განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210017001718759
საქმე №ას-1420-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი
№ას-1420-2018 რ-----–---–ი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე--- რ-----–---–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ--–-- ს--–---–---–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ--–-- ს--–---–---–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე--- რ-----–---–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მოპასუხე უკანონოდ ცხოვრობს, ირიცხება მოსარჩელის საკუთრებად. მოწინააღმდეგე მხარე ხელს უშლის კუთვნილი ნივთით სარგებლობაში და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით საჩივარს ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
7. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. ბინას ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.
8. სსსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე მიწვეული იყო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მოპასუხის მეუღლეს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა 2017 წლის 25 ოქტომბერს, 09:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (იხ. სატელეფონო აქტი ტ.1, ს.ფ 62 ). ამდენად, 2017 წლის 16 ოქტომბერს, სხდომამდე გონივრულ ვადაში სასამართლო უწყება ჩაბარდა მოპასუხეს (ტ. 1, ს.ფ 62).
9. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული და, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქრობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
10. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, განემარტა სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა.
11. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები.
12. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას ითხოვს იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა განცხადება სხდომის გადადების შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, რომლის ობიექტურად შეფასების შემთხვევაში სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა მიეჩნია საპატიოდ სხდომის გადადებისათვის. მოპასუხის მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია ნორმათა უხეში დარღვევით და უგულებელყოფით.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი.
14. საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.
15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოსთვის არ არის ცნობილი თავად მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენლის მითითებას, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე დანიშნული ლექციების გამო, იგი ვერ ახერხებდა 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადებას, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ვერ იქნა გაზიარებული მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელი მართლაც ატარებდა ლექციებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე. მართალია, საჩივარში მითითებულია, რომ მხარე წარმოადგენდა შესაბამის მტკიცებულებას, თუმცა, გასული საკმარისი დროის მიუხედავად, მას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის გარემოება, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. ამდენად, საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე დანიშნული ლექციების გამო, ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას სააპელაციო სასამართლოს მიერ, მითითებული მუხლების შესაბამისად ვერ მიიჩნევა შემაფერხებელ გარემოებად და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან აპელანტს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია კანონით დადგენილი წესით.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც არ არსებობდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები და აპელანტმა სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ დაადასტურა 2017 წლის 25 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით, საჩივარი კი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი სასკ-ის 34-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის მოტივით.
21. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და თავისი განჩინება შესაბამისად დაესაბუთებინა.
22. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ამკრძალავი წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა ამგვარი გარემოების არსებობა, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის განცხადებებით უტყუარად დასტურდებოდა სხდომის გადადების საპატიო მიზეზი და სასამართლოსადმი პატივისცემა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. ბინას ფლობს მოპასუხე და უარს ამბობს ფართის გამონთავისუფლებაზე.
26. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 25 ოქტომბერს. მოპასუხე სხდომაზე მიწვეული იყო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
27. მოპასუხე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება – მოპასუხე ვერ გამოცხადდა პროცეზზე საპატიო მიზეზით.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის (და არა საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის, როგორც ამას კასატორი უთითებს) შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
30. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
31. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
32. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
33. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მოპასუხის მეუღლეს სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა 2017 წლის 25 ოქტომბერს, 09:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (იხ. სატელეფონო აქტი ტ.1, ს.ფ 62 ).
34. 2017 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ სხდომის დღეს 9:00 საათიდან 12 საათამდე ატარებს ლექციებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე. რაც შეეხება მხარეს, წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მასთან კომუნიკაცია არ აქვს და შეტყობინება გაუგზავნა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინების შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა, რის გამოც მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
36. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
37. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
38. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 216-ე მუხლი, რომლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.
40. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სხვა დროისათვის გადადოს კანონის მოთხოვნათა დაცვით დანიშნული სასამართლო სხდომა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს საქმის გადადებაზე, თუ ვერ დარწმუნდება სასამართლო პროცესის გადადების წინაპირობათა მართებულობაში. საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებაზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.
41. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ვერც საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადებისა უცილებლობა, ისე მხარის საპატიოდ გამოუცხადებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის შეუძლებლობა.
42. კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით ვერ უარყო გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ხელისშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის განხილვის წინა დღეს შეტანილი განცხადება.
43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობას არ ერთვის ზემოაღნიშნული ლექციების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულება. მართალია, საჩივარში მითითებულია, რომ მხარე წარმოადგენდა შესაბამის მტკიცებულებას, თუმცა, გასული საკმარისი დროის მიუხედავად, მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
44. რაც შეეხება უშუალოდ მოპასუხეს, იგი არც საქმის განხილვაზე გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი აცნობა სასამართლოს. შესაბამისად, კასატორმა სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის არსებობა ვერ დაადასტურა.
45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ც------ ჩ----ისა და ე--- რ-----–---–ის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე--- რ-----–---–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ე--- რ-----–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ც------ ჩ----ისა და ე--- რ-----–---–ის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური