დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1095(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1095(კ-25) 12 მარტი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.რ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.რ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დეპარტამენტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 19094 ლარის გადახდის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 19094 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 15.06.2017 წლის №1420996 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს მოპასუხეს მოახდინოს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს; მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მათი ქმედებით გამოწვეული განაცდურის ანაზღაურება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2018 წლის №3/5063-17 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 15.06.2017 წლის №1420996 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2019 წლის №3ბ/3171-18 განჩინებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2021 წლის №ბს-1302(კ-19) განჩინებით დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2.3. 18.05.2021 წელს მოსარჩელემ №47383 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და განმარტა, რომ აღსრულებული გადაწყვეტილების შესაბამისად ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა შესრულებული კომპენსაციის დანიშვნისათვის საკმარისი წელთა ნამსახურობა, თუმცა მას 01.05.2021 წლამდე არ მიუღია კომპენსაცია.

2.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.06.2021 წლის №04/6311 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განხორციელდა კანონის შესაბამისად, 21.04.2021 წლის №16997 განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 01.05.2021 წლიდან, ხოლო ზიანის მოთხოვნა უნდა განხორციელებულიყო იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ, ვისი ქმედების შედეგადაც დადგა იგი.

2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2021 წლის №04/8322 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, ნამსახურობის წლები შეადგენდა 26 წელს, სპეციალური წოდება - პოლკოვნიკი, ასაკი < 65 წელზე. აღნიშნულისა და 2021 წლის მაისამდე პერიოდში სახელმწიფო პენსიის ოდენობის გათვალისწინებით, მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა 18 016 ლარით (01.01.2019 წლამდე თვეში - 352 ლ; 01.01.2019 - 01.01.2020 წ.წ. თვეში - 368 ლ; 01.01.2020 - 01.01.2021 წ.წ. თვეში - 384 ლ; 01.01.2021 - 01.05.2021 წ.წ. თვეში - 400 ლ).

2.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.12.2022 წლის №SSA 7 22 00629265 წერილით მოსარჩელეს დამატებით ეცნობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილისათვის სოციალური პაკეტის ოდენობა 2012 წლის სექტემბრიდან 2022 წლის იანვრამდე განსაზღვრული იყო 22 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2021 წლის მაისამდე სოციალური პაკეტის ოდენობა მისთვის ჯამურად შეადგენდა 1078 ლარს.

2.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში სსკ) დადგენილი წესი. სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

2.8. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მეორე პუნქტით კი დადგენილია, რომ კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.9. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.06.2021 წლის №04/6311 წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 01.05.2021 წლიდან, რაც იმას ნიშნავს, 2021 წლის მაისამდე მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ უზრუნველყო სათანადო წესით და დადგენილ ვადაში მისი წელთა ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი წარდგინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ წელთა ნამსახურობის ანგარიშის გადაუგზავნელობის გამო, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციიდან გამომდინარე, არსებობს დეპარტამენტისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილისათვის სოციალური პაკეტის მიუღებლობის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მიუთითა სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ 23.07.2012 წლის საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით ენიშნებოდათ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს, რომლებიც ასევე იყვნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები (2022 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქცია). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დეპარტამენტის მიერ წელთა ნამსახურობის ანგარიშის გადაუგზავნელობის გამო, მოსარჩელე ვერ გახდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, იგი ვერ იღებდა სოციალური პაკეტსაც 22 ლარის ოდენობით, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია.

2.10. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2021 წლის წერილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა 18 016 ლარით. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.12.2022 წლის წერილით მოსარჩელეს დამატებით ეცნობა, რომ 2021 წლის მაისამდე სოციალური პაკეტის ოდენობა მისთვის ჯამურად შეადგენდა 1078 ლარს.

3. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2025 წლის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.02.2025 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2025 წლის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 21.02.2025 წლის გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. მოპასუხე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა განაცდურის ანაზღაურებაზე. მხარის მოსაზრებით, ამ ნაწილში აღარ არსებობდა განმეორებით იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით საქმის ხელახლა განხილვის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტისათვის სავალდებულოა კუმულატიურად სამი პირობის არსებობა, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება გამოტანილი უნდა იყოს: 1) იმავე მხარეებს შორის; 2) იმავე საგანზე; 3) იმავე საფუძვლით. ერთ-ერთი პირობის არარსებობის შემთხვევაში ამ საფუძვლით საქმის წარმოება არ შეწყდება და სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს. ამ ეტაპზე არსებობს შეცვლილი გარემოება, კერძოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, უდავოა, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურობამ შეადგინა 20 წელზე მეტი, რაც გახდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის ყველა სავალდებულო წინაპირობა. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩელით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.

4.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ნამსახურობის წლების დაანგარიშება წარმოადგენს იმ აუცილებელი პროცედურის ნაწილს, რომლის შედეგად შესაბამისი სამსახური „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის სუბიექტებთან მიმართებით ამზადებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენ დოკუმენტაციას. ამდენად, სწორედ მოპასუხის კომპეტენცია იყო მოსარჩელის ნამსახურობის დაანგარიშება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრება მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება. მართალია, სახელმწიფო კომპენსაციის ადმინისტრირების ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს კომპენსაციის დანიშვნა/გაცემა, არამედ დავის საგანია გაუცემელი სახელმწიფო კომპენსაციის, როგორც მიყენებული მატერიალური ზიანის, ანაზღაურების დაკისრება, რაც იმ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობაა, რომლის ქმედებითაც არის გამოწვეული ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ასეთ ორგანოს წარმოადგენს მოპასუხე.

4.3. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 16.06.2021 წლის №04/6311 წერილით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 01.05.2021 წლიდან. ამდენად, 2021 წლის მაისამდე მოსარჩელემ ვერ შეძლო სახელმწიფო კომპენსაციის მიღება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ სათანადო წესით და დადგენილ ვადაში არ დაიანგარიშა მისი წელთა ნამსახურობა და შესაბამისი წარდგინებით არ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელის წელთა ნამსახურობის არასწორად გაანგარიშება და, შესაბამისად, წარდგინების გაუცემლობა, მიჩნეულია უკანონოდ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელეს 01.05.2021 წლიდან დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია. შესაბამისად, წინა პერიოდში მოსარჩელე მოპასუხის მიერ უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაბრკოლდა მიეღო, როგორც კანონით მისთვის განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაცია, ასევე, ის სოციალური პაკეტი, რომლის მიღების უფლებაც განუყოფლად იყო დაკავშირებული მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნასთან. სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობის პირობებში, მოსარჩელე მოკლებული იყო სოციალური პაკეტით სარგებლობის - ყოველთვიურად 22 ლარის მიღების შესაძლებლობასაც, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა: მისი გაუქმება; საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტა; დანარჩენ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

9. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.2018 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (№3/5063-17) ბათილად იქნა ცნობილი 15.06.2017 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს (ს.ფ. 19-30). მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური პაკეტი დაენიშნა 21.04.2021 წლის №16997 განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან - 01.05.2021 წლიდან (ს.ფ. 53, 56). წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 19094 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც, მისი მითითებით, მიადგა 01.05.2021 წლამდე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის მიუღებლობით.

10. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით (ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან), ასევე - სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო). ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

11. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი).

12. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

13. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006 წლის №46/ნ ბრძანებით დამტიკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი №2) მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება.

15. მოხმობილი ნორმების თანახმად, ნამსახურობის წლების დაანგარიშება არსებითია სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, კერძოდ, თუ პირს კანონით დადგენილი ოდენობის სტაჟი არ გააჩნია, საფუძველსაა მოკლებული მიმართვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად, პირის განცხადებას აუცილებლად უნდა დაერთოს იმ საჯარო დაწესებულების წარდგინება, რომელშიც დაანგარიშებული იქნება ნამსახურობის წლები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო მართებულად დაეანგარიშებინა მოსარჩელის ნამსახურობის წლები, რათა ამ უკანასკნელს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების წინაპირობები შექმნოდა (შდრ. სუსგ №ბს-928(კ-24), 24.12.2024წ.).

16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე 2021 წლის მაისამდე მოკლებული იყო სახელმწიფო კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან მოპასუხემ სათანადო წესით არ დაიანგარიშა მისი წელთა ნამსახურობა და შესაბამისი წარდგინებით არ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამრიგად, კომპენსაციის მიუღებლობა დაკავშირებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასთან; არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანსა და მოპასუხის ქმედებას შორის. დადგენილია ისიც, რომ, ვინაიდან მოსარჩელე ვერ იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას, ვერ იღებდა ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილისათვის განსაზღვრულ სოციალურ პაკეტს 22 ლარის ოდენობით, რამეთუ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.07.2012 წლის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ვ“ ქვეპუნქტის თანახმად (2022 წლის იანვრამდე მოქმედი რედაქცია), სოციალური პაკეტი 22 ლარის ოდენობით ენიშნებოდათ სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს, რომლებიც იყვნენ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომლის ოდენობაც დადგენილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 06.08.2021 წლისა და 08.12.2022 წლის წერილებით და ჯამურად შეადგენს 19094 ლარს (ს.ფ. 56, 58-59).

17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მასზე, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.02.2025 წლის საოქმო განჩინების კანონიერად მიჩნევის წინაპირობა და საქმეზე ნაწილობრივ უნდა შეწყდეს წარმოება სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, კანონიერია და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ პრეტენზიას, რომ მოცემულ საქმეში იგი არასათანადო მოპასუხეა. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება, არამედ ზიანის ანაზღაურებას (მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია), რომელიც წარმოიშვა მოპასუხის ქმედების გამო. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (№ბს-1195(კ-18), 01.11.2018წ.), იგი ეფუძნება განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, კასატორის მიერ მითითებულ საქმეში, დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რომლის ფარგლებშიც გასაჩივრებული იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, მოპასუხედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მართებულად იყო დასახელებული. განსახილველი საქმის ფარგლებში კი, სასარჩელო წესით სადავოა არა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის (მოსარჩელეს 01.05.2021 წლიდან დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია) საკითხი, არამედ მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის (მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური პაკეტის ოდენობით) ანაზღაურება, რაზეც პასუხისმგებლობა ზიანის გამომწვევ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს (შდრ. სუსგ №ბს-928(კ-24), 24.12.2024წ; №ბს-763(კ-23), 27.02.2024წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

20. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-928(კ-24), 24.12.2024წ; №ბს-763(კ-23), 27.02.2024წ; №ბს-282(კ-25), 09.09.2025წ; №ბს-1140 (კ-23), 20.01.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2025 წლის განჩინება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (ს/ნ: 211350928) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 954.7 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №91821, გადახდის თარიღი 12.09.2025წ.) 70% – 668.29 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე