განჩინება

სისხლის სამართლის 21.02.2019
საქმის ნომერი
010141318700066551
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066551

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №541აპ-18 ქ. თბილისი

ვ---------- ს-----–, 541აპ-18 25 თებერვალი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს-----– ვ----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- ა-------–---ს, მსჯავრდებულ ჰ---------- ჰა-------------ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენით ს-----– ვ----------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით − 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ს-----– ვ---------ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ს-----– ვ---------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2014 წლის 1 აგვისტოდან.

 

ჰ---------- ჰა-------------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, -ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით − 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით − 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ---------- ჰ----------იანს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ჰ---------- ჰ----------იანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2014 წლის 1 აგვისტოდან.

 

გაუქმდა ს-----– ვ----------სა და ჰ---------- ჰა-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა.

 

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ვ--–---- ხ-------ს.

 

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-----– ვ---------მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე - რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, გადაზიდვა, გადაცემა, განკარგვა, აგრეთვე - მასთან დაკავშირებული სხვა გარიგება.

 

ჰ---------- ჰ----------იანმა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე - რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, გადაზიდვა, გადაცემა, განკარგვა, აგრეთვე - მასთან დაკავშირებული სხვა გარიგება, ასევე - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (2 ეპიზოდი).

 

ს-----– ვ----------სა და ჰ---------- ჰა-------------ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის ივლისის ბოლოს ს--------ს რესპუბლიკის მოქალაქე ს-----– ვ---------- დაუკავშირდა თ------ ს----------ს, რომელიც, როგორც შსს ოპერატიული თანამშრომელი, დანაშაულებრივ ჯგუფში მყიდველის ლეგენდით ჩაერთო სახელით - „თ------ი“. მას „SKYPE-ის“ საშუალებით გაუგზავნა რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი სპეციალური კონტეინერის ფოტოსურათი და შესთავაზა უკანონო გარიგება. იმავე დანაშაულებრივ ჯგუფში სპეციალისტად ჩაერთო ასევე შსს ოპერატიული თანამშრომელი ა------- მ--------ი, სახელით - „-----“. ს-----– ვ---------მა ხსენებულ ოპერატიულ თანამშრომლებს შესთავაზა საქართველოში დაინტერესებულ პირთათვის რადიოაქტიური ნივთიერების სარეალიზაციოდ ჩამოტანა. აღნიშნულ საკითხზე ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და შეთანხმდნენ რადიოაქტიური ნივთიერების ფასზე, საშუამავლო წილის ოდენობაზე, გადაცემასა და მიწოდების პირობებზე და სხვა.

 

ს-----– ვ---------მა მოახდინა დანაშაულის ორგანიზება და ხელმძღვანელობდა მის ჩადენას, კერძოდ: იგი წინასწარ შეთანხმებით დაუკავშირდა ს--------ს რესპუბლიკის მოქალაქეებს - ვ--–------ და ვ--–---- ხ---------ს, ვინმე „კ------” და ჰ---------- ჰ----------იანს. შეთანხმებისამებრ, ს-----– ვ---------მა 2014 წლის 1 აგვისტოს ს--------ს დედაქალაქ ერევანში ვ--–------ ხ-------ს გამოართვა (შეიძინა და ფლობდა) სპეციალურ კონვერტში მოთავსებული რადიოაქტიური ნივთიერება - რადიონუკლიდი ,,ცეზიუმ - 137” (137 Cs), რაც ავტომანქანით, რომელსაც „კ------” მართავდა, მიიტანა (გადაზიდა) საქართველოს სასაზღვრო საბაჟო - გამშვებ პუნქტ „ს------–---თან“ მოსაზღვრე სოფელ ბ--------–--ში. ადგილზე მას დახვდნენ ჰ---------- ჰა------------- და ვ--–---- ხ-------ი. იმავე დღეს ს-----– ვ----------, ჰ---------- ჰა------------- და ვ--–---- ხ-------ი საქართველო-ს--------ს ,,ს------–---” გამშვები პუნქტის გავლით, ერთად გადავიდნენ საქართველოში. ისინი შეხვდნენ დანაშაულებრივ ჯგუფში ლეგენდით ჩართულ შსს ოპერატიულ თანამშრომლებს და შეუთანხმდნენ მათ უკანონო გარიგების პირობებზე, რის შემდეგაც ვ--–---- ხ-------ი სსგპ ,,ს------–---” გავლით დაბრუნდა ს--------ს ტერიტორიაზე, სადაც ელოდებოდა „კ------”. მან აიღო რადიოაქტიური ნივთიერება - რადიონუკლიდი ,,ცეზიუმ - 137” (137 Cs), რაც ჰ---------- ჰ----------იანთან წინასწარი შეთანხმებითა და მისი მონაწილეობით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ, სსგპ ,,ს------–---” გვერდის ავლით, დადგენილი წესის დარღვევით, გადმოიტანა ს--------ს რესპუბლიკიდან საქართველოში. ბოლოს ჰ---------- ჰა-------------ს მეშვეობით შესამოწმებლად წარუდგინეს რადიოაქტიური ნივთიერება და მოითხოვეს საფასურის გადახდა. იმავე დღეს ჰ---------- ჰა-------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადმოტანილი რადიოაქტიური ნივთიერება - რადიონუკლიდი „ცეზიუმ - 137“ (137 Cs). ამასთან, ჰ---------- ჰ----------იანმა, რადიოაქტიური ნივთიერების ს--------ს რესპუბლიკიდან საქართველოში გადატანის მიზნით, 2014 წლის 1 აგვისტოს, ღამის საათებში, საქართველო-ს--------ს სახელმწიფო საზღვრის სსგპ „ს------–---” გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიიდან გადავიდა ს--------ს რესპუბლიკაში. იმავე დღეს ს--------ს რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს-----– ვ---------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–- ა-------–---მ, ასევე - მსჯავრდებულ ჰ---------- ჰა-------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-----–- მ----------მა.

 

სააპელაციო საჩივრებით დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულების - ს-----– ვ----------სა და ჰ---------- ჰა-------------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

 

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს-----– ვ---------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ-–- ა-------–---მ და მსჯავრდებულმა ჰ---------- ჰ----------იანმა.

 

დაცვის მხარე საჩივრებით ითხოვს მსჯავრდებულების - ს-----– ვ----------სა და ჰ---------- ჰა-------------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ს-----– ვ----------სათვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 25, 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ჰ---------- ჰა-------------სათვის - საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

9. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ აგენტ-პროვოკატორებმა მსჯავრდებულებს მოუწყვეს დანაშაულის პროვოკაცია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა მოახდინონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და გამოკვეთილი არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Teixeira de Castro v. Portugal), 9.06.1998, №44/1997/828/1034). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Ramanauskas v. Lithuania), 5.02.2008, №74420/01). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, იკვეთება დანაშაულის პროვოკაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მალინიასი ლიტვის წინააღმდეგ“ (Malininas v. Lithuania), 1.07.2008, №10071/04), ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „მილინიენე ლიტვის წინააღმდეგ“ (Miliniene v. Lithuania), 24.06.2008, №74355/01).

 

10. სააპელაციო პალატა მითითებულ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში და ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან დასტურდება, რომ არსებობდა ობიექტური ეჭვი და არა - ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ ს-----– ვ---------- და ჰ---------- ჰა------------- წინასწარ განწყობილი იყვნენ დანაშაულის ჩასადენად, რისი გათვალისწინებითაც, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დანაშაულის წაქეზების ერთი ელემენტიც არ იკვეთება, რასაც საკასაციო პალატაც სრულად იზიარებს.

 

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს-----– ვ----------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ-–- ა-------–---ს, მსჯავრდებულ ჰ---------- ჰა-------------ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე