1. მშენებლობის სახეებია:
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
ბ) რეკონსტრუქცია;
გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა);
დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა);
ე) ლანდშაფტური მშენებლობა.
2. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
3. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობის მოცულობის შეცვლა (გაფართოება ან შემცირება) არაუმეტეს კ2-ის მაჩვენებლის 0,04-ისა, კ2-ის დადგენილი მაჩვენებლის დაცვის პირობით;
ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის საანგარიშო ზედაპირის, სახურავის) არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად ან/და ამგვარი ნაწილების/დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად;
გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრა;
დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება;
ე) დაკავებულობის შეცვლა III, IV კლასის შენობა-ნაგებობებში;
ვ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება III, IV კლასის შენობა-ნაგებობებში.
3. შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. შეკეთებას არის ისეთი მშენებლობაა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება შენობა-ნაგებობის იერსახე და მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ:
ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობის გამოჭრა;
ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების შეკეთება;
გ) შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს);
დ) ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-ტექნიკური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება;
ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა);
ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლანდშაფტური მშენებლობა გულისხმობს სკვერის, ბაღის, პარკის, ბულვარის მშენებლობას ან/და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობას, აგრეთვე ნარგავების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობა