დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1354(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1354(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ. ჩ-ა

მესამე პირი (ასკ 16.1) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2024 წლის 17 აპრილს ვ. ჩ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მიცემულ იქნა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. ვ. ჩ-ა აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უდანაშაულოდ იქნა ცნობილი;

მოსარჩლე მიუთითებს, რომ 2018 წლის 18 სექტემბრიდან 2024 წლის 12 იანვრამდე უკანონოდ იყო მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და უკანონოდ ჰქონდა შეფარდებული აღკვეთი ღნისძიება რა დროსაც მან განიცადა როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანი;

ამრიგად, მოსარჩელემ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ვ. ჩ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 10 000 (ათი ათასი) ლარისა და მორალური ზიანის სახით 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ვ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5000 (ხუთი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ას, 2018 წელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე. ვ. ჩ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. ზუგდიდის რაიონული საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/97-19), ვ. ჩ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. განემარტა მას, რომ როგორც გამართლებულ პირს, ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით (საქმე №1/ბ-237-2021წ.) სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დ. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი (საქმე №1/97-19) ვ. ჩ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განჩინებით (საქმე №786აპ-23) სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დ. პ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

სასამართლოთა მიერ დადგენილად შეფასდა, რომ 2018 წელს 21 დეკემბერს, ადვოკატ ა. შ-ას და ვ. ჩ-ას შორის გაფორმდა იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვ. ჩ-ასთვის სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული მომსახურების გაწევას. სახელშეკრულებო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარი. გადახდის ფორმად-უნაღდო ანგარიშსწორება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაითვალისწინა ვ. ჩ-ას, მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, სახელდობრ, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება და ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმიანობა, ასაკი და ა.შ., ასევე, გაითვალისწინა ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა და მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარს. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საქმის მასალები ერთობლიობაში ქმნიდა მორალური ზიანის კონკრეტული ოდენობით ანაზღაურების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის დროისა და მასში ადვოკატის ჩართულობის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული თანხის ოდენობა, რომელიც იქნა დაკისრებული მოპასუხე მხარისათვის, როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმომადგენლის მომსახურებისათვის ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაწეული სასარჩელო ხარჯის მოთხოვნა ანაზღაურება. ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ნაწილში, პალატის შეფასებით დასაბუთებულია საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის ვ. ჩ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. პალატის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ზე მუხლსა და 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლსა და ამავე კოდექსის 1005-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონისმიერი წინაპირობების ერთობლიობა ზიანის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის სახით; შესაბამისად, კასატორის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, კასატორი მორალური ზიანის ოდენობას მიიჩნევს მეტისმეტად გადაჭარბებულად და სხვადასხვა საქმეზე მითითებით ცდილობს დაადასტუროს მისი მოსაზრება. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებას და მისი გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას ითხოვს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე ვ. ჩ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 5000 (ხუთი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 2 000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბირს განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.

ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში 5 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით 2 000 ლარის საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის დაკისრების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. ამავე შინაარსის დანაწესს კი, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის №1324 ამოქმედებამდე, შეიცავდა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს განსაზღვრავს მითითებული კოდექსის 1005-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ამრიგად, ზიანის ანაზღაურებისთვის, პირის ქმედება უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და იწვევდეს პირისთვის ზიანის მიყენებას. დამდგარ შედეგსა და უკანონო ქმედებას შორის კი უნდა არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი პირის ბრალეულობას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. კერძოდ, პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ზემოაღნიშნული ნორმის მიზანია დაზარალებულის დაცვა და გამართლებული პირისათვის სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეული ნეგატიური შედეგების კომპენსირება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ვ. ჩ-ას 2018 წელს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში (ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია). ვ. ჩ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (საქმე N1/97-19), ვ. ჩ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. ვ. ჩ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ვ. ჩ-ას განემარტა, რომ მას როგორც გამართლებულ პირს, ჰქონდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვ. ჩ-ას მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამართლებელი განაჩენიდან გამომდინარე სახეზეა მოსარჩელის მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა ბრალდების უსაფუძვლობა და პირის მიმართ გამოყენებული შეზღუდვის არამართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის არსებობს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი, რომელიც გამოწვეულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უკანონო ბრალდებით. მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაკავშირებულია არაქონებრივი უფლებების დარღვევასთან, ხოლო ქონებრივი უფლებების უკანონო შეზღუდვა იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მოსაზრებას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა თანამდებობის პირის ბრალის მიუხედავად, როგორც ეს პირდაპირაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციით. პირის რეაბილიტაციის უმთავრეს იურიდიულ საფუძველს გამამართლებელი განაჩენი წარმოადგენს, რომელიც მის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს.

მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. კერძოდ, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია: დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia). მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (სუსგ №ბს-972-936(3კ-08), 2009 წლის 8 აპრილი).

მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის წარმოება თავისთავად დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციებთან, მძიმე ფსიქიკურ განცდებთან, სულიერ ტანჯვასთან და ა.შ. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ყურადსაღებია მოსარჩელის პროფესიულ საქმიანობასა და მის რეპუტაციაზე სისხლისსამართლებრივი წარმოების გავლენა, წაყენებული ბრალის არსი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თავისუფლების აღკვეთის პერიოდი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება პროპორციულია და ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

საკასაციო სასამართლო მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიუთითებს საქმის მასალებით უდავოდ დადგენილ შემდეგ ფაქტებზე: საქმეში წარმოდგენილია 2018 წელს 21 დეკემბერს ადვოკატ ა. შ-ას და ვ. ჩ-ას შორის გაფორმებული იურიდიული (საადვოკატო) მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულება ითვალისწინებდა კლიენტისთვის ვ. ჩ-ასთვის სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული მომსახურების გაწევას. სახელშეკრულებო მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2 000 (ორი ათასი) ლარი. გადახდის ფორმად- უნაღდო ანგარიშსწორება.

საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული ნორმა შესაძლებელს ხდის დაზარალებული პირის უფლებების აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. პალატა მიუთითებს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი აუცილებელი ელემენტია. მიზეზობრივი კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის აუცილებელი კავშირია, რაც გულისხმობს ორი მოვლენის არა უბრალო მუდმივ თანმიმდევრობას, არამედ შედეგის თანმიმდევრობას თავისი მიზეზის მიმართ. მიზეზობრიობის მთავარ მომენტს წარმოადგენს არსებითი კავშირი, სადაც დამოკიდებულება მიზეზსა და შედეგს შორის აქტიურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ამდენად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლზე, რომლის მიხედვითაც იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ქვითრების შინაარსის, მათი რეკვიზიტებისა და თარიღების მიხედვით, ცალსახად დგინდება მოსარჩელის მიმართ აღძრულ სისხლისსამართლებრივ საქმეზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი. რამდენადაც მოსარჩელის შვილს თანხა სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციით საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით საქართველოს გენერალური პროკურატურის სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს შეტანილი და სისხლის სამართლის საქმეში მხარეს სწორედ პროკურატურა წარმოადგენდა, ასევე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა პროკურორთან, პროკურატურის დაფინანსება კი ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ზემოაღნიშნული თანხის დაკისრებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 21 დეკემბრის ადვოკატ ა. შ-ასა და ვ. ჩ-ას მიერ დადებულ საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც გაწეული მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 2 000 ლარი. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მართებულად დაეკისრა ვ. ჩ-ას სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რამეთუ ზიანის ანაზღაურების მიზნებისათვის მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა