1. კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული მიზნებისთვის, ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად, ცალკეული შენობა-ნაგებობები და მშენებლობის სახეები, კონკრეტული მახასიათებლებისა და პარამეტრების მიხედვით, იყოფა შესაბამის კლასებად.
2. კლასი ენიჭება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს. კლასის განსაზღვრის მიზნებისთვის:
ა) შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება მისი საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაში – შენობის საანგარიშო ზედაპირის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში – ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე;
ბ) შენობა-ნაგებობის ჩაღრმავება განისაზღვრება შენობა-ნაგებობის გრუნტის ზედაპირთან შეხების ხაზიდან საძირკვლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, საშუალო მაჩვენებლით;
გ) შენობის ფართობი განისაზღვრება იატაკის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული (აივნის გარეშე) ფართობით;
დ) შენობა-ნაგებობის მოცულობა განისაზღვრება: შენობის შემთხვევაში – ყველა სართულის (მათ შორის, სხვენი) იატაკის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული (აივნისა და ტერასის გარეშე) ფართობის ნამრავლით სართულის სიმაღლეზე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში – გაბარიტული ზონების (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე) ნამრავლით;
ე) ღობის სიმაღლე განისაზღვრება გრუნტის ზედაპირიდან ღობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე. ამასთან, ღობის გასწვრივ ქანობიანი გრუნტის ზედაპირის შემთხვევაში – საშუალო სიმაღლით, ხოლო ღობის განივად გრუნტის ზედაპირის განსხვავებული ნიშნულების შემთხვევაში – გრუნტის ზედაპირის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.
3. თუ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები/პარამეტრები, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება მისი ყველაზე მაღალი მახასიათებლის/პარამეტრის მიხედვით.
4. რეკონსტრუქციისას, თუ შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, იგი განისაზღვრება სანებართვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული საბოლოო მახასიათებლების/პარამეტრების მიხედვით, ხოლო თუ შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის მახასიათებლების/პარამეტრების შესაბამისად.
5. თუ კოდექსითა და ამ წესით განსაზღვრული მახასიათებლები არ არის საკმარისი, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია განსაზღვროს შენობა-ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შენობა-ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება.
6. ამ მუხლის მიზნებისთვის, ცალკეულ შენობა-ნაგებობად განისაზღვრება ობიექტი, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა.