1. შენობა-ნაგებობები ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღების თვალსაზრისით იყოფა 5 კლასად:

ა) I კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება უმნიშვნელო რისკით;

ბ) II კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდებადაბალი რისკით;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება საშუალო რისკით;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობა − შენობა-ნაგებობა, რომელიც ხასიათდება მაღალი რისკით;

ე) V კლასის შენობა-ნაგებობა − მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობა.

2. შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულების და პარამეტრების მიხედვით.

3. რეკონსტრუქციის განხორციელებისას, თუ შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება ან მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით.

4. თუ შენობა-ნაგებობას ან შენობა-ნაგებობათა ერთობლიობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები და პარამეტრები, ამ შენობა-ნაგებობის ან შენობა-ნაგებობათა ერთობლიობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება ყველაზე მაღალი მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისთვის, შენობა-ნაგებობათა ერთობლიობა გულისხმობს შენობა-ნაგებობებს, რომელთა მშენებლობისთვის სანებართვო პირობები განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის ერთი აქტით.

6. შენობა-ნაგებობების კლასების განმსაზღვრელი მახასიათებლები და მშენებლობის სახეები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019