დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 05.03.2026
საქმის ნომერი
ბს-174(კს-26)
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-174 (კს-26) 05 მარტი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა მ.ქ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ქ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და ლ.კ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“, პირველ მოსარჩელესთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი წარადგინეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) , სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი მეორე მოპასუხის 21.04.2021 წლის №5375773 გადაწყვეტილება და 30.04.2021 წლის №5391912 გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი პირველი მოპასუხის 25.06.2021 წლის №874 ბრძანება მოსარჩელეების ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.08.2021 წლის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულნი იქნენ ა.რ-ი, ვ.რ-ი, ნ.ს-ა და ს.რ-ი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2025 წლის განჩინებით: მეორე მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე N3ბ/1308-24 და შესაბამის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.11.2024 წლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 397-401).

6. 05.12.2025 წელს მოსარჩელეებმა მიმართეს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 402-406).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8. 06.02.2026 წელს პირველმა მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა პრეტენზია საკასაციო საჩივრის ფორმით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინების გაუქმება, გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს კერძო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს 12.12.2025 წლის განჩინებაზე და ამდენად, საკასაციო პალატა ამოწმებს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. სსსკ-ის 416-ე მუხლით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ანუ განმცხადებელს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე. განჩინებით განიმარტა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განჩინება შეიძლება გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ჩაბარების მომენტიდან 12 დღის ვადაში (ტ.2, ს.ფ. 440-444).

13. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ მოსარჩელეებს განემარტათ სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი.

14. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინების ასლი მოსარჩელეების წარმომადგენელს - დ.ღ-ეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.313, გზავნილი, ტ2, ს.ფ. 445; მოსარჩელეების მიერ დ.ღ-ის სახელზე 16.11.2023 წელს ხუთი წლის ვადით გაცემული და 16.11.2028 წლამდე მოქმედი რწმუნებულებები გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, ტ.2, ს.ფ. 263,264) და პირადად ჩაჰბარდა დ.ღ-ეს 06.01.2026 წელს (ტ.2, ს.ფ.452). ამდენად, დადგენილია, რომ განჩინება ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს და შესაბამისად, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების 12-დღიანი ვადა უნდა აითვალოს სწორედ ამ თარიღიდან.

16. რაც შეეხება უკვე მოგვიანებით, განჩინების პირადად ჩაბარების მიზნებისთვის წარდგენილ 27.01.2026 წლის განცხადებაში მოსარჩელეთა მიერ განვითარებულ მსჯელობას 01.12.2025 წლიდან დ.ღ-ესთან წარმომადგენლობითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მტკიცებულება, რაც მოსარჩელეებსა და მათ წარმომადგენელს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტას და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირების ფაქტს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

17. სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს რწმუნებულების გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით არ უცნობებიათ, აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეებმა მიუთითეს მხოლოდ 27.01.2026 წლის განცხადებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რწმუნებულების გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება არც ამ ეტაპზე არ ყოფილა სასამართლოსთვის წარდგენილი.

18. ამდენად, დადგენილია, რომ საქმის მასალებით, 12.12.2025 წლის განჩინების ასლის გაგზავნისა და ჩაბარების ეტაპზე დ.ღ-ე იყო მოსარჩელეების უფლებამოსილი წარმომადგენელი და სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 06.01.2026 წელს სააპელაციო სასამართლოს განჩინების წარმომადგენლისათვის ჩაბარება კერძო საჩივრის ავტორისთვის ჩაბარებად უნდა მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ Nბს-125(2კ-20), 17.02.2020წ.; სუსგ Nას-331-2021, 15.02.2022წ., პუნ. 19, სუსგ Nას-183-2023, 31.05.2023 წ. პუნ. 61).

19. საპროცესო ვადის ათვლის მიზნით სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ჩაბარების თარიღი. ვადის ათვლა იწყება აქტის იმ ჩაბარებიდან (მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის), რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრეა დაფიქსირებული (შდრ. სუსგ №ბს-454 (კს-19), 16.01.2020წ; №ბს-1068(კს-23), 01.02.2024წ.).

20. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 12.12.2025 წლის განჩინება 06.01.2026 წელს ჩაჰბარდა უფლებამოსილ წარმომადგენელს, განჩინების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს სწორედ ამ თარიღიდან და ვადის ათვლა ვერ დაუკავშირდება უკვე მოგვიანებით - 30.01.2026 წელს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, პირადად კერძო საჩივრის ავტორისთვის განჩინების ასლის ჩაბარების თარიღს.

21. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

22. ამდენად, 12.12.2025 წლის განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 06.01.2026 წლის ჩაბარების მეორე დღეს და ამოიწურა ამავე წლის 20 იანვარს (გასაჩივრების ბოლო დღე - 2026 წლის 18 იანვარი იყო დასვენების დღე - კვირა, ხოლო 19 იანვარი - საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღე). საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილი იქნა მხოლოდ 06.02.2026 წელს (ტ.2, ს.ფ.467), ანუ სსსკ-ის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი ვადის დარღვევით.

23. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

24. სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 399-ე მუხლების საფუძველზე, რადგან კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კერძო საჩივრის ავტორს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსსკ-ის 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2025 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. მ.ქ-ეს (პირადი N...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი (საგადასახადო დავალება #114, გადახდის თარიღი 06.02.2026წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე