განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210015791959
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210015791959

საქმე №ას-856-856-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი

№ას-856-856-2018 ბ----------------–-----ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ----------------–-----ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე----–----------ა“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. შპს „ე----–----------ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ----------------–-----ის“ (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ, 2012 წლის 23 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1840,93 ლარის ანაზღაურების შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 23 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება მოპასუხესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს ტელეეთერში უნდა განეთავსებინა სპონსორობასთან დაკავშირებული მასალები, რის სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაეხადა 1480 აშშ დოლარი, ანუ 4840,93 ლარი.

3. მოსარჩელის მითითებით, მასზე დაკისრებული ვალდებულებები სრულად შესრულა, თუმცა მოპასუხეს თანხა სრულად არ გადაუხდია.

 

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის პოზიცია:

 

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, 2012 წლის 23 აპრილის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელისათვის 3000 ლარის დაკისრება.

5. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ არასრულყოფილად და არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას არ ეკისრებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულება და პირიქით უკან უნდა დაბრუნებოდა მანამდე გადახდილი თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1840,93 ლარის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 23 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ხდებოდა ტელეკომპანია იმედზე გადაცემა „ეტალონის“ სპონსორი 2012 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

10. მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, განეთავსებინა ეთერში სპონსორობასთან დაკავშირებული მასალები შემდეგი პირობებით: ა) გადაცემის სპონსორის სტატუსი; ბ) 2012 წლის 7 მაისიდან: 1. გადაცემის ანონსირებისას სპონსორობის 5-წამიანი („ეტალონი აუდიტორების“ საერთო) ტიხარი (თვეში მინიმუმ 90 ანონსი); 2. გადაცემის მსვლელობისას, სპონსორის 5-წამიანი („ეტალონი აუდიტორების“ საერთო) ტიხარი 2-ჯერ – გადაცემის დაწყებისას და დამთავრებისას. 3. წამყვანის მიერ გადაცემაში სპონსორის გამოცხადება; გ) სპონსორის 10-წამიანი ტიხარი ივნისის ყოველ გადაცემაში ერთხელ; დ) სპონსორის ლოგოს ამონათება ყოველ გადაცემაში 3-ჯერ. ყველა მასალას მოპასუხე მიაწოდებდა მოსარჩელეს 10 კალენდარული დღით ადრე მასალის მოსარჩელის მიერ ეთერში განთავსებამდე. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა თვეში 1480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება განხორციელდებოდა ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მოპასუხისათვის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ.

11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა გაწეული მომსახურების ნაკლოვანებაზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან მოსარჩელემ არ შეასრულა და ეთერში არ გასულა გადაცემის ანონსირებისას სპონსორების 5-წამიანი („ეტალონი აუდიტორების“ საერთო) ტიხარი (თვეში მინიმუმ 90 ანონსი) და სპონსორის 10-წამიანი ტიხარი ივნისის ყოველ გადაცემაში ერთხელ.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 648-ე, 649-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 7 ივნისის (ეა-05 4804709) და ამავე წლის 2 ივლისის (ეა-05 5303464) ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს მაისსა და ივნისში გაუწია სულ 4840.93 ლარის ღირებულების მომსახურება. ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოპასუხის მიერ.

13. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მიიღო 4840.93 ლარის ღირებულების მომსახურება.

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დამტკიცების ვალდებულება ეკისრება მოპასუხეს, სწორედ მან უნდა ამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

16. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგინია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ეთერში არ გასულა გადაცემის ანონსირებისას სპონსორების 5-წამიანი ტიხარი (თვეში მინიმუმ 90 ანონსი).

17. რაც შეეხება სპონსორის 10-წამიან ტიხარს, მოსარჩელის განმარტებით, ივნისის ყოველ გადაცემაში ერთხელ იგი ეთერში არ გასულა. ხელშეკრულების შესაბამისად, ტიხარის მიწოდება დამკვეთის ვალდებულება იყო, რაც მან არ შეასრულა.

18. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტით ყველა სასპონსორო მასალას (ტიხრებს, ლოგოს და ა.შ.) კომპანიას მიაწოდებს დამკვეთი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მიუთითებს რა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე, ამავდროულად ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან მოსარჩელეს გადასცა ხელშეკრულების 1.3. პუნქტით გათვალისწინებული მასალა და აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი ეთერში განთავსება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ასეთი მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის.

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაუწია მოპასუხეს 4840.93 ლარის ღირებულების მომსახურება, რაც წარმოადგენს საფუძველს მოპასუხისათვის მიღებული მომსახურების დარჩენილი ნაწილის – 1840,93 ლარის დაკისრებისათვის და რაც, ამავდროულად, გამორიცხავს მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლების მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

22. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშფაქტურით ვერ დადასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა. მით უფრო, რომ მხარემ სადავო სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად წარადგინა ელექტრონული დისკი, სადაც ასახული იყო მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, ხოლო გადაცემის ანონსირებისას სპონსორობის 5-წამიანი და 10-წამიანი ტიხრების ივნისი ყოველ გადაცემაში ერთხელ ეთერში გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მხარემ ვერ წარმოადგინა. ამასთან, საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ ერთ შემთხვევაში განაცხადა, რომ რეკლამა არ გაშვებულა სარეკლამო მასალის წარუდგენლობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითა, რომ ვალდებულება სრულად შეასრულა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა შეუძლებელი იყო მისი მოცულობისა და საკმაო დროის გასვლის გამო.

23. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ 10-წამიანი ტიხარი მოსარჩელეს არ მიაწოდა, შესაბამისად, იგი ეთერში არ გასულა. ამდენად, კასატორისათვის გაუგებარია, რა მომსახურების გაწევისათვის დააკისრა თანხის გადახდა მოპასუხეს სასამართლომ.

24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილები, 361-ე მუხლი და 976-ე მუხლის პირველი ნაწილი.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 23 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ხდებოდა ტელეკომპანია იმედზე გადაცემა „ეტალონის“ სპონსორი 2012 წლის 1 მაისიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

28. მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, განეთავსებინა ეთერში სპონსორობასთან დაკავშირებული მასალები შემდეგი პირობებით: ა) გადაცემის სპონსორის სტატუსი; ბ) 2012 წლის 7 მაისიდან: 1. გადაცემის ანონსირებისას სპონსორობის 5-წამიანი („ეტალონი აუდიტორების“ საერთო) ტიხარი (თვეში მინიმუმ 90 ანონსი); 2. გადაცემის მსვლელობისას, სპონსორის 5-წამიანი („ეტალონი აუდიტორების“ საერთო) ტიხარი 2-ჯერ – გადაცემის დაწყებისას და დამთავრებისას. 3. წამყვანის მიერ გადაცემაში სპონსორის გამოცხადება; გ) სპონსორის 10-წამიანი ტიხარი ივნისის ყოველ გადაცემაში ერთხელ; დ) სპონსორის ლოგოს ამონათება ყოველ გადაცემაში 3-ჯერ. ყველა მასალას მოპასუხე მიაწოდებდა მოსარჩელეს 10 კალენდარული დღით ადრე მასალის მოსარჩელის მიერ ეთერში განთავსებამდე. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა თვეში 1480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება განხორციელდებოდა ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე მოპასუხისათვის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ.

29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებლად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არასწორად ჩათვალა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ დაადასტურა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, ხოლო სპონსორის 10-წამიანი ტიხარის ეთერში გაშვების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ტიხარის მიწოდება მოპასუხეს ევალებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მაინც დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება.

30. კასატორმა ასევე მიიჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელისათვის გადახდილი 3000 ლარი სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

34. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი შეეხება სახელშეკრულებო-სამართლებრივი, კერძოდ, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

36. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება მხარის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურები.

38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის არგუმენტების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

39. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

40. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

41. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

42. განსახილველ შემთხვევაში მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულება – 2012 წლის 7 ივნისის (ეა-05 4804709) და ამავე წლის 2 ივლისის (ეა-05 5303464) ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს მაისსა და ივნისში გაუწია სულ 4840.93 ლარის ღირებულების მომსახურება. ანგარიშ-ფაქტურები დადასტურებულია მოპასუხის მიერ.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს სარჩელში ასახული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობას შეესაბამებოდა და სარჩელში მითითებულ გარემოებას გააქარწყლებდა. შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის ნაწილშიც, რომელიც ეფუძნება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მხრიდან გადახდილი თანხის დაბრუნებას.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ არგუმენტზე, რომელიც სადავო ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობას გააქარწყლებდა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 1.3 პუნქტით ყველა სასპონსორო მასალას (ტიხრებს, ლოგოს და ა.შ.) კომპანიას მიაწოდებს დამკვეთი. მოპასუხე მიუთითებდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე, რა დროსაც თავად მოპასუხე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელეს გადასცა ხელშეკრულების 1.3. პუნქტით გათვალისწინებული მასალა და აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი ეთერში განთავსება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება მოპასუხემ ვერ მოახდინა.

46. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

49. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ------- კ----–--ის მიერ 2018 წლის 28 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ბ----------------–-----ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ბ----------------–-----ს“ (პირადი №---------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ------- კ----–--ის მიერ 2018 წლის 28 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი