განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700073244
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№59აპ-19 ქ. თბილისი
ბ--------ე ზ-----, 59აპ-19 18 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გ------------–------ისა და ზ----- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:
გ------------–------ი, - დაბადებული 1----–-–----------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------------–------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გ------------–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ გ------------–------ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 6 დეკემბრიდან.
ზ----- ბ--------ე, - დაბადებული 1----–-–-----------------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----- ბ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ----- ბ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით და ჯარიმა – 1000 ლარი. ზ----- ბ--------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 6 დეკემბრიდან.
2. ზ----- ბ--------ისა და გ------------–------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ზ----- ბ--------ემ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ------------–------მა თ---–---------–----ის მიმართულებთ წაიყვანეს ტაქსი - თეთრი ავტომანქანა „ტოიოტა სიენტა,“ სახელმწიფო ნომრით A--------, რომელსაც მართავდა რ-------------ე. მ–----ის რაიონის სოფელ ძ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ----- ბ--------ემ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, ავტომანქანა გააჩერებინა რ-------------ეს. ის გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნებულმა მძღოლს სთხოვა სველი ხელსახოცი. დაზარალებულმა ჰკითხა, თუ რატომ გადმოუხვიეს ძ---ისკენ, რაზეც ზ-----მა უპასუხა, რომ მანქანა სჭირდებოდათ, ამოიღო დანა, დაადო ყელთან და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ავტომობილი. ამავდროულად, ავტომანქანაში უკან მჯდომმა გ------------–------მა რ-------------ეს თავში დაარტყა მუშტები და ყელზე მოუჭირა ავტომობილის ღვედი. მას არც აცალეს მანქანიდან გადმოსვლა და დაუწყეს ცემა. რ-------------ე დარწმუნდა, რომ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და იძულებული გახდა, დამორჩილებოდა თავდამსხმელებს. რ-------------ემ სთხოვა მათ, რომ არ მოეკლათ, რადგან ჰყავდა ოთხი შვილი და თანნაქონი 50 ლარიც მისცა. ამის შემდეგ ზ----- ბ--------ემ და გ------------–------მა ნაცემი რ-------------ე გადაიყვანეს ავტომობილიდან და ქამრებით ხელებითა და ფეხებით მიაბეს ხეზე. ასევე, ზ----- ბ--------ემ თავისი მაისური გაიხადა და სახეზე შემოახვია რ-------------ეს, რათა მას არ ეყვირა. ამის შემდეგ თავდამსხმელები დაეუფლნენ რ-------------ის ავტომობილს, ღირებულს 6 600 ლარად, 90 ლარს, მობილურ ტელეფონს, ღირებულს 230 ლარად და კომპიუტერულ მოწყობილობას, ე.წ. „პლანშეტს,“ ღირებულს 597.34 ლარად. ჯამურად, დაზარალებულს მიადგა 7517 ლარისა და 34 თეთრის მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების -გ------------–------ისა და ზ----- ბ--------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო----- ხ----–--ემ, რომელმაც ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელმაც არათუ დაადასტურა, არამედ გამორიცხა მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამოცნობის ოქმებში მითითებულია ზოგადი და არა - ინდივიდუალური ნიშნები. ამასთან, ადვოკატი უთითებს, რომ ექთნის მიერ წარმოდგენილი ნივთების ამოსაღებად სწორი მოქმედება იქნებოდა არა დათვალიერება, არამედ - ამოღება. კანონდარღვევით მოხდა კ--------–---–ისაგან ტანსაცმლის ამოღება და სისხლის ნიმუშის აღება. მოწმე კ--------–---–ის გამოკითხვის ოქმზე არ არის გამომძიებლის ხელმოწერა. სრულიად გაურკვეველია, რას ამტკიცებს პლასტმასის ნაჭერზე გ------–------ის სისხლის კვალის აღმოჩენა. გამომძიებელმა რ----------ეს ექთან ნ--- კ--------–---–ის მონაწილეობით სისხლის ნიმუში აუღო სწორედ მაშინ, როდესაც სხვა გამომძიებელი რ-------------ეს კითხავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ადვოკატ ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ,“ მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ------–------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ,“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას (ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა).
3. დაზარალებულმა რ----------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 20 ნოემბერს, თავისი ტაქსით მოძრაობისას, გააჩერა ორმა, მისთვის უცნობმა პირმა (როგორც ფოტოსურათით ამოცნობის შემდეგ შეიტყო, ზ-----------ემ და გ------–------მა). შეთანხმდნენ, რომ წაიყვანდა მ–----აში. როდესაც მ–----აში მივიდნენ, ზ----- ბ--------ემ ძ---ის მიმართულებით გადაახვევინა და ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მანქანა გააჩერებინა. დაზარალებულმა ზ----- ბ--------ეს დაბრუნების შემდეგ ჰკითხა, თუ რატომ გადმოუხვიეს ძ---ისკენ, რაზეც მან უპასუხა, რომ მანქანა სჭირდებოდათ. ამასთან, ამოიღო დანა, დაადო კისერზე და მანქანაშივე დაუწყო ცემა. მის გვერდით მჯდომი ზ----- ბ--------ე ურტყამდა მუშტებს და უქნევდა დანას, ხოლო უკან მჯდომი გ------------–------ი ჯერ თავის არეში ურტყამდა მუშტებს, შემდეგ კი მანქანის „რემენი“ მოუჭირა ყელზე და ახრჩობდა. თავდამსხმელებს განუმარტა, რომ იყო ოთხი შვილის მამა და სთხოვა, არ მოეკლათ, მისცა თანხა (რაც თან ჰქონდა - 50 ლარი). მანქანიდან დაზარალებული ნაცემი გადმოიყვანეს, ქამრების საშუალებით ხელებით მიაბეს ხეზე, აუხვიეს პირი, წაიყვანეს მანქანა და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ შეიხსნა ხელები და ლიანდაგების მხრიდან მ–----ის მიმართულებით წავიდა, რა დროსაც რკინიგზის ჯიხურთან მყოფ უცნობ პირს სთხოვა სასწრაფოში დარეკვა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება და პოლიცია. მიყენებული დაზიანებებისგან თავს გრძნობდა შეუძლოდ, რის გამოც გადაიყვანეს მ–----ის საავადმყოფოში, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს მხოლოდ სიტყვიერად მიუთითა შემთხვევის ადგილზე.
4. დაზარალებულმა სასამართლოს ასევე მოახსენა, რომ დანაშაულის შედეგად განიცადა მატერიალური ზიანი, კერძოდ: მანქანის ღირებულება იყო - 3800 აშშ დოლარი, პლანშეტის - 240 დოლარი, მობილური ტელეფონის ,,ნოკია ლუმიას“ – 230 ლარი, სამსახურებრივი რაციის - 300-400 ლარი. აღნიშნული ზიანი დღეის მდგომარეობით აუნაზღაურდა სრულად, კერძოდ, ზ----- ბ--------ის მამისგან ადვოკატის საშუალებით მიიღო 4000 ლარი, ხოლო გ------------–------ის მამისგან - 5000 ლარი. შესაბამისად, არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
5. ამდენად, რ----------ემ პირველი ინსტანციის სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს თანმიმდევრულად გადმოსცა შემთხვევის დღეს, 2016 წლის 20 ნოემბერს, განვითარებული მოვლენები. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას, რომ დაზარალებულმა სხდომაზე მსჯავრდებულები ვერ იცნო, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ----------ემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისთვის ძნელი იყო 100%-ით დაედასტურებინა - ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა თავდასხმაში ფოტოსურათით ამოცნობილი ორი პირი, მაგრამ ამავდროულად, მოწმემ მიუთითა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის დროს მან მშვიდ ვითარებაში ამოიცნო დამყაჩაღებელი პირები, რომლებიც ზ-----------ე და გ------–------ი აღმოჩნდნენ. რ----------ემ აგრეთვე აღნიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ მეხსიერება საგრძნობლად გაუუარესდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებული მოწმის ჩვენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რ-------------ის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემობები დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ:
6. ზ--------------–--–---–ის ჩვენებით, რომელმაც აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს რ----------ეს სისხლი მოსდიოდა და დაზიანებული ჰქონდა სახე. დაზარალებულმა მოწმეს უთხრა, რომ იყო ტაქსის მძღოლი, მიაბეს ხეზე, გასტაცეს ავტომანქანა და გაიქცნენ. ზ-------–--–---–მა აგრეთვე მიუთითა, რომ რ----------ემ სწორედ მისი ტელეფონით დარეკა - 112-ში.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რ----------ის მიერ ზ-------–--–---–ისათვის, 112-სა და გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია შემთხვევის დღეს აღწერილ მოვლენებთან დაკავშირებით ფაქტობრივად იდენტურია და არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
8. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა მრავლობითი სახის დაზიანებები, მათ შორის: თხემის მიდამოში, ყურის, სახის მარცხენა ნახევარსა და ორივე მტევნის არეში.
9. ოდოროლოგიური ექსპერტიზისა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სერეოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარად დასტურდება ზ-----------ისა და გ------–------ის რ----------ის ავტომანქანასა და შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, კერძოდ:
10. დაზარალებულის ავტომანქანის როგორც წინა მარცხენა და მარჯვენა, ისე უკანა მარცხენა და მარჯვენა ე.წ. „კოვრიკებიდან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები მსჯავრდებულებისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურია. რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, გ------------–------ის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა დაზარალებულის მანქანის საჭესა და სიჩქარის გადამრთველ ბერკეტზე, რაც, თავის მხრივ, ადასტურებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც იგი უთითებს, რომ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი მისი ავტომანქანით („ტოიოტა,“ სახელმწიფო ნომრით A------) დატოვეს.
11. პალატა მხედველობაში იღებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსაც, რომლის მიხედვითაც, ხეზე ნამდვილად იყო შემოხვეული ტყავის ქამარი, რომელზეც აღინიშნებოდა სისხლისმაგვარი მოწითალო ლაქები. ზემოაღნიშნული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ზ----- ბ--------ეს, ხოლო მინორული - რ-------------ეს.
12. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიებს რ-------------ისგან სისხლის ნიმუშის აღებასა და გამოკითხვის ოქმზე გამომძიებლის ხელმოწერის არარსებობასთან დაკავშირებით, ამ ნაწილში პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ზ-----------ისა და გ------–------ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არსებობს.
15. სასჯელის ზომასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულთა ჩადენის ფორმასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი არის სამართლიანი და ამ ნაწილშიც უნდა დარჩეს უცვლელად.
16. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ზ----- ბ--------ისათვის დანიშნულ თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარი, პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით კონსტიტუციის მე-16 მუხლთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების - „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
18. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ზ----- ბ--------ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის.
19. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის - ამ განაჩენით დანიშნული სასჯელისათვის დამატება არამართებულია. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო ზ-----------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელს აღარ დაუნიშნავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების გ------------–------ისა და ზ----- ბ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო----- ხ----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ზ----- ბ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ზ----- ბ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2016 წლის 6 დეკემბრიდან.
4. გ------------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
საქართველოს სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 143–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------------–------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით გ------------–------ის მიმართ დანიშნული სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად; საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და საბოლოოდ, გ------------–------ს განაჩენთა ერთობილობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2016 წლის 6 დეკემბრიდან.
5. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე