ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055140
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №39აგ-18 თბილისი
გ----–--- ნ--------, 39აგ-18 19 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით ნ-------- გ----–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ნ-------- გ----–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (0,00158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა 2013 წლის 20 მაისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ ნ-------- გ----–---ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 22 ოქტომბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.
4. 2018 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატმა ნ-----–- ს------მ, რომელმაც მოითხოვა ნ-------- გ----–---ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატმა ნ-----–- ს------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ნ-------- გ----–---ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - 0,00009 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა. ხოლო მოცემულ შემთხვევაში ნ-------- გ----–--- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით - 0,00158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის. აღნიშნული ოდენობა კი აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ ოდენობას.
5. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ნ-------- გ----–---ს ადვოკატ ნ-----–- ს------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი