მის მიერ შესაგებლის სასამართლოში წარდგენის დღიდან, 2015 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 4 მაისამდე, სასამართლო მოსამზადებელ სხდომამდე გასულია საკმაოდ დიდი ხანი და მხარეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა, გაერკვია განსახილველი დავის მიმდინარეობის შესახებ და დაეზუსტებინა სხდომის თარიღი. ამასთან, კურიერის მიერ განხორციელებული ოთხი ვიზიტიდან ორი განხორციელდა სწორედ იმ დროს (10:00-14:00), რაც მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მისთვის უწყების ჩაბარების ოპტიმალურ პერიოდად.

17. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება ფოსტის კურიერის მხრიდან მეოთხე ვიზიტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განხორციელებასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ კურიერის მიერ ბოლო ვიზიტი მოპასუხესთან განხორციელდა 2017 წლის 2 მაისს, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2017 წლის 4 მაისს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობა.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლების მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებიდან და ეწინააღმდეგება კიდეც მათ (ახსნა-განმარტებებს, წერილობით მტკიცებულებებს). არსებითი სახის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ან არასრულყოფილად დადგენა იწვევს არასწორი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას.

21. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაშია სამართლებრივად სრულყოფილად დასაბუთებული თუ იგი ემყარება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, შეესაბამება მატერიალური კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს სადავო სამართალურთიერთობისათვის და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეიცავს ამომწურავ სამართლებრივ დასკვნებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს არცერთ პირობას და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელი ხდება.

22. სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას დაარღვია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებით დადგენილი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპები.

23. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი დასაბუთება ემყარება სსსკ-ის 76-ე მუხლს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კასატორს მისამართი არ შეუცვლია და იგი ამჟამადაც ცხოვრობს იმავე მისამართზე, რომელიც შესაგებელში მიუთითა. ამავდროულად, კურიერმა უწყების ჩაუბარებლობის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ სახლში არავინ დახვდა და არა ის, რომ თ----- შ------ე იმ მისამართზე აღარ ცხოვრობს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში სსსკ-ის 76-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს.

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

25. მხარის მოსაზრებით, თუ კურიერი მისამართზე 2017 წლის 5 მაისს გამოცხადდა, გაურკვეველია აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლომ 4 მაისს როგორ იმსჯელა.

26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაგზავნა ორ შემთხვევაში განხორციელდა სწორედ იმ დროს (10.00-14.00 საათებში), რომელიც მოპასუხემ შესაგებელში მისთვის უწყების ჩაბარებისათვის ოპტიმალურ დროდ დაასახელა. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან ოთხი გზავნილიდან მხოლოდ ერთი შესრულდა 14.00 საათამდე.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 483 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 4 მაისს, 11:15 საათზე.

30. მოპასუხეს სასამართლო უწყება სხდომის დანიშვნის თაობაზე მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ოთხჯერ გაეგზავნა. 2017 წლის 8, 11, 20 აპრილისა და 2 მაისის უკუგზავნილებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფოსტის კურიერებს მოპასუხე მისამართზე არ დახვდათ. (ტ. 1, ს.ფ 78-81).

31. 2017 წლის 4 მაისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად დაადგინა, ასევე, არასწორად ჩათვალა, რომ მოპასუხეს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

36. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

37. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

38. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა.

39. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

40. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

41. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხისათვის სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება მაშინაც, თუ შესაგებელში ასახულ მისამართზე ადრესატი მისთვის გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მიტანის მომენტში ადგილზე არ იმყოფებოდა და მას სასამართლო უწყება დამატებით კიდევ ერთხელ გაეგზავნა.

42. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ უწყება მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ოთხჯერ უშედეგოდ გაეგზავნა, მათ შორის, ორჯერ კურიერმა ვიზიტი განახორციელა დროის იმ მონაკვეთში, რომელიც მოპასუხეს სასამართლო კორესპონდენციის მისაღებად ოპტიმალურ დროდ ჰქონდა დასახელებული.

43. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ საქმის განხილვის დრო მოპასუხეს ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით.

44. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ დაუსწრებელი გადაწყევტილება ეფუძნება საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების არასწორად დადგენას, რასაც უკანონო გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

45. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნება ვლინდება სწორედ იმაში, რომ გამოუცხადებელი მხარის მიმართ ერთდროულად ამოქმედდება ვარაუდი აღნიშნული მხარის მიერ დავისადმი ინტერესის დაკარგვის შესახებ და სანქცია სასამართლო პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის, შედეგად სასამართლო აღარ გამოიკვლევს ფაქტებს, არამედ უპირობოდ გაიზიარებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს და მხოლოდ იმას შეამოწმებს, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებენ თუ არა მითითებული ფაქტები სასარჩელო მოთხოვნას.

46. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გამოეკვლია მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებანი და სარჩელში დასახელებული ფაქტები უაპელაციოდ დადგენილად უნდა ჩაეთვალა.

47. საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარდგენისას აღნიშნულ საკითხზე არ მიუთითებია. ხანდაზმულობაზე მხარემ პრეტენზია განაცხადა უკვე სააპელაციო საჩივრის შეტანისას. შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების შემოწმების კანონით დადგენილი ფარგლების გათვალისწინებით, ვერც სააპელაციო და, მით უფრო, ვერც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მოპასუხის ისეთ არგუმენტზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის ბრალით სადავოდ არ გამხდარა.

48. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას მისამართი არ შეუცვლია, შესაბამისად, მოპასუხისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებაზე მსჯელობისას სსსკ-ის 76-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები არ არსებობდა.

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება სსსკ-ის 76-ე მუხლს არ ეფუძნება, ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც კასატორის პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება.

50. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

51. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

52. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

53. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 483 ლარის 30%-ის – 144,9 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- შ------ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ----- შ------ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 483 ლარის 30%-ის – 144,9 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე