დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 06.11.2015
საქმის ნომერი
ბს-762-754(კ-15)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე ბს-762-754(კ-15) 06 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლო ა. მ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მიმდინარე დავაში ა.მ-ის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფდა ორი წარმომადგენელი: გ.უ-ი (29.05.2013წ. #130531250 მინდობილობა, ძალაშია 2016 წლის 29 მაისის ჩათვლით) და თ.მ-ე (04.05.2015წ. #150441441 მინდობილობა, ძალაშია 2016 წლის 04 მაისის ჩათვლით). სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებს ესწრებოდა ორივე წარმომადგენელი, კორესპონდენციები კი სხვადასხვა დროს ბარდებოდა სხვადასხვა წარმომადგენელს (ტ.2, ს.ფ.26; ტ.2, ს.ფ.53). სააპელაციო პალატის 12.06.2015წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ 31.07.2015წ. გაეგზავნა ა.მ-ის წარმომადგენელ გ.უ-ს მისამართზე: თბილისი, ..., ბ. 36. კასატორ ა.მ-ის წარმომადგენელი თ. მ-ე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად მოხდა 12.06.2015წ. გადაწყვეტილების მეორე წარმომადგენლისთვის გ.უ-ისთვის გაგზავნა, რადგან თ.მ-ეს დაწერილი ჰქონდა განცხადება გადაწყვეტილების ხელზე მიღების მოთხოვნით, ამასთანავე იგი არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს მოთხოვნით, რომ გადაწყვეტილება უშუალოდ მისთვის გაეგზავნათ. აღნიშნულიდან გამომდინარე თ.მ-ე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა გ.უ-ის სამუშაო მისამართზე გადაწყვეტილების ჩაბარების (05.08.2015წ.), არამედ მის მიერ გადაწყვეტილების ხელზე ჩაბარების დღიდან (23.09.2015წ.), რადგან გ.უ-ისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების გადაცემა დღემდე არ მომხდარა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. კორესპონდენცია ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს, გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს შეთანხმება ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე (სსკ-ის 70.1 მუხ.). სსკ-ის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ როგორც საქალაქო ასევე სააპელაციო სასამართლოს გ.უ-ისთვის მისამართზე:თბილისი, ..., ბ. 36 არაერთხელ ჰქონდა გაგზავნილი და ჩაბარებული სასამართლო შეტყობინება (ტ.1, ს.ფ.179, 250; ტ.2, ს.ფ.26), სარჩელში გ.უ-ი თავის ძირითად მისამართად სწორედ ქ.თბილისში, ... მდებარე ბ.36-ში არსებულ საადვოკატო კომპანიაზე უთითებს (ტ.1, ს.ფ.1). ამასთანავე, სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ცნობა გ.უ-ის მისამართის შეცვლის შესახებ.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ ა.მ-ის 22.07.2015წ. განცხადებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 70-ე და 71-ე მუხლებში მითითებულ გზავნილის ჩაბარების განსხვავებულ წესზე შეთანხმებად, რადგან განცხადებაში ასახულია მხოლოდ მოთხოვნა გადაწყვეტილების გადაცემის შესახებ, განცხადების ტექსტი არ ადასტურებს ჩაბარების წესზე შეთანხმების არსებობას, რომლის მიხედვით გზავნილი აუცილებლად თ.მ-ეს უნდა გაეგზავნოს. მსგავსი შინაარსის შუამდგომლობის შემცველი განცხადება არ მოიპოვება ასევე საქმის სხვა მასალებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 12.06.2015წ. გადაწყვეტილების გ.უ-ისათვის გაგზავნისას არ დარღვეულა კანონმდებლობის მოთხოვნები.

სსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, გზავნილი ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს, გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე, იგი უწყებას აბარებს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა მისთვის სსკ-ის 71-ე, 73-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილება, გზავნილი გააგზავნა მხარის ერთ-ერთი წარმომადგენლის სამუშაო ადგილის მისამართზე, სადაც არაერთგზის მომხდარა სასამართლო უწყების ჩაბარება. გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა: ნ.ო-მა, ადვოკატთა ჯგუფის წევრმა, რომელიც სსკ-ის 73.8 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო უწყება გადაეცა ადრესატისათვის. გზავნილის ჩამბარებელი პირის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესაძლო შეუსრულებლობა არ უთანაბრდება გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გ.უ-ის სამუშაო მისამართზე გზავნილის ჩაბარებიდან - 2015 წლის 05 აგვისტოდან.

სსკ-ის 397-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. სსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, ა.მ-ის მიერ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა იწურებოდა 26.08.2015წ. ოცდაოთხ საათზე (ოთხშაბათი). საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 15.10.2015წ. (ტ.2, ს.ფ.102) - კანონმდებლობით განსაზღვრული 21-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 70-ე, 71-ე, 73-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე