დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-229 (კ-25) 18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2024წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ქ-ემ 20.07.2023წ. სარჩელით, ხოლო 07.08.2023წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 16.02.2023წ. N15-01230472463 აქტის ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 08.05.2023წ. N10-0123128599 აქტის ბათილად ცნობა, ასევე გ.ქ-ის სასარგებლოდ 2015 წლიდან 2022 წლამდე მიყენებული ზიანის 5400 ლარის ოდენობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოლიდარულად დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2024წ. გადაწყვეტილებით გ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლიდან 2022 წლამდე მიყენებული ზიანის - 5400 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2024წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.06.2024წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.12.2022წ. №20-121 დადგენილებით დამტკიცდა „სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 22) და „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ (დანართი №4). აღნიშნული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ოჯახში ფიქსირდება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი. დასახელებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგინდა, რომ ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციის საფუძველზე. კუთვნილი თვეების ფულადი დახმარება ასევე გაიცემა წლის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტატუსების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ 25.01.2005წ. ცნობაზე, რომლის თანახმად გ.ქ-ეს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდა უვადოდ, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 31.03.2023წ. №SSA 1 23 00102604 ცნობით დგინდება, რომ 31.08.2015წ. ოჯახის დეკლარაციაში და ყოველ მომდევნო დეკლარაციაში (შევსების თარიღი: 14.04.2016წ; 17.08.2017წ; 06.12.2018წ.) გ.ქ-ის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დაფიქსირებულია სპეციალური სტატუსი - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (1 ჯგუფი). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ოჯახი (საიდენტიფიკაციო №...) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერიცხება საარსებო შემწეობა. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 62 070 ქულა, ქულის მინიჭების თარიღია - 05.01.2019წ., ხოლო გასული პერიოდის სარეიტინგო ქულებია - 125 360 ქულა, მინიჭების თარიღი - 11.10.2017წ.; 72 210 ქულა, მინიჭების თარიღი - 14.07.2016წ.; 91 800 ქულა, მინიჭების თარიღი - 30.09.2015წ.).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ.ქ-ე აკმაყოფილებდა „სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების“ (კოდი: 06 02 24) ქვეპროგრამის მოსარგებლე პირის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის მიწოდებულ სიაში არ იყო მითითებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხ.). ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაიდინა მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების განუხორციელებლობა, არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულობა, რამაც გამოიწვია გ.ქ-ისთვის ზიანის მიყენება, გამოწვეულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქმედებით, რის გამოც ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი ფულადი დახმარების - 5 400 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2024წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გ.ქ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2006 წლიდან. მის ოჯახში სხვადასხვა პერიოდში შევსებულ იქნა 10 დეკლარაცია. გ.ქ-ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირის სტატუსი უფიქსირდება მხოლოდ 2006 წელს შევსებულ დეკლარაციაში (სექტემბერსა და ნოემბერში). კასატორმა მიუთითა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. N06-53/1512521 წერილით მოთხოვნილი იყო პირველი ჯგუფის უსინათლო პირების სია, ხოლო ამ პერიოდისათვის აქტიური იყო 19.03.2014წ. დეკლარაცია, რომლის B4 ბლოკში- "სპეციალური სტატუსი და კატეგორია", დაფიქსირებულია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (პირველი ჯგუფი) სტატუსი, თუმცა მე-6 პუნქტში შესაძლებელი იყო დამატებით უსინათლო პირის სტატუსის დაფიქსირება (აღნიშვნა). კასატორმა აღნიშნა, რომ ოჯახის დეკლარაცია ივსება უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე და საგულისხმოა, რომ შევსებული გრაფის ნაცვლად ზემოთხსენებული მე-6 პუნქტის შევსება არ გამოიწვევდა რაიმე სახის განსხვავებულ შედეგს გ.ქ-ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულ გრაფას აქვს ინფორმაციული ხასიათი.
კასატორის განმარტებით გ.ქ-ის ოჯახს 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, შესაბამისად, აღნიშნულმა მოქალაქემ ვერ დააკმაყოფილა ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 05.05.2015წ. N06-53/1512521 და 03.08.2015წ. N06-53/15215207 წერილებით მოთხოვნილი პირობები, ამდენად, მისი მონაცემები ვერ იქნა განთავსებული 2015 წელს ქ. თბილისის მერიისათვის გაგზავნილ სიებში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.05.2016წ. N04/36722 წერილით მერიის საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული ოჯახის დეკლარაციაში, 2015 წლის 1 მაისიდან (22.05.2015წ. N01-14/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილება) აღარ აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირების შესახებ მონაცემი, ამდენად, ინფორმაცია დამუშავებული იყო ზემოაღნიშნულ პერიოდამდე შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით.
კასატორმა აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას სასამართლო სააგენტოს აკისრებს იმ პერიოდზე, რომლის ფარგლებშიც გ.ქ-ის ოჯახს შეწყვეტილი ჰქონდა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდი). ამასთან, სასამართლოს შეფასებით მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან ოჯახის დეკლარაციაში არ ისახება ინფორმაცია პირველი ჯგუფის უსინათლო პირის სტატუსის შესახებ, აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის მითითებული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან, თუმცა სასამართლო არ მიუთითებს, რის საფუძველზე ეკისრებოდა სააგენტოს აღნიშნული ვალდებულება, როდესაც ოჯახის დეკლარაციაში ის გრაფა, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება, საერთოდ გაუქმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული 25.01.2005წ. ცნობის თანახმად, გ.ქ-ეს დადგენილი აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (მხედველობით ინვალიდი, I ჯგუფი) უვადოდ. 04.07.2022წ. გ.ქ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა უსინათლოთა მატერიალური დახმარების პროგრამაში ჩართვა. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და მას 2022 წელს ჩაერიცხა კუთვნილი 900 ლარი. 26.01.2023წ. გ.ქ-ის მხარდამჭერმა ლ.ქ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს და მოითხოვა უსინათლოთა მატერიალური პროგრამის ფარგლებში მისაღები წინა წლების მიუღებელი თანხის ანაზღაურება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 16.02.2023წ. №15-01230472463 წერილით მას ეცნობა "სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების" ქვეპროგრამის განხორციელების წესი და პირობები. ამასთან ეცნობა, რომ 2017 წლიდან ოჯახის დეკლარაციაში არ აისახება ინფორმაცია პირველი ჯგუფის უსინათლო პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისად, 2017 წლიდან პროგრამის ახალი ბენეფიციარი ხდება პირი, რომელიც წარმოადგენს მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელ დოკუმენტს და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით. ახალი ბენეფიციარის დამატება ხდება მოქალაქის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული წერილი გ.ქ-ის მხარდამჭერმა, დედამ ლ.ქ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 08.05.2023წ. №10-0123128599 წერილით ლ.ქ-ეს განემარტა, რომ ვინაიდან წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებული საკითხი ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენდა სასამართლოსადმი უწყებრივად ქვემდებარე საქმეს, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა იგი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რის გამოც სზაკ-ის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი თანდართულ მასალებთან ერთად მხარეს უკან დაუბრუნდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.12.2022წ. N20-121 დადგენილებით (სადავო პერიოდში მოქმედი) დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების" ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები. დახმარების ოდენობა შეადგენს 900 ლარს წელიწადში და გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 300 ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის 2.2 მუხ.). მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციის საფუძველზე. კუთვნილი თვეების ფულადი დახმარება ასევე გაიცემა წლის განმავლობაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29.12.2015წ. N33-130 დადგენილება იმ განსხვავებით, რომ ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში პირის რეგისტრაციის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 31.03. 2023წ. №SSA 1 23 00102604 ცნობით დგინდება, რომ 31.08.2015წ. ოჯახის დეკლარაციაში და ყოველ მომდევნო დეკლარაციაში (შევსების თარიღი: 14.04.2016წ.; 17.08.2017წ.; 06.12.2018წ.) გ.ქ-ის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ დაფიქსირებულია სპეციალური სტატუსი - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ( I ჯგუფი). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ გ.ქ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერიცხება საარსებო შემწეობა. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა - 62 070 ქულა, ქულის მინიჭების თარიღია - 05.01.2019წ., ხოლო გასული პერიოდის სარეიტინგო ქულებია - 125 360 ქულა, მინიჭების თარიღი - 11.10.2017წ.; 72 210 ქულა, მინიჭების თარიღი - 14.07.2016წ.; 91 800 ქულა, მინიჭების თარიღი -30.09.2015წ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2015 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 1 აგვისტომდე არაერთხელ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და და მოითხოვა სააგენტოსაგან პირველი ჯგუფის, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სიის მიწოდება, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 150 000-ს. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქალაქო სამსახურისთვის გადაგზავნილ სიებში შეყვანილი არ იყო გ.ქ-ე, მაშინ როდესაც გ.ქ-ე აკმაყოფილებდა "სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირების დახმარების" ქვეპროგრამის მოთხოვნებს, კერძოდ, მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა 2015 წლიდან მოყოლებული არ აღემატებოდა 150 000-ს და თავად გ.ქ-ეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (მხედველობით ინვალიდის) სტატუსი დადგენილი აქვს უვადოდ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.05.2016წ. და 25.07.2016წ. წერილებზე, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010წ. N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ოჯახის დეკლარაციაში, 2015 წლის 01 მაისიდან (22.05.2015წ. N01-14/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილება) აღარ აღირიცხება მკვეთრად გამოხატული (პირველი ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოს პირის შესახებ მონაცემი, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირების შესახებ, დამუშავებულია ზემოაღნიშნულ პერიოდამდე შევსებული ოჯახის დეკლარაციების მიხედვით. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სამსახურისთვის გადაგზავნილი ყოველი მომდევნო სია ეყრდნობოდა 2015 წლის 01 მაისამდე შევსებულ ოჯახის დეკლარაციებს, რაც აღნიშნულ სიებში გ.ქ-ის შეყვანის ვალდებულებასაც მოიაზრებდა. რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ გ.ქ-ის უსინათლო პირის სტატუსის შესახებ არც 19.03.2014წ. შევსებულ დეკლარაციაში იყო აღნიშნული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან თავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.02.2024წ. წერილით დგინდება, რომ 2006 წლიდან 2017 წლამდე ოჯახის მიერ შევსებული დეკლარაციები განადგურებულია და აღარ არსებობს მატერიალური სახით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.05.2015წ. N01-14/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით ოჯახის დეკლარაცია აღარ ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირის შესახებ შესავსებ გრაფას, თუმცა დეკლარაციაში არ გაუქმებულა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (I ჯგუფი) შესახებ მონაცემის მითითების შესაძლებლობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გ.ქ-ის შესაძლებლობების შეზღუდვა უკავშირდება უსინათლობას (მხედველობით ინვალიდობას), რაც ცნობილი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვისაც, რადგან თავად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გ.ქ-ეს, როგორც მკვეთრად გამოხატული (მხედველობით) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, ერიცხება სოციალური პაკეტი უვადოდ. ამდენად, დეკლარაციის შევსების წესის შეცვლის მიუხედავად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გ.ქ-ის შესაძლებლობების სტატუსის შესახებ ფლობდა საკმარის ინფორმაციას, რაც არ ათავისუფლებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისათვის მითითებული სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლით, ასევე სზაკ-ის 208.1 მუხლით, რომლის თანახმად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში გ.ქ-ის ოჯახის რეგისტრაციის შეწყვეტის და აღნიშნულ პერიოდზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია რეგისტრაციის შეწყვეტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ამასთან, საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ 31.08.2015წ. გ.ქ-ის ოჯახის მიერ შევსებულია დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც ოჯახისათვის მინიჭებული ქულა 150 000-ს არ აღემატებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2024წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე
გ. გოგიაშვილი