განსჯადობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ბს-№49(გ-26) 25 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ლ.პ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2025 წლის 3 დეკემბერს ლ.პ-მა სამოქალაქო სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ გორის №... საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ საგაკვეთილო საათების განაწილების თაობაზე გორის №... საჯარო სკოლის დირექტორის 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების ბათილად ცნობა და განაცდურის - 2165,94 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საქმეებს, რომლებიც უწყებრივად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ საქმეზე, სადავო ბრძანების თანახმად, მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, სკოლის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ მინისტრის 18.05.2026 წლის №40 ბრძანება. ამდენად, სასამართლოს შეფასებით სასარჩელო მოთხოვნა ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული წესით განხილვას სასკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად.
გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, ლ.პ-ის უარი ეთქვა სამოქალაქო სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
2026 წლის 8 იანვარს ლ.პ-მა იგივე მოთხოვნებით ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განჩინებით, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლო არ დაეთანხმა, ამავე საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განმხილველი სასამართლოს შეფასებას განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ სკოლის დირექტორის 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანებით დამტკიცდა 2025-2026 წელს სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, თუმცა ლ.პ-ზე არც ერთი საგაკვეთილო საათი გამოყოფილი არ ყოფილა. მოსარჩელის სკოლიდან გათავისუფლება ცალკე ბრძანებით არ მომხდარა, თუმცა 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების მიღებით ფაქტობრივად მოხდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ლ.პ-მა მოითხოვა სსიპ „ქალაქ გორის №... საჯარო სკოლის“ 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
სასამართლოს შეფასებით, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ სკოლასა და მასწავლებელს შორის დავა წარმოშობილი იყო შრომითი ურთიერთობიდან, რაც არ უკავშირდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომითსამართლებრივ ურთიერთობას. მოცემულ შემთხვევაში, შეფასება უნდა მისცემოდა იმ საკითხს, სსიპ ქალაქ გორის №... საჯარო სკოლის დირექტორის მიერ 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების გამოცემით დაირღვა თუ არა ლ.პ-ის შრომის უფლება, რომლის გადაწყვეტაც უნდა მომხდარიყო საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის და არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ის ფაქტი, რომ სადავო ბრძანება გამოცემული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, არ ქმნიდა ამ დავის საჯარო კანონმდებლობით გადაწყვეტის საკმარის საფუძველს. სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდებოდა „ზოგადი განათლების შესახებ“ და შრომის კანონმდებლობით რეგულირებულ ურთიერთობას შრომით დავებზე, შესაბამისად, სადავო ბრძანების ბათილობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, ექვემდებარებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად ლ.პ-ის სარჩელი, თანდართული მასალებით უნდა გადასცემოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალებისა და განსახილველ საქმეზე არსებული განსჯადობის შესახებ განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ლ.პ-ის სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხლი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული წესით სასამართლოთა განსჯად საქმეებს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში, გორის რაიონული სასამართლოს ორ სხვადასხვა შემადგენლობას შორის დავა საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით არის წარმოშობილი. ამდენად, დასადგენია, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას. შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი, რადგან განსჯადობის საკითხის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დავის ბუნებას და არა სუბიექტურ შემადგენლობას ენიჭება. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობით წესრიგდება.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ „ქალაქ გორის №... საჯარო სკოლის“ დირექტორის 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანებით დამტკიცდა 2025-2026 წელს სკოლაში დასაქმებულ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა, თუმცა ლ.პ-იზე არც ერთი საგაკვეთილო საათი გამოყოფილი არ ყოფილა. მოსარჩელის გათავისუფლება სკოლიდან ცალკე ბრძანებით არ მომხდარა, მაგრამ 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების მიღებით ფაქტობრივად მოხდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ლ.პ-მა წარდგენილი სარჩელით მოითხოვა სსიპ ,,ქალაქ გორის №... საჯარო სკოლის“ დირექტორის 2025 წლის 15 სექტემბრის №2-4 ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ავტორიზაციის წესებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს (მუხლი 1.2). მოცემული კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექცია არის სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია.
მოცემული კანონის მუხლი 217 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა ხდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჭ2“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში – სკოლა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მათ შორის, კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომში − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს და მასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტის წესსა და პირობებს (მუხლი 1.1).
საჯარო სკოლაში მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის, ასევე უფლებამოსილების განხორციელების პირობები, კონტროლი და ზედამხედველობის საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობს, რომ სკოლასა და მასწავლებელს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურებრივ ურთიერთობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა)... ამდენად, საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი დავა არ წარმოადგენს საჯარო სამსახურის ფარგლებში არსებულ შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და არ ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ერთგვაროვანი პრაქტიკით საჯარო სკოლაში წარმოშობილი შრომითი დავები დაქვემდებარებულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით განხილვას (იხ. №ას-1177-2024; №ას-311-2025; №ას-995-2024 №ას-188-2024 და ა.შ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არსებითია შეფასდეს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის პროცესში. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის მნიშვნელოვანია, თავად სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა არ მიეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალს, ასევე, დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. მოთხოვნა დაფუძნებულია სამოქალაქო სამართლის ნორმებზე, კერძოდ, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონული სასამართლოს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 და 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.პ-ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ ,,ქალაქ გორის №... საჯარო სკოლის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა