დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1375(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1375(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „დ...“

დავის საგანი – „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ა...მა“ 15.02.2021 წელს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.04.2020 წლის №04-06/2989 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 13.01.2021 წლის №10/83 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 1800 (ათას რვაასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალდებულება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2022 წლის გადაწყვეტილებით შპს „დ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.04.2020 წლის №04-06/2989 გადაწყვეტილება №3625826801 შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 13.01.2021 წლის №10/83 გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა შპს „დ...სათვის" ბ. ც-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.10.2022 წლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შპს „დ...ს“ (შპს „ა...ს“ უფლებამონაცვლე) მიერ პაციენტ ნ. ჩ-ასათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ანაზღაურების საკითხი. საქმის მასალების თანახმად, ნ. ჩ-ას (პ/ნ ...) სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე მოპასუხემ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ პაციენტს გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მას რამოდენიმე დღით ადრე ჩატარებული ჰქონდა მარცხენა წინა დასწვრივი ტოტის სტენტირება მარჯვენამხრივი ტრანსფემორალური მიდგომით. გაწერიდან მეორე დღეს პაციენტი ისევ მოხვდა კლინიკაში და ჩაუტარდა მარჯვენა ბარძაყის საერთო არტერიის გაკერვა ცრუ ანევრიზმის გამო, რაც ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის გამო გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების 15.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად არ ანაზღაურდა, რადგან წარმოადგენდა პირველი შემთხვევის (სტენტირება) გართულებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების №1 დანართის 15.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. აღნიშნული დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული ნ. ჩ-ას შემთხვევის (№365826801) ანაზღაურების სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ ნ. ჩ-ა შპს „ა...ში" შეყვანილ იქნა 23.09.2019 წლის 23:55 საათზე და გაეწერა 26.09.2019 წლის 13:30 საათზე. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ ნ. ჩ-ას დიაგნოზია - S75.0 ბარძაყის არტერიის ტრავმა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად იმის მითითება, რომ ნ. ჩ-ას შემთხვევა წარმოადგენდა პირველი შემთხვევის (სტენტირება) გართულებას, დაუშვებელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლი, პერიფერიულ არტერიათა ანევრიზმის მართვის გაიდლაინი (პროტოკოლი) უშვებს გართულების განვითარების შესაძლებლობას, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც არასათანადო მკურნალობის შედეგი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ პაციენტი - ნ. ჩ-ა 2019 წლის 23 სექტემბრიდან 2019 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში მკურნალობდა შპს „ა...ში". კლინიკის მიერ შემთხვევა წარმოდგენილი იყო გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: SUR981039, S75.0 - ბარძაყის არტერიის ტრამვა; ჩარევა: PESC10 - ბარძაყის არტერიის გაკერვა. ინსპექტირების ეტაპზე გამოვლინდა, რომ 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში პაციენტი მკურნალობდა იმავე კლინიკაში გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი - 3GAR, დიაგნოზი: I21.0 - მიოკარდიუმის წინა კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი, FNDG1A - გულის და/ან კორონალური არტერიების ანგიოგრაფია. კასატორის მოსაზრებით, S75.0 - ბარძაყის არტერიის ტრამვა წარმოადგენდა ჩატარებული კარდიო-ინტერვენციის გართულებას და შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას" საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული მუხლებით გადაწყვეტილების მიღებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა ბ. ც-ეეზე და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ბ. ც-ეეზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება დააკისრა. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია მტკიცებულებები. კასატორი თვლის, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროპის სოციალური ქარტიით უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო დახმარების სარგებლობის საყოველთაო უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე. მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით (კონსტიტუციის 28.1 მუხლი).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ნ. ჩ-ას 16.09.2019 წელს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გამო, მარჯვენამხრივი ტრანსფემორალური მიდგომით, შპს „ა...ში“ ჩაუტარდა მარცხენა წინა დასწვრივი ტოტის სტენტირება. სტაციონარში ყოფნის დროს გართულებებს ადგილი არ ჰქონია. 21.09.2019 წელს პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. 23.09.2019 წელს ნ. ჩ-ამ, მარჯვენა ბარძაყზე პუნქციის არეში ძლიერი ტკივილისა და შეშუპების გამო მიმართა კლინიკას. პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: S75.0 - ბარძაყის არტერიის ტრამვა, ჩაუტარდა მკურნალობა: PESC10 - ბარძაყის არტერიის გაკერვა, მარჯვენა ბარძაყის ცრუ ანევრიზმის ლიკვიდაცია, მარჯვენა ბარძაყის საერთო არტერიის გაკერვა. 26.09.2023 წელს პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 10.04.2020 წლის №04-06/2989 გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ნ. ჩ-ასათვის გაწეული მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების №1 დანართის 15.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე მითითებით. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტ ნ. ჩ-ას გაეწია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მას რამოდენიმე დღით ადრე ჩატარებული ჰქონდა მარცხენა წინა დასწვრივი ტოტის სტენტირება მარჯვენამხრივი ტრანსფემორალური მიდგომით. გაწერიდან მეორე დღეს პაციენტი ისევ მოხვდა კლინიკაში და ჩაუტარდა მარჯვენა ბარძაყის საერთო არტერიის გაკერვა ცრუ ანევრიზმის გამო, რაც წარმოადგენს პირველი შემთხვევის (სტენტირება) გართულებას და არ ანაზღაურდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 13.01.2021 წლის №10/83 გადაწყვეტილებით „ა...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013 წლის №36 დადგენილების მე-14 მუხლით განსაზღვრულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების ფარგლები. ინსპექტირების მიზანი წარდგენილი დოკუმენტაციის გამართულობის შემოწმებაა: ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან; ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება; გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ პაციენტის - ნ. ჩ-ას სამედიცინო შემთხვევის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებდა სამედიცინო მომსახურების კომპონენტის პირობებს, რის გამოც „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე №365826801 სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. სადავო აქტების თანახმად, ანაზღაურებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ S75.0 - ბარძაყის არტერიის ტრამვა წარმოადგენდა ჩატარებული კარდიო-ინტერვენციის გართულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ დაავადებათა მართვის ეროვნულ პროტოკოლზე, კერძოდ, პერიფერიულ არტერიათა ანევრიზმის მართვის გაიდლაინზე (პროტოკოლი), რომლის თანახმად, ბარძაყის არტერიის ანევრიზმები, რომელთა დიამეტრიც 3 სმ ან მეტია, ყველაზე ხშირად გამოვლინდებიან სიმპტომურად და წარმოადგენენ ქირურგიული მკურნალობის ჩვენებას. თუ ინტრაანევრიზმულად არსებობს თრომბული მასები ეს წარმოადგენს დისტალური ემბოლიის განვითარების საშიშროებას. ამ რისკის ალბათობა შეუსწავლელია. არტერიის რეკონსტრუქციის შემდგომი ფსევდოანევრიზმა წარმოადგენს აორტოფემორული შუნტირების შემდგომ მოგვიანებით გართულებას შემთხვევათა 2-5%-ში.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად იმის მითითება, რომ ნ. ჩ-ას შემთხვევა წარმოადგენდა პირველი შემთხვევის (სტენტირება) გართულებას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლი, პერიფერიულ არტერიათა ანევრიზმის მართვის გაიდლაინი უშვებს გართულების განვითარების შესაძლებლობას, რაც არ შეიძლება შეფასდეს, როგორც არასათანადო მკურნალობის შედეგი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ ვერ უზრუნველყო, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. გადაწყვეტილებებში არაა მითითებული იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულება ან გარემოება გახდა მოსარჩელისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი კონკრეტულად მიუთითებს ბათილად ცნობილი სადავო აქტების რეკვიზიტებზე და ნ. ჩ-ას სამედიცინო შემთხვევის ნომერზე, ამდენად, კასატორის აპელირება იმაზე, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა არა ნ. ჩ-ასათვის, არამედ სხვა პიროვნებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, არარელევანტურია და არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება). განსახილველ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს სადავო სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის მართებულებას.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის საჭიროების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვა საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხორციელდა ზეპირი მოსმენით, მხარეთა დასწრებით ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, თავის მხრივ, საქმეში დაცული მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასებისათვის, შესაბამისად, არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვისა და მხარეთა პოზიციების დამატებით მოსმენის საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2025 წლის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 13.01.2026 წლის №00077 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე