დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1301(2კ-25) 12 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (მოპასუხე) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ.შ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 29 სექტემბერს კ.შ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილების, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1025 ბრძანების ბათილად ცნობა. ამავე სარჩელში მოსარჩელემ იშუამდგომლა გასაჩივრებული დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, კ.შ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილების (№4-1/დ772-21 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე) მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, კ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ.შ-ი გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; დანარჩენ ნაწილში კ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტზე, 93-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 125-ე, 127-ე, 131-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ N..., კ.შ-ის მიერ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულ იქნა კაპიტალური შენობა-ნაგებობის, ორი მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობა. ასევე, დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი სამართალდარღვევა, კერძოდ, არც უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი განხორციელდა და არც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია იქნა წარდგენილი. აღნიშნული კი წარმოადგენს საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და დამრღვევისთვის ამავე ნორმით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კ.შ-ის მიერ უნებართვო მშენებლობა განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილება, კ.შ-ისთვის დემონტაჟის განხორციელების დავალების თაობაზე კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. თუმცა სააპელაციო პალატამ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია მიეთითებინა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 18 სექტემბერს მიიღო ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი (N4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ხოლო „ე“ ქვეპუნქტის თანახმად - ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის განმარტებით, მის მიერ მშენებლობა ნაწარმოებია 2017-2018 წლებში. სააპელაციო პალატის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს ოფიცალურ ვებ. გვერდზე (...) გადამოწმებულ იქნა ორთოფოტოები, რომლებიც ასახავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე - ჯიპიეს კოორდინატები: X:... ..., დროის სხვადასხვა მონაკვეთში არსებულ მდგომარეობას. 2014 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობები არ არის განთავსებული, ხოლო 2020 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა უკვე ვიზუალიზირდება. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კ.შ-ის მიერ გაცხადებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მშენებლობა ნაწარმოებია 2017-2018 წლებში, გაზიარებულ უნდა იქნეს. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე, 95-ე, 96-ე, 125-ე, 127-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის გამოყენებისა და დაკისრებული ჯარიმისგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს ,,ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის პირველ, მე-2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა 2019 წლის 15 იანვრამდე. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთის, მდებარე: ქ. თბილისი, ... (ს/კ...), მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა 2021 წლის 17 მარტს განახორციელეს ქ. თბილისში, ...ში (ს/კ...) მდებარე უძრავი ნივთის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე კ.შ-ის მიერ ნაწარმოები იყო კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მშენებლობა. დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულია კ.შ-ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, მითითებულ მისამართზე კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობებისა და ასევე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია მის მიერ, მეოთხე წელია აქ ცხოვრობს და წასასვლელი არსად აქვს. ამასთან, არის ომის ვეტერანი და სოციალურად დაუცველი პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 აპრილს კ.შ-ის მიმართ შედგენილი იქნა №001247 მითითება, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან არსებული ობიექტების დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, რისთვისაც განესაზღვრა ვადა 10 (ათი) კალენდარული დღის ოდენობით. მასვე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2021 წლის 13 აპრილს შედგენილი იქნა №001247 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, კ.შ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2021 წლის 1 აპრილის №001247 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, 2021 წლის 25 მაისს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კ.შ-იმა დაადასტურა ზემოაღნიშნული მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობა, ერთი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობე ააშენა 2018 წელს, ხოლო მეორე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა ააშენა 2017 წელს. მხარემ ასევე განაცხადა, რომ დემონტაჟს ვერ განახორციელებს, ვინაიდან არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2021 წლის 11 ივნისს გამოსცა №001247 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული დადგენილების თანახმად, კ.შ-ი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისში, ..., N... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი; ჯიპიეს კოორდინატები: X:... ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ორი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის მშენებლობისთვის, ასევე, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისთვის, დაჯარიმდა 25 000 ლარით. ამავე დადგენილებით, კ.შ-ის დაევალა ქ. თბილისში, ..., N... საკადასტრო კოდზე (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი; ჯიპიეს კოორდინატები: X:... ...), შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის, ორი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილება კ.შ-ის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1025 ბრძანებით, კ.შ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის სწორედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1025 ბრძანების კანონიერებას.
საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ.შ-ი გათავისუფლდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო სანქციისაგან; დანარჩენ ნაწილში კ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება კ.შ-ის არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, კ.შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა იმსჯელებს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარების, ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება (მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. ამასთან, მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მშენებლობა, რომელიც ექვემდებარება შეტყობინებას, მაგრამ მის გარეშე დაიწყო, უნებართვო მშენებლობაა. უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა აგრეთვე მშენებლობის შეტყობინების დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, რომელიც სცდება შეტყობინების ვალდებულებისთვის განსაზღვრული კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. აღნიშნული კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებასთან ერთად მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. მითითებული ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ − თუ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის 11−31 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე − 25 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 11 ივნისის №001247 დადგენილება კ.შ-ის დაჯარიმებისა და მისთვის დემონტაჟის დავალების თაობაზე მიღებული იქნა სწორედ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილისა და 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული დადგენილება ძალაში დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 21 ივლისის №1025 ბრძანებით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია კ.შ-ის მიერ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა პირი გათავისუფლდეს დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისგან. საკასაციო პალატა ყურადღებს გაამახვილებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია, ასევე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერითა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობით დგინდება, რომ კ.შ-ი არის სოციალურად დაუცველი პირი (სარეიტინგო ქულა 1 000, ქულის მინიჭების თარიღი: 25.11.2016წ.), ასევე, ომის მონაწილე. ამასთან, საქმეზე არსებული ორთოფოტოებით დგინდება, რომ სადავო ტერიტორიაზე 2014 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობები არ არის განთავსებული, ხოლო 2020 წლის ორთოფოტოზე შენობა-ნაგებობა უკვე ვიზუალიზირდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო დასკვნას იმის თაობაზე, რომ კ.შ-ის განმარტება მშენებლობის 2017-2018 წლებში წარმოებასთან დაკავშირებით, გაზიარებულ უნდა იქნეს; მით უფრო, რომ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის აღსრულებული და ამავდროულად, კ.შ-ი არის სოციალურად დაუცველი პირი, ასევე, ომის მონაწილე, აღნიშნული გარემოებები „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (2019 წლის 18 სექტემბერი, №4964-Iს) შესაბამისად, ქმნიდა დაკისრებული საჯარიმო სანქციისგან მისი გათავისუფლების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე