დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1353(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1353(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ჩ-ა

დავის საგანი - შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის საერთო წელთა ნამსახურობაში ჩათვლა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჩ-ამ 22.07.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის 29.05.2024 წლის № SSA 2 24 00575583 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.07.2024 წლის № SSA 7 24 00739144 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზ. ჩ-ასათვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.2024 წლის გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის 29.05.2024 წლის № SSA 2 24 00575583 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.07.2024 წლის № SSA 7 24 00739144 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ჩ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.12.2024 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ორგანოს 10.11.2020 წლის №69053-20/1 გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის 29.05.2024 წლის № SSA 2 24 00575583 სადავო გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ახლად გამოგზავნილ, 22.04.2024 წლის №118348/01 (რეგ. №454367, 22.04.2024წ.) მომართვაზე თანდართული წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით, ზ. ჩ-ას კალენდარული წელთა ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს, 03 თვესა და 04 დღეს, რითაც იზღუდებოდა მოქალაქისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, რამეთუ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება მოქალაქეს თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. ამავე წესის 22-ე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, საერთო წელთა ნამსახურობაში და არა სავალდებულო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება. სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (2020 წელს მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 21.09.2023წ. კანონით ცვლილება შევიდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" კანონში და მე-16 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ. ჩ-ამ 04.11.2020 წელს წარდგენილი განცხადებით მოახდინა უფლების რეალიზება კანონში ხსენებული ნორმის დამატებამდე, თუმცა მისთვის კომპენსაციის დანიშვნა არ მოხდა ნამსახურობის არასწორი გაანგარიშების შედეგად. ზ. ჩ-ამ უფლების რეალიზებისათვის განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა იმ პერიოდში, როდესაც მატერიალური უფლება კანონით დადასტურებული იყო. ამასთან, განსახილველ ფაქტებთან დაკავშირებით მოპასუხე ვალდებული იყო გამოეყენებინა კანონის ის დანაწესი, რომლის მოქმედების პირობებშიც მხარემ მოახდინა მატერიალური უფლების რეალიზება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე მე-6 პუნქტის დამატება ვერ გავრცელდება შესაბამის ცვლილებამდე წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე, რადგან იგი არ შეიცავს დათქმას ნორმისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორი შეფასება არ მიეცა როგორც წარდგენილ მტკიცებულებებს, ასევე ზ. ჩ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხს, ვინაიდან მოსარჩელესთან მიმართებით კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისათვის წელთა ნამსახურობაში უნდა ჩათვლილიყო განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით, როგორც ამას ითვალისწინებდა კანონის ცვლილებამდელი რედაქცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების დანიშვნის და გაცემის წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება მოქალაქეს, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. ამავე წესის 22-ე მუხლის 3' პუნქტის თანახმად, საერთო წელთა ნამსახურობაში და არა სავალდებულო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება. კასატორმა მიუთითა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან 22.04.2024 წელს სააგენტოში გადაიგზავნა წარდგინება ზ. ჩ-ას წელთა ნამსახურობის დაანგარიშებით, რომლის მიხედვითაც ზ. ჩ-ას კალენდარულმა წელთა ნამსახურობამ შეადგინა 19 წელი, 03 თვე და 04 დღე. შესაბამისად, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ზ. ჩ-ას არ უდასტურდებოდა კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წელთა ნამსახურობის 20 კალენდარული წელი.

კასატორმა მიუთითა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან, იმავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან ან საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-61 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორმა აღნიშნა, რომ ზ. ჩ-ას მიმართ სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17.12.2020 წელს გაცემული, შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურის ზ. ჩ-ას წელთა ნამსახურობის შესახებ ანგარიში, რომლის თანახმად ზ. ჩ-ას წელთა ნამსახურობამ სპეციალური წოდებით შეადგინა კალენდარული (01.11.1988წ.-26.10.2004წ.) – 15 წელი, 11 თვე და 25 დღე; შეღავათიანი (24.06.1992წ.-27.09.1993წ.) – 01 წელი, 03 თვე და 03 დღე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხით/გაანგარიშებით დგინდება, რომ ზ. ჩ-ას სახელმწიფო სპეციალური წოდებით კალენდარული წელთა ნამსახურობა შეადგენს 03 წელს, 03 თვეს და 09 დღეს, ხოლო შეღავათიანი გაანგარიშება - 00 წელს, 07 თვეს და 12 დღეს (06.07.2009 წლიდან - 01.10.2010 წლამდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 15.04.1995 წლის №635 ბრძანების შესაბამისად, ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწადნახევრად ჩათვლის შემთხვევაში). ასევე უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება „...“ მიენიჭა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 21.09.2011წლის №318 ბრძანებით, 06.09.2009 წლიდან.

ზ. ჩ-ამ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, 04.11.2020 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ორგანოს 10.11.2020 წლის №69053-20/1 გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ უდასტურდებოდა 20 წლის კალენდარული წელთა ნამსახურობა. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელემ არაერთხელ (22.03.2022 წელს, 10.04.2024 წელს) მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წელთა ნამსახურობით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის 29.05.2024 წლის № SSA 2 24 00575583 სადავო გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას მოთხოვნა (07.05.2024 წლის განცხადება) კვლავ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ახლად გამოგზავნილ, 22.04.2024 წლის №118348/01 (რეგ. №454367, 22.04.2024წ.) მომართვაზე თანდართული წელთა ნამსახურობის გაანგარიშებით, ზ. ჩ-ას კალენდარული წელთა ნამსახურობა შეადგენდა 19 წელს, 03 თვესა და 04 დღეს, რითაც იზღუდებოდა მოქალაქისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, რამეთუ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება მოქალაქეს, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვს წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი. ამავე წესის 22-ე მუხლის 31 პუნქტის თანახმად, საერთო წელთა ნამსახურობაში და არა სავალდებულო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, ჩაითვლებოდა აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ჩ-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.07.2024 წლის № SSA 7 24 00739144 გადაწყვეტილებით ზ. ჩ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო აქტებით დასტურდება, რომ ზ. ჩ-ას წელთა ნამსახურობაში არ ჩაეთვალა განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული პერიოდი ითვლება არა სავალდებულო კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, არამედ საერთო წელთა ნამსახურობაში კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტში კი კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად დასახელებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი პირებიც.

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (ამჟამად, ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი)

პირველი მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, ოფიცრები, მათ შორის, სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახის წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (კანონის 16.3 მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მითითებულ საკანონმდებლო აქტში 12.10.2023 წელს განხორციელებულ ცვლილებაზე (დოკუმენტის ნომერი 3519-XIIIმს-Xმპ, მიღების თარიღი: 21.09.2023 წელი), კერძოდ, მე-16 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად შეღავათიანი გაანგარიშებით განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 61 პუნქტზე და თვლის, რომ ამ ნორმის მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებულ საკანონმდებლო აქტში ცვლილება შევიდა 03.04.2024 წლის №4098-XIVმს-Xმპ კანონით და მე-8 მუხლს დაემატა 61 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით ჩაითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისთვის და არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლით კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. არ შეიძლება კანონს მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში წელთა ნამსახურობის გადაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად წარდგინების გაგზავნა ზ. ჩ-ამ მოითხოვა ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, 04.11.2020 წელს, თუმცა მისთვის კომპენსაციის დანიშვნა არ მოხდა ნამსახურობის არასწორი გააანგარიშების შედეგად. სოციალური უზრუნველყოფის შინაარსის მატარებელი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა დამოკიდებულია დაინტერესებული პირის მიერ ამ უფლების სამართლებრივ რეალიზაციაზე (მოქმედებაზე), კერძოდ მიმართვაზე უფლებამოსილი ორგანოსადმი და ასევე, იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რაც მოქმედებს განცხადების წარდგენის მომენტისათვის. ზ. ჩ-ამ უფლების რეალიზებისთვის განცხადება ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა იმ პერიოდში, როდესაც მატერიალური უფლება კანონით დადასტურებული იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს მხარის უფლების რეალიზების შესაძლებლობას მის მიერ განცხადების წარდგენისას მოქმედი კანონის რედაქციის გათვალისწინებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამჟამად მოქმედი კანონის ნორმა შეუძლებელია საფუძვლად დაედოს სადავო საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან კანონმდებელს აღნიშნული ნორმისათვის უკუძალა არ მიუნიჭებია. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ზ. ჩ-ას მოთხოვნაზე მსჯელობისას უნდა ეხელმძღვანელა განაცხადის წარდგენის დროს მოქმედი ნორმატიული მოწესრიგებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის კანონის უკუძალა, კასატორის მიერ მითითებული საკანონმდებლო ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს ზ. ჩ-ას უფლებაზე, შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საშეღავათო პერიოდი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე