დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1380(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1380(2კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - გ. ბ-ი

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 24 ივლისს გ. ბ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს 2022 წლის 26 აგვისტოს 01:30 სთ-ზე და იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ბრლადების შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 27 აგვისტოს განჩინების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და 2022 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. გ. ბ-ი მიუთთებს, რომ 2022 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იმავე წლის 18 ნოემბერს ცნობილ იქნა დაზარალებულად.

ამდენად, მოსარჩელემ (1) მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების, (2) მატერიალური ზიანის - 40 082 (ორმოციათას ოთხმოცდაორი) ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება; საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 10 125 (ათი ათას ას ოცდახუთი) ლარის ანაზღაურება; გ. ბ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-იმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს V სამმართველოში, გ. ბ-ის მიმართ №006240822003 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 26 აგვისტოს დადგენილებით, გ. ბ-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ძველი თბილისის პროკურორის - ნ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ გ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა; პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 26 აგვისტოს 01:30 საათიდან. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით გ. ბ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; გაუქმდა 2022 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 8 ნოემბრის ქორწინების მოწმობის ასლის თანახმად, მ. ბ-ე არის გ. ბ-ის მეუღლე. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია 2022 წლის 27 აგვისტოს მ. ბ-ესა და შპს ,,ი...’’-ს შორის დადებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეთა შორის არსებული საადვოკატო მომსახურება გულისხმობდა, ადვოკატის მიერ განხორციელებული იურიდიული ხასიათის მომსახურებას გ. ბ-ის სასარგებლოდ გამოძიების პროცესში და პირველი ინსტანციის სასამართლოში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰონორარი საადვოკატო მომსახურებისთვის შეადგენდა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. 2022 წლის 7 სექტემბერს, შპს ,,მ...სა’’ და მ. ბ-ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ადვოკატის მიერ გ. ბ-ის უფლებებისა და ინტერესების დაცვა და სისხლის სამართლის სფეროში იურიდიული მომსახურების გაწევა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი, გადახდის ვადა და წესი, 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხა გადაირიცხებოდა შემსრულებლის ანგარიშზე სს ,,თ...’’ შემდეგ ანგარიშზე: ...; 3.2 პუნქტით შემსრულებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ანაზღაურებას იხდიდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღეს. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 3 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად. სს ,,თ...ს’’ ... საგადახდო დავალების თანახმად, კ. ბ-იმა 2022 წლის 7 სექტემბერს ანგარიშის ნომერზე ... გადარიცხა 3 000 აშშ დოლარი.

საქმეში ასევე წარმოდგენილია სს ,,კ...ს’’ 2013 წლის 8 ნოემბრის №02/01-267/კ ცნობა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ გ. ბ-ი მიღებულ იქნა ცენტრში, ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე 2013 წლის 11 ნოემბრიდან. 2023 წლის 1 იანვარს, სს ,,კ...სა’’ და გ. ბ-ის შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი; კერძოდ, 1.1 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი სამუშაოზე იყვანს დასაქმებულს ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე და უხდის მას შრომის ანაზღაურებას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ხოლო დასაქმებული იღებს ვალდებულებას, პირადად შეასრულოს სამუშაო სპეციალობის, კვალიფიკაციისა და თანამდებობის გათვალისწინებით. სს ,,კ...ს’’ 2023 წლის 15 ივნისის №79/02 ცნობით დასტურდება, რომ გ. ბ-ი ნამდვილად მუშაობდა სს ,,კ...ში’’ ...ის ...ის პოზიციაზე. მისი ხელფასი საშუალოდ შეადგენდა 2 979.00 ლარს. სს ,,კ...ს’’ 2023 წლის 20 ივნისის №1528/02 ცნობით დასტურდება, რომ გ. ბ-ი 2022 წლის 10 იანვრიდან ნამდვილად მუშაობდა სს ,,კ...ში’’ ...ის ...ის პოზიციაზე. 29.08.2022-დან 10.10.2022-მდე პერიოდში შეჩერებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, არ გაიცა შრომის ანაზღაურება, რამაც მოცემულ პერიოდში შეადგინა 3 125.00 ლარი. სს ,,კ...ს’’ 2025 წლის 10 მარტის ცნობის თანახმად, გ. ბ-ი ნამდვილად მუშაობდა სს ,,კ...’’-ში, ...ის სპეციალისტის თანამდებობაზე 11/11/2013 წლიდან 26/07/2024 წლამდე. 2022 წლის 19 აგვისტოდან 2022 წლის 10 ოქტომბრამდე გ. ბ-ი პირადი მიზეზის გამო ვერ ცხადდებოდა სამსახურში. აღნიშნული გამოუცხადებლობა ორგანიზაციის მხრიდან ჩაეთვალა საპატიოდ და შეუნარჩუნდა სამუშაო ადგილი, თუმცა ზემოთ მითითებულ პერიოდში ანაზღაურება არ ერიცხებოდა. სს ,,კ...ს’’ 2024 წლის 26 ივნისის №02/01-71/5 ბრძანების თანახმად, გ. ბ-ი სამეურნეო სამსახურის, ...ის ...ი, პირადი განცხადებით, 2024 წლის 26 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქმეს ერთვის 2023 წლის 30 ივნისს ,,ჯ...ს’’ მიერ გაცემული წინასწარი ინვოის, რომლის თანახმად, გ. ბ-იმა ავტომობილის (... მოდელის) ქიმწმენდის თანხა გადაიხადა 785,00 ლარი.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრება მასზედ, რომ მოპასუხის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ გ. ბ-ის ფსიქოლოგიური ტანჯვის განცდა განპირობებული იყო ა. ზ-ის ქმედების შედეგად, რის გამოც მოსარჩელეს მის მიმართ უნდა ჰქონოდა მოთხოვნის უფლება და არა დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიმართ. პალატამ მიუთითა, რომ გ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილება დამოუკიდებლად წარმოადგენდა მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დადასტურდა წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა გ. ბ-ის მარეაბილიტირებელი გარემოება და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობდა, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გამოწვეული იყო უშუალოდ უკანონო ბრალდებით.

გარდა ამისა, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ დაასკვანა, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მატერიალური ზიანის სახით მხოლოდ სს ,,კ...დან’’ მიუღებელი შემოსავალი 3 125 ლარის ოდენობით, იმ პერიოდისათვის, როდესაც გ. ბ-ი იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად პალატამ საქმის სირთულის, განხილვის ხანგრძლივობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის 7 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა და შემდგომ შეწყვეტა ერთობლიობაში ქმნიდა მოსარჩელისათვის, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

2026 წლის 21 იანვარს გ. ბ-იმა წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩვარი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით,საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.

კასატორი - საქართველოს გენერალური პროკურატურა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, სხვადასხვა საქმეთა მოხმობით და მათზე დაყრდნობით, კასატორი გადაჭარბებულად მიიჩნევს მორალური ზიანის ოდენობას.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის, გ. ბ-ის მითითებით, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა სისხლის სამართლებრვი სამართალწარმოების პროცესში მის მიერ გაწეული მატერიალური ხარჯი; გ. ბ-ი სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვს მატერიალური ზიანის სრულად ანაზღაურებას; შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოთა შეფასებებს და სრულად მოითხოვს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი და გ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი

ამასთან, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

ამდენად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2022 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, ძველი თბილისის პროკურორის - ნ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულ გ. ბ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა (ვადის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 26 აგვისტოს 01:30 საათიდან), ვინაიდან მისთვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მას ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, დადგენილია, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2022 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით გ. ბ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა; გაუქმდა 2022 წლის 26 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. გ. ბ-ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდმა შეადგინა - 1 თვე და 8 დღე.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი დადგენილება გ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, დამოუკიდებლად წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მიუხედავად ა. ზ-ის საქმეზე გ. ბ-ის დაზარალებულად ცნობისა, განსახილველ საქმეში წარმოდგენილი დადგენილება გ. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე, დამოუკიდებლად წარმოადგენს მოსარჩელის რეაბილიტაციის იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან, უტყუარად დასტურდება წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება.

რაც შეეხება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრულ მორალური ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ყურადსაღებია მოსარჩელის რეპუტაციაზე სისხლისსამართლებრივი წარმოების გავლენა, წაყენებული ბრალის არსი, თავისუფლების აღკვეთის პერიოდი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 2 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს მოსარჩელის მიერ მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტისა და შესაბამისად, აღნიშნული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, სს ,,კ...ს’’ 2023 წლის 20 ივნისის №1528/02 ცნობით დასტურდება, რომ გ. ბ-ი 2022 წლის 10 იანვრიდან ნამდვილად მუშაობდა სს ,,კ...ში’’ ...ის ...ის პოზიციაზე. ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიხედვით გ. ბ-ის 2022 წლის 29 აგვისტოდან 2022 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში შეჩერებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება. შესაბამისად, არ გაიცა შრომის ანაზღაურება, რამაც მოცემულ პერიოდში შეადგინა 3 125.00 ლარი.

გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება 2022 წლის 27 აგვისტოს დადებული მ. ბ-ესა (გ. ბ-ის მეუღლე) და შპს ,,ი...’’-ს შორის არსებული საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება და ჰონორარი ამ მომსახურებისთვის შეადგენდა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, დადგენილია, რომ 2022 წლის 7 სექტემბერს, შპს ,,მ...სა’’ და მ. ბ-ეს შორის დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 3 000 (სამი ათას) ამერიკული დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად. სს ,,თ...ს’’ ... საგადახდო დავალების თანახმად, კ. ბ-იმა 2022 წლის 7 სექტემბერს ანგარიშის ნომერზე ... გადარიცხა 3 000 აშშ დოლარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს გენერალური პროკურატურა მოვალეა სწორედ დასახელებული მტკიცებულებებით გათვალისწინებული მატერიალური ზიანის ფარგლებში დააკმაყოფილოს გ. ბ-ის მოთხოვნა; თუმცა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიაციას ადვოკატის ხარჯების სრულად ანაზღაურებასთან მიმართებით, რამეთუ საადვოკატო მომსახურების მიღებისთვის გაწეული მატერიალური ზიანის გამოთვლისას უნდა იქნეს გათვალისწინებული აუცილებლად გასაწევი ხარჯი, დავის საგნის, ამ დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხა - 10 125 ლარის ოდენობით გ. ბ-ისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ეკვივალენტურია და შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული თანხა სრულად არ უნდა ანაზღაურდეს.

რაც შეეხება ავტომანქანის ქიმწმენდის ღირებულების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ გ. ბ-ის მითითება მასზედ, რომ ავტომობილის ქიმწმენდის საჭიროება განაპირობა საგამოძიებო მოქმედებებმა, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, გაზიარებული ვერ იქნება.

გარდა ამისა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გ. ბ-ის მოთხოვნა 13 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან იგი ეფუძნება შეგებებული საკასაციო საჩივრის ვარაუდს, რომ კერძო საქმიანობიდან სწორედ დასახელებული ოდენობის თანხას გამოიმუშავებდა. მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის კი მნიშვნელოვანია კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, მხარის აბრსტაქტულ ვარაუდებზე დაფუძნებული მოთხოვნა გათვალისწინებული ვერ იქნება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. გ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა