განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2019
საქმის ნომერი
010100118002308252
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002308252

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№640აპ-18 ქ. თბილისი

ქ-------- ზ----, 640აპ-18 23 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ---- ქ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- გ------ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით ზ---- ქ--------, – დაბადებული 2----–-–------------------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თითოეული დანაშაულისათვის განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და ზ---- ქ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 30 იანვრიდან.

 

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ---- ქ--------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ასევე – ქურდობის მცდელობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. მისი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

· 2018 წლის 21 იანვარს, ღამის საათებში, ბ------ში, პ--–-------------ში გაჩერებული მანქანიდან ზ---- ქ-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-------- ბ-----ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს;

 

· 2018 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბ------ში, ზ. გ------------------------ში, ავტოსადგომზე გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომობილიდან ზ---- ქ-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა ც------ ბ-----ის კუთვნილი ნივთების დაუფლებას.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა დ----- გ------ემ, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ზ---- ქ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ზ---- ქ-------ის მიმართ დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორი – მსჯავრდებულ ზ---- ქ-------ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ----- გ------ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ---- ქ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ ზ---- ქ-------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონდარღვევით, შესაბამისად, პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები უკანონოდ ცნეს ნივთმტკიცებად; საქმის წარმოების მთელ სტადიაზე ზ---- ქ-------ის, როგორც არასრულწლოვნის, მიმართ უნდა გამოეყენებინათ ინდივიდუალური მიდგომა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათიდან და №------ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ა----–---მ ბ------ში, ზ. გ------------------------ში, ავტოსადგომზე გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ ფირმის ავტომობილიდან, სახ. №---------, ქურდობის მცდელობის ფაქტზე შეაჩერა საქართველოს მოქალაქე, 2----–-–------------------ს დაბადებული ზ---- ქ-------- (პირადი №-----------).

 

3. 2018 წლის 21 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ზ---- ქ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს სუნამო წარწერით „AVON MUSIK IRON“, ტელეფონი „ნოკია“, ვერცხლისფერი სავარცხელი, 23 ლარი და 35 თეთრი რკინის ხურდა ფული, შავი საფულე „GMS GUMESILEATHER“, მწვანე სანთებელა და წაწვეტებული კონსტრუქციის მეტალი, რომლებიც აღწერის შემდეგ დაილუქა ნივთმტკიცებისათვის განკუთვნილ სპეციალურ პაკეტში.

 

4. 2018 წლის 21 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ზ------ მ-----–--ემ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ც------ ბ-----ე, ზ---- ქ--------, ი--- დ--------, მ------ მ-------- და რ---–---- გ------. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ---- ქ--------მ მიუთითა იმ მანქანაზე, საიდანაც ცდილობდა ნივთების ქურდობას და რა დროსაც შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე აჩვენა ადგილი, საიდანაც გადავიდა ავტომანქანაში და დაეუფლა ნივთებს, რომლებიც შემდეგ პირადი ჩხრეკის დროს ამოუღეს. ზ---- ქ--------მ ექსპერიმენტში მონაწილე პირებს ასევე აჩვენა ბ------ში, პ--–-------------ში გაჩერებული ავტომანქანა, სახ. №---------, საიდანაც მოიპარა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

5. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2018 წლის 29 იანვრის №----- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 21 იანვარს ბ------ში, ზ. გ------------------------ში მდებარე ავტოსადგომზე გაჩერებული ავტომანქანიდან (სახ.№---------) ამოღებული და დაქტილოფირზე გადატანილი ხელისგულის ერთი და თითის ორი კვალი დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფ, 2--1--2--- წელს დაბადებულ ზ---- ქ-------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელისგულისა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითების ანაბეჭდების იდენტურია.

 

6. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ზ---- ქ-------ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მოწმეების – დ---- კ---–--–--ის, ჯ---- ც--–----ის, გ------- ა----–--ის, ზ------ მ-----–--ის, ნ-------- ბ-----ის, ც------ ბ-----ის ჩვენებებითა და თავად ზ---- ქ-------ის აღიარებით, ასევე – დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებებით.

 

7. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ ზ---- ქ-------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა კანონდარღვევით, რადგან ჩხრეკაში მონაწილე პირებს – გ------- ა----–---სა და ჯ---- ც--–----ეს არ ჰქონდათ გავლილი არასრულწლოვანთა სპეციალიზაციის კურსები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ჩხრეკის ჩატარების მიზანია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღება. ამავე კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებების თავიდან მოშორებას, დამკავებელ პირს უფლება აქვს, სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატაროს პირადი ჩხრეკა.

 

8. დადგენილია, რომ 2018 წლის 21 იანვარს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ა----–---მ ქურდობის მცდელობის ფაქტზე შეაჩერა ზ---- ქ--------. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა დაყოვნებას არ გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ანუ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. გარდა ამისა, ზ---- ქ-------ის პირადი ჩხრეკა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 21 იანვრის განჩინებით კანონიერადაა ცნობილი. შესაბამისად, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთებიც კანონიერი ნივთმტკიცებებია.

 

9. ამდენად, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ---- ქ-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

10. გარდა ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ზ---- ქ-------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, მოზარდ ზ---- ქ--------ს არ ახასიათებს სხვათა მიმართ აგრესია და ძალადობრივი ქცევა, დაინტერესებულია ხელოვნებით – უყვარს მუსიკის მოსმენა და ხატვა, აქვს კარგი გონებრივი შესაძლებლობები.

 

11. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ – არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

12. ზ---- ქ-------ისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით) ჩადენილი ქმედებებისა და მსჯავრდებულის მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომადია და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს ადეკვატურ ღონისძიებას ზ---- ქ-------ის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ---- ქ-------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- გ------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქ--------