დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 27.06.2018
საქმის ნომერი
010100218700053081
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №61აპ-18 ქ. თბილისი

ზ-----–-–---–- ლ----, 61აპ-18 29 ივნისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ---- ზ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით:

სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ცირეკიძის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

 

დამტკიცდა სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და ბრალდებულებს - თ------ ზ-----–-–---–სა და ზ-------- ზ-----–-–---–ს შორის 2017 წლის 13 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმებები.

 

თ------ თ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ------ თ------–---–-ს მიმართ ს--------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ თ------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 თებერვლიდან.

 

ზ-------- ზ-----–-–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 თებერვლიდან.

 

ლ---- ზ-----–-–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ზ-----–-–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 24 თებერვლიდან.

 

განაჩენით ლ---- ზ-----–-–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 9-10 თებერვალს, ს--------- რაიონის ქ. წ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თ----- ჯ--–--–---–-ს კუთვნილი ვენახიდან, ლ---- ზ-----–-–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, დაეუფლა თ----- ჯ--–--–---–-ს კუთვნილ 34 ცალ ლითონის კუთხოვანა სარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 340 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 23-24 თებერვალს, ღამის საათებში, ლ---------ს რაიონში, თ---–-----------–-----–---------ს დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე არსებული ხიდის მიმდებარედ, მდინარე ა-–-----ს მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ლ---- ზ-----–-–---–- თ------ თ------–---–თან წინასწარი შეთანხმებითა და ზ-------- ზ-----–-–---–-ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, დაეუფლა რ----- რ-----------ს კუთვნილ 1 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის ერთი წლით შემცირებას, კერძოდ: ლ---- ზ-----–-–---–- არის ნასამართლობის არმქონე პირი, შესაბამისად, მისთვის სასჯელის დანიშვნა არ უნდა მომხდარიყო დანაშაულის რეციდივის არსებობის შემთხვევაში მოქმედი ნორმიდან გამომდინარე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ლ---- ზ-----–-–---–-სათვის დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა არ არის მიქცეული აღსასრულებლად, საქმეში არ მოიპოვება აღსრულების შესაბამისი ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცელის ჩაბარების დასტური, ხოლო კახეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვის წერილიდან ირკვევა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივსა და სამართალწარმოების პროგრამაში ლ---- ზ-----–-–---–-ს მიმართ აღსასრულებელი განაჩენის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ლ---- ზ-----–-–---–-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების (ლ---- ზ-----–-–---–-ს აღიარებითი ჩვენების, დაზარალებულების - რ----- რ-----------სა და თ----- ჯ--–--–---–-ს გამოკითხვის ოქმების, მოწმე ვ----– ჯ--–--–---–-ს გამოკითხვის ოქმის, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის - თანდართული ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების - თანდართული ფოტოცხრილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმების - თანდართული ფოტოცხრილებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის, ნივთის (ობიექტის) ამოცნობის ოქმების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ლ---- ზ-----–-–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და აღნიშნა, რომ კანონიერია ლ---- ზ-----–-–---–-ს მიმართ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ზ-----–-–---–- ნასამართლობის მქონეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით, რადგან, საქმის მასალების მიხედვით, არ არის გადახდილი დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 2000 ლარი. თავად ლ. ზ-----–-–---–-ს განმარტებით, ჯარიმა არ გადაუხდია, რადგან მისი გადახდისგან გაათავისუფლა სააღსრულებო ბიურომ, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ წარმოდგენილა. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეების შემთხვევაში. სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ლ---- ზ-----–-–---–-ს მიმართ N---------- საქმიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე 2008 წლის 14 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ასლი და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიმართვა, რომლის თანახმადაც, კახეთის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენის ასლი და სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, დადგენილია, რომ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი და დანიშნული სასჯელი მიექცა აღსასრულებლად. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ კახეთის სააღსრულებო ბიუროს წერილს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივსა და სამართალწარმოების პროგრამაში ლ---- ზ-----–-–---–-ს მიმართ აღსასრულებელი განაჩენის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, აღნიშნული წერილში არ არის მითითებული აღნიშნულის მიზეზი და ამასთან, პალატის მოსაზრებით, ვერ შექმნის საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას. გარდა ამისა, თავად დაცვის მხარემ განმარტა, რომ ლ---- ზ-----–-–---–- დააკავეს დანაშაულის ჩადენისთანავე, როდესაც მსხვილფეხა პირუტყვი გამოიყვანა დანაშაულის ჩადენის ადგილიდან და გადაჰყავდა საკუთარი ავტომობილით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ლ---- ზ-----–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე შეღავათის გამოყენების საფუძველი, მის მიმართ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით რეციდივის დანიშვნის საფუძვლებიდან და სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელი გარემოებებიდან.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ---- ზ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ----–----მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ---- ზ-----–-–---–-სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს დანიშნული სასჯელის ზომას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ---- ზ-----–-–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ----–----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი