განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001996912
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №110აპ-19 ქ. თბილისი
ჯ-------–ი ფ------, 110აპ-19 1 აგვისტო, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ გიორგი ოსაძის, ასევე – მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ--–- ნ-----–--–---–ისა და გ-- ტ---–--–---–ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ------ ჯ-------–ის ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის დაუფლებაში მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; თაღლითობის მცდელობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვაში, ე.ი. იმ გარემოებისა და ფაქტის შესახებ ინფორმაციის დამალვაში, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო, მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ---–--–ი, დ-----------–-----–---------------- კილომეტრზე, მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება – შპს „ლ--–----“, რომლის დირექტორიც არის ფ------ ჯ-------–ი. ხსენებულ საზოგადოებას 2014 წლის 21 მაისს გაცემული N0----- სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა. კლინიკის დირექტორმა ფ------ ჯ-------–იმ 2016 წლის დასაწყისში ა------------ის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ-------–--– კ------, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ------ ჯ-------–იმ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით, გაავრცელეს განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა, შპს „ლ--–---ში“ თ--------ის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.
2016 წლის 12 თებერვალს გ------- ჩ-------ემ და კ----–-- კ----–---მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მისაღებად მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ------ ჯ-------–იმ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა ნდობის მოსაპოვებლად განუცხადეს, რომ თითქოსდა, კლინიკაში თ--------იდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა ღვიძლის გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.
ფ------ ჯ-------–ისათვის ცნობილი იყო, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე როგორც პაციენტების, ისე დონორებისა და მისი ოჯახის წევრებისათვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე, უნდა წარედგინა ისინი ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა 2016 წლის 3 მარტს კ----–-- კ----–---ს, ხოლო იმავე წლის 8 მარტს გ------- ჩ-------ეს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ისე, რომ ეს პაციენტები არ წარუდგინეს ტრანსპლანტაციის საბჭოს, რითაც ფ------ ჯ-------–იმ დაუმალა მათ და მათი ოჯახის წევრებს ის გარემოება და ფაქტი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მიუხედავად იმისა, რომ ქირურგ მ-------–--– კ-----ს არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში, ხოლო თავად კლინიკის დირექტორი ფ------ ჯ-------–ი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე ვალდებული იყო, ტრანსპლანტაციის საბჭოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და საბჭოსგან აეღო ნებართვა, კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ----–-- კ----–---სა და გ------- ჩ-------ეს, ფულადი თანხის მიღების მიზნით, ფ------ ჯ-------–იმ და კლინიკის კონკრეტულმა თანამშრომლებმა, რომლებიც მოქმედებდნენ ერთიანი მართლსაწინააღმდეგო განზრახვით, გამოიყენეს სამსახურებრივი მდგომარეობა, მოიპოვეს პაციენტთა ნდობა და მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა, მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლ--–----ს“ დირექტორი ფ------ ჯ-------–ი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კლინიკის თანამშრომლები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ კ----–-- კ----–--ის კუთვნილ ფულად თანხას – 99204 ლარს, ხოლო გ------- ჩ-------ის შემთხვევაში 2016 წლის 7 მარტს, ფ------ ჯ-------–ის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისად, პაციენტ გ------- ჩ-------ეს კლინიკის იურისტ გ------- ა-------სთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა თანხა – 40 000 აშშ დოლარი.
სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ----–-- კ----–--- კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ------- ჩ-------ე – 2016 წლის 15 მარტს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
ფ------ ჯ-------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ------ ჯ-------–ი, – დაბადებული 1--- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 მაისიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ფ------ ჯ-------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ------ ჯ-------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ფ------ ჯ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 21 მაისიდან.
განაჩენით ფ------ ჯ-------–ის მსჯავრი დაედო გულგრილობაში, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში ან არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
თ---–--–ი, დ-----------–-----–----------------- კილომეტრზე მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება – შპს „ლ--–----“, რომლის დირექტორიც არის ფ------ ჯ-------–ი. ხსენებულ საზოგადოებას 2014 წლის 21 მაისს გაცემული N0----- სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა. კლინიკის დირექტორმა ფ------ ჯ-------–იმ 2016 წლის დასაწყისში ა------------ის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ-------–--– კ------, რომლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ------ ჯ-------–იმ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით მომხმარებელთა მიზიდვის მიზნით გაავრცელეს განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა, შპს „ლ--–---ში“ თ--------ის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.
2016 წლის 12 თებერვალს გ------- ჩ-------ემ და კ----–-- კ----–---მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ------ ჯ-------–იმ და კლინიკის სხვა თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ თითქოსდა, კლინიკაში თ--------იდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა ღვიძლის გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.
ფ------ ჯ-------–ისათვის ცნობილი იყო, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე პაციენტი და დონორები უნდა წარედგინა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა 2016 წლის 3 მარტს კ----–-- კ----–---ს, ხოლო იმავე წლის 8 მარტს გ------- ჩ-------ეს ჩაუტარდათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ისე, რომ არ არსებობდა ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა ორგანოს გადანერგვაზე.
ფ------ ჯ-------–იმ, როგორც შპს ,,ლ--–----ს“ დირექტორმა, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, არ შეამოწმა, რომ მ-------–--– კ-----ს 2016 წლის მარტის მდგომარეობით არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში და 2016 წლის 1 მარტიდან შპს „ლ--–---ში,“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილებაში, ქირურგის თანამდებობაზე დანიშნა მ-------–--– კ------, რომელიც მისივე ბრძანებით დაინიშნა შპს „ლ--–---ში“ ორგანოთა გადანერგვის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. კლინიკის დირექტორი ფ------ ჯ-------–ი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე ვალდებული იყო, ტრანსპლანტაციის საბჭოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და საბჭოსგან მიეღო თანხმობა. მიუხედავად იმისა, რომ არც კ----–-- კ----–--ის და არც გ------- ჩ-------ის შემთხვევაში ასეთი თანხმობა არ არსებობდა, ფ------ ჯ-------–ის მითითებით კლინიკა ,,ლ--–---ში“ ზემოხსენებულ პაციენტებს ჩაუტარდათ ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები. კ----–-- კ----–--- კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ------- ჩ-------ე – 2016 წლის 15 მარტს.
ფ------ ჯ-------–ის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით დაირღვა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
4. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი გიორგი ოსაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ფ------ ჯ-------–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (კ----–-- კ----–--ის ეპიზოდი), 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (გ------- ჩ-------ის ეპიზოდი), 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი არის უკანონო, საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისაგან „აცდენილად“, რაც საპროცესო კანონმდებლობის მთელი რიგი ნორმების დარღვევაა.
5. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ--–- ნ-----–--–---–ი და გ-- ტ---–--–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ფ. ჯ-------–ის გამართლებას იმ მოტივით, რომ:
· განაჩენი არის უკანონო; მსჯავრდებულს არ ჩაუდენია და ვერც ჩაიდენდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს;
· ფ. ჯ-------–ი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით არის შპს ,,ლ--–----ს“ დამფუძნებელი, მასში არის რამდენიმე დეპარტამენტი და მათ შორის კლინიკაც; ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა უფლებამოსილებათა გამიჯვნის აუცილებლობა, არ იმსჯელა იმაზე, თუ კონკრეტულად კლინიკის რომელ პასუხისმგებელ პირს ევალებოდა ოპერაციის ჩატარების შესახებ ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმირება ან კლინიკის კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირი იყო პასუხისმგებელი, პაციენტებისთვის ეცნობებინა ოპერაციის ჩატარების წინ ჰქონდა თუ არა გაგრძელებული ამ ოპერაციის ჩატარების ნებართვა მ-------–--– კ-----ს და საერთოდ, გასცა თუ არა ამ ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა ტრანსპლანტაციის საბჭომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის საქმის მასალები, შეამოწმა მხარეთა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არ შეესაბამება ფ------ ჯ-------–ის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ის უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულისთვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით შერაცხული ბრალის შინაარსთან დაკავშირებით. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ბრალის გადაკვალიფიცირებული ნაწილი კვლავ უნდა დაკვალიფიცირდეს თაღლითობად დამთავრებული სახით (კ----–-- კ----–--ის ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობად (გ------- ჩ-------ის ეპიზოდი), ამასთან, იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, რომლებიც მითითებულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ნორმის შინაარსის სწორი განმარტების მიხედვით, თაღლითობის ქმედების შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს, ობიექტური მხრივ, წარმოადგენს დამნაშავის მიერ დაზარალებულის მოტყუება (შეცდომაში შეყვანა) მისთვის არასწორი, დამახინჯებული, სინამდვილის შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებით ან სინამდვილის ამსახველი ინფორმაციის დამალვით, მიუწოდებლობით (მაშინ, როდესაც ასეთი ინფორმაციის წარდგენის სამართლებრივი ვალდებულება არსებობს) და ამ გზით დაზარალებულის კუთვნილი თანხისა თუ სხვა ნივთის დაუფლება ან მის ქონებაზე უფლების მიღება. სუბიექტური მხრივ, თაღლითობის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მოტყუების გზით დაუფლებული ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რა დროსაც სახეზეა პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა, ანუ, როდესაც დამნაშავე არა მარტო ითვალისწინებს, არამედ, ამავე დროს, სურს კიდევაც დაზარალებულისთვის საზიანო მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი), ამ შემთხვევაში მატერიალური ზარალის სახით. ხოლო, როდესაც დამნაშავე თავისი მიზანმიმართული მოქმედებით ვერ აღწევს მისთვის სასურველი შედეგის დადგომას, სახეზეა თაღლითობის მცდელობა. მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი ადასტურებს, რომ ფ------ ჯ-------–ის ქმედებაში სრული სახით არის წარმოდგენილი თაღლითობის ორივე შემთხვევის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები ბრალდების ამ ნაწილშიც იყო სწორი, საფუძვლიანი და დასაბუთებული.
4. ვიდრე შევაფასებდეთ მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ქმედების თაობაზე არსებულ მტკიცებულებებს, მანამდე განვიხილავთ დაცვის მხარის მიერ ჯერ სააპელაციო საჩივარში, ხოლო შემდეგ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მიმართ შეტანილ შესაგებელში დასმულ საკითხს – წარმოადგენს თუ არა ფ------ ჯ-------–ი თაღლითობის სუბიექტს, რომლის ჩადენაც მას ბრალად შეერაცხა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით. დაცვის მხარის მტკიცებით, ფ------ ჯ-------–ი იყო მხოლოდ შპს „ლ--–----ს“ დამფუძნებელი და მფლობელი, ის არ იყო კლინიკის დირექტორი და არ მონაწილეობდა მის მართვა-გამგეობაში, ამიტომ მას შეხება არ ჰქონდა პაციენტებთან, მათ მკურნალობასთან და არც მათთან ფინანსური ურთიერთობის საკითხების გადაწყვეტასთან, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება ამ დანაშაულის სუბიექტად.
5. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ფ------ ჯ-------–ი თაღლითობის დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენდა, კერძოდ, მტკიცებულებების შესაბამისად, ფორმალურად კლინიკის დირექტორის თანამდებობას ზ. ხ-------–---–- იკავებდა, მაგრამ კლინიკა „ლ--–---ში“ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის პაციენტებთან ურთიერთობაში, ფინანსური საკითხების ჩათვლით, გადაწყვეტილებებს უშუალოდ თვითონ ფ------ ჯ-------–ი იღებდა, როგორც კლინიკის მფლობელი და ფაქტობრივი მმართველი, ხოლო კლინიკის ფორმალური დირექტორიც და სხვა თანამშრომლებიც მის გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ და მისგან მიღებულ მითითებებსა თუ დავალებებს ასრულებდნენ. ასე იყო ზემოხსენებული პაციენტების – კ----–-- კ----–--ისა და გ------- ჩ-------ისათვის კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების დროსაც. აღნიშნულ გარემოებას ცალსახად ადასტურებს მოწმეების - ზ. ხ-------–---–-ს, ნ. ნ--------ის, თ. ბ------ის, ა. ა-–----სა და ლ. მ-----–---–ის მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული პირდაპირი ჩვენებები.
6. ფ------ ჯ-------–ის მიერ ჩადენილი მოტყუებითი მოქმედებები, რომლებიც მიმართული იყო დაზარალებულების – კ----–-- კ----–--ისა და გ------- ჩ-------ის, აგრეთვე მათი ოჯახების წევრების შეცდომაში შესაყვანად, შინაარსობრივი თვალსაზრისით, სხვადასხვა ფორმით იყო გამოხატული. საამისოდ ის მოქმედებდა ერთიანი მართლსაწინააღმდეგო განზრახვით კლინიკა „ლ--–----ს“ სხვა თანამშრომლებთან ერთად, კერძოდ, ისინი არწმუნებდნენ დაზარალებულებს, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას გაუკეთებდნენ თ--------იდან ჩამოსული, გამოჩენილი სპეციალისტები და რომ ასეთი ოპერაციის ჩატარება მათთვის იყო სასწრაფო და გადაუდებელი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა; აღსანიშნავია ისიც, რომ კლინიკა „ლ--–---ში“ არ იყო უზრუნველყოფილი ყველა აუცილებელი პირობა მსგავსი სირთულისა და სიმძიმის ოპერაციების ჩასატარებლად. ამის შედეგად დაზარალებულები მოკლებულნი აღმოჩნდნენ შესაძლებლობას, შეეფასებინათ კლინიკაში რეალურად არსებული ვითარება და მიეღოთ გააზრებული გადაწყვეტილება – დასთანხმებოდნენ თუ არა სიცოცხლისათვის ძალზე სარისკო ოპერაციის კლინიკა „ლ--–---ში“ გაკეთებას. ასეთი ქმედება ფ------ ჯ-------–ისა და მასთან საერთო განზრახვით დაკავშირებული, აღნიშნული კლინიკის სხვა თანამშრომლებისა, რომლებიც ამ კლინიკაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდნენ (რომელთა მიმართაც პროკურორის შესაბამისი დადგენილებით საქმე ცალკეა გამოყოფილი), დადასტურებულია მოწმეების – ნ--- კ----–--ისა და ა-–--–- ჟ-----ს პირდაპირი ჩვენებებით, აგრეთვე – მოწმე ხ------- პ---–-----–---–ის არაპირდაპირი ჩვენებით.
7. ის გარემოება, რომ ზემოხსენებული პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებაზე მართლსაწინააღმდეგო ხერხებით დაყოლიებას თან ახლდა მათგან დიდი ოდენობით თანხების არა მარტო მოთხოვნა, არამედ ერთ შემთხვევაში მიღებაც, დადასტურებულია იმავე მოწმეების პირდაპირი ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა ფინანსური ხასიათის დოკუმენტური მასალით, რომლებიც ასევე პირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენს. დაცვის მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ პაციენტების ოჯახების წარმომადგენლებისგან უშუალოდ ფ------ ჯ-------–ის არ მიუღია ოპერაციების საფასურად გადახდილი თანხები, არამედ ისინი დადგენილი წესით კლინიკა „ლ--–----ს“ ანგარიშზე ჩაირიცხა, ვერ იქნება მიღებული მსჯავრდებულის უდანაშაულოდ მიჩნევის საფუძვლად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჩადენილი ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას – დამნაშავე მოქმედებდა თავისი პირადი სარგებლისათვის, თუ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სასარგებლოდ, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება მოქმედების მიზანსა და ასეთი მოქმედებით შედეგის დადგომას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სწორედ ფ------ ჯ-------–ი იყო კლინიკა „ლ--–----ს“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი მმართველი, რომლის ანგარიშზეც შეიტანეს დიდი ოდენობით თანხები დაზარალებულების ოჯახების წევრებმა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ქმედების ჩადენისას მსჯავრდებულს პირადი სარგებლის მიღების ინტერესი არ გააჩნდა, საფუძველს მოკლებულია. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნული მოწმეების პირდაპირ ჩვენებებში მითითებული ის გარემოება, რომ ფ------ ჯ-------–ი პირადად დაელაპარაკა მათ გადასახდელი თანხების თაობაზე და არა მხოლოდ დაელაპარაკა, არამედ ეს თანხები პირადად მისი თანდასწრებით გადასცეს კლინიკის ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს – ა. ქ---------ს, რის შემდეგაც მათ მიიღეს ქვითრები ამ თანხების კლინიკის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ. გარდა ამისა, მოწმე ე. ბ-----ის პირდაპირი ჩვენებით ისიც დგინდება, რომ დაზარალებულ კ----–-- კ----–--ის ოჯახის მიერ კლინიკის ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან (99 000 ლარი) 75 000 ლარი პირადად ფ------ ჯ-------–იმ გამოიტანა.
8. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის დასკვნით, ფ------ ჯ-------–ის ქმედებაში წარმოდგენილია თაღლითობის ძირითადი შემადგენლობის არსებობისთვის საჭირო ყველა ნიშანი, რაც შეიძლება, საფუძვლად დაედოს მის პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის.
9. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფ------ ჯ-------–იმ, კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ერთ შემთხვევაში – პაციენტ კ----–-- კ----–--ის ეპიზოდში, მისი ოჯახის წევრებისგან რეალურად მიიღო და დაეუფლა თანხებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – გამოვლენილია თანხის მიღებისა და დაუფლების მცდელობა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ პაციენტ გ------- ჩ-------ის ოჯახს არ აღმოაჩნდა ოპერაციის საფასური თანხა, რის გამოც, თანხის სანაცვლოდ, კლინიკის იურისტ გ------- ა-------სთან გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება 40 000 აშშ დოლარზე. ვინაიდან ასეთი ხელშეკრულება არ წარმოადგენს არც ფასიან ქაღალდს და არც თანხის უშუალოდ მიღებისათვის საკმარის ფინანსურ დოკუმენტს, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავემ ვერ მოახერხა დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის მიღება და დაუფლება, რის გამოც თაღლითობა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს იმის თაობაზე, რომ ფ------ ჯ-------–ის ქმედება არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს, რადგან თანხა, რომელიც პაციენტ კ----–-- კ----–--ის ოჯახმა გადასცა კლინიკა „ლ--–---ს“, წარმოადგენდა აღნიშნული პაციენტისათვის რეალურად ჩატარებული ოპერაციის საფასურს. აქედან გამომდინარე, მოტყუება და სხვისი კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება, რაც თაღლითობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს, არ მომხდარა. ამიტომ, ის გარემოება, რომ ქირურგ მ-------–--– კ------ს მიერ ხსენებული პაციენტებისათვის გაკეთებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები უშედეგო აღმოჩნდა და პაციენტები გარდაიცვალნენ, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მსჯავრდებულის ქმედება თაღლითობად დაკვალიფიცირდეს.
11. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, პაციენტთა (რომლებიც გარდაიცვალნენ) მიმართ ჩატარებული ოპერაციების პირობების შემოწმების შედეგებზე შემდგარი დოკუმენტებითა და სხვა მასალებით დგინდება, რომ პაციენტების მდგომარეობა იმ მომენტისათვის, როდესაც მათ მიმართეს კლინიკა „ლ--–---ს,“ არ ითხოვდა მათთვის სასწრაფოდ და გადაუდებლად ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებას. მათ შეიძლება ჩატარებოდათ გეგმური ოპერაციები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაავადების მიმდინარეობაზე სამედიცინო დაკვირვების შემდეგ, თუკი ამის შედეგად გამოტანილი დასკვნებით ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დადგინდებოდა. გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულებებით ისიც დგინდება, რომ კლინიკა „ლ--–---ში“ არ იყო უზრუნველყოფილი ყველა ის პირობა, რომელთა არსებობა აუცილებელია მსგავსი ხასიათისა და სირთულის, პაციენტის სიცოცხლისათვის მაღალი რისკის შემცველი ოპერაციების წინასწარი მომზადების, ჩატარებისა და ასეთი მძიმე პაციენტების ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის. მიუხედავად ამისა, ფ------ ჯ-------–ი და კლინიკის სხვა თანამშრომლები, მასთან შეთანხმებით, არწმუნებდნენ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არსებობდა მათთვის გადაუდებელი ოპერაციების ჩატარების აუცილებლობა, რადგან სხვაგვარად მათი დაავადების განვითარების ლეტალური შედეგის თავიდან აცილება ვერ მოხერხდებოდა და რომ ოპერაციებს ჩაატარებდა თ--------იდან მოწვეული მსოფლიო დონის სპეციალისტი და ა.შ.;
12. აღნიშნულ ვითარებას არაპირდაპირ ადასტურებს ასევე მოწმე ხ. პ---–-----–---–ის ჩვენებაც, რომლის მეუღლე გ. მ------–---–ი დაავადებული იყო ღვიძლის ციროზით. 2015 წლის 3-4 თებერვალს ისინი მივიდნენ კლინიკა „ლ--–---ში“ კონსულტაციაზე, რის შემდეგაც მათ განუცხადეს, რომ ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩატარდებოდა ორი კვირის შემდეგ. მაგრამ მათ შეიტყვეს პაციენტ კ----–-- კ----–--ის გარდაცვალებისა და იმის შესახებ, რომ ქირურგ მ-------–--– კ-----ს არ გააჩნდა ლიცენზია. ყოველივე ამის გამო ისინი დაეჭვდნენ და საბოლოოდ უარი თქვეს კლინიკა „ლ--–---ში“ ოპერაციის გაკეთებაზე. იმავე ჩვენების მიხედვით, გ. მ------–---–ს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2016 წლის მაისში, ქ. ბ------ის საავადმყოფოში, კლინიკა „ლ--–----სგან“ ბევრად განსხვავებულ პირობებში. ეს ოპერაცია ჩატარდა გეგმურად, ხოლო კლინიკა „ლ--–---ში“ კი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ, გადაუდებლად – ორ კვირაში, თანაც არასათანადო პირობებში, რაც ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის სიცოცხლეს. ყოველივე აღნიშნული ფ------ ჯ-------–ის მიერ, ასევე ხელქვეითების საშუალებით კეთდებოდა სრულიად მიზანმიმართულად, პაციენტებისა და მათი ოჯახების წევრების შეცდომაში შესაყვანად, ზემოაღნიშნული ოპერაციების ჩატარებაზე მათ დასაყოლიებლად და მათგან დიდი ოდენობით თანხების სწრაფად მისაღებად.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თაღლითობის ერთ-ერთ სახედ უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევები, როდესაც მედიცინის მუშაკი ან სამედიცინო დაწესებულების მესვეურები პაციენტს უნიშნავენ არასაჭირო მკურნალობას, უსვამენ არასწორ დიაგნოზს, რათა მძიმედ წარმოაჩინონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უნიშნავენ თითქოსდა აუცილებელ ან გადაუდებელ ოპერაციას, როცა რეალური ვითარება ამას არ მოითხოვს, ანდა მკურნალობას უნიშნავენ ან ქირურგიულ ოპერაციას უტარებენ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს იმ მიზნით, რომ ასეთი პაციენტისგან მიიღონ შესაბამისი თანხები მისი მკურნალობის ან ჩატარებული ოპერაციის საფასურის სახით. ის გარემოება, რომ მიღებული თანხების სანაცვლოდ პაციენტს რეალურად ჩაუტარდა ოპერაცია ან გაეწია სხვა სახის მკურნალობა, რაზეც აქცენტს აკეთებს სააპელაციო სასამართლო, ვერ შეცვლის აღნიშნული ქმედების სამართლებრივ სტატუსს, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში თითქოსდა საჭირო მკურნალობის ან ოპერაციის ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარ ხერხს წარმოადგენს დაზარალებულის შეცდომაში შესაყვანად და ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხის ან ქონებრივი უფლების მოსაპოვებლად. თაღლითობის ანალოგიური შემთხვევები სამედიცინო დარგის გარდა, სავსებით შესაძლებელია, შეგვხვდეს აგრეთვე საქმიანობის სხვა სფეროებშიც, მაგალითად, მშენებლობის, გარკვეული სახის ტექნიკური მომსახურებისა და განათლების სფეროშიც კი. ყველა ასეთ შემთხვევაში ჩადენილი ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციას ვერ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დამნაშავემ მის მიერ დაუფლებული სხვისი თანხის ან სხვა ნივთის სანაცვლოდ გარკვეული მომსახურება ან სხვა საქმიანობა გაუწია დაზარალებულს, რადგან არ არსებობდა მისი საჭიროება და ეს უკანასკნელი გამოყენებულია მხოლოდ დაზარალებულის მოტყუების საშუალებად, ანდა უკვე ჩადენილი მოტყუების შესანიღბად.
14. როგორც ცნობილია, საკუთრების უფლების ხელმყოფი ქმედებებისა და მათ შორის – თაღლითობის შემადგენლობის ფარულ, მაგრამ აუცილებლად ნაგულისხმევ სუბიექტურ ნიშანს წარმოადგენს ანგარებითი მოტივი. მოცემულ შემთხვევაში ფ------ ჯ-------–ი ანგარებით რომ მოქმედებდა, ამ გარემოებას ადასტურებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. ასეთი მოტივის არსებობას განაპირობებდა კლინიკა „ლ--–---ში“ არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რამაც ფ------ ჯ-------–ის უბიძგა კლინიკაში წამოეწყო ძვირად ღირებული, მძიმე ოპერაციების დაჩქარებულ ვადებში ჩატარება, რათა ამ გზით სწრაფად ამოეღო დიდი ოდენობით თანხები პაციენტებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას საამისოდ საჭირო პირობები და შესაძლებლობები არ გააჩნდა, რაც მისთვის კარგად იყო ცნობილი. ამ გარემოებაზე პირდაპირ მიუთითებს მოწმე ნ---- ნ--------ის ჩვენება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოც თავის განაჩენში საკმაოდ მკაფიოდ უთითებს ამ გარემოებაზე, თუმცა მისი გამოყენებით იმის დასაბუთებას, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა არა დაზარალებულთა მოტყუების, არამედ – კლინიკის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ქმედების ჩადენისას სუბიექტის მამოძრავებელი მოტივი და ამ მოტივის არსებობის განმაპირობებელი ფაქტორები. განხილულ შემთხვევაში კლინიკა „ლ--–---ში“ შექმნილი ფინანსური პრობლემები და მათი გადაწყვეტის ინტერესი არა მოქმედების მოტივად, არამედ ამ უკანასკნელის განმსაზღვრელ ფაქტორებად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო მოტივი, რამაც ფ------ ჯ-------–ის უბიძგა პაციენტების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლებისკენ, იყო ანგარებითი, რომლის გავლით ჩამოყალიბდა სწორედ ამ თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ამის მისაღწევად კი მან აირჩია მართლსაწინააღმდეგო გზა. ასეთია ფ------ ჯ-------–ის მიერ ჩადენილი ქმედების შინაგანი ბუნება, რაც საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებითაა დადასტურებული.
15. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფ------ ჯ-------–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას (გულგრილობა, ესე იგი კერძო ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია). სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ: ფ------ ჯ-------–ი, რომელიც იყო შპს „ლ--–----ს“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი მმართველი და გააჩნდა წარმომადგენლობის უფლებამოსილება, გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, გ------- ჩ-------ისა და კ----–-- კ----–--ისთვის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე არ შეამოწმა, მის მიერ მოწვეულ ექიმს – მ-------–--– კ-----ს ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მიერ მინიჭებული სერტიფიკატი – ოპერაციული მკურნალობის წარმოების ნებართვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში პაციენტებს - კ----–-- კ----–---სა და გ------- ჩ-------ეს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას უკეთებდა ა------------იდან მოწვეული ექიმ-ტრანსპლანტოლოგი, რომელსაც არ გააჩნდა ოპერაციის ჩასატარებლად სახელმწიფოს მიერ გაცემული სათანადო ლიცენზია, რის შესახებაც ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია. ამასთან, ფ------ ჯ-------–ის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასა და გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ხსენებული პირებისთვის ოპერაციის ჩატარების მომენტისთვის დაწესებულებას მოპოვებული არ ჰქონდა ორგანოს გადანერგვაზე ტრანსპლანტაციის საბჭოს მიერ გაცემული თანხმობა.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ განზრახი დანაშაულის გაუფრთხილებელ დანაშაულზე გადაკვალიფიცირება საჭიროებს სპეციფიკურ დასაბუთებას, მათ შორის – გაუფრთხილებელი დანაშაულის კონკრეტული სახის მითითების ნაწილში. ის გარემოება, რომ საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველ ნაწილში, მსგავსად ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილისა, დამნაშავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზეა მითითებული, ვერ განიმარტება ისე, რომ ასეთი ქმედება მხოლოდ დაუდევრობით ჩადენილ დანაშაულად შეიძლება დაკვალიფიცირდეს, რადგან აღნიშნული ნორმების დისპოზიციებში საუბარია სამსახურებრივი მოვალეობისადმი და არა – ამგვარი დანაშაულის შედეგისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე. ამიტომ ორივე დასახელებული გაუფრთხილებელი დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით; ვერ დავეთანხმებით ასევე საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემადგენლობაში მითითებული ნიშნის – „სახელმწიფო ინტერესების“ – ისეთ ფართო გაგებას, რომ მასში მოიაზრებოდეს ნებისმიერ კერძო ან საჯარო სფეროში ჩადენილი ქმედებით ადამიანის ამა თუ იმ უფლებისა თუ თავისუფლების ხელყოფა. პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომით საქართველოს სსკ-ის 2201-ე, 342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებსა და ყველა სხვა გაუფრთხილებელ დანაშაულს შორის ზღვრის წაშლის საფრთხე წარმოიშობა; ანდა შესაძლებელია, პირის მიერ ნებისმიერი გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისას მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 2201-ე ან 342-ე მუხლებით, რადგან საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა არაპირდაპირ ყოველთვის აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესებს. ამიტომ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც სსკ-ის 2201-ე მუხლის, ასევე 342-ე მუხლის პირველ ნაწილში შემადგენლობის ნიშნად მითითებულ – „სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებში“ იგულისხმება მხოლოდ ის კონკრეტული სახელმწიფო ინტერესები, რომლებსაც უშუალოდ შეეხო პირის მიერ ჩადენილი ქმედება.
17. ამრიგად, საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობისა და ამ მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ფ------ ჯ-------–იმ ჩაიდინა თაღლითობა მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით. აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებებიდან თითოეულის არსებობა დასტურდება საქმეში არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით: ჯგუფთან ერთად შეთანხმებულ მოქმედებაზე მითითებულია მოწმეების – ნ--- კ----–--ისა და ა-–--–- ჟ-----ს ჩვენებებში; ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დადგენილია მოწმეების – ნ. კ----–--ის, ა. ჟ-----ს, ნ. ნ--------ის, თ. ქ------–--ისა და სხვათა ჩვენებებით, აგრეთვე – საქმეში არსებული დოკუმენტური მასალებით; მისი ქმედება რომ მიმართული იყო დიდი ოდენობით თანხების დაუფლებისაკენ, დადასტურებულია მოწმეების – ნ. კ----–--ის, ა. ჟ-----სა და სხვათა ჩვენებებით, აგრეთვე – საქმეში წარმოდგენილი ფინანსური დოკუმენტებით.
18. განხილული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ასეთ მოთხოვნას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი, რის გამოც აღნიშნული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ ფ------ ჯ-------–ის ქმედება ასევე დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ფ------ ჯ-------–ის ქმედებაში არ იკვეთება ამგვარი დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც სრულფასოვნად დასაბუთებულსა და კანონიერს. ამიტომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის მიერ ჩადენილია თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის (ფულადი თანხის) დაუფლება მოტყუებით, პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე. აღნიშნული დანაშაული მან ჩაიდინა ორ ეპიზოდად, ერთხელ – დამთავრებული სახით (დაზარალებულ კ----–-- კ----–---სთან მიმართებით), ხოლო მეორე – მცდელობის სახით (პაციენტ გ------- ჩ-------ესთან მიმართებით), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ორივე ეპიზოდი მოცული იყო ფ------ ჯ-------–ის ერთიანი კონკრეტული განზრახვითა და საერთო გადაწყვეტილებით, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ორი დანაშაულის ერთობლიობასთან, არამედ – ერთიან, განგრძობად დანაშაულთან, რა დროსაც წინმსწრები დამთავრებული დანაშაული ფარავს დაუმთავრებელ დანაშაულს. ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც ერთი, დამთავრებული თაღლითობა, ჩადენილი ზემოთ მითითებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებში.
20. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატას, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის მოცულობის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სასჯელის ზომას, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული წარსულში ხასიათდება დადებითად, არის პროფესორი, რომელსაც გაწეული აქვს ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ფ------ ჯ-------–ის სასჯელად განესაზღვროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციით დადგენილი მინიმალური ზომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ოსაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ--–- ნ-----–--–---–ისა და გ-- ტ---–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ ფ------ ჯ-------–ის სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 21 მაისიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე