დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-881(კ-25) 29 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - რ. უ-ი, მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. უ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას რ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით; ბ) მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას რ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე რ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით (სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი). მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე რ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ხოლო რ. უ-ის მიერ წარდგენილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და რ. უ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 6 მაისს რ. უ-ი პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სსკ-ის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით მოსარჩელეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 მაისიდან. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით რ. უ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, რაც უცვლელად იქნა დატოვებული როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ისე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით.
კასატორის მითითებით სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას. ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. მოცემულ შემთხვევაშიც, მიუხედავად პირის გამართლებისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. შესაბამისად, პირის გამართლების შემთხვევაშიც ვერ მიენიჭება კანონის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებებს არამართლზომიერი ხასიათი. აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მოსარჩელეებისათვის ზიანის მიყენებად.
კასატორის განმარტებით, მორალურ ზიანთან დაკავშირებით სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რ. უ-ი სასამართლო განჩინების საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 26 დღე. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, განჩინება/გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.
ასევე დაუსაბუთებელია საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის რ. უ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრება, კერძოდ, მხარის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამგვარი სახეზე არ გვაქვს) უპირობოდ სრულად ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების 2 ხელშეკრულება. ერთი ხელშეკრულებით მომსახურების საფასურია 3000 ლარი, მეორე ხელშეკრულებით - 2000 ლარი. მიუხედავად ამისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. სასამართლომ ამ შემთხვევაში გონივრულ ოდენობაზე კი არ იმსჯელა, პირდაპირ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა. მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობა, წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაო, რაც უნდა დასტურდებოდეს საქმის მასალებით. მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისთვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე გახორციელებული მოქმედებები, მათ შორის, ადვოკატის აყვანა არის პირის (ბრალდებულის) უფლება და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ მატერიალურ ზიანად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის განჩინებით (საქმე №10ა/40-19), რ. უ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 4 მაისის 18:50 საათიდან (ტ.1, ს.ფ 17-22); ბ) მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით (საქმე №1-210-19) რ. უ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამავე განაჩენით გამართლებულ რ. უ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ (ტ.1, ს.ფ 39-59); გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით (საქმე №793აპ-20) დაუშვებლად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის საკასაციო საჩივარი (ტ.1, ს.ფ 23); დ) საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ბარათებით დგინდება, რომ 2019 წლის 4 მაისიდან 2019 წლის 7 მაისამდე რ. უ-ი მოთავსებული იყო დროებითი დაკავების იზოლატორში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანებები, კერძოდ, 04/05/2019 წლის №107 სამედიცინო ბარათის თანახმად, პაციენტს მარჯვენა სხივ მაჯის სახსრის და წინამხრის დისტალური ნაწილის შიგნით ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაკაწრები და ზედაპირის ჭრილობა, აგრეთვე, დიდ თითზე მცირე ზომის დაზიანება კანზე. მისი გადმოცემით, დაზიანებები მიიყენა თავად, კბილით (ტ.1, ს.ფ 96-98); ე) 2019 წლის 5 მაისს, ერთი მხრივ, დ. კ-ეს (რ. უ-ის დედა) და, მეორე მხრივ, ადვოკატ თ. ქ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რ. უ-ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებში და პირველი ინსტანციის სასამართლოში. საადვოკატო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 5 მარტის ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე, გაფორმებული ადვოკატ თ. ქ-სა და რ. უ-ს შორის, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კლიენტის - რ. უ-ის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, ხოლო საადვოკატო მომსახურების საფასურად განისაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარი (ტ.1, ს.ფ 27-29, 24-26).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რ. უ-ს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის), რომლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს“.. (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.).
სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით (საქმე №1-210-19) რ. უ-ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, კანონიერ ძალაში არსებული გამამართლებელი განაჩენი მისი რეაბილიტაციის საფუძველს წარმოადგენს. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უკანონოდ უნდა ჩაითვალოს. თავის მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული არაქონებრივი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. „..ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას..“(სუს 2021 წლის 27 მაისის №ბს-222(კ-კს-20) გადაწყვეტილება). „..დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში..“ (სუს 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. განჩინებით №ბს-972-936(3კ-08) ადმინისტრაციულ საქმეზე ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“...... „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ წარდგენილი ბრალდებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, ასევე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში კასატორისათვის მორალური ზიანის სახით 10000 ლარის დაკისრებას და განმარტავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
რაც შეეხება მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, მატერიალური ზიანის ანაზღაურება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯებს მოიცავს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედება - ადვოკატის აყვანა, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა, პირის (ბრალდებულის) უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა (გაღებული ხარჯების დადასტურების შემთხვევაშიც კი) არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. ამასთან, ,,სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით“ (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 2019 წლის 7 თებერვალი).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის ადვოკატი აეყვანა, რათა სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მართალია, ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით წარმომადგენლობითი მომსახურება გაწეულია. იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315(კ-11); 30.10.2015წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ., 17.01.2019წ. №ბს-809-805(3კ-17); 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილებები).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოსარჩელისთვის მიყენებულ ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, დავის საგნის, სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების საკითხი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. აბუსერიძე