განჩინება

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
330100118002470117
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002470117

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №416აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი

ჩ--------–-- გ--------, 416აპ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - როინ ხინთიბიძის

ადვოკატ - ია თ-------ს

ბრალდებულ - გ-------- ჩ--------–--ს

მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გ-------- ჩ--------–--ს, - დაბადებულს: 1----–-–---------–--ს, ნასამართლევს, - ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მასვე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2. 2018 წლის 15 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისისა და 2013 წლის 31 ივლისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ნასამართლევი გ-------- ჩ--------–-- მეგობრებთან - ზ------ ზ---------სა და რ----- ჯ---------სთან ერთად, ამ უკანასკნელის ,,აუდის“ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A--------, გადაადგილდებოდა თ---–--–ი, ი----- გ------ის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, გადამოწმების მიზნით გააჩერა, რა დროსაც დადგინდა, რომ გ-------- ჩ--------–-- უკანონოდ ინახავდა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ 0,0605 გრამ (საერთო წონით) ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს.“ იმავე დღეს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N------ დასკვნის მიხედვით, გ-------- ჩ--------–--ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

3. 2018 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა როინ ხინთიბიძემ იშუამდგომლა ბრალდებულ გ-------- ჩ--------–--სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით პროკურორ როინ ხინთიბიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით საქმის არსებითი განხილვის სხდომა დაინიშნა 2018 წლის 26 ივნისს, 15:00 საათზე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

 

7. კასატორი - სტაჟიორ-პროკურორი როინ ხინთიბიძე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმებასა და მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. კასატორის მითითებით, არ არსებობს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძველი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ნასამართლობის გაქარწყლებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლობის გაქარწყლების სხვადასხვა ვადაა გათვალისწინებული, მაგრამ მოცემული დანაწესი არ ვრცელდება დანაშაულთა ერთობლიობის დროს, შთანთქმის ან შეკრების გამოყენებისას ნასამართლობის გაქარწლების წესზე. ასეთ შემთხვევაში იცვლება როგორც სასჯელის მოხდის, ასევე ნასამართლობის გაქარწყლების რეჟიმი და ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, ნასამართლობა ყველა დანაშაულისთვის გაქარწყლდება ერთიანად, ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლებისას. კასატორი უთითებს, რომ გ-------- ჩ--------–--ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლობის ვადა გაუქარწყლდება არა დამოუკიდებლად, არამედ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადასთან ერთად, კერძოდ - 2020 წლის 30 ივლისს. რაც შეეხება ბრალდებულის მიერ არადამაჯერებელი პასუხების გაცემას, სასამართლოს აღნიშნული მითითება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეთათვის გაურკვეველია, ვინაიდან გ-------- ჩ--------–-- გარკვევით პასუხობდა კითხვებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებასთან დაკავშირებით.

 

8. საკასაციო სხდომაზე სტაჟიორ-პროკურორმა როინ ხინთიბიძემ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. დაცვის მხარე ასევე დაეთანხმა პროკურორის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ სტაჟიორ-პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------- ჩ--------–--ს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, იყო თუ არა გ-------- ჩ--------–-- წარსულში ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვისათვის და ამასთანავე, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის ხომ არ ჰქონდა ნასამართლობა გაქარწყლებული (საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილი).

 

4. მოცემულ შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) ასევე აუცილებელია - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლობის არსებობის ფაქტი.

 

5. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით გ-------- ჩ--------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ-------- ჩ--------–--ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განაჩენით გ-------- ჩ--------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-21 ნაწილის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 თვით.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2013 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ-------- ჩ--------–--ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ-------- ჩ--------–--ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

გ-------- ჩ--------–--ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 31 ივლისიდან.

 

7. გ-------- ჩ--------–-- პენიტენციური დაწესებულებიდან 2014 წლის 30 ივლისს სასჯელის მოხდით გათავისუფლდა. შესაბამისად, 2014 წლის 30 ივლისს გ-------- ჩ--------–--მ სრულად მოიხადა 2013 წლის 9 ივლისისა და 2013 წლის 31 ივლისის განაჩენებით დანიშნული საპატიმრო სასჯელი.

 

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 10 აპრილის N----- წერილის შესაბამისად, 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 2014 წლის 31 იანვარს. სააღსრულებო ფურცელზე დავალიანება არ ირიცხება.

 

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

10. მაშასადამე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, გ-------- ჩ--------–--ს ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. კერძოდ, როგორც აღინიშნა, გ-------- ჩ--------–--მ სასჯელი მოიხადა 2014 წლის 30 ივლისს (როდესაც პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა). შესაბამისად, მას ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გაუქარწყლდა 2017 წლის 30 ივლისს, ანუ სამი წლის შემდეგ. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კი, გ. ჩ--------–--ს 2018 წლის 15 მარტს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ,,ოპიუმის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

 

11. მართალია, გ-------- ჩ--------–-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან ერთად, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატერგორიას (განაჩენის გამოტანის დროს ქმედება განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას), მაგრამ მოცემულ შემთხვევაში თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მესამე ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა.

 

12. პროკურორის განმარტება, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობა ყველა დანაშაულისათვის ქარწყლდება ერთიანად, ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლებისთანავე, არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან და ამასთანავე, მოცემული განმარტება 79-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესზე მეტად მკაცრია, ვინაიდან იგი მაკვალიფიცირებელი გარემოების წინაპირობას ქმნის და, შესაბამისად, პირის სამართლებრივ მდგომარეობას ამძიმებს.

 

13. ამდენად, სასჯელთა შეკრების ან შთანთქმის შემთხვევაში, ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დაწესებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადა, არ მოიცავს სხვა, უფრო მსუბუქი დანაშაულის ნასამართლობის გაქარწყლების ვადასაც და შესაბამისად, სასჯელის მოხდის შემდეგ გაქარწყლების ვადის დინება ყოველი მუხლისათვის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად (დანაშაულის კატეგორიის შესაბამისად) მიმდინარეობს.

 

14. საკასაციო პალატა უთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ გვაქვს როგორც იმავე მუხლით ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების, ისე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის იმის მიერ ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - ბრალდების შემადგენლობა, ვინაიდან გ-------- ჩ--------–--ს წინა ნასამართლობა (სსკ-ის 273-ე მუხლი) გაქარწყლებული აქვს.

 

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტაჟიორ-პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე, 307-ე მუხლებით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე