დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.06.2025
საქმის ნომერი
ბს-159(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ბს-159(კ-24) 18 ივნისი, 2025წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ „...“-მა 01.08.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის: ა) ა(ა)იპ „...“ 24.04.2018წ. Nგ-01/722-18 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავების და გაცემის დავალება, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით; ბ) ასევე, იმ საჯარო ინფორმაციის დამუშავების და გაცემის დავალება, რომელიც შეეხება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ა(ა)იპ „...“ 24.04.2018წ. Nგ-01/722-18 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავება და გაცემა, რომელიც შეეხება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით, ასევე, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2022წ. განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2019წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა(ა)იპ „...“ (ს/ნ...) 24.04.2018წ. №გ 01/722-18 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა: ა) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ძალადობის ფორმებისა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება, უგულვებელყოფა) და წლების მიხედვით; ბ) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით; გ) 2017 წლის 01 ივნისიდან დღემდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331-1332 და 1511 მუხლებით დაწყებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ამავე საქმეებში დაზარალებულთა რაოდენობისა და სქესის ნიშნის მიხედვით; დ) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოჯახური დანაშაულის საქმეებში დაზარალებულთა ან/და მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებათა ჩამონათვალი. ამასთანავე, განცხადებაში ასევე მიეთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ მოეპოვებოდათ მოთხოვნილი ინფორმაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ საკითხებზე ეწარმოებინათ სტატისტიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.05.2018წ. MIA 9 18 01047067 წერილით, ა(ა)იპ „...“ Nგ-01/722-18 წერილის პასუხად, დანართის სახით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში დაცული მონაცემები 2013-2017 წლებში ოჯახში ძალადობის ფაქტებსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1331 (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე), სისხლის სამართლის კოდექსის 1332 (ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება) და სისხლის სამართლის კოდექსის 1511 (ადევნება) მუხლებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. რაც შეეხებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელის და ასევე დაზარალებული/მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით მონაცემების მოძიების მიზნით ამ წერილის ავტორს ეცნობა, რომ ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია მიემართათ საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის. მათ ასევე ეცნობათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები არ ითვალისწინებდა მაკვალიფიცირებელ გარემოებად (მუხლის ნაწილის/ქვეპუნქტის სახით) გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს. ამდენად, ისინი მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მიეწოდებინათ მონაცემები ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით. რაც შეეხებოდა ოჯახში დანაშაულის საქმეებში დაზარალებულის ან/და მსხვერპლის სტატუტის მქონე პირებთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას სამინსტროს პასუხი ეცნობებოდა ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთანავე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 08.05.2018წ. MIA 1 18 01078614 წერილით ა(ა)იპ „...“, მათივე 2018წ. №გ 01/722-18 წერილის პასუხად, დანართის სახით დამატებით გაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში დანაშაულის საქმეებში დაზარალებულის ან/და მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებთან, დანაშაულის პრევენციის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ა(ა)იპ „...“-მა 01.06.2018წ. (№გ 01/771-18) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა კანონით გათვალისწინებულ ვადაში მათი 24.04.2018წ. №გ-01/722-18 წერილით მოთხოვნილი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მიწოდების უზრუნველყოფა, ასევე ზეპირი მოსმენის დანიშვნა და მათი სხდომაზე დასწრება. ა(ა)იპ „...“ 01.06.2018წ. №გ-01/771-18 ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა განხილული და ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.

სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი, III თავი (27-50 მუხ.), 28-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 37-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 38-ე მუხლი, 40-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, განმარტებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან (სუსგ., №ბს-1020(კ-18), 12.09.2019წ., №ბს-49-48(კ-16), 23.06.2016წ.), განმარტებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.03.2017წ. №1/4/757 გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. №337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ 1-ლი და მე-2 მუხლის 1-ი პუნქტები. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადმინისტრაციული ორგანო და მის მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოქმედება. სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 05.04.2017წ. №543 – IIს დადგენილებით, რომლის შესრულების ვალდებულება საქართველოს წარმოეშვა 2017 წლის 01 სექტემბრიდან, აგრეთვე, ამ კონვენციის ფუძემდებლურ მიზნებზე. აღნიშნული კონვენციის მე-11 მუხლით, განსაზღვრულია მონაცემთა შეგროვება და კვლევა, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კონვენციის განხორციელების მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ: რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით; მხარს დაუჭერენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევას, რათა შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და შედეგები, შემთხვევათა რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენის წილობრივი მაჩვენებელი, ასევე, ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეები ცდილობენ რეგულარულად ჩაატარონ მოსახლეობის გამოკითხვა, რათა შეაფასონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის გავრცელება და ტენდენციები, მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები ექსპერტთა ჯგუფებს მიაწვდიან, როგორც ეს მითითებულია ამ კონვენციის 66-ე მუხლში, ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებულ ინფორმაციას, რათა წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ საერთაშორისო სტანდარტების შექმნას, ხოლო მე-4 პუნქტით, მხარეები უზრუნველყოფენ ამ მუხლის შესაბამისად შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის. სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, მოიხმო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-2 პუნქტები, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტები, რომლის მიხედვით შესაბამისი სტატისტიკის წარმოება წარმოადგენს ღირებულ მექანიზმს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, ასევე ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები და ამავე კანონის 91 მუხლი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ გაცემის კანონიერების შეფასება. ამასთან, სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 24.04.2018წ. №გ 01/722-18 განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი, მოსარჩელე ა(ა)იპ „...“ გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.05.2018 წლის MIA 9 18 01047067 და 08.05.2018 წლის MIA 1 18 01078614 წერილებზე თანდართული დოკუმენტების სახით. ამასთან, მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი ინფორმაციის სრულად გაცემასთან მიმართებით, კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ იქნა განხილული, შესაბამისად, ჩაითვალა, რომ სახეზეა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზემოთ მითითებული საქართველოსა და საერთაშორისო აქტების საფუძველზე ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება სადავო საკითხთან დაკავშირებით დაამუშავოს და აწარმოოს სტატისტიკური მონაცემები. ამასთან, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, გააჩნია ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილება, ამდენად მასთანვე არის დაცული გამოძიების ეტაპზე ოჯახში ძალადობის და სხვა ოჯახური დანაშაულის, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია. ზემოხსენებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის (ნაწილის) გაცემაზე უარი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონსაწინააღმდეგო. ამრიგად, სააპელაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრებები დავის საგანთან მიმართებით, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო არ არის მოთხოვნილი ინფორმაციის საჯარო ხასიათი. ამავდროულად, კასატორის მოსაზრებით, სადავო არაა ისიც, რომ როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მიხედვით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და საჯარო ინტერესს გამოხატავს შესაბამისი სტატისტიკის წარმოების აუცილებლობა. კერძოდ, საჯარო ინტერესი გამოხატულებას ჰპოვებს იმაში, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების დამუშავებითა და შედეგებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, მოხდება მოცემული თვალსაზრისით სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის ანალიზის ხელშეწყობა. აღნიშნულის მიუხედავად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ საკითხი იმასთან დაკავშირებით, ეფუძნებოდა თუ არა კასატორის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ლეგიტიმურ საფუძვლებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო უარი არ ეფუძნებოდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი სახით მონაცემებს არ ამუშავებდა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ძალადობის ფორმებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მაჩვენებლის აღრიცხვის განუხორციელებლობის ობიექტური მოტივაცია. აღნიშნულის ობიექტურ მოტივაციას წარმოადგენს ის, რომ ამგვარი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას არ აქვს ის პრევენციული დატვირთვა, რომლისთვისაც იგი არსებობს, ასეთი დატვირთვის უქონლობა გამოიხატება იმით, რომ აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ძალადობის ფაქტების ირგვლივ მცდარი სურათის შექმნას. კერძოდ: ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე იწყება გამოძიება; ბ) გამოძიების დაწყება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის საფუძველზე, რომლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს მიუთითებს დაზარალებული ან/და იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები; გ) შემდგომ ეტაპზე საქმეზე ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, შესაძლებელია ცალკეულ მუხლზე დაწყებული გამოძიება არ დადასტურდეს, გადაკვალიფიცირდეს სხვა მუხლით ან/და მოხდეს დანაშაულის დამძიმება ან შემსუბუქება. აღნიშნული თვალსაზრისით, კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ მართალია საგამოძიებო ორგანოში შეტყობინების მიღების შემდგომ გამოძიება შესაძლებელია დაიწყოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე, თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ ძალადობის ფაქტის არსებობა გამოძიების ეტაპზე საერთოდ არ დადასტურდეს. ასევე შესაძლებელია ისიც, რომ დაზარალებული უთითებდეს ძალადობის ფიზიკურ ფორმაზე, თუმცა, ძალადობის რეალური ფორმა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, იძულება თუ უგულველყოფა) გამოვლინდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ. შესაბამისად, ძალადობისა და მისი კონკრეტული ფორმის შესახებ მონაცემთა უტყუარობა დასტურდება გამოძიების შემდეგომი და არა გამოძიების დაწყების მაჩვენებლით. გამოძიების დაწყების თაობაზე მონაცემთა აღრიცხვა შექმნის საკითხთან დაკავშირებულ მცდარ სურათს, რაც შეუთავსებელია სტატისტიკის წარმოების მიზნებთან. შესაბამისად, ძალადობასა და ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების პრევენციული ბუნების უზრუნველსაყოფად, კასატორის მოსაზრებით, უმჯობესია დამუშავდეს და შეფასდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე სასამართლო განაჩენების მაჩვენებელი, აღნიშნულ ეტაპზე ფაქტობრივად გამოკვეთილია ძალადობის ფაქტი, ხოლო - გამოძიების დაწყების მაჩვენებლით მონაცემთა დამუშვება, ვერ გამოკვეთს არსებული ძალადობის რეალურ მაჩვენებელს. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ოჯახურ ძალადობასთან ან ქალთა მიმართ ძალადობასთან მიმართებით ცალკე არ გამოყოფს ძალადობას ფორმების მიხედვით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი, 2018 წლის 28 დეკემბრამდე, დამამძიმებელ გარემოებად ცალკე არ გამოყოფდა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ასეთი მონაცემების დამუშავების შესაბამისი ინტერესი, ამასთანავე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებებისა თუ ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების უშუალოდ რომელი პრევენციული მექანიზმების განსახორციელებლად არის აუცილებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებული ამგვარი მოცულობითი მონაცემების დამუშავება. კასატორის (შსს) შეზღუდული ადამიანური და ორგანიზაციული რესურსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია რესურსების ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს შრომის დანაწილების იმგვარ ორგანიზებას, რომელიც მინიმუმამდე შემცირებს ფუჭი ძალისხმევის უშედეგოდ გაღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

სსკ-ის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული თვალსაზრისით, თუნდაც ზოგადი ან/და შაბლონური ფორმით, კასატორის მიერ არ არის წამოყენებული არცერთი პრეტენზია (შედავება),სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით (იხ., mutatis mutandis, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 30.06.2009წ. გადაწყვეტილება საქმეზე Verein gegen Tierfabriken Schweiz (VgT) v. Switzerland (No. 2) [GC], App. No. 32772/02, §43.). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არამედ სადავოა მათი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო ინტერესის” განსაზღვრა ეფუძნება თითოეული საქმის ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს. საჯარო ინტერესის სფეროში შედის ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ უკანასკნელს ლეგიტიმურად შეუძლია გამოავლინოს ინტერესი ამ საკითხების მიმართ - კერძოდ, იმ საკითხთა მიმართ, რომლებიც იპყრობს სოციუმის ყურადღებას ან/და მნიშვნელოვნად უკავშირდება მას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა კეთილდღეობას ან საზოგადოების საერთო ცხოვრების პირობებს. იგივე ითქმის იმ საკითხებზეც, რომლებიც საყოველთაო საზოგადოებრივ დაპირისპირებას იწვევს, უკავშირდება არსებით სოციალურ პრობლემატიკას ან შეიცავს ისეთ ასპექტებს, რომლებზეც საზოგადოებას გააჩნია გამოკვეთილი ინტერესი იყოს მათ შესახებ ინფორმირებული (ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 08.11.2016წ. გადაწყვეტილება საქმეზე Magyar Helsinki Bizottság v. Hungary, App. No. 18030/11, §162). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საჯარო ინტერესის“ სფეროში ექცევა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის ნორმატიული კატეგორიაც. კასატორის მოსაზრებითაც, მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საჯარო ინფორმაციის“ ლეგალურ დეფინიციას. მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ ინფორმაციის დეპერსონალიზებული წესით გაცემას. ამასთანავე, სზაკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, აუცილებელი არ არის განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ამდენად, კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელეს ევალებოდა დაედასტურებინა ინფორმაციის დამუშავების შესაბამისი ინტერესის არსებობა არ ეფუძნება კანონის მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაცულია საჯარო დაწესებულებაში და უკავშირდება საჯარო დაწესებულების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ ინფორმაციას სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობით. ერთი მხრივ, იმ საჯარო ინფორმაციის დამუშავება, რომელიც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხუთი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით, ეფუძნება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს, მათ შორის, შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფორმების ლეგალური დეფინიცია გაწერილია ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“-„ე1“ ქვეპუნქტებში, იგი მოიცავს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იძულების, სექსუალური, ეკონომიკური ან/და არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის ფორმით ჩადენილ ძალადობას. ამდენად, აღნიშნული ინფორმაცია ექვემდებარება გაცემას სზაკ-ის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების შესაბამისად, რამდენადაც საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ინფორმაცია შესაბამის ვადაში კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. მეორეს მხრივ, იმ საჯარო ინფორმაციის დამუშავება, რომელიც შეეხება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით (სადღეისოდ, კანონმდებლობაში „გენდერის“ ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“) ჩადენილ დანაშაულებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის, ძალადობის ფორმებისა და წლების მიხედვით, ეფუძნება ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) მოთხოვნებს. აღნიშნული კონვენციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ, რომ რეგულარულად შეაგროვებენ შესაბამის დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის 1-ლი წინადადების მიხედვით, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რატიფიცირება არის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მისთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა. ამავე კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს თანხმობას საქართველოსთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე რატიფიცირების (ან მასთან შეერთების) გზით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 05.04.2017წ. №543 – IIს დადგენილებით და მისი შესრულების ვალდებულება საქართველოს წარმოეშვა 2017 წლის 01 სექტემბრიდან. ამასთანავე, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დათქმა არის ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დროს გაკეთებული ცალმხრივი განცხადება, რომელიც გამოხატავს საქართველოს მიმართ ხელშეკრულების გარკვეულ დებულებათა სამართლებრივი მოქმედების გამორიცხვის ან შეცვლის სურვილს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული კონვენციის რატიფიცირებისას სახელმწიფოს მხრიდან არ გაკეთებულა რაიმე სპეციალური დათქმა კონვენციის მე-11 მუხლის მოქმედებასთან ან მის ფარგლებთან დაკავშირებით. მოცემული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორს იმ საკითხში, რომ „გენდერის“ ნიშნით (სადღეისოდ, კანონმდებლობაში „გენდერის“ ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“) ჩადენილი დანაშაულებები და ქმედებები საქართველოს კანონმდებლობაში აისახა „სტამბოლის კონვენციის“ მოთხოვნების შესრულების მიზნით, აღნიშნულის შესაბამისად „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება 04.05.2017წ. №761 კანონით, რის შედეგად, კანონის მე-31 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით (ამჟამად, კანონმდებლობაში „გენდერის“ ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“) ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები (მათ შორის ქალთა მიმართ ჩადენილი) არ შეიცავდნენ გენდერულ კონცეფციებს („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონით გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებით დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნად დაემატა ქმედების ჩადენა: „გენდერის ნიშნით“), არ გამორიცხავს ამგვარ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯარო დაწესებულებაში დაცულობას (ცვლილების შეტანამდე ხსენებული რეგულაცია არ არსებობდა), ვინაიდან სპეციალური დეფინიციის კანონმდებლობაში არარსებობა არ გამორიცხავს ამ მოვლენის როგორც ასეთის, არსებობას და მისი შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, სტატისტიკური მიზნებისთვის მის აღრიცხვას, ამასთანავე, მოქმედი ნორმატიული სინამდვილის გათვალისწინებით, აღნიშნულთან მიმართებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას. ამდენად, უდავოა რომ აღნიშნული „საჯარო ინფორმაცია“ დაცულია საჯარო დაწესებულებაში და უკავშირდება საჯარო დაწესებულების მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაცია ექვემდებარება გაცემას სზაკ-ის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების შესაბამისად. ერთმნიშვნელოვნად ცხადია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება კასატორის მხრიდან საჭიროებს მნიშვნელოვანი ადამიანური და ორგანიზაციული ძალისხმევის გაღებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ვალდებულება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ მხოლოდ „სტამბოლის“ კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ წარმოეშვა. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერის 04.07.2018წ. №1 გადაწყვეტილებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.07.2018წ. №194 ბრძანებაზე, ორივე სამართლებრივი აქტით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გენდერული ნიშნით ჩადენილ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში გასაჩივრებისა და მათი სასამართლოს მიერ გაუქმების მაჩვენებელთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის გაცემის თაობაზე. როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მენეჯერის 04.07.2018წ. გადაწყვეტილებაში ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს №194 ბრძანებაში ხაზი გაესვა სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და ადამიანური ძალისხმევის გაღების შესახებ.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები მასზედ, რომ ა(ა)იპ „...“ 24.04.2018წ. Nგ-01/722-18 წერილით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება არ ამართლებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მიზნებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ შედავების არგუმენტაციული ბუნება ეფუძნება „მიზანშეწონილობის“ და არა „კანონიერების“ ნორმატიულ კატეგორიას. კანონით განსაზღვრული ვალდებულების ნორმატიული შინაარსი არ ექვემდებარება რევიზიას მიზანშეწონილობაზე მითითებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არაა უფლებამოსილი უარი განაცხადოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მოთხოვნების შესრულება „მიზანშეწონილობის“ მისეულ კონცეფციასთან შეუსაბამოა. ამასთანავე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არსებობს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცხადი მიზეზები, რომლებიც ასაბუთებს აღნიშნული მონაცემების სტატისტიკური აღრიცხვის არსს სწორედ გამოძიების ეტაზე. „სტამბოლის კონვენციის“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კონვენციის განხორციელების მიზნით მხარეები ვალდებულებას იღებენ, მხარი დაუჭირონ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობასთან დაკავშირებულ კვლევას, რათა შესწავლილ იქნეს მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები და შედეგები, შემთხვევათა რაოდენობა და გამამტყუნებელი განაჩენის წილობრივი მაჩვენებელი, ასევე, ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოს შეუძლია შესაბამისი მონაცემები თავადვე მონიშნოს, როგორც „წინასწარი“, რაც შემდგომ, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას, მოცემული ღონისძიება უზრუნველყოფს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციას. შესაბამისად, გამოძიების ეტაპზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების გაცემაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ გამოძიების მიმდინარეობისას კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს, ეფუძნება აღნიშნულთან დაკავშირებით სტატისტიკის წარმოების აუცილებლობის იმ საჯარო მიზნების მცდარ აღქმას, რომლებსაც ამგვარი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა ემსახურება. გამოძიების დაწყების მომენტში დაფიქსირებულ მონაცემებს - მიუხედავად იმისა, დადასტურდება თუ არა შემდგომში იგი - აქვს დამოუკიდებელი ღირებულება და წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს. ასეთი მონაცემები სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას აღრიცხოს ძალადობის შემთხვევათა სიხშირე, გეოგრაფიული განაწილება და საწყის ეტაპზე დაფიქსირებული ტიპოლოგია, რაც აუცილებელია როგორც პრევენციული მექანიზმების შემუშავების, ისე რესურსების ეფექტიანი გადანაწილებისთვის. ამავდროულად, აღნიშნული მონაცემები საშუალებას იძლევა დაიგეგმოს მიზნობრივი, პრევენციული სტრატეგიები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები იმ ძალადობის ფორმების ირგვლივ, რომელთაც თავად დაზარალებულები ასახელებენ პირველადი მიმართვის დროს - მათ შორის ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან ძალადობის სხვა უფრო კომპლექსური ფორმების შესახებ. სტატისტიკური მონაცემები ასევე ასრულებს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფუნქციას, იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს საწყის ეტაპზე ძალადობის სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებით სამართალდამცავი სისტემის რეაგირების ადეკვატურობის ხარისხი. საბოლოოდ, აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებისა და შემაჯამებელი შედეგების სტატისტიკური მონაცემების შედარება ღირებული მონაცემების პირველწყაროა, აღნიშნულის მეშვეობით შესაძლოა გამოიკვეთოს სამართალდამცავი უწყებების რეაგირების ხარისხი, ის გამოწვევები, რომლებსაც სამართალდამცავი ორგანოები აწყდებიან ასეთ დროს, მათი გადამზადების საჭიროება, აგრეთვე, თავად თავდაპირველად გაკეთებული კვალიფიკაციების ცვლილების პრაქტიკა, ასევე, შესაძლო ტენდენციები, ძალადობის კონკრეტული ფორმების უგულვებელყოფასთან დაკავშირებით. ამდენად, აღნიშნული თვალსაზრისით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კვალფიციურ შედავებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. გოგიაშვილი