დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-944(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე; გოჩა აბუსერიძე,საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 3 აპრილს შპს „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 17 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის №000362 შემოწმების აქტის თანახმად, ქ.თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ობიექტზე დაირღვა ,,მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ, ჩამოიშალა ქვაბულის ფერდი და გზის სავალი ნაწილი, შესაბამისად, მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის გამო, დაჯარიმდა 30 000 ლარით. ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №შ-118/19 დადგენილებით შეჩერდა ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, იმ საფუძვლით, რომ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა მშენებლობის ნებართვის შეჩერების გარეშე. აღნიშნული დადგენილებები მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიიღეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მსჯელობენ მხოლოდ დამდგარ შედეგზე - ქვაბულის ფერდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლაზე და ზედაპირულად ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითებენ, რომ აღნიშნული სწორედ მოსარჩელის მიერ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ კონკრეტულად რა დარღვევა იყო სახეზე და რა უნდა გამოესწორებინა მოსარჩელეს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სხვა სამშენებლო სამუშაოებიც, ქვაბულის ფერდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლა შესაძლოა გამოეწვია სწორედ მეზობლად მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ან სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას ან თუნდაც ნებისმიერ გარეშე ფაქტორს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №შ-118/19 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 02 მარტის №272 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შპს „ ა...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა...ის“ მიმართ 2019 წლის 17 მაისს შედგა №000362 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ობიექტზე დაირღვა ,,მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის უსაფრთხოების წესები. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000ლარით, ქ.თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთი №.... ს/კ ... მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის და დაევალა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე და მე-18 მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ ქვაბულის ფერდის და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლის ფაქტი არის მხოლოდ შედეგი და სადავო დადგენილებები არ მიუთითებს კონკრეტულად რომელი სამართალდარღვევით იქნა გამოწვეული აღნიშნული.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს შპს „ა...ის“ ქმედებების პირდაპირ გავლენაზე დამდგარი შედეგის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქვაბულის ფერდის და თანმდევად გზის სავალი ნაწილის ჩამოშლა გამოწვეულია რომელიმე გარეშე ფაქტორის ზემოქმედებით. სააპელაციო პალატის მითითებით, ქვაბული მოწყობილი იყო უშუალოდ აპელანტი მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მის მიმართ გამოცემული მშენებლობის ნებართვის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დამკვეთს და მესაკუთრეს, შესაბამისად სამუშაოების განმახორციელებელ პირს წარმოადგენდა შპს ,,...’’, რაც ნიშნავს, რომ სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №272 ბრძანების კანონიერების საკითხს, სააპელაციო პალატამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის, ამავე კოდექსის 185-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის დებულებებზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო არ არის ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... ნაკვეთში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ქვაბულის ფერდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლის ფაქტი. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებს დარღვევის შპს „...ის“ მიერ ჩადენას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №272 ბრძანებაში ადმინისტრაციული ორგანოები მსჯელობენ მხოლოდ დამდგარ შედეგზე, ქვაბულის ფერდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლაზე და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიუთითებენ, რომ ფერდის ჩამოშლა სწორედ მოსარჩელის მიერ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია, თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ კონკრეტულად რა დარღვევა იყო სახეზე და რა უნდა გამოესწორებინა მოსარჩელეს. ქვაბულის ფერდის ჩამოშლა არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, შესაბამისად, დაუშვებელია ხსენებული ფაქტის დადგომისთვის პირის დაჯარიმება. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაეცვა ,,უსაფრთხოების მოთხოვნები სამშენებლო მოედანზე“, თუმცა რომელი მოთხოვნა იყო დარღვეული სასამართლოს არ დაუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ა...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №272 ბრძანების იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის დადგენილება №000362 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-23 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე მუხლის მე-13 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ამ კოდექსის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამართალდარღვევის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მინიჭებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოვლენისას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სამშენებლო სამართალდარღვევებისგან განსხვავებით, კანონმდებელი არ გამოხატავს ნებას, სანქცირებამდე დამრღვევს განუსაზღვროს გამოსწორების ვადა. კანონით დასჯადად და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ქმნის მარტოოდენ მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარით.
მშენებლობის წარმოებისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ერთ-ერთ უმთავრეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. სწორედ ამიტომ, აუცილებლობას წარმოადგენს სანებართვო სამართლის ინსტიტუტების სწორად გამოყენება. „..აღნიშნული სამართლის ინსტიტუტების სწორი გაგება-გამოყენება უშუალოდ განაპირობებს ადამიანთა ყოფას, საზოგადოებრივი წესრიგის ხარისხსა და კულტურას..“ (სუსგ №ბს-60-55(კ-13), 02.07.2013წ.). შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მაღალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოშობის რისკი.
სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მითითებული კოდექსის მიზნების აღსრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“.
ზემოხსენებული რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული მოწესრიგება ვრცელდება მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელ სამუშაოებზე და განსაზღვრავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამშენებლო მოედანზე: ორგანიზების, სამშენებლო მანქანა-მექანიზმების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტის ექსპლუატაციის, ელექტრო და აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-დაცლის, საიზოლაციო, მიწის, ბეტონისა და რკინა-ბეტონის, სამონტაჟო, სადემონტაჟო და სხვა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა სამუშაოთა წარმოების დროს. ამავე რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მშენებლობის უსაფრთხოება. მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო მოედანი დასახლებულ ადგილებში და საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ ან მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს შემოღობილი, რათა სამშენებლო მოედანზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამორიცხული იყოს იქ უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა. შემოღობვა ხალხის მოძრაობის ადგილებში გადახურული უნდა იყოს ისეთი დამცავი საფარით, რომელიც უზრუნველყოფს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. სიბნელის დროს შემოღობვა უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო ნათურებით ან/და გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი მასალა ან შეფერილობა, რომელიც აღიქმება. იმავე წესით უნდა შემოიღობოს სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ტერიტორია. აღნიშნული დადგენილების მე-18 მუხლის თანახმად კი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 29 მარტის №4436857 ბრძანებით, დაკმაყოფილდა გ.ჯ-ას 2019 წლის 19 მარტის №AR1668738 განცხადება და ქ. თბილისში, ...ას ქუჩაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკვეთი N...), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 29 მარტიდან - 2021 წლის 29 მარტის ჩათვლით. დამკვეთად მითითებულია შპს „...“. ამავე ბრძანებით დადგინდა დამკვეთის ვალდებულება, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე ჰქონოდა სამშენებლო დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის კვლევა საქართველოს მთავრობის 24.03.09 წ. №57 დადგენილების 35-ე მუხლის შესაბამისად.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 17 მაისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №000362. აქტში დაფიქსირდა, რომ ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, №... ნაკვეთში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას ობიექტზე დაირღვა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის №361 დადგენილებით გათვალისწინებული მშენებლობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ, ჩამოიშალა ქვაბულის ფერდი და გზის სავალი ნაწილი. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 1 აგვისტოს №შ-118/19 დადგენილებით, შეჩერებულ იქნა შპს „ა...ის“ მიერ, ქ. თბილისში, ...ას მიმდებარე ტერიტორიაზე, ს/კ...-ზე, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ: „მუნიციპალური ინსპექციის მთ. სპეციალისტის 17.05.2019წ. მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების VII თავის 35-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად წარმოიქმნა კვლევისთვის აუცილებელი გარემოებები, რომელიც დამკვეთის მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული. საჭიროა განხორციელდეს ქვაბულის ფერდის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა მის მთელს პერიმეტრზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საექსპერტო კონსტრუქციული პროექტის საფუძველზე სათანადო ღონისძიების გატარება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ქვაბულის ფერდის მდგრადობა მის მთელ პერიმეტრზე. აღნიშნული ღონისძიების სრულად განხორციელების შემდეგ საჭიროა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა განხორციელებული სამუშაოების მდგრადობის შესახებ“.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის №000362 დადგენილებით შპს „...“ დაჯარიმდა 30 000 ლარით ქ. თბილისში, ...ას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთ №...-ზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ობიექტზე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის და დაევალა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მოსარჩელე შპს ,,ა...ას’’ პასუხისმგებლობა დაეკისრა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რაც დაეფუძნა სამშენებლო მოედანზე ქვაბულისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლის ფაქტს. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა ქვაბულისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლას, მოსარჩელე (კასატორი) სადავოდ ხდის მისი პასუხისმგებლობის საკითხს იმ თვალსაზრისით, რომ ქვაბულის ჩამოშლა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამშენებლო სამუშაოების ან მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანების მოძრაობის გავლენით, ხოლო მათი ქმედებისა და დამდგარი ზიანის ურთიერთკავშირი არ იყო დადასტურებული რაიმე მტკიცებულებით. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ქვაბულის ფარდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლის ფაქტი არის მხოლოდ შედეგი და სადავო დადგენილებები არ მიუთითებენ კონკრეტულად რა სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი შპს ,,ა...ის’’ მხრიდან.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვაბულის ფერდისა და გზის სავალი ნაწილის ჩამოშლა თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ სამშენებლო პროცესი განხორციელდა მოქმედი სანებართვო პირობებისა და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით. მხარის მიმართ გაცემული სამშენებლო ნებართვის თანახმად, დამკვეთს ვალდებულება აქვს, სამშენებლო სამუშაოები წარმართოს მოქმედი სამშენებლო რეგლამენტების სრული დაცვით (ს.ფ. 91-93). ის გარემოება, რომ მშენებლობის პერიოდში ჩამოიშალა ქვაბულის ფერდი, ნიშნავს იმას, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკური ნორმების დარღვევას. აღნიშნული ჩამოშლა ვერ ჩაითვლება ბუნებრივ ან მახასიათებელ მოვლენად და ცხადყოფს სამშენებლო წესების დარღვევას, მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა რომელიმე გამომწვევი ქმედების კონკრეტიზაცია. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარეს მშენებლობის პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების შემდგომ, რაც კიდევ უფრო ამყარებს დასკვნას სამშენებლო რეგლამენტის დარღვევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს მათი ქმედებების პირდაპირ გავლენაზე დამდგარი შედეგის მიმართ და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქვაბულის ფერდის და თანმდევად გზის სავალი ნაწილის ჩამოშლა გამოწვეულია რომელიმე გარეშე ფაქტორის ზემოქმედებით. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ქვაბული მოწყობილი იყო უშუალოდ შპს ,,ა...ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მის მიმართ გამოცემული მშენებლობის ნებართვის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დამკვეთს და მესაკუთრეს, შესაბამისად სამუშაოების განმახორციელებელ პირს წარმოადგენდა შპს ,,...’’, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 2 მარტის №272 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ა...ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 17 მაისის დადგენილება №000362 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტი კანონიერია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საკითხები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 185-ე და 201-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობს ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ.თ-ეს შპს ,,ა...ის’’ საკასაციო საჩივარზე 10.10.2025წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ.თ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა...ის’’ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება;
3. თ.თ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს ,,ა...ის’’ საკასაციო საჩივარზე 10.10.2025წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე