დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-765(კ-24)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.ქ-ე
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები - გ.ქ-ე, ბ.გ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2024 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.ქ-ემ 29.09.2021 წელს სარჩელით, ხოლო 17.02.2022 წელს დაზუსტებული სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოითხოვა ვ.ქ-ის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.07.2021 წლის №1 საოქმო გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემული 30.07.2021 წლის №15 განკარგულების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2021 წლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში თვითნებურად დაკავებული 1099 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების დავალება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.04.2022 წლის განჩინებით, საქმეში სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ გ.ქ-ე და ბ.გ-ე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 01.08.2022 წლის გადაწყვეტილებით, ვ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 09.07.2021 წლის №1 საოქმო გადაწყვეტილება ვ.ქ-ის ნაწილში და მის საფუძველზე გამოცემული 30.07.2021 წლის №15 განკარგულება, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.08.2021 წლის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემა, ვ.ქ-ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში თვითნებურად დაკავებული 1099 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2024 წლის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 01.08.2022 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის 30.07.2021 წლის №15 განკარგულებით ვ.ქ-ეს უარი ეთქვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 1099 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 10.08.2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, კომისიამ სადავო გახადა საკუთრებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის დანიშნულება, კერძოდ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი არ იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არ იყო ამ მიზნით გამოყენებული. კომისიის მითითებით, ვ.ქ-ე სადავო ნაკვეთს არ ფლობდა 2007 წლამდე და ნაკვეთი არ ყოფილა შემოღობილი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 16.02.2021 წელს მიწათსარგებლობის გეგმაში სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი ორთოფოტოებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო და არის შემოსაზღვრული, გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მოსარჩელე სარგებლობს, ამუშავებს, მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ხოლო ნაკვეთის ნაწილს იყენებს ფერმის ფუნქციონირებისთვის, რომელიც საკუთარ მიწის ნაკვეთზე გააჩნია და რომელსაც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სზაკ-ის 53.5 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვ.ქ-ე არ იყო მიწვეული და არ იქნა მოსმენილი მისი მოსაზრება. დაინტერესებული პირის განცხადება კომისიას არ განუხილავს კანონით დადგენილი წესით - განმცხადებლის მონაწილეობით, არ გამოუკვლევია ყველა ის გარემოება, რაც საქმისათვის მნიშვნელოვანი იყო. ამდენად, წარმოდგენილი მასალები ადასტურებდა ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფორმალურ ხასიათს, რაც სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა. რაც შეეხება ახალი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. პალატამ მიუთითა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019 წლის №487 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ინსტრუქციას დაემატა IV1 თავი, რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხებს. ხსენებული თავის 371 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. აღნიშნული ინსტრუქციის 378 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სისტემური რეგისტრაციის ვადაში, როგორც სისტემური, ისე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი სამართლებრივი პირობების არსებობისას, დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. ამდენად, პალატამ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის პრეროგატივას წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2024 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება. ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, კასატორმა მიიჩნია, რომ არც სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულს და არც მოსარჩელე - კანონის სუბიექტს. ამდენად, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ვ.ქ-ეს, გ.ქ-ეს, გუ.ქ-ეს, ვ.ქ-ეს და ნ.ქ-ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში თანასაკუთრებაში გააჩნიათ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2502 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. 23.12.2020 წელს ვ.ქ-ემ განცხადებით მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2502 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული, 1099 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაცია. ვ.ქ-ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ვინაიდან განცხადებაზე წარდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 09.07.2021 წელს განიხილა ვ.ქ-ის განცხადება. კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიამ 30.07.2021 წელს გამოსცა №15 განკარგულება, რომლითაც ვ.ქ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. ვ.ქ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა განმცხადებლის კერძო საკუთრებაში (საკ.კოდი №...) არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ტერიტორიას, რომელიც არ იყო გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის 2007 წლის 20 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან შპს ,,... -ის“ მიერ 22.12.2020 წელს მომზადებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შესაბამისად, ნაკვეთი არ იყო მოქცეული ერთიან ფიქსირებულ საზღვრებში, ხოლო ადგილზე გასვლა/დათვალიერებისას ნაკვეთი შემოსაზღვრული იყო ერთიანი ფიქსირებული მიჯნით. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ ვ.ქ-ის მიერ მოთხოვნილი 1099 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისას წარმოადგენდა ფიქსირებული საზღვრის გარეშე არსებულ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, 2020 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით არ დგინდებოდა განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი და ფიქსირებული მიჯნის არსებობა. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 10.08.2021 წელს მიიღო გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის თაობაზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” (სადავო პერიოდში მოქმედი) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს მოსარჩელის - ვ.ქ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს. სადავო აქტში ვ.ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის დაინტერესებული პირის მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ნამდვილობის დადასტურება. ამ მიზნით, დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გამოირიცხება უძრავი ქონების სხვა პირის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი. თავის მხრივ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა წარმოშობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე და სადავო აქტები შემოიფარგლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული უარის თქმის საფუძვლის ფორმალური მითითებით და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. გადაწყვეტილებაში მართალია, აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი არ არის მოქცეული ერთიან სივრცეში და შემოსაზღვრული მყარი მიჯნით „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, თუმცა არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში, არ დგინდება განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის სათანადო შესწავლა-გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომელზეც ჩანს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დამუშავებულია და შემოღობილია მყარი ღობით. ნაკვეთის ერთიან ფიქსირებულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე მითითებულია აგრეთვე აღიარების კომისიის 09.07.2021 წლის ოქმში, თუმცა სათანადოდ არ არის დასაბუთებული თუ როგორ შეძლო კომისიამ დაედგინა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე არ დგინდებოდა ფიქსირებული მიჯნის და ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის დანიშნულებას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული 16.02.2021 წლის მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, სადავო ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ამასთან, მოთხოვნილი ნაკვეთის მოსარჩელის მიერ დაკავების, ფლობის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობის ფაქტი დასტურდება მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებითა და მოწმის ჩვენებით, რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დამადასტურებელი ერთ-ერთი მტკიცებულებაა (სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში).
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეისწავლა ზემოთ მოყვანილი საკითხები, რაც მოწმობს სადავო აქტების გამოცემას სზაკ-ის 53-ე, 96-97-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ გამოკითხულა თავად განცხადების წარმდგენი ვ.ქ-ე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულ მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა (სზაკ-ის მე-13 მუხ.). ხსენებულ მუხლში დეკლარირებული წესი ადმინისტრაციული წარმოების უმნიშვნელოვანეს პრინციპთაგანია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პირების მაქსიმალურ დაცვას, რომლის უფლებებსაც შესაძლოა შეეხოს გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ აქტის გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და თავისი გავლენა მოახდინონ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორი, ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. სზაკ-ის 95.2 მუხლის დათქმიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა განხორციელებული.
ამდენად, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევით და ადმინისტრაციულ პროცესში დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით უნდა შემოწმდეს განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა. რაც შეეხება ახალი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ორგანოს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 371 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სისტემური რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადით. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2021 წლის №798 ბრძანების 1-ლი მუხლის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებს შორის არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიც. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 01 იანვარი. ამდენად, უკეთუ საკითხი აღარ არის სააგენტოს ქვემდებარე, მას შეუძლია იხელმძღვანელოს სზაკ-ის 80.1 მუხლის მოწესრიგებით, რომლის თანახმად თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც შესაბამის დასაბუთებასთან ერთად წერილობით უნდა ეცნობოს მხარეს (სზაკ-ის 80.3 მუხ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.03.2024 წლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე