განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №050210017002022414
საქმე №ას-697-697-2018 29 ივნისი, 2018 წელი
№ას-697-697-2018 ვ----ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი----–---- ა--------–--ე, ნ---- ვ----ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს----------–--------ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს----------–--------მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი----–---- ა--------–--ისა და ნ---- ვ----ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც აღრიცხა თავის სახელზე. აღნიშნულ უძრავ ნივთს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებენ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2018 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე, რის თაობაზეც ორივე მხარე გაფრთხილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით, ერთ-ერთ მოპასუხესა და მოსარჩელეს ეცნობა სასამართლო ხელწერილით, ხოლო მეორე მოპასუხეს ჩაბარდა სასამართლო უწყება.
7. 2018 წლის 2 აპრილს აპელანტებმა წერილობითი განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და აცნობეს, რომ, ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ ცხადებოდნენ სასამართლო სხდომაზე.
8. 2018 წლის 4 აპრილს, 12:00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარეს არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სააპელაციო სასამართლოსათვის, ხოლო აპელანტების განცხადება ვერ ჩაითვლება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უსაფუძვლობის გამო.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის მესამე ნაწილის, 231-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 73-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით მხარეები გაფრთხილებულნი იყვნენ სხდომის თარიღისა და არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა აპელანტთა მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ და არ იმსჯელა მათ განცხადებაზე, რომლითაც მათ მიუთითეს, რომ ვერ გამოცხადდებოდნენ სასამართლო სხდომაზე მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
14. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს ნჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ,რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
17. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა არცერთი მხარე იმ პირობით, რომ საქმის განხილვის შესახებ მათ ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
19. აღნიშნულის მიუხედავად, არც ერთი მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განეხილა. მართალია, რიგ შემთხვევებში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, არ დანიშნოს პროცესი და დავა განიხილოს მხარეთ დასწრების გარეშე, თუმცა საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მარტოოდენ მხარის მოთხოვნა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის ვალდებულებას არ იწვევს (დაცული უნდა იქნეს სსსკ-ის 3761 მუხლის მოთხოვნები).
21. რაც შეეხება აპელანტთა განცხადებას, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
22. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
23. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს (სუსგ 18.05.2018წ. საქმე №ას-531-531-2018).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა თავისი ფინანსური მდგომარეობა სათანადოდ ვერ დაასაბუთეს, თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული გარემოება ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება. მხარის ეკონომიკური მდგომარება სასამართლო პროცესზე გამოცხადებაში ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის აღნიშნული არგუმენტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება.
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----–---- ა--------–--ისა და ნ---- ვ----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე