განჩინება

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
330100117001994781
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001994781

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №478აპ-18 თბილისი

მ--------- რ----–--, 478აპ-18 15 იანვარი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ----–-- მ---------სა და მისი ადვოკატის - ს----- კ-------–--ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით რ----–-- მ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით - L--------. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ----–-- მ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით - L--------. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ რ----–-- მ--------ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით - L--------. რ----–-- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 30 მაისიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენის მიხედვით, რ----–-- მ--------ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გადაზიდვაში, ასევე - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: რ----–-- მ--------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და განესაზღვრა 4 წლით პირობითი მსჯავრი, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასაჯელის სახით 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2017 წლის 30 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ---–--–------------–----------------------–--–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, რ----–-- მ---------ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და შენახული 3,6259 გრამი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ფხვნილისა და გრანულების სახით, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც რ----–-- მ--------- გადაადგილდებოდა, ამოიღეს მის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი და ავტომანქანის სპეციალურ საცავში გადასაზიდად შენახული 6,5302 გრამი -განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ფხვნილისა და გრანულების სახით.

3. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----–-- მ--------მა და მისმა ადვოკატმა მარინა ჩიმაკაძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ----–-- მ---------ს გამართლება.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ----–-- მ--------მა და მისმა ადვოკატმა ს----- კ-------–--მ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და რ----–-- მ---------ს გამართლებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ----–-- მ---------სა და მისი ადვოკატის - ს----- კ-------–--ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე