განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2019
საქმის ნომერი
010141318700070199
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700070199

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №7აგ-19 2 აგვისტო, 2019 წელი

მ------–---–- ი----, 7აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი---- მ------–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განაჩენით ი---- მ------–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი---- მ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების მიღების დღიდან - 2013 წლის 30 მაისიდან.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ი---- მ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 341-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და 2 წლითა და 3 თვით განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

 

საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ი---- მ------–---–ს აეკრძალა სახელმწიფო ორგანოებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრიდან.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

 

7.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 სექტემბრის განაჩენით, ი---- მ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 25,117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება - აღნიშნული დროის განმავლობაში ი---- მ------–---–ს აეკრძალა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 22 სექტემბრიდან.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის განაჩენით ი---- მ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333- ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 1 ივლისისთვის მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის დადგენის დღიდან - 2017 წლის 3 მაისიდან.

 

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი განსახილველად არ იქნა დაშვებული.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 16 იანვრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 16 იანვრამდე.

 

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით ი---- მ------–---–ს განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განჩინების მიღების დღიდან - 2017 წლის 26 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 21 მაისიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა

6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

მსჯავრდებულ ი---- მ------–---–ს სასჯელის მოხდა აეთვალა განჩინების მიღების დღიდან - 2018 წლის 25 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

 

17. 2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი---- მ------–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრის და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების გადასინჯვა და გაუქმება იმ მოტივით, რომ 2016 წლის ივნისში ევროპული სასამართლოს პალატამ (მეოთხე სექცია), ხოლო 2017 წლის ნოემბერში დიდმა პალატამ მის მიმართ დაადგინეს ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა. დიდი პალატის გადაწყვეტილებით, მისი პატიმრობის მიზეზი იყო შეფარული, არალეგიტიმური და ატარებდა განგრძობად ხასიათს. შესაბამისად, პატიმრობის თითოეული დღე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ვინაიდან მის მიმართ გამოყენებული თავისუფლების აღკვეთა უკანონო მიზნებს ემსახურება.

 

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ი---- მ------–---–-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრისა და 2017 წლის 3 მაისის განაჩენები დარჩა უცვლელად.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი---- მ------–---–მა და ითხოვა მისი გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის, ამავე სასამართლოს 2014 წლის 20 ოქტომბრის, 2016 წლის 22 სექტემბრისა და 2017 წლის 3 მაისის განაჩენების გადასინჯვა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენების გამოტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ი---- მ------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

4. პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რათა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაისინჯოს განაჩენი, ერთდროულად უნდა არსებობდეს ორი სავალდებულო პირობა, კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა და ის, რომ გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევაზეა დაფუძნებული.

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი:

 

5.1. ი---- მ------–---–-ს დაკავებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ ი---- მ------–---–-ს დაკავება იყო კანონიერი და კანონით დადგენილი წესით შესაბამისი. მისი დაკავება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტის ,,მიზნის’’ შესაბამისი იყო.

 

5.2. ი---- მ------–---–-სთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,c’’ ქვეპუნქტთან თავსებად მიზანს ემსახურებოდა.

 

5.3. დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, ვინაიდან 2013 წლის 25 სექტემბრიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე - ი---- მ------–---–-ს წინასწარი პატიმრობის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა. 2013 წლის 25 სექტემბრისა და 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, მოკლებული იყო დასაბუთებულობას და საკმარისი აღარ იყო მომჩივნის პატიმრობის გახანგრძლივების გასამართლებლად.

 

5.4. ი---- მ------–---–-ს მიმართ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობით.

 

დიდმა პალატამ არ გაიზიარა ,,მომჩივნის’’ მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება და მიუთითა შემდეგი: საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ი---- მ------–---–-ს წინასწარი დაპატიმრება მოხდა „ე---სა“ და „ქ--------–---–---ას“ შორის მწვავე პოლიტიკური ანტაგონიზმის ფონზე, მის მიერ დასახელებული სხვადასხვა საკითხი, რომელთა შორის არსებობს გარკვეული გადაფარვა, არ არის საკმარისი იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული დაპატიმრების უპირატეს მიზანს წარმოადგენდა მისი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობისთვის ხელის შეშლა და არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების სათანადოდ წარმართვა.

 

ამასთან, დიდმა პალატამ გაიზიარა და სარწმუნოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ი---- მ------–---–- გაიყვანეს საპატიმრო საკნიდან მთავარ პროკურორთან და სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორთან შესახვედრად, სადაც მასზე მოახდინეს ზეწოლა, რათა მას მიეწოდებინა ინფორმაცია ბ-ნი ჟ----ას სიკვდილისა და ბ-ნი ს----–---–ის საბანკო ანგარიშების შესახებ. ,,აღნიშნული ფაქტით ,,მომჩივნის’’ თავისუფლების შეზღუდვის მიზანი შეიცვალა, დასაწყისში ის იყო დანაშაულების გამოძიება საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, მოგვიანებით კი გარდაიქმნა გამოძიებად, რომლის მიზანი გახდა ბ-ნი ჟ----ას სიკვდილისა და ბ-ნი ს----–---–ის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.’’

 

6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია ი---- მ------–---–-ს მიმართ კონვენციის დარღვევის შესახებ, მაგრამ არ იკვეთება მეორე სავალდებულო პირობა: კასატორი ვერ ასაბუთებს და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ გადასასინჯი განაჩენები ამ დარღვევას ეფუძნება და გადაწყვეტილებაში მითითებულმა უკანონო ქმედებებმა გავლენა მოახდინეს მის დამნაშავედ ცნობაზე.

 

7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი---- მ------–---–-ს მოთხოვნა მის მიმარ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის შესახებ იმ მოტივით, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებით დადგენილ დარღვევებს არსებითი კავშირი არ აქვთ და გავლენას არ ახდენენ განაჩენებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ი---- მ------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე