განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700063216
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №93აგ-18 თბილისი
შ-------- ზ-----, 93აგ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს ადვოკატ მ-----– მ-------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ----- შ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ----- შ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (0,055 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვისათვის) და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ზ----- შ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ----- შ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ----- შ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- შ--------ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. ზ----- შ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ----- შ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ----- შ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) უკანონო მოხმარებისათვის) და დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 აგვისტოს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- შ--------ს განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ----- შ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ----- შ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) დაემატა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- შ--------ს განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
5. 2018 წლის 9 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ზ----- შ--------მ და მისმა ადვოკატმა მ-----– მ-------მ, რომლებმაც მოითხოვეს ზ----- შ--------ს მიმართ გამოტანილი განაჩენების გაუქმება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე, 381-ე მუხლებით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ----- შ--------სა და მისი ადვოკატის - მ-----– მ-------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: ზ----- შ-------- გათავისუფლდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 აგვისტოსა და 2016 წლის 30 ივნისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მასვე აღუდგა ამავე განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში (მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში) დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს ადვოკატმა მ-----– მ-------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს მიმართ მართებულად გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და იგი გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 აგვისტოსა და 2016 წლის 30 ივნისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. მასვე აღუდგინა ამავე განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში (მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში) დატოვა უცვლელად.
5. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 აგვისტოსა და 2016 წლის 30 ივნისის განაჩენებით ჩამორთმეული უფლებები აღუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისი მსჯავრდების გამო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები პალატამ დატოვა უცვლელად, ვინაიდან ამ განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებით ჩამორთმეული უფლებები არ გაუქმებულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს არცერთი ზემოაღნიშნული განაჩენით და არც საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ მუხლით მსჯავრდების გამო ჩამორთმეული უფლებების აღდგენის საფუძველს.
6. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისი მსჯავრდების გამო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის, ამავე სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმებისა და სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს ადვოკატ მ-----– მ-------ს საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ მოთხოვნას და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ----- შ--------ს ადვოკატ მ-----– მ-------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე