განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001964156
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
#308აპ-18 ქ. თბილისი
კ----–-- ჯ----–, 308აპ-18 31 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით:
ჯ----– კ----–--, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და ჯ----– კ----–--ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ჯ----– კ----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულმა ძირითადმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯ----– კ----–--ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენით ჯ----– კ----–--ს მსჯავრი დაედო:
· ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;
· დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
· ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკულ დანაშაულთა თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 15 მაისს, დაახლოებით 1830 საათზე, თ---–--–-, უ--------------ს ქუჩაზე, ჯ----– კ----–--მ მეუღლეს - მ------ კ--------კ----–--ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ტელეფონის ყუთი. იმავე დღეს, 2200-2300 საათების შუალედში, თ---–--–-, ს---------------------–- მდებარე ბინაში, ჯ----– კ----–--მ მ------ კ--------კ----–--ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და თავის არეში. ჯ----– კ----–--ს ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნასამართლევმა ჯ----– კ----–--მ 2017 წლის 15 მაისს უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) და ამინო-ფენილ-ეთანონის ქიმიურ ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც ამოიღეს 2016 წლის 16 მაისს, 1725-1755 საათების შუალედში, თ---–--–-, ს---------------------–- მდებარე ჯ----– კ----–--ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, კერძოდ: ამოიღეს 2 ცალი 1 მლ-იანი შპრიცი, მათში მოთავსებულ 0,00013 გრამი „ნარკოტიკული საშუალება“ მეტამფეტამინით (მარილი) და 2 ცალი 1 მლ-იანი შპრიცი, მათში მოთავსებული ამინო-ფენილ-ეთანონის ქიმიური ნაერთთა კლასის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ----– კ----–--მ და მისმა ადვოკატმა ნ---- ტ--------მ. დაცვის მხარემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, იგი ემყარება მიკერძოებული და დაინტერესებული პირის - მ------ კ--------კ----–--ს ჩვენებას, რომელიც ჩვენებებიც წინაააღმდეგობრივია; მისი ჩვენება არადამაჯერებელია და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან; მოწმე თ----- ხ------–---–-ს ჩვენება საეჭვოს ხდის ბინის ჩხრეკის კანონიერებას, ვინაიდან ჩნდება კითხვები ჩხრეკის დროს ამოღებული შპრიცების წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როდესაც ჯ----– კ----–-- კატეგორიულად უარყოფს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს და მოხმარებული შპრიცების არსებობას მის საცხოვრებელ ბინაში; ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს ბინის ჩხრეკის მონაწილე პოლიციელებმაც ურნაში ჩაგდებული ინსულინის შპრიცების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩხრეკის ოქმი არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ, ვინაიდან მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დარღვევით და ამასთან, უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მათი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ----– კ----–--მ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ მ------ კ--------კ----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ოთხი წელია, რაც დაოჯახებულია ბრალდებულ ჯ----– კ----–--ზე და ჰყავთ შვილი. პირველად ბრალდებულმა თანაცხოვრების დაწყებიდან ერთ კვირაში სცემა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანებებით მოხვდა საავადმყოფოში. აღნიშნული შემთხვევის გამო დაზარალდა მისი ძმა და მისი მეგობარი, რადგან სცადეს მ------ კ--------კ----–--ს ცემის მიზეზის გარკვევა, თუმცა ჯ----– კ----–-- მათაც ფიზიკურად გაუსწორდა. თანაცხოვრების პერიოდში ჯ----– კ----–--ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია მისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში იგი იყო განსაკუთრებულად გაღიზიანებული და ცდილობდა მის დაჩაგვრას, არ უშვებდა სამსახურში და წაართვა ტელეფონი. 2017 წლის 15 მაისს ჯ----– კ----–--მ ავტომანქანით გაუარა სამსახურში - კლინიკა „კ-----–---ში“, წაიყვანა უ--------------ს ქუჩაზე და უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი, უყვიროდა და იქნევდა ხელებს, გააჩერა ავტომანქანა და დაახლოებით სამჯერ ჩაარტყა თავში ტელეფონის ყუთი. შემდეგ ეძებდა დანას, თუმცა იმ მომენტისთვის არ ჰქონდა მანქანაში. ჯ----–მა წაართვა ფული და გადარიცხა მისთვის უცნობ ანგარიშზე. შემდეგ წაიყვანა ვა---------ში და კორპუსიდან წამოიღო პაკეტი, სავარაუდოდ, ნარკოტიკი, რადგან მეუღლემ უთხრა, რომ მის გასამწარებლად მისივე ფულს დახარჯავდა იმისთვის, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონდა და უშლიდა. ამის შემდეგ ჯ----– კ----–-- სახლშიც უყვიროდა, თავში ურტყამდა და ეკითხებოდა - აინტერესებდა თუ არა, რას იკეთებდა მისი ქმარი და რომ იმავეს მასაც გაუკეთებდა; მის თვალწინ 6 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გაიკეთა წამალი ინსულინის საინიექციო შპრიცით; ის იყო აქტიური და აღგზნებული, მთელი ღამე არ დაიძინა და დადიოდა. დილით კვლავ მეუღლემ წაიყვანა სამსახურში, გზად ჯ----– კ----–-- გადავიდა ავტომანქანიდან, ამით ისარგებლა და თავადაც გადავიდა მანქანიდან და წავიდა დეიდის სახლში, სადაც დეიდაშვილებს - თ-- და ე-- გ---–------ებს უამბო მომხდარის შესახებ. შემდეგ დარეკა სსიპ ,,112-ში“ და განაცხადა მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მისი მეუღლის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ----– კ----–--ს ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და რამდენიმე დღის მანძილზე ჰქონდა თავის ტკივილები; სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნაგვის ურნიდან ამოიღო საინიექციო შპრიცები; ასევე, მას არაერთხელ უპოვია სახლში საინიექციო შპრიცი.
3. მოწმე ი---- ც---------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ჯ----– კ----–-- არის მისი სიძე. პირადად არასდროს შესწრებია ძალადობის ფაქტს, თუმცა ქალიშვილისგან იცის, რომ ქმარი ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა მასზე. 2013 წელს მან იძალადა მ------ კ--------კ----–--ზე, რის შედეგადაც იგი იყო საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა ყბის ძვლის მოტეხილობა. მომხდარის გამო მის ვაჟს - დ----- კ-------ს კონფლიქტი მოუვიდა სიძესთან, რომელმაც სამზარეულოს დანით დაჭრა დ-----ი და მისი მეგობარი. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მ------ი შეურიგდა მეუღლეს. მოწმეს სხვა დროსაც არაერთხელ შეუმჩნევია მ------ისთვის დაზიანებები სახეზე, მაგალითად, ყელისა და თვალის არეში ჰქონდა სილურჯეები. მან უთხრა, რომ ჯ----–ი ახრჩობდა და დანით ემუქრებოდა. იცის, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჯ----– კ----–-- მის ქალიშვილზე სისტემატურად ძალადობდა. მ------ი უყვებოდა, რომ ჯ----–ს შეეძლო სრულიად უმიზეზოდ დაეწყო ჩხუბი, თავში ან სახეში ურტყამდა, როდესაც რაიმეზე არ ეთანხმებოდა. მოწმის განმარტებით, სავარაუდოდ, ახალი ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ბიო, რომელსაც მსჯავრდებული მოიხმარს, მასზე ცუდად ზემოქმედებს და აგრესიულს ხდის, რადგან ფხიზელ მდგომარეობაში აბსოლუტურად ნორმალური და ჩამოყალიბებული პიროვნებაა.
4. მოწმე თ-- გ---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის მ------ კ--------კ----–--ს დეიდაშვილი. 2017 წლის მაისში დაზარალებული აღელვებული მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჯ----– კ----–-- მასზე ფიზიკურად და ფსიქიკურად ძალადობდა, კერძოდ, თავში ურტყამდა, ასევე, იძულებით წაიყვანა ნარკოტიკის შესაძენად. მოწმემ დაადასტურა, რომ მ------მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
5. მოწმე ზ------- დ---–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მაისს მათ განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ------ კ--------კ----–--მ და განაცხადა, რომ მეუღლე ჯ----– კ----–-- მასზე ძალადობდა და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება და გამოიყო ჯგუფი მის დასაკავებლად. მათ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჯ----– კ----–-- იმყოფებოდა ფ------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი დააკავეს.
6. მოწმე დ----- ჯ---–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მაისს დაიწყო გამოძიება მ------ კ--------კ----–--ს შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად, იმავე წლის 15 მაისს მეუღლემ ავტომანქანაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულმა დაკითხვისას ახსენა, რომ მისი მეუღლე მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელ ბინაში - ს------------------------–- ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც სამზარეულოში, ნაგვის ურნიდან, ამოიღეს ორი ცალი ინსულინის შპრიცი, რომლის კედლებზეც, შიგნით, შეინიშნებოდა სითხის ნარჩენი, რის შემდეგაც დააკავეს ჯ----– კ----–--.
7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ----- ხ------–---–მა განმარტა, რომ მის ბინაში, ს------------------------–-, დაახლოებით ორ თვეს ცხოვრობდნენ ჯ----– კ----–-- და მ------ კ-------. მას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და უთხრეს, რომ მის ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა, რომელსაც უნდა დასწრებოდა. ჩხრეკისას ჯ----– კ----–-- არ ყოფილა სახლში. პოლიციელებმა სამზარეულოში, ნაგვის ურნიდან, ამოიღეს შპრიცი, მასზე წვეთები იყო შერჩენილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მან ბრალდებულს მისცა უფლება, შეეცვალა კარის საკეტი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა როგორ გააღეს კარი, არ იცის.
8. 2017 წლის 16 მაისის სატელეფონო შეტყობინების თანახმად, მ------ კ--------კ----–--მ განაცხადა, რომ 2017 წლის 15 მაისს თ---–--–-, ს---------------------–-, მისმა მეუღლემ, ჯ----– კ----–--მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ასევე აღნიშნა, რომ იგი მასზე ხშირად ძალადობს.
9. 2017 წლის 16 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ---–--–-, ს---------------------–- მდებარე თ----- ხ------–---–-ს კუთვნილი ბინიდან, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს ჯ----– კ----–--, ჩხრეკის შედეგად ბინის სამზარეულოს ნაგვის ურნაში ნანახი და ამოღებულ იქნა ორი ცალი ე.წ. ინსულინის შპრიცი, რომლის შიდა ზედაპირზე აღინიშნება გარკვეული სითხის წვეთები. ოქმის შენიშვნის თანახმად, ჩხრეკისას ბინის ფაქტობრივი მფლობელი ჯ----– კ----–-- ბინაში არ იმყოფებოდა.
10. 2017 წლის 16 მაისის ოქმის თანახმად, ჯ----– კ----–--მ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებული კანონიერი უფლება და უარი განაცხადა ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე როგორც კლინიკურ ნაწილში, ასევე - ბიოლოგიური მასალის აღება-ჩაბარებაზე.
11. 2017 წლის 17 მაისის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნით დადგენილია, რომ ჯ----– კ----–--ს ბინის ჩხრეკისას ნანახ და ამოღებულ: - 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება α-PVP, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenyl-Ethanon) ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ (მარილი), წონით 0,00007 გრამ; 1 მლ-იან ერთჯერადი მოხმარების ინსულინის შპრიცის შიდა კედლებზე აღინიშნება α-PVP, რომელიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ამინო-ფენილ-ეთანონის (Amino-Phenyl-Ethanon) ქიმიურ ნაერთთა კლასს და ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ (მარილი), წონით 0,00006 გრამი.
12. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ს------- ც----------მ და განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ასევე, მოწმე თ----- უ---–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ ქიმიურ კვლევაში ს------- ც----------მ ჩაატარა ინსტრუმენტული კვლევა, ხოლო თვითონ დაათვალიერა საკვლევი ობიექტი და მოამზადა ნიმუში ინსტრუმენტული ანალიზისთვის. ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგები არის ზუსტი და ცდომილება პრაქტიკულად გამორიცხულია.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ ჯ----– კ----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჯ----– კ----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----– კ----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარი.
14. საკასაციო პალატა ჯ----– კ----–--ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებას, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად არ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მსგავს დათქმას შეიცავს ამავე კოდექსის 82-ე მუხლი, რომლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ მ------ კ--------კ----–--ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ჯ----– კ----–--მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია, საკასაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ----– კ----–--ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
17. რაც შეეხება მოწმეების - ი---- ც---------–---–-სა და თ-- გ---–------ის ჩვენებებს (ასევე, დანარჩენი მოწმეების ჩვენებები) ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მსჯავრდებული ჯ----– კ----–-- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში,.
19. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--სათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ ეპიზოდში ბრალდება დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტაციას, რომ არ იზიარებს მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს ჩვენებას, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი და, შესაბამისად, მის საცხოვრებელ ბინაში, ნაგვის ურნიდან ამოღებული შპრიცები, მასში არსებული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხის ნარჩენებით, მას არ ეკუთვნის. მისი განმარტება ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ჯ----– კ----–--ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და მხოლოდ მათი ჩვენებების საფუძველზე არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება. დაცვის მხარე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება). კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მოწმე თ----- ხ------–---–-ს ჩვენება საეჭვოს ხდის ჩატარებული ბინის ჩხრეკის კანონიერებას, რასაც საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) N 17828/05 , §90, 11.07.2013), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში - რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ჯ----– კ----–--ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების - დ----- ჯ---–---–-სა და ზ------- დ---–-–---–-ს ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებთან. რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც პოლიციელთა მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია, ხოლო მათი ჩვენებების სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება აღნიშნული პოლიცილებისა და მოწმე თ----- ხ------–---–-ს ჩვენებებს შორის არსებული უმნიშვნელო წინააღმდეგობები.
24. მოწმე თ----- ხ------–---–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა მისი მონაწილეობითა და თანდასწრებით, რასაც ასევე ადასტურებენ პოლიციის თანამშრომლები. პირადად მოწმე შეესწრო, თუ როგორ აღმოაჩინეს პოლიციელებმა ნაგვის ურნაში მოთავსებული შპრიცები, რომლებზეც წვეთები იყო დარჩენილი. მან დაადასტურა ჩხრეკის კანონიერება და რაიმე სახის შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით არ ჰქონია. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში მონაწილეობისათვის გამოცხადებულ თ----- ხ------–---–ს პოლიციელები უკვე სახლში დახვდნენ, აღნიშნულთან დაკავშირებით დ----- ჯ---–---–მა და ზ------- დ---–-–---–მა თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ როდესაც დაზარალებულ მ------ კ--------კ----–--ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ საცხოვრებელი ბინის გასაჩხრეკად, ჯ----– კ----–-- სახლში არ დახვდათ, ხოლო ვინაიდან დაზარალებული მ------ კ--------კ----–-- დაკითხული ჰყავდათ მოწმის სახით, იგი ვერ მიიღებდა ჩხრეკაში მონაწილეობას, ამიტომ მათ ჩხრეკაზე დასასწრებად მოიწვიეს ბინის მესაკუთრე - თ----- ხ------–---–-, დაელოდნენ და მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ დაიწყეს ჩხრეკა. ბინის კარი მათ გაუღო თავად დაზარალებულმა მ------ კ--------კ----–--მ, რომელიც ჩხრეკას არ დასწრებია. ამდენად, როგორც პოლიციელთა, ასევე თვითონ მოწმე თ----- ხ------–---–-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ იგი ესწრებოდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მთლიან პროცესს და, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ, სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ იკვეთება.
25. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ასევე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებული ჯ----– კ----–-- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ასევე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით შერაცხულ დანაშაულთა სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებული ჯ----– კ----–-- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში;
4. მსჯავრდებული ჯ----– კ----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს ჯ----– კ----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით შეფარდებულმა ძირითადმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქას წინა განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ჯ----– კ----–--ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. მსჯავრდებულ ჯ----– კ----–--ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 16 მაისიდან;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე