განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002117921
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№191აპ-18 ქ. თბილისი
ი--------ი ბ-----ს, 191აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- მ-----–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბ-----ს ი--------ი, – დ----------–-------–-–----------------, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ბ-----ს ი--------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 29 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-----ს ი--------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ბ-----ს ი--------მა 2017 წლის 20 აგვისტოს, ღამით, დაახლოებით 05:20 საათიდან 05:30 საათამდე დროის შუალედში, თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით განიზრახა, უკანონოდ შეეღწია თ---–--–ი, ე-----–--------ის შესახვევის №--–ი მდებარე მოქალაქე ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბ-----ს ი--------ის თანამზრახველი, წინასწარი შეთანხმებისამებრ, გარშემომყოფთა თვალყურის სადევნებლად დარჩა გარეთ, ხოლო ბ-----ს ი--------მა შეაღწია თ---–--–ი, ე-----–--------ის შესახვევის №--–ი მდებარე მოქალაქე ა------ დ---–--ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა რ----- ბ----------–ის კუთვნილ, 2100 ლარად ღირებულ „აიფონ 7“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ა------ ე-------- ს-----ის კუთვნილ, 714 ლარად ღირებულ „აიფონ 5“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და ფულს – 300 აშშ დოლარს (20 აგვისტოს გაცვლითი კურსით – 716.85 ლარს), ასევე – ა----- ყ--------ის კუთვნილ, 4800 ლარად ღირებულ „ვერტუს“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ----- მ-----–---–მა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ-----ს ი--------ის ქმედებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამორიცხვას და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის საბოლოო ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ისათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულს.
9. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ის ქმედებიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ქურდობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ამორიცხვის შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე. თავად ბ-----ს ი--------ის, ასევე – მოწმე ლ---- ს--------–--ის გამოკითხვის ოქმებით (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეთა მიერ უდავოდაა ცნობილი) დადგენილია, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტეს, ფანჯრიდან ერთად შეეღწიათ ა. დ---–--ის სახლში და მოეპარათ ნივთები.
10. რაც შეეხება სასჯელის შემცირების მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შეფარდებას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს“. ამდენად, მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა სამართლიანია, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ-----ს ი--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- მ-----–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე