დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1201(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ.ჩ-ე, ნ.ფ-ე, შ.ა-ე, ა.ყ-ი, ნ.კ-ე, მ.გ-ე, ვ.ა-ი, გ.ს-ე, ე.ტ-ე, გ.ქ-ე, მ.ბ-ე
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ.ჩ-ემ, ნ.ფ-ემ, შ.ა-ემ, ა.ყ-მა, ნ.კ-ემ, მ.გ-ემ, ვ.ა-მა, გ.ს-ემ, ე.ტ-ემ, გ.ქ-ემ, მ.ბ-ემ 13.08.2021 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური ზიანის, 2021 წლის მაისის აუნაზღაურებელი შრომითი გასამრჯელოს სახით, მიუღებელი შემოსავლის 4553.12 ლარის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, 2021 წლის ივნისი-ივლისის აუნაზღაურებელი შრომითი გასამრჯელოს სახით, მიუღებელი შემოსავლის 4553.12 ლარის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება და ღირსების შემლახავი შრომითი პირობების ორგანიზებით გამოწვეული მორალური ზიანის 3000 ლარის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილებით ჯ.ჩ-ის, ნ.ფ-ის, შ.ა-ის, ა.ყ-ის, ნ.კ-ის, მ.გ-ის, ვ.ა-ის, გ.ს-ის, ე.ტ-ის, გ.ქ-ის და მ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალა ღირსების შემლახავი შრომითი პირობების ორგანიზებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2024 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თარგმანისა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების ხარჯის - 249.90 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილება და 05.03.2024 წლის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ.ჩ-ის, ნ.ფ-ის, შ.ა-ის, ა.ყ-ის, ნ.კ-ის, მ.გ-ის, ვ.ა-ის, გ.ს-ის, ე.ტ-ის, გ.ქ-ის, მ.ბ-ის და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის გადაწყვეტილებით სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ჯ.ჩ-ის, ნ.ფ-ის, შ.ა-ის, ა.ყ-ის, ნ.კ-ის, მ.გ-ის, ვ.ა-ის, გ.ს-ის, ე.ტ-ის, გ.ქ-ის და მ.ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის სახით თითოეულის მიმართ 500-500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არაქონებრივი ზიანის სახით 800-800 ლარის ანაზღაურება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2024 წლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2024 წლის დამატებითი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის 06.02.2020 წელს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელეები შეირჩნენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ და 2021 წლის 9 მაისს გაემგზავრნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 3 თვით. გამგზავრების დღეს მოსარჩელეთა მხოლოდ ნაწილს გადაეცა ქართულ ენაზე ნათარგმნი ხელშეკრულება დამსაქმებელთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, რომელიც დამსაქმებელმა გამოართვა ადგილზე ჩასვლისთანავე. მოსარჩელეებმა, ადგილზე ჩასვლისთანავე, წერილობით აცნობეს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომ მათი საცხოვრებელი და შრომითი პირობები არ აკმაყოფილებდა სათანადო პირობებს და იყო ღირსების შემლახველი, ამასთან, შრომითი გასამრჯელო ბევრად ნაკლები იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნორმატიული აქტით დადგენილ მინიმალურ ხელფასზე. მოსარჩელეებმა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსაგან ითხოვეს დახმარება და აღნიშნული პირობების გამოსწორება. აღნიშნული პირობები დაადასტურა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებთან წერილობითი კომუნიკაციის პროცესში და მათ დაპირდა მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია, რის გამოც ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ საქართველოში.
მოსარჩელეებმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმართეს სასამართლოს და დამსაქმებლისაგან მოითხოვეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დამსაქმებელთან მორიგებით დასრულდა. შესაბამისად, მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან, კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტებს (მოსარჩელეებს) პატივისა და ღირსების
შემლახველ, უმძიმეს საცხოვრებელ და შრომით პირობებში მოუწიათ დაახლოებით ორი თვის გატარება საზღვარგარეთ (გერმანიაში), რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ, ღირსების შემლახავი შრომითი პირობების ორგანიზებით გამოწვეული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის დაკისრება თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ არ იყო გონივრული და აპელანტების (მოსარჩელეთათვის) მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებელ გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა - 800 (რვაასი) ლარი.
მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმართეს სასამართლოს და დამსაქმებლისაგან მოითხოვეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დამსაქმებელთან მორიგებით დასრულდა. შესაბამისად, მოსარჩელეებს უკვე მიღებული ჰქონდათ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეები ასევე მოითხოვდნენ მოპასუხე სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დაკისრებოდა თარგმანისა და თარგმანის ნოტარიულად დამოწმების ხარჯი (14.09.2021 წლის, 21.12.2021 წლის, 05.07.2022 წლის და 27.07.2022 წლის შუამდგომლობები) ჯამურად 1496.38 ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.03.2024 წლის დამატებითი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს სწორად დაევალა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სასამართლო ხარჯის იმ ნაწილის პროპორციულად ანაზღაურება, რაც დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია შედავებული გარემოებები. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების ფედერალური სააგენტოს შორის 06.02.2020 წელს გაფორმებული „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ შეთანხმების მუხლებზე და შინაარსზე. კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეკვლია მთლიანად ხელშეკრულების შინაარსი, შეთანხმების მხარეთა ვალდებულებები, კომპეტენციები და იურისდიქცია, რამეთუ შეუძლებელი იყო შეთანხმების შინაარსის განმარტება რამდენიმე მუხლზე მითითებით. მნიშვნელოვანია განთავსების პროცესის მნიშვნელობის გაგება და შეთანხმების მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეთა განთავსების პასუხისმგებლობა სასამართლომ განმარტა, როგორც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პასუხისმგებლობა, რაც არ შეესაბამება შეთანხმების შინაარსს.
კასატორმა აღნიშნა, რომ გამგზავრებამდე ჯგუფის ყველა წევრს ჩაუტარდა საორიენტაციო ტრენინგი, ისინი სრულად ინფორმირებულები იყვნენ სამუშაო პირობების შესახებ, კერძოდ, რა ტიპის იქნებოდა სამუშაო, რამდენი საათი უნდა ემუშავათ, დღეში რამდენი ექნებოდათ ანაზღაურება, რა საცხოვრებელი პირობები ექნებოდათ ადგილზე და პრობლემის შემთხვევაში ვისთვის უნდა მიემართათ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გერმანიაში ადგილობრივი დამსაქმებელი აღმოჩნდა არაკეთილსინდისიერი, რომელიც არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა და ეს ჩასვლისთანავე გამომჟღავნდა. მოსარჩელეები აღნიშნულ დამსაქმებელთან აღმოჩნდნენ ცუდ საცხოვრებელ და გერმანიის კანონმდებლობასთან შეუსაბამო შრომით პირობებში, რომელთა შესახებაც შეატყობინეს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს. სააგენტო მუდმივ კავშირზე იყო მოსარჩელეებთან, მუდმივ რეჟიმში აძლევდა მათ რეკომენდაციებს თუ როგორ მოქცეულიყვნენ წარმოქმნილ სიტუაციაში, პარალელურად კი მიმართა ყველა ზომას, რომ წარმოქმნილი სიტუაცია მოსარჩელეებისთვის დადებითად შეცვლილიყო. კასატორმა მიუთითა, რომ გერმანიის სასამართლოში დავის შედეგად მხარეებმა მიიღეს კუთვნილი ანაზღაურება და დადასტურდა დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერება, ხოლო ამ პირობებში გაურკვეველია რატომ დააკისრა ქართულმა სასამართლომ სააგენტოს მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება, როცა აღნიშნული ცალსახად არ იყო გამოწვეული სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბრალეულობით. კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს ბრალეულობა მორალური ზიანის დადგომაში გამოიკვეთებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის შესაძლებლობებში იქნებოდა ადგილზე არსებული სიტუაციის გამოსწორება, რაც მოცემულ შემთხვევაში სცდებოდა სააგენტოს შესაძლებლობებს და კომპეტენციას, ასევე თუ სახეზე იქნებოდა სააგენტოს უმოქმედობა.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ...ის (...) წარმომადგენლის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა მოსარჩელეების შემთხვევაში ცუდი სამუშაო პირობები. აღნიშნულმა მოწმემ მ.ბ-იმა, თავის ჩვენებაში ყურადღება გაამახვილა პროგრამის საერთო მიმდინარეობაზე, რომელიც შეფასებულია დადებითად. მოწმემ ისაუბრა მსგავსი პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირებთან არსებულ პრობლემებზე და ისაუბრა იმაზეც თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული შემთხვევა, რაც ცალსახად ადასტურებს ადგილობრივი დამსაქმებლის ბრალეულობას და არაკეთილსინდისიერებას. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული უწყების მიერ შრომითი და საცხოვრებელი პირობების გერმანულ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენა არ მიუთითებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბრალეულობაზე, რადგან 06.02.2020 წლის შეთანხმების თანახმად, გერმანულ მხარეს - დასაქმების ფედერალურ სააგენტოს ვალდებულებას წარმოადგენდა დამსაქმებლის შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმება.
კასატორი მიუთითებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის პირველ, მე-2, მე-6 მუხლებზე, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პირველ, 54-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 31.10.2019 წლის №01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-2 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 412-413, 1005-ე მუხლებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ნორმატიული აქტებით და 06.02.2020 წელს გაფორმებული „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“ შეთანხმებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების გაუფრთხილებლობით ან არაჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, კასატორი თვლის, რომ დაუსაბუთებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მორალური ზიანის და პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსკ-ის 404.1 მუხ.), რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შემოწმების პროცესუალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ მორალური ზიანის და პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსა დ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის 06.02.2020 წელს გაფორმდა შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოდან მუშაკების განთავსება სეზონური სამუშაოს შესასრულებლად კვირაში მინიმუმ 30 საათის განმავლობაში, როგორც მოსავლის ამღები მუშაკები სოფლის მეურნეობის სექტორში. შეთანხმების მიხედვით, დაუშვებელია განთავსებული მუშაკი დასაქმებულ იქნას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსგავს ადგილობრივ გერმანელ ან მათთან გათანაბრებულ საერთაშორისო მუშაკთან შედარებით უარეს პირობებში. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ შეთანხმების თანახმად განთავსებული და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასაქმებული მუშაკები შესაფერისი საცხოვრებელი ადგილით ან უზრუნველყოს ასეთ საცხოვრებელში განთავსება დასაქმების პერიოდში. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, დაბინავება უნდა აკმაყოფილებდეს „სამუშაო ადგილის შესახებ“ განკარგულების და სამუშაო ადგილების შესახებ გამოქვეყნებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელეები შეირჩნენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ და 09.05.2021 წელს გაემგზავრნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად 3 თვით. მოსარჩელეებმა, ადგილზე ჩასვლისთანავე, წერილობით აცნობეს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, რომ მათი საცხოვრებელი და შრომითი პირობები არ აკმაყოფილებდა სათანადო პირობებს და იყო ღირსების შემლახველი კერძოდ, მოუწყობელ მცირე ფართში, ერთ ოთახში ჯგუფის ყველა წევრი (მამაკაცი და ქალბატონი), დაახლოებით 8 ადამიანი ერთად განათავსეს, საცხოვრებელ ფართში იყო მძიმე ანტისანიტარია, იყო მხოლოდ ერთი აბაზანა, არ იყო სამზარეულო, საძინებლებში არ იყო სინათლე, არ იყო ინტერნეტი, ხოლო შრომითი გასამრჯელო ბევრად ნაკლები იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ნორმატიული აქტით დადგენილ მინიმალურ ხელფასზე. მოსარჩელეებმა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსაგან ითხოვეს დახმარება და აღნიშნული პირობების გამოსწორება. აღნიშნული პირობები დაადასტურა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა ჯგუფის წევრებთან წერილობითი კომუნიკაციის პროცესში და მათ დაპირდა მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია, რის გამოც ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ
საქართველოში. მოსარჩელეთა საცხოვრებელ და შრომით პირობებთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ...მა (...).
საქმის მასალებით დადგენილია აგრეთვე, რომ მოსარჩელეებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიმართეს სასამართლოს და დამსაქმებლისაგან მოითხოვეს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც დამსაქმებელთან მორიგებით დასრულდა. შესაბამისად, მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს კონსტიტუციური რანგის უფლებას. ამასთან, ეროვნული თუ ევროპის სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, ეს უფლება მოიცავს მოთხოვნას როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. იგივე მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ იზიარებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განმარტებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, კერძოდ, მოსარჩელეები სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების პროგრამაში მონაწილეობისას აღმოჩნდნენ მათი ღირსების შემლახველ შრომით პირობებში, ასევე მათი ანაზღაურება მნიშვნელოვნად ნაკლები იყო ნორმატიული აქტით დადგენილ შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შემდგომაც ვერ უზრუნველყო მოსარჩელეთა ინტერესების დაცვა და ვითარების გამოსწორება, შედეგად დასაქმებულები ვადაზე ადრე, ორი თვის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს ...ის (...) წარმომადგენელმა მ.ბ-იმა დაადასტურა მოსარჩელეთა მძიმე სამუშაო პირობები და განმარტა, რომ იგი იკვლევდა მათ მდგომარეობას, თუმცა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსაგან ან საქართველოს სახელმწიფოს რომელიმე დაწესებულებისაგან რაიმე ძალისხმევა მოსარჩელეთა მდგომარეობის გამოსასწორებლად არ შეუმჩნევია. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებს პატივისა და ღირსების შემლახველ, უმძიმეს საცხოვრებელ და შრომით პირობებში მოუწიათ დაახლოებით ორი თვის გატარება საზღვარგარეთ (გერმანიაში), რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქმედებას (დასაქმების პროგრამის ორგანიზება) და დამდგარ შედეგს შორის.
უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის აპელირება იმაზე, რომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების ფედერალური სააგენტოს შორის 06.02.2020 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად გამოირიცხებოდა მისი პასუხისმგებლობა, მათ შორის განთავსების პროცესზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოდან მუშაკების გერმანიაში ადგილობრივ დამსაქმებელთან სეზონური დასაქმების მიზნით განთავსების პროცესზე გერმანულ მხარესთან ერთად პასუხისმგებელი იყო საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ამავე შეთანხმების მე-11 ნაწილის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფდნენ სეზონური მუშაკების დასაქმების პირობების ადეკვატურ მონიტორინგს არსებული კომპეტენტური სახელმწიფო სტრუქტურების მეშვეობით. ამასთან, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის განვითარებაში მონაწილეობა და ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა.
ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. რაც შეეხება მორალური ზიანის სახით დაკისრებული თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობა სასამართლოს მიხედულობით წყდება, რომელსაც გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით განსაზღვრავს. მორალური ზიანის ანაზღაურებას სამი ფუნქცია აკისრია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ (იხ. სუსგ 30.11.2017წ. №ბს-509-506(2კ-17)). საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მოსარჩელეების სასარგებლოდ, ღირსების შემლახავი შრომითი პირობების ორგანიზებით გამოწვეული მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის გონივრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ამასთან, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მართებულად დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.03.2025 წლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე