განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002200199
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№199აპ-18 ქ. თბილისი
ი---–---–---ი უ-–------, 199აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ უ-–------ ი---–---–---ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით უ-–------ ი---–---–---ი, – დ----------–-------–-–------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლითა და 6 თვით, ხოლო 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უ-–------ ი---–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით; ასევე – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, თ---–--–ი, ს-----ს ქ. №--თან, ს-----ს საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უ-–------ ი---–---–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ლ---- უ-------–--ის კუთვნილ, 4200 აშშ დოლარად (10442,88 ლარის ეკვივალენტი) ღირებულ „ჰონდა ფიტის“ ფირმის ავტომობილს, სახ. №U--------, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2017 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:10 საათზე, თ---–--–ი, ვ------- გ--------–-სა და გ---–-–---–ის ქუჩების გადაკვეთასთან, უ-–------ ი---–---–---მა, რომელიც მოძრაობდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, ლ---- უ-------–--ის კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ ავტომობილით, სახ. №U-------- და რომელსაც თვითონვე მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, დაეჯახა ველოსიპედით მოძრავ ვ----– ხ----–---–ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.
5. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული უ-–------ ი---–---–---ი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპები. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, მისთვის 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასა და ამ სასჯელის 4 წლით პირობით მსჯავრად ჩათვლას იმ მოტივით, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან; იგი ასევე ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობით.
6. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ტალიაშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას უ-–------ ი---–---–---ის მიმართ.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ უ-–------ ი---–---–---ისათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
10. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ექვსიდან ათ წლამდე, ხოლო 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია – სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, სწორედ ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, უ-–------ ი---–---–---ს თითოეული დანაშაულისათვის განუსაზღვრა მუხლის სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი შეუფარდა სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უ-–------ ი---–---–---ის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ვინაიდან მსჯავრდებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას კანონიერი უფლება ჰქონდა, ასეთი საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და ამით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპები.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ უ-–------ ი---–---–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე