განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210017002127283
საქმე №ას-748-748-2018 29 ივნისი, 2018 წელი
№ას-748-748-2018 გ----–--ე ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ--–- გ----–--ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ------- შ----–----ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ--–- გ----–--ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ------- შ----–----ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2013 წლის 29 ივნისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მოპასუხისათვის ორივე არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულისათვის ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა 2017 წლის 12 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 29 ივნისიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, თუმცა მეუღლეების ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
3. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მხარეთა დაშორების შემდეგ ბავშვები ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ დედასთან, სადაც შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა შვილების სწორი ფსიქო-სოციალური განვითარებისათვის. ამასთან, არასრულწლოვნებს ესაჭიროებოდათ კვება, ჩაცმა, სამედიცინო მომსახურება, რისი გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს, როგორც მშობელს, თანაბრად ეკისრებოდა. იგი დასაქმებულია და აქვს ყოველთვიური შემოსავალი. ამასთან, მოსარჩელემ ოჯახური საჭიროებებიდან გამომდინარე, აიღო საკრედიტო ვალდებულებები.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში და თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილებისათვის ყოველთვიურად თითოეულისათვის 150 ლარის, ლარის გადახდაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილი და მათ სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა თითოეულისათვის 175 ლარის გადახდა 2017 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.
6. დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ალიმენტის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, თუმცა 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით იგი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
9. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. საქმე განსახილველად გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს, სადაც შევიდა 2018 წლის 16 თებერვალს.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 187-ე, 209-ე, 435-ე, 372-ე და 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 7 მარტის საქართველოს კანონის შესაბამისად, სსსკ-ის 365-ე მუხლში შევიდა ცვლილება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“.
11. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განხილვის მომენტისათვის აღარ იყო უფლებამოსილი, განეხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რადგან მისი ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით თითოეულისათვის 175 ლარის გადახდა. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის სულ 500 ლარის დაკისრება. ამდენად, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ იქნა სარჩელი დაკმაყოფილებული, აპელანტმა სადავო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხისათვის დამატებით 75-75 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც შეადგენდა 150 ლარს.
13. სააპელაციო პალატამ სსსკ-ს 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 1800 ლარს, რაც არ აღემატებოდა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ ოდენობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლში შესული ცვლილება ამოქმედდა მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნია, რომ იგი ფართოდ უნდა განიმარტოს, შესაბამისად, სსსკ-ის 365-ე მუხლის ცვლილებამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა აპელანტის ინტერესებზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის დასახელებული მუხლით გათვალისწინებული იყო შეზღუდვის სხვა ფარგლები.
17. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავა ეხება მცირეწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
18. სსსკ-ის 374-ე მუხლზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი განსახილველად იყო მიღებული, რაც ნიშნავს, რომ მისი დასაშვებობის შემოწმების ეტაპი და ამისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადა დასრულდა, ამდენად, სააპელაციო პალატა აღარ უნდა დაბრუნებოდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობების შემოწმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილი და მათ სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა თითოეულისათვის 175 ლარის გადახდა 2017 წლის 12 ოქტომბრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.
21. დასახელებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ, ალიმენტის ოდენობის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
22. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად (250-250) 500 ლარის გადახდის დაკისრება. ამდენად, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტმა სადავო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხისათვის დამატებით 75-75 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც შეადგენდა სულ 150 ლარს. ამდენად, უდავოა, რომ, სსსკ-ს 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 1800 ლარს.
23. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა 2018 წლის 28 თებერვალს, რა დროსაც მოქმედებდა სსსკ-ის 365-ე მუხლი შემდეგი რედაქციით: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
24. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 1000 ლარს სცილდება. 1000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
25. სსსკ-ში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით ზემოაღნიშნულ ნორმაში შევიდა ცვლილება და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.“
26. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის დასაბუთებას მანამდე წარმოებაში მიღებული მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.
27. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
28. ამრიგად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს სსსკ-ის მოქმედებას დროში და ამკვიდრებს პრინციპს, რომლის მიხედვით სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების თუ გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს. იგივე პრინციპი დამკვიდრებულია სსსკ-ის გარდამავალი დებულებების 435-ე მუხლით. საილუსტრაციოდ შეიძლება შემდეგი მაგალითის მოყვანა: სარჩელი მიღებულია წარმოებაში მოსამართლის განჩინებით 10 მაისს. 15 მაისს მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომელიც განსხვავებულ პირობებს ითვალისწინებს სარჩელის წარმოებაში მიღებისათვის. ამ ახალ კანონს არ აქვს უკუქცევითი ძალა. ამიტომ, სარჩელი უნდა დარჩეს წარმოებაში მიღებულად, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონით იგი შეიძლება არ ყოფილიყო მიღებული წარმოებაში (თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ. 2005, გვ 65).
29. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მსჯელობისას მოქმედებდა დანაწესი, რომლის მიხედვით ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის დავის საგნის ღირებულება უნდა ყოფილიყო 1000 ლარზე მეტი.
30. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 1800 ლარს, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ სსსკ-ის 365-ე მუხლში დასახელებული ცვლილების შეტანას უკვე წარმოებაში მიღებული სააპელაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე ზეგავლენა აღარ უნდა მოეხდინა და სააპელაციო პალატას სსსკ-ის 365-ე მუხლში შესული ცვლილებისათვის უკუქცევითი ძალა არ უნდა მიენიჭებინა.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--–- გ----–--ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე