დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-781(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები)– ბ. გ-ე, ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) –ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირები: ა. ფ-ე, გ. ბ-ი, ი. ბ-ი, ხ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი–ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 15 ივლისს ბ. გ-ემ და ა. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან დედა-შვილი, რომლებიც 50 წელზე მეტია ცხოვრობენ ქ. თბილისში, ... N1-ში, სადაც ფლობდნენ 10 ჰა მიწის ნაკვეთს. თბილისის საკრებულოსადმი მიმართული განცხადებებით ბ. გ-ე ითხოვდა მის საკუთრებაში არსებული 3558 კვ.მ მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ხოლო ა. მ-ი 2748 კვ.მ მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას. საკრებულომ 2015 წლის 1 ივნისს განიხილა მათი განცხადება და მხარეთა მოწვევის გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელებს მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობა არ უდასტურდებოდათ.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ბ. გ-ისათვის და ა. მ-ისათვის ქ.თბილისში, ... N1-ის მიმდებარედ 6648 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1 ივნისის №439 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქ.თბილისში, ... N1-ის მიმდებარედ ბ. გ-ისათვის - 3900 კვ.მ., ხოლო ა. მ-ისათვის - 2748 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოპასუხედ მითითებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ისა და ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბ. გ-ემ და ა. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ფ-ის, გ. ბ-ის, ი. ბ-ის (მ. ბ-ის უფლებამონაცვლეები) და ხ. ს-ის საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მესამე პირად საქმეში ჩაებნენ ა. ფ-ე, გ. ბ-ი, ი. ბ-ი (მ. ბ-ის უფლებამონაცვლეები) და ხ. ს-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით ბ. გ-ისა და ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-5 და მე-11 მუხლებზე და განმარტა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულია მართლზომიერ მფლობელობაში და თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების განმხილველი ორგანო. კერძოდ, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარების საკითხს განიხილავს აღიარების კომისია, ხოლო მართლზომიერად დაკავების საკითხის განხილვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 24.07.2014წ. ბ. გ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ... ქ. N1-ის მიმდებარედ 6648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ზემოაღნიშნული მოთხოვნა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1 ივნისის N439 სხდომის ოქმით არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით მოითხოვეს მასზე საკუთრების უფლების აღიარება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-51 მუხლებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი განპირობებულია რამდენიმე საფუძვლით: 1. არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის მთლიანი ღობის არსებობა და აეროგადაღებით არ ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთის ღობის საზღვრები; 2. არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობა; 3. მოთხოვნილი ტერიტორია მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში (რზ-2).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 28 დეკემბრის ცნობა-დახასიათებით, ქ.თბილისში, ... N1-ში მდებარე 4255 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი - ლიტერ ,,ა“ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 81.06 კვ.მ.; ლიტერ ,,დ“ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 99.59 კვ.მ.; 9 ლიტერ ,,ბ“ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 35.00 კვ.მ.; ლიტერ ,,მ-ვ-გ-ე-ზ-ფ-ფ1-ტ-კ-ვც4“ (დამხმარე) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 296.00 კვ.მ..ლიტერ ,,ს“ (საცხოვრებელი) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 42.63 კვ.მ.; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია ი. წ-ის სახელზე 1994 წლამდე.
საგულისხმოა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.06.2014წ. ამონაწერით დგინდება, რომ ბ. გ-ს საკუთრებაში აღირიცხა 3820 კვ.მ უძრავი ქონება (ს.კ. ...), მდებარე ქ. თბილისი, ... N1. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია სააღრიცხვო ბარათი N... . ამასთან, ბ. გ-ის განცხადებით, 2012 წლიდან მასზე რიცხული უძრავი ქონებიდან საკუთრებაში დარჩა 120 კვ.მ, ხოლო 3700 კვ.მ ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ქ. ჯ-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ არ დასტურდება ბ. გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიც, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით და სააღსრულებო ბიუროს ფაქტების კონსტატაციის ოქმით არ დასტურდება მიწის ნაკვეთზე ერთიანი ღობის არსებობა. ამასთან, არ დგინდება საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ან 2007 წლამდე აშენებული შენობა-ნაგებობის კვალი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომლითაც ისინი ადასტურებენ ბ. გ-ის მიერ 2007 წლამდე ..., N1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, განმარტა, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს ვერ მიენიჭება მტკიცებულებითი ძალა, თუ ისინი არ დასტურდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სააპელაციო სასამართლომ ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას მიმდებარე ტერიტორიაზე არ უფიქსირდება საკუთრების უფლება, შესაბამისად, გამოირიცხება მისი მოთხოვნის განხილვა მომიჯნავეობის საფუძვლით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან ა. მ-მა ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, მასზედ, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, ახორციელებდა მთლიანი მიწის ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას, ასევე ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მიწის ნაკვეთს გააჩნდა ერთიანი ღობე, ან მტკიცებულება, იმისა რომ იგი სარგებლობდა მთლიანი მიწის ნაკვეთით, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "ზ“ ქვეპუნქტზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და ჰყვებოდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ,,მდ.ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის“ დამუშავების საკონკურსო არეალში. აღნიშნული კი საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ. გ-ემ და ა. მ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა ა. მ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1 ივნისის №439 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელეთა განცხადების დაკმაყოფილების, კერძოდ, ქ.თბილისში, ... N1-ის მიმდებარედ ბ. გ-ისათვის - 3900 კვ.მ. და ა. მ-ისათვის - 2748 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისს ბ. გ-ემ მიმართა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ბ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლების აღიარება 3900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ხოლო ა. მ-ის სახელზე - 2748 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას მოითხოვდნენ მისი თვითნებურად დაკავების მოტივით.
აღიარების კომისიის 2015 წლის 1 ივნისის N439 სხდომის ოქმით, ბ. გ-ესა და ა. მ-ს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვათ უარი, რაც დაეფუძნა რამდენიმე საფუძველს: 1. არ დადასტურდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი უშუალოდ განმცხადებლის მიერ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე; 2. არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის მთლიანი ღობის არსებობა და აეროგადაღებით არ ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთის ღობის საზღვრები; 3. არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობა; 4. მოთხოვნილი ტერიტორია მოქცეული იყო სარეკრეაციო ზონაში (რზ-2).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
დასახელებული ნორმების მიხედვით, გამოიყოფა ორი შემთხვევა: 1. განმცხადებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება (საკუთრებაში არსებულ ფართზე ნაკლები ფართის) და 2. ისეთი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება, რომელზედაც ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა საცხოვრებელი სახლის არსებობა (აშენებული ან დანგრეული). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
მოსარჩელე - ბ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის მოტივაცია ემყარება იმ გარემოებას, რომ მან ქ. თბილისში, ... N1-ში მდებარე ი. წ-ის სამკვიდრო ქონებიდან (4255 კვ.მ) ნაწილი, კერძოდ 3820 კვ.მ დაირეგისტრირა საკუთრებაში. მოსარჩელე მის საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს მისი თვითნებურად დაკავების საფუძვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ტერიტორია ერთიანი ღობის ფარგლებში იყო მოქცეული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლის "გ’’ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წელს, მაშინ როდესაც ბ. გ-ემ მიმართა აღიარების კომისიას თვითნებურად დაკავებული მომიჯნავე - 3900 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით, მას საკუთრებაში გააჩნდა მხოლოდ 120 კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ცხადია, რომ არ სრულდება ზემოაღნიშნული კანონის დანაწესი და გამოირიცხება მიწის ნაკვეთის მომიჯნავეობის საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე, 103-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი 2009-2010 წლის ფოტოები არარელევანტურია იმ ფაქტის დადგენა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე მოქცეული იყო ერთიან ღობეში, მითუფრო იმ პირობებში, რომ მითითებულ წლებშიც არ იკვეთება მთლიანი ღობის კონტური. შესაბამისად შეუძლებელია ღობის ფრაგმენტულ მონაკვეთებზე მითითებით დადგინდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ. გ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტიც, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოებით და სააღსრულებო ბიუროს მიერ ფაქტების კონსტატაციის ოქმით არ დგინდება მიწის ნაკვეთზე ერთიანი ღობის არსებობა, ამასთან, არ ვლინდება არც საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა ან ისეთი ნაგებობის კვალი, რომელიც 2007-წლამდე იქნებოდა აშენებული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში არსებული სააღსრულებო ბიუროს ფაქტის კონსტანტაციის მასალები და ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ასახავს ოქმის და დასკვნის შედგენის პერიოდისთვის არსებულ ფაქტობრივ ვითარებას, რაც არარელევანტურია სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებისთვის, რადგან აღნიშნულით ვერ დადასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ. გ-ეს სადავო მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე დაკავებული ჰქონდა თვითნებურად.
მოსარჩელე საკუთარ პოზიციას ამყარებს მოწმეების ნოტარიულად დამოწმებულ განმარტებებზე, რომლებიც ადასტურებენ ბ. გ-ის მხრიდან სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე სარგებლობასა და მფლობელობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმეთა მხოლოდ ნოტარიულად დამოწმებული სუბიექტური ხასიათის განცხადებაა, რომელსაც გააჩნია მტკიცებითი ძალა, თუმცა იგი უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში არსებული განმარტება დამოუკიდებლად არ წარმოადგენს განმცხადებლის მოთხოვნის დამადასტურებელ უპირობოდ რელევანტურ მტკიცებულებას, მას არ აქვს უტყუარი მნიშვნელობა და მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად. მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება მასზედ, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის 51.3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის), ასევე ერთიანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ ის დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (სუსგ 2020 წლის 23 მარტის Nბს-1338(კ-18)). სხვა განჩინებაში საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ "დღევანდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთზე კონკრეტულ პერიოდში უძრავი ქონების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენა ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულებების - ორთოფოტოს (აეროფოტოგადაღების) მეშვეობით არის შესაძლებელი“ (სუსგ 2018 წლის 13 დეკემბრის Nბს-698- 698(კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ახსნა-განმარტების გარდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სხვა რაიმე რელევანტური და განკუთვნადი დოკუმენტი. შესაბამისად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები სასამართლოს მიერ მიიჩნევა საკმარისად იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ბ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთის 2007 წლამდე თვითნებურად დამკავებელი პირია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიმოიხილავს ა. მ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობასაც და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მისი საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავ ქონებაზე, შესაბამისად, მომიჯნავეობით საკუთრების უფლების აღიარება იმთავითვე გამოირიცხება. ამდენად, შესაფასებელია ჰქონდა თუ არა ა. მ-ს 2007 წლამდე მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაკავებული და დასტურდება თუ არა ამ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის არსებობის ფაქტი (აშენებული ან დანგრეული).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ა. მ-მა სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი; 2. ახორციელებდა მთლიანი მიწის ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მიწის ნაკვეთს გააჩნდა ერთიანი ღობე, ან მტკიცებულება, იმისა რომ იგი სარგებლობდა მთლიანი მიწის ნაკვეთით. საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ ასეთ პირობებში შეუძლებელია უტყუარად დადასტურდეს მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვითაც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. კერძოდ, მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნის უარმყოფელ ერთ-ერთი საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დასკვნის შესაბამისად, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში. ასევე, იგი ჰყვება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ "მდ.ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის“ დამუშავების საკონკურსო არეალში. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ გასაჩივრებული-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 1 ივნისის N439 საოქმო გადაწყვეტილება ბ. გ-ისა და ა. მ-ის ნაწილში მიღებული იყო ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) მოთხოვნათა სრული დაცვით და აღნიშნული საფუძვლით ასევე არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 22.12.2025წ. წარმოდგენილი განცხადებით კასატორებმა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 280-ე მუხლებით განსაზღვრულია კონკრეტული შემთხვევები, როდესაც სასამართლო ერთი მხრივ, ვალდებულია, ხოლო სხვა შემთხვევებში უფლებამოსილია შეაჩეროს საქმისწარმოება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორები საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვენ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის მიზნით, რაც ცალსახად არ ექცევა საქართველოს პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების დადგენილ შემთხვევებში. საგულისხმოა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13 ოქტომბრის განჩინებით ბ. გ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო კასატორებმა დასაბუთებული საკასაციო განაცხადის წარსადგენად ვადა 2 თვის შემდეგ მოითხოვეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის საკასაციო პალატაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ასევე უსაფუძვლოა კასატორთა მოთხოვნა, რადგან მათ გონივრული დრო ჰქონდათ დამატებითი მოსაზრებების წარმოსადგენად, ხოლო აღნიშნული საფუძვლით საქმის შეჩერების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გაჭიანურდება საქმის განხილვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯ. ხ-ს ბ. გ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე 7.10.2025წ. N5560 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ჯ. ხ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 280-ე, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების - ბ. გ-ისა და ა. მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ. გ-ის და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება;
4. ჯ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. გ-ის და ა. მ-ის საკასაციო საჩივარზე 7.10.2025წ. N5560 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა