დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1310(კს-25) 15 დეკემბერი, 2025 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ...
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა ამხანაგობა გზები და ხიდების საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით მისი დამფუძნებლის - შპს ...ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოწინააღმდეგე მხარე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) ყადაღადადებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2022 წლის ბრძანებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დადგინდა მოწინააღმდეგე მხარის დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღნიშნული ბრძანება ამავე სასამართლოს 29.05.2024 წლის განჩინების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. 28.06.2024 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. მოწინააღმდეგე მხარემ 18.09.2024 წელს წარადგინა საჩივარი და მოითხოვა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 421-ე მუხლის საფუძველზე საჯარო შეტყობინების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2024 წლის განჩინების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება და ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2024 წლის განჩინებით საჩივარი განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან საჩივარი თავისი არსით იყო განცხადება განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის განხილვისთვის განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2024 წლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2024 წლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2024 წლის განჩინება. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრის და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
7. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. საქმის მასალების თანახმად:
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2024 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2024 წლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. განჩინებით განიმარტა მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა (ს.ფ.167-169).
8.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.02.2025 წლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.11.2024 წლის განჩინება. სარეზოლუციო ნაწილით განიმარტა, რომ განჩინება არ საჩივრდებოდა (ს.ფ.194-203).
8.3. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მისი ავტორი ითხოვს სწორედ 11.02.2025 წლის განჩინების გაუქმებას.
9. ამდენად, კერძო საჩივრის ობიექტია კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
11. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება (სუსგ. №ბს-988(კს-25), 06.10.2025წ.; №ბს-904(კს-25), 12.08.2025წ.)
12. პალატა აქვე განმარტავს, რომ: წინამდებარე საქმეში სასამართლოში საქმის წარმოება დაწყებულია კერძო საჩივრის ავტორის ყადაღადადებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით (ს.ფ. 2-4). გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის სპეციალურ წესს ადგენს სასკ-ის VII5 თავი. სასკ-ის 2123 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება საჩივრით გასაჩივრებული ბრძანების შემოწმებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. მასთან, გასაჩივრების შეზღუდვა შეეხება როგორც არსებით გადაწყვეტილებას, ასევე დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც (სუსგ №ბს-143(კს-22), 18.02.2022წ.). განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რაც ასევე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123 მუხლის მე-9 ნაწილით, სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ...ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
გიზო უბილავა