განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700065324
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №96აგ-18 ქ. თბილისი
ჯ---------ე მ-----–, 96აგ-18 11 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ-----– ჯ---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ-----– ჯ---------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----– ჯ---------ეს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი – ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ-----– ჯ---------ე დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ-----– ჯ---------ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მ-----– ჯ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 4 სექტემბრიდან იმავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ-----– ჯ---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ-----– ჯ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლისა“ („მარიხუანის“) და „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----– ჯ---------ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი და საბოლოოდ მ-----– ჯ---------ეს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე – ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი, ასევე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მ-----– ჯ---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 28 ნოემბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: მ-----– ჯ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) და დაეკისრა ჯარიმა – 1500 ლარი, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი – ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ-----– ჯ---------ეს დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 მაისის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის მიმართ არ გავრცელდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონის მოქმედება, ვინაიდან ცვლილება მის სამართლებრივ მდგომარეობას არ ამსუბუქებდა.
6. 2018 წლის 15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ-----– ჯ---------ემ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენების დაუშვებლობასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის შუამდგომლობა დასაშვებად ცნო.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის, ამავე სასამართლოს 2016 წლის 31 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენები შეიცვალა, კერძოდ:
· მ-----– ჯ---------ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელებისაგან. მასვე აღუდგა ამ განაჩენებით ჩამორთმეული „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მ-----– ჯ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლისა“ („მარიხუანის“) და „მეტადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----– ჯ---------ეს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ-----– ჯ---------ეს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე – ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
9. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ-----– ჯ---------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და სასჯელის შემსუბუქება იმავე საფუძვლით, რასაც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების – „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ – ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.
5. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის მიმართ მართებულად გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და იგი გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 ნოემბრის, ამავე სასამართლოს 2016 წლის 31 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით – ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ („მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელებისაგან, ასევე აღუდგინა ამავე განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მას სასჯელები, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შეფარდებული ჰქონდა ასევე სხვა ისეთი დანაშაულებისათვის, რომლებზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და სადავო განაჩენები დანარჩენ ნაწილში, მათ შორის – საბოლოო სასჯელის განსაზღვრის ნაწილში, მართებულად დატოვა უცვლელად. ამდენად, ამ მოცემულობით არ არსებობს მ-----– ჯ---------ის მსჯავრდების ნაწილში სასჯელის გადახედვისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ-----– ჯ---------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე