დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1290(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1290(2კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ე. ა-ი (მოსარჩელე), საქართველოს გენერალური პროკურატურა (მოპასუხე)

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის გადაწყვეტილება

მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – რეაბილიტირებული პირისთვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. ა-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით, მიყენებული მატერიალური ზიანის 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის (სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხა) და მორალური ზიანის 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2024 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.2025წ. გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელის ე. ა-ის სასარგებლოდ, როგორც რეაბილიტირებული პირის, უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით, მიყენებული მატერიალური ზიანის 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის (სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების თანხა) და მორალური ზიანის 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაევალა მოსარჩელისთვის საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ე. ა-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2025 წლის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ე. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.05.2025 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს ისეთ მარეაბილიტირებელ გარემოებას, რომელიც იწვევს როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გორის რაიონული სასამართლოს 19.11.2019 წლის განაჩენი, რომლითაც ე. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დელიქტით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ქმედებების, პერიოდის, საოჯახო, ყოფითი, მატერიალური და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 16 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება დაუსაბუთებლია. ე. ა-ი ბრალდებული იყო ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტზე, დააკავეს 20.12.2018 წელს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს 23.12.2018 წელს, ხოლო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს 21.03.2019 წელს. ამდენად, მოსარჩელეს თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა 3 თვის განმავლობაში, ხოლო მთლიანი სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 2018 წლის 20 დეკემბრიდან - 2020 წლის 26 ნოემბრამდე (1 წელი, 11 თვე და 6 დღე). აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის გამო მოსარჩელის მიერ განცდილი სტრესისა და დისკომფორტისათვის მორალური ზიანის სახით 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ანაზღაურება იქნება გონივრული და საქმის მასალებთან შესაბამისი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ა-ის ინტერესებს, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.02.2019 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-432-429(2კ-17)) და აღნიშნა, რომ მხარე სარგებლობს თავისუფალი არჩევანით საადვოკატო მომსახურების მიღებისას, თუმცა მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მას აუნაზღაურდება არა ნებისმიერი ხარჯი, რასაც გასწევს ადვოკატის მომსახურებისათვის, არამედ აუცილებლად გასაწევი ხარჯი, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ხანგრძლივობისა და სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. საერთაშორისო (Fadeyeva v. Russia) თუ ეროვნული სასამართლოს (სუსგ №ბს-1330-1315(კ-11) 09.02.2012წ.). პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯი, რომელიც გაწეულია, თუმცა კონკრეტული ოდენობით ხარჯის გაწევის დოკუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, ასევე ხარჯი, რომელიც ჯერ არ არის გაწეული, თუმცა დასტურდება საადვოკატო მომსახურება და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი ხარჯის გაწევის შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურას ე. ა-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სირთულისა და წარმომადგენლის მიერ გაწეული მომსახურების, ასევე დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ე. ა-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 4000 ლარის ოდენობით, რაც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სტანდარტს და თანაზომიერია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 15.03.2024 წელს ე. ა-ისა და ადვოკატ მ. გ-ეს შორის, ასევე ე. ა-ისა და ადვოკატ მ. ნ-ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები (ს.ფ. 92-95), რომლის თანახმად იურიდიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 6000-6000 ლარით, ასევე დადგენილია, რომ მ. ნ-ე, როგორც ე. ა-ის წარმომადგენელი, მონაწილეობას იღებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვერ დადასტურდა გორის რაიონული პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.11.2020 წლის განჩინების მოსარჩელის მიერ ჩაბარების ფაქტი, ამასთან, კურიერის მიერ შედგენილი ელექტრონული დოკუმენტი, რომელზეც არ არის აღბეჭდილი მოსარჩელის ხელმოწერა, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად. მოწმის სახით დაიკითხა შპს „ს...ის“ თანამშრომელი, რომელმაც დაადასტურა, რომ ელექტრონული დოკუმენტი იყო საინფორმაციო ხასიათის, ხოლო თავად ზედდების ფურცელი, რომელზეც ხელს აწერდა ჩამბარებელი პირი, ეგზავნებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უდავოა, რომ აღნიშნული ზედდების დოკუმენტი არ ინახება მოსარჩელის სისხლის სამართლის საქმეში. სამივე ინსტანციიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ვერ დადასტურდა მოსარჩელისთვის კანონით დადგენილი წესით განჩინების ჩაბარების ფაქტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება სამ წლიანი ხანდაზმულობის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს ე. ა-იმა და საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

კასატორმა ე. ა-იმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა რამდენიმე თვე, თუმცა სასამართლო პროცესები სამივე ინსტანაციაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის 5.5 მუხლსა და კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „პოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ“, აღნიშნა, რომ კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ უკანონო მსჯავრდების შედეგად მიყენებული ზიანის გამოსწორება, არამედ ასევე მართლმსაჯულების არაჯეროვნად განხორციელების შედეგად მსჯავრდებული პირისათვის კომპენსაციის მიკუთვნება განცდილი მორალური ზიანის გამო. კომპენსაციის ოდენობის გონივრულობის შესაფასებლად სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში იღებს კომპენსაციის შესახებ მოთხოვნა რამდენად გულისხმიერად იყო განხილული ეროვნული სასამართლოების მიერ, საქმის რელევანტური გარემოებების, მათ შორის, მომჩივნის პირადი მდგომარეობის, მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის ბუნების, სასჯელის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორმა მიუთითა საქმეებზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“, „პინკოვა და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კასატორმა აგრეთვე მიუთითა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.04.2023წ. და 04.07.2023წ. გადაწყვეტილებებზე და საკასაციო სასამართლოს 10.11.2022წ. განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნულ საქმეზე მორალური ზიანის სახით მოსარჩელეს პატიმრობის თითოეული დღისთვის მიეკუთვნა 2500 ლარი.

კასატორმა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი, ასევე უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ოჯახში ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, რაც გარკვეული სპეციფიურობით გამოირჩევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12.2014წ. (საქმე №3/3/601) გადაწყვეტილებაში ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოზიცია, რომლის თანახმად წარდგენილ ბრალდებაში პირის გამართლება თავისთავად არ გულისხმობს აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არამართლზომიერებას ან მის უკანონო ხასიათს, ამასთანავე გამამართლებელი განაჩენი ვერ გააბათილებს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა. მიუხედავად პირის გამართლებისა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებულმა ყველა მოქმედებამ არამართლზომიერი ხასიათი შეიძინა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებს დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებები გააჩნია. კასატორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტლებებზე და აღნიშნა, რომ პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობა 6 000 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.

კასატორმა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედებები, მათ შორის ადვოკატის აყვანა არის პირის უფლება და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებული იქნეს როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიყენებული ზიანი. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები: იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, ადვოკატის ორდერი, თანხის გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა თანხის გადახდის ფაქტს, ამასთან, ადვოკატის მონაწილეობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში მითითებულია მხოლოდ გორის რაიონული სასამართლოს 19.11.2019წ. განაჩენში. გარდა ამისა, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების მხარეებს ერთმანეთის მიმართაც კი გასული აქვთ მოთხოვნის ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა, შესაბამისად ადვოკატის ჰონორარის 12 000 ლარის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა.

კასატორის (მოპასუხის) მითითებით ე. ა-ის სარჩელი ხანდაზმულია. მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2019 წლის 19 ნოემბრიდან, ასევე მისთვის ცნობილი იყო სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 26.11.2020 წლის განჩინების თაობაზე. გზავნილი პირადად ჩაბარდა მოსარჩელეს 26.12.2020 წელს. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეუსრულებელი სახით გზავნილი არ დაბრუნებია. ის ფაქტი, რომ საკასაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში არ განათავსა დაბრუნებული ჩაბარების დასტური ან ის ფაქტი, რომ ვერ მოიძიეს ეს დოკუმენტი, არ შეიძლება გახდეს ჩაბარების დაუდასტურებლობის მიზეზი. უსაფუძვლოა ასევე მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეზე 4 000 ლარის დაკისრება, ვინაიდან არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი, ასევე არაა წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მარეაბილიტირებელი გარემოების (სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის) არსებობით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ამასთანავე, მითითებული კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მითითებული ნორმის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ზიანი ანაზღაურდება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ქმნის ქმედების უკანონობა და პირის მარეაბილიტირებლი გარემოების არსებობა. კანონმდებლობა არ შეიცავს მარეაბილიტირებელი გარემოების ჩამონათვალს, თუმცა უდავოა, რომ ასეთ გარემოებას განეკუთვნება გამამართლებელი განაჩენის არსებობა, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს (სუსგ საქმე №ბს-636(კ-23), 23.05.2024წ., საქმე №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.).

საქმის მასალებში დაცული გორის რაიონული სასამართლოს 19.11.2019 წლის განაჩენით მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ყველა ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ასევე მას განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 10.03.2022 წლის განაჩენით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 26.11.2020წ. განჩინებით კი, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 10.03.2022 წლის განაჩენზე, არ იქნა დაშვებული განსხილველად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების შედეგად დამდგარ, ასანაზღაურებელ ზიანში მოიაზრება როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი, რადგან პირის თავისუფლების ხელყოფას და ხელშეუხებლობის დარღვევას, როგორც წესი თან სდევს პირის პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის და კანონით დაცული სხვა უფლებების შელახვა. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ., ხოლო არაქონებრივი ზიანი ვლინდება პირის მორალურ განცდებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების წესის გაგრძელების შეუძლებლობასთან, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან და სხვ., თუმცა ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყველა სახის მორალური ზიანი, არამედ მხოლოდ ის, რომლის ანაზღაურებაც მოქმედი კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი) არის გათვალისწინებული (სუსგ №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ.). მართლსაწინააღმდეგო შედეგის არსებობა (უკანონო ბრალდება, პატიმრობა) განაპირობებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და განაჩენის გამოტანის მომენტში ფორმალურად მართლზომიერი საპროცესო მოქმედებები მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე სამოქალაქო კოდექსის 1005.3 მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევიან უკანონოდ, რადგან ხსენებული ნორმა მიზნად ისახავს დაზარალებულის დაცვას, კერძოდ, გამართლებული პირისთვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის მიცემას (სუსგ საქმე №ბს-485-474(2კ-14), 04.06.2015წ., №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.).

დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონს, რაც მოპასუხის მოსაზრებით გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას (32-ე მუხ.). გამომძიებელი ვალდებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის მითითება (37.3 მუხ.), თავის მხრივ გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად (37.2 მუხ.). სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა (25.2 მუხ.). შეჯიბრებითობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარეებისთვის შექმნას შესაძლებლობა, წარმოადგინონ სისხლის სამართლის საქმის მოვლენათა განვითარების საკუთარი ვერსია, აღნიშნული ვერსიის ხელშემწყობი არგუმენტები და მტკიცებულებები, ასევე გამოთქვან მოსაზრებები, გაეცნონ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებებს, გამოხატონ პოზიციები აღნიშნულ მტკიცებულებებზე ან/და საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებზე, გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნონ სასამართლო საკუთარი არგუმენტების სისწორეში და გავლენა მოახდინონ დასაბუთებული, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 14.12.2018წ. №2/13/1234,1235 გადაწყვეტილება საქმეზე „რ. მიქელაძე და გ. ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75). სასამართლოა ის ორგანო, რომელიც როგორც ნეიტრალური არბიტრი, ორგანიზებას უწევს, ზედამხედველობს, აკვირდება და აკონტროლებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას, მათ შორის, მტკიცებულებების გამოკვლევას, რათა უზრუნველყოს სამართლიანი, შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებს დაფუძნებული პროცესი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 28.12.2021წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/2/1478, II-37). შეჯიბრებითი მოდელის მქონე სისხლის სამართლის პროცესის სისტემაში სამართალწარმოების მხარეებისა და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების როლები გამიჯნულია, მოსამართლის როლი შემოიფარგლება ნეიტრალური არბიტრის ფუნქციით, ხოლო ბრალდების დამადასტურებელი ან დაცვის ხელშემწყობი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის ინიციატივა მხარეებზეა მინდობილი, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.09.2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/608,609, II-15). ამდენად, სისხლის სასამართლოწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გამოყენებული მტკიცებულების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდების მხარეს. მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 19.11.2019 წლის განაჩენით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მასალებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულისთვის შერაცხული ქმედებების ჩადენა, ამასთანავე, მოპასუხე არ მიუთითებს იმ ეფექტიანი საპროცესო მექანიზმების არსებობაზე, რომელთა სასამართლოს მხრიდან გამოუყენებლობას მოსარჩელის უფლებების დარღვევის გამოწვევა შეეძლო. აღნიშნულის საპირისპიროდ, მხოლოდ მოპასუხის კომპეტენციას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება (სუსგ №ბს-628(2კ-20), 20.07.2022წ.). ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე იმ გარემოებაზე მითითება, რომ ოჯახში ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები გარკვეული სპეციფიურობით გამოირჩევა. როგორც უკვე აღინიშნა, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა კომპეტენციას წარმოადგენს (სსსკ-ის 25.2 მუხ.), შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობა ვერ გახდება გამართლებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას, შესაბამისად, კასატორების მითითება სხვა საქმეებზე, უსაფუძვლოა. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო და ყოფითი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 08.04.2009წ.). მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კასატორის ე. ა-ის მითითება საკასაციო სასამართლოს 10.11.2022წ. განჩინებაზე, ვინაიდან აღნიშნულ საქმეზე (სუსგ №ბს-402(2კ-22), 10.11.2022წ.) დადგენილი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმეზე დადგენილი გარემოებებისგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლო განიხილავს კონკრეტულ დავას და ამ დავის ფარგლებში აფასებს სამართლებრივ საკითხებს, საკასაციო სასამართლოს განმარტება კაზუალურია. ამდენად, გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივი მოსაზრებები განმარტებულ უნდა იქნეს დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე, სწორედ არსებითად მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას ენიჭება უზენაესი სასამართლოს სამართლებრივ განმარტებებს კონკრეტული საქმის განხილვისთვის მნიშვნელობა (სუსგ №ბს-555(3კ-22), 22.03.2024წ.). კასატორის მიერ მითითებულ №ბს-402(2კ-22) ადმინისტრაციულ საქმეზე მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმისა და კონკრეტული ბრალდების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულ იქნა ქვეყნის მასშტაბით, ამ საქმის თაობაზე საჯაროდ გააკეთეს კომენტარები ცალკეულმა საჯარო თანამდებობის პირებმა, ასევე გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი ბრალდების სიმძიმე და ასაკი, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე განვითარებული ფსიქიკური აშლილობის გამო მოსარჩელეს დასჭირდა ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზით სრულფასოვანი მონაწილეობა ვერ მიიღო სასწავლო პროცესში და სხვა. განსახილველი დავის ფარგლებში კასატორი ე. ა-ი არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოშობდა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები არ არის სავალდებულო უზენაესი სასამართლოსთვის.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით გათვალისწინებულია კომპენსაციის მიღების უფლება უკანონო დაპატიმრების შემთხვევაში, თუმცა კონვენციის მითითებული მუხლი პირს არ ანიჭებს კომპენსაციის უფლებას კონკრეტული ოდენობის თანხაზე („Şahin Çağdaş v. Turkey“, 2006, §34). კომპენსაციის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის პირის პატიმრობის ხანგრძლივობა („Vasilevskiy and Bogdanov v. Russia“, 2018, §23). მოცემულ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავისუფლება აღკვეთილი ჰქონდა 3 თვის განმავლობაში, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა 1 წელი, 11 თვე და 6 დღე, ამასთან, მოსარჩელე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებით რთულია ისეთ შემთხვევებში, როცა საკითხი ეხება პირად განცდებს. არ არსებობს სტანდარტი, რომლითაც ტკივილი, ტანჯვა, ფიზიკური დისკომფორტი და ფსიქოლოგიურ სტრესი, ფულადი თანხის ოდენობით შეფასდება („Vasilevskiy and Bogdanov v. Russia“, 2018, §23). განსახილველ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთისა და სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ხანგრძლივობის და საბოლოოდ მოსარჩელის უდანაშაულოდ ცნობის გათვალისწინებით კასატორები ვერ ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა დარღვეული უფლების არაპროპორციულია. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ამ მხრივ არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 07.02.2019წ.). როგორც წესი, სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებული თავად იღებს გადაწყვეტილებას წარდგენილი ბრალდებისაგან პირადად ან ადვოკატის მეშვეობით დაცვის თაობაზე. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება (სსსკ-ის 38.5 მუხ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი აგრეთვე უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას ეფექტური მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში როგორც პირადად, ასევე დამცველის მეშვეობით (6.3 მუხ. „c“ ქვ.პ.). დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის (9.1 მუხ.) სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. დაუშვებელია ბრალდებულის იძულება პირადად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან (სუსგ №ბს-726(2კ-24), 27.11.2024წ.), შესაბამისად, კასატორის (მოპასუხის) მითითება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საფუძვლების არარსებობაზე ბრალდებულის მიერ კანონით მინიჭებული - ადვოკატის აყვანის უფლებით (დაცვა შეთანხმებით) სარგებლობის გამო, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ზოგადი წესის მიხედვით ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, თუმცა ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების ანაზღაურების ამსახველი ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. უკეთუ მხარეს ხელშეკრულებით აკისრია ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულება, ამგვარი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც, აღნიშნული ხარჯი მიიჩნევა „ფაქტობრივად გაწეულ“ ხარჯად („Tebieti Mühafize Cemiyyetiand Israfilov v. Azerbaijan“, §106, 08.10.2009; Savin v. Ukraine, §57, 16.02.2012; „Belousov v. Ukraine“, §115, 07.11.2013; „Drozdyk and Mikula v. Ukraine“,§67, 24.10.2024). ამდენად, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (სუსგ №ბს-1330-1315 (კ-11), 09.02.2012წ., №ას-444-423-2015, 30.10.2015წ., №ას-12-12-2016, 25.03.2016წ., №ბს-809-805(3კ-17), 17.01.2019წ.; №ბს-432-429 (2კ-17), 07.02.2019წ.). ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვა (სუსგ №ბს-661(კ-23), 18.03.2024წ., №ბს-61(2კ-24), 18.09.2024წ.). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოწარმოება მიმდინარეობდა სამივე ინსტანციაში. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ასევე დადგენილია, რომ ე. ა-ის ინტერესებს, სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე იცავდა ადვოკატი. საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით, ე. ა-იმა იკისრა ვალდებულება სისხლის სამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე ადვოკატებისთვის ჰონორარის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებებით განისაზღვრა საადვოკატო ჰონორარის ოდენობა, ანაზღაურების წესი და პირობები. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სისხლის სამართლის დავის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, ხოლო დაკისრებული თანხის არაგონივრულობასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი. უსაფუძვლოა კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის დაცული ადმინისტრაციულ საქმეზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი. განსახილველ დავაში ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხება წარმომადგენლობის უსასყიდლოდ განხორციელება, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ხოლო საქმეში დაცული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ანაზღაურების წესი და პირობები, ამასთანავე, კანონმდებლობა არ კრძალავს ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას დავის დასრულების შემდგომ, რაც არ წარმოადგენს ადვოკატის მომსახურებისთვის გასაწევი ხარჯის გონივრული ოდენობით ანაზღაურების დამაბრკოლებელ გარემოებას (სუსგ №ბს-1147(კ-23), 18.03.2024წ.).

დაუსაბუთებელია კასატორის საქართველოს გენერალური პროკურატურის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაზე ვრცელდება დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისთვის დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა. სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ (მსგავსი ტიპის საქმეებზე იხ. სუსგ №ბს-362(კ-21), 21.09.2021წ; №ბს-1239(კ-23), 15.02.2024წ.; №ბს-964(კ-24), 07.05.2025წ.). მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 26.12.2020 წელს. საკასაციო პალატა მიუთითებს მასზედ, რომ საქალაქო სასამართლოში 24.04.2025 წლის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შპს „ს...ის“ (ფოსტის) თანამშრომელი. მისი განმარტებით მოსარჩელისთვის საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლის გაგზავნის პერიოდში ადრესატისთვის გზავნილის ჩაბარების სტატუსი აღინიშნებოდა ელექტრონულად, გზავნილს მოჰყვებოდა „ზედდებული“ (ე.წ. „ბილი“), რომელზეც ადრესატი აწერდა ხელს (13:43სთ-13:44სთ). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ არის დაცული ადრესატის - მოსარჩელის ხელმოწერილი „ზედდებული“. მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელისთვის გაგზავნილი განჩინების ასლი უკუგზავნილით საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ დაბრუნებულა, არ ქმნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრეტენზიის გაზიარების საკმარის საფუძველს. აღნიშნული გარემოებაზე მითითება არის მოპასუხის ვარაუდი, ხოლო ვარაუდი ვერ იქნება მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებულ მომენტად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში დაცული არ არის საკასაციო სასამართლოს 26.11.2020 წლის განჩინების ჩაბარების ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა და სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გაცდენა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა-ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.2025 წლის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე