დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-419(კ-23) 16 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. თ-ეის, გ. თ-ეისა და ა. თ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ან. თ-ე (მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლე ა(ა)იპ ი...), მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ან. თ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის, მ. თ-ეის, გ. თ-ეისა და ა. თ-ეის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისიის 1992 წლის №64 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული ი. ივ.-ს ძე თ-ეის მიმართ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ... (ს/კ ...) დარეგისტრირდა მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკუთრებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ან. თ-ეის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ა. თ-ეის, გ. თ-ეის, მ. თ-ეის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე წყალტუბო, სოფელი ... (ს/კ ...).
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ან. თ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში (ს/კ ...) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2788.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს თანასაკუთრების უფლებით ფლობენ ა., გ. და მ. თ-ეები. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საარქივო ცნობა №2011017930-03, მიღება-ჩაბარების აქტი №64; ბ) საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის მიწის ნაკვეთის №64 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი. თ-ეს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 ჰა მიწის ნაკვეთი 3 ნაკვეთად; გ) საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით №2011017930-03 ირკვევა, რომ მოსარჩელე ან. ი.-ს ძე თ-ე, ოქმი №2-ის საფუძველზე, 1992 წლის 28 აპრილიდან გამოყოფილია ცალკე კომლად. კომლს გადაეცა 0.75 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 2 ნაკვეთად და ბლოკის შენობა აგებული 1970 წელს. ამავე საარქივო ცნობის თანახმად, სოფელ ...ში ი. თ-ეის სახელზე რიცხული კომლის აქტიურ წევრებად ითვლებიან: მ. თ-ე, გ. თ-ე და ა. თ-ე; დ) სარჩელზე დართული საარქივო ცნობით (№... 12.03.18წ.), არქივის შესაბამის სამსახურში დაცული არ არის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს 1992 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი №2); ე) საქმეში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №127 აქტით, წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში ან. ი.-ს ძე თ-ეს გადაეცა 0.75 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 2 ნაკვეთად.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, 1992 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №64 აქტის კანონიერება. ასევე, სადავო საკითხს წარმოადგენს ან. თ-ეის და მ. თ-ეის კომლის გაყოფის ფაქტის დადგენა და საჯარო რეესტრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად.
სასამართლოს განმარტებით, საკოლმეურნეო კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი. აღნიშნული კოდექსის (1964წ.) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს ეკუთვნოდათ თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრული იყო საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებს, მათი შემოღება უკავშირდება საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების პრივატიზების/განსახელმწიფოებრიობის მიზნით წამოწყებული მიწის რეფორმის განხორციელებას, რომელსაც სათავე დაედო „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით. მითითებული დადგენილებით (მე-2 პუნქტი) გადაწყდა, რომ მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემოდათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწა გადაეცემოდათ დროებით სარგებლობაში. იმავე დადგენილების მე-11 პუნქტით განისაზღვრა, რომ მიწებს გასცემდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. ამასთან, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. მოგვიანებით, „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებაში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების მე-6 პუნქტით, დაწესდა საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და მათ მიზნობრივ გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით, მათ შორის, სოფლად მუდმივად მცხოვრებთათვის - 0,75 ჰექტრამდე. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, არსებულ და ზღვრულ ნორმამდე საკუთრების უფლებით შევსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არ დაიშვება ერთზე მეტი საცხოვრებელი სახლის აშენება და ის ნაკვეთი გამოყოფას არ ექვემდებარება. საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ რეფორმის გატარება მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადასვლას. ამ პროცესის წარმართვისას კი, არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომლის შემადგენლობასა და მის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე საკომლო წიგნებში არსებულ ინფორმაციას. კერძოდ, კომლს, პირველ რიგში, საკუთრებაში გამოეყოფოდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში, ხოლო გამოყოფილი უძრავი ნივთის ფართობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, მომხდარიყო დამატებითი მიწის ნაკვეთის გამოყოფა ფართობის ნორმატიულად დადგენილი ზღვრული ოდენობის შესავსებად. ამრიგად, რეფორმის ფარგლებში კონკრეტული მიწის ნაკვეთის გამოყოფისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოცემული ნაკვეთის სტატუსს, მასზე საცხოვრებელი სახლის არსებობას, მეურნეობის წარმართვას. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო უშუალოდ იმ კომლის წევრთა საკუთრებაში, რომელთა მფლობელობაშიც ირიცხებოდა ეს ნაკვეთი. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემოღებით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები (1513-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 1992 წლის მიწის ნაკვეთის №64 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ი. თ-ეს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 ჰა მიწის ნაკვეთი 3 ნაკვეთად. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობით №2011017930-03 დასტურდება, რომ მოსარჩელე ან. ი.-ს ძე თ-ე, ოქმი №2-ის საფუძველზე, 1992 წლის 28 აპრილიდან გამოყოფილია ცალკე კომლად. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 1 ივნისის №13/69646 მომართვით დასტურდება, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ. შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ. შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ. შვილი. საარქივო ცნობით №... (15.06.2011წ.) დადგენილია, რომ სოფელ ...ში ი. თ-ეის სახელზე რიცხული კომლის აქტიურ წევრებად ითვლებოდნენ მ. თ-ე, გ. თ-ე და ა. თ-ე, ხოლო ამავე საარქივო ცნობით და წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დგინდება, რომ ი. ივ.-ს ძე თ-ე (ოჯახის უფროსი) გარდაცვლილია 2000 წელს და შ. სე.-ს ასული თ-ე (მეუღლე) გარდაცვლილია 1997 წელს. აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ ან. თ-ე გამოყოფილია, მამის ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლიდან და მას საკუთრებაში ერიცხება 1946 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, 1987-1990 წლებში 0.32 ჰა მიწის ნაკვეთი. ასევე, როგორც აღინიშნა, საქმეში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №127 აქტით, წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში ან. ი.-ს ძე თ-ეს გადაეცა 0.75 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 2 ნაკვეთად. ი. ივ.-ს ძე თ-ეის სახელზე რეგისტრირებულ კომლში, მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩა მ. ი.-ს ძე თ-ე შვილებთან - გ. და ა. თ-ეებთან ერთად. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო-სასარგებლო ფართი 100 კვ.მ (სახლის აგების წელი მითითებული არ არის), 1996-1998 წლებში - 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ორივე კომლს, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ერიცხებოდა და ერიცხება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეზეა ორი დამოუკიდებელი კომლი.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობის (№... 12.03.18წ.) - შესახებ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება და მიაჩნია, რომ არქივის პასუხი ვერ გაბათილებს საქმეში წარმოდგენილ ფაქტებს და მიწის მიღება-ჩაბარების №127 (სადავო არ არის) და №64 (სადავო) აქტების კანონიერებას, რადგან აქტებში გარკვევითაა მითითებული მიწის ნაკვეთის ზომა, მოსაზღვრე ნაკვეთის მეზობლები, უფლებამოსილ პირთა ხელმოწერა და სხვა რეკვიზიტები, რაც მათ ნამდვილობაზე მიუთითებს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სარჩელი წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 1992 წელს, ი. ივ.-ს ძე თ-ეის სახელზე გაცემული №64 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
სარჩელი ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რომლითაც უძრავი ქონება მდებარე წყალტუბო, სოფ. ... (ს/კ. ...) დარეგისტრირდა მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკუთრებაში. კერძოდ, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს 2016 წლის 4 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ. თ-ემ და მოითხოვა 2788 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე წყალტუბო, სოფელი .... სარეგისტრაციო განცხადებას თან დაურთო: სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზი, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ი. ივ.-ს ძე თ-ეის სახელზე აღრიცხული სახლის და ეზოს შესახებ ცნობა-დახასიათება, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №64, ი. თ-ეის გარდაცვალების მოწმობა, საარქივო ცნობა სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნის ჩანაწერების შესახებ, ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლის წევრთა შემადგენლობის შესახებ. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის/ინფორმაციის განხილვის და ურთიერთშეჯერების შედეგად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №... (09.08.2016) რეგისტრაციის შესახებ.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი. განსახილველ შემთხვევაში, მ. თ-ეის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 1992 წლის №64 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ი. თ-ეს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გამოეყო წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 ჰა მიწის ნაკვეთი 3 ნაკვეთად. ხოლო, სარეგისტრაციოდ წარდგენილი N... (27.07.2016) ცნობა-დახასიათებით კი დადგენილია, რომ ი. ივ.-ს ძე თ-ე 1994 წლამდე აღრიცხული იყო 4125 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მოსარგებლედ.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს ბრძანების N1 დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს კომლის წევრთა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ბოლო მონაცემებით, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი – მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების დროისათვის არსებული პერიოდისა (2007 წლის 20 სექტემბერი). უძრავ ნივთზე კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებში თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და აღინიშნება მათი საერთო საკუთრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს არ წარედგინება კომლის ყველა წევრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი იქნება წარმოდგენილი, ხოლო კომლის დანარჩენი წევრების ნაწილში გაკეთდება მითითება თანამესაკუთრის არსებობის თაობაზე (მე-2 პუნქტი).
საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, მიწის ნაკვეთზე რეგისტრირდება კომლის მხოლოდ იმ წევრების საკუთრების უფლება, რომელთა კომლის წევრობა უტყუარად დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სარეგისტრაციო დოკუმენტებზე თანდართული საარქივო ცნობით N... (15.06.2011წ) მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ სოფელ ...ში ი. თ-ეის სახელზე რიცხული კომლის აქტიურ წევრებად ითვლებოდნენ მ. თ-ე, გ. თ-ე და ა. თ-ე, ხოლო ამავე საარქივო ცნობით და წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დგინდებოდა, რომ ი. ივ.-ს ძე თ-ე - (ოჯახის უფროსი) გარდაცვლილია 2000 წელს და შ. სე.-ს ასული თ-ე - (მეუღლე) გარდაცვლილია 1997 წელს. ამდენად, წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოშობდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, რაც განხორციელებული იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ №... (09.08.2016) გადაწყვეტილების მიღებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრული გამოკვლევის შესახებ.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ან. თ-ეისა და დ. თ-ეის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ი...ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეში №3/ბ-442-2021 აპელანტ (მოსარჩელე) ან. თ-ეის (პ/ნ ...) მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ი... (საფუძველი: მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება 28.10.2022წ.).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ან. თ-ეის (პ/ნ ...) (მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლე ა(ა)იპ „ი...“ (ს/ნ ...)) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ან. თ-ეის (პ/ნ ...) (მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლე ა(ა)იპ „ი...“ (ს/ნ ...)) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე №... საკადასტრო კოდით უძრავი ქონების მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში (მიწის მიღება-ჩაბარების №64 აქტის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში) ან. თ-ეის (მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლე ა(ა)იპ „ი...“ (ს/ნ ...)) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დ. თ-ეის (პ/ნ ...) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2016 წლის 4 აგვისტოს მ. თ-ემ №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, დისკი, საარქივო ცნობა, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, გარდაცვალების მოწმობა, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ცნობა-დახასიათება; ბ) 1992 წლის 27 თებერვლის მიწის მიღება-ჩაბარების №64 აქტით ირკვევა, რომ თ-ე ი. ივ.-ს ძეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სულ გამოეყო 01 (ერთი) ჰექტარი მიწა 03 (სამ) ნაკვეთად; მიწის რეფორმამდე არსებული: I ნაკვეთი, ორივე გვერდის სიგრძე - 30/30; ორივე გვერდის სიგანე - 82/82; ფართობი - 0.2460, საიდანაც სახნავი იყო - 2000, ნარგავები - 460-ზე; ორივე გვერდის სიგრძე - 24/24; ორივე გვერდის სიგანე -17/17; ფართობი - 408 სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ...-...ის გზა; სამხრეთით - თ-ე შ.-ს ეზო; აღმოსავლეთით - შიდა გზა; დასავლეთით - ვ. ფ-ეის ეზო; II ნაკვეთი, ორივე გვერდის სიგრძე - 31/31; ორივე გვერდის სიგანე - 54/54; ფართობი - 1674 სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შ. კ-ე; სამხრეთით - შიდა გზა; აღმოსავლეთით - არ. თ-ე; დასავლეთით - რ. თ-ე; დამატებით გამოყოფილი: III ნაკვეთი კიღიაში, ორივე გვერდის სიგრძე - 39/39; ორივე გვერდის სიგანე - 142/142; ფართობი - 5538 - სახნავი, საკარმიდამო - 460; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შიდა გზა; სამხრეთით - ვ. თ-ეის ნაკვეთი; აღმოსავლეთით - არ. თ-ეის ნაკვეთი; დასავლეთით - მუ. თ-ეის ნაკვეთი; ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე ასახულია მიწის რეფორმამდე არსებული 2 მიწის ნაკვეთი ფართებით - 2460 კვ.მ+408 კვ.მ და 1674 კვ.მ და დამატებით მიღებული 1 მიწის ნაკვეთი, ფართით 0.5538; გ) 15.06.2011 წლის №AA 2011017930-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ წყალტუბოს არქივში დაცული, სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლამდე) საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1. ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი; 2. შ. სე.-ს ასული თ-ე - მეუღლე; 3. ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 4. დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 5. მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილიშვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 6. ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილიშვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2). საკომლო წიგნში არსებული დამატებითი ფურცლებით ირკვევა, რომ ამავე კომლის წევრები არიან კომლის უფროსის: შვილი - მ. ი.-ს ძე თ-ე; შვილიშვილი - გ. მ.-ს ძე თ-ე. 1996-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან. 1. ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი (ჩანაწერი გადახაზულია. გარდაცვლილია 09.01.2000წ.); 2. შ. სე.-ს ასული თ-ე - მეუღლე (ჩანაწერი გადახაზულია გარდაცვლილია 1997წ.); 3. მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; 4. გ. მ.-ს ძე თ-ე - შვილიშვილი; 5. ა. მ.-ს ასული თ-ე - შვილიშვილი. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ. თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1. მ. თ-ე - ოჯახის უფროსი; 2. გ. თ-ე - შვილი; 3. ა. თ-ე - შვილი; დ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 09.08.2016 წელს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება მ. თ-ეის განცხადების დაკმაყოფილების და რეგისტრაციის შესახებ; ე) 30.10.2018 წლის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2788.00 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ-ით ... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №01- განაშენიანების ფართი 200 კვ.მ, საერთო ფართი - 388.55 კვ.მ; №02 - განაშენიანების ფართი 35 კვ.მ, №03 - განაშენიანების ფართი 30 კვ.მ) თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია - ა. თ-ეის (პ/ნ ...), გ. თ-ეის (პ/ნ ...) და მ. თ-ეის (პ/ნ ...) სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1992 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №64 აქტი და წყალტუბოს არქივის 15.06.2011 წლის №... საარქივო ცნობა; ვ) საქართველოს ეროვნული არქივის 01.06.2017 წლის №13/69646 წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; აღნიშნულ წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1946 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო - სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, 1987-1990 წლებში 0.32 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 1991-1995 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. სოფელ ...ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი, გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი, გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; ა. მ.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი; აღნიშნულ წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო - სასარგებლო ფართი 100 კვ.მ (სახლის აგების წელი მითითებული არ არის), 1996-1998 წლებში 1.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 1999-2000 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მ. თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ. თ-ე - უფროსი; გ. თ-ე - შვილი; ა. თ-ე - შვილი. აღნიშნულ წლებში კომლზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანის შესახებ ქუთაისის ცენტრალურ არქივში 2007 წლის საკომლო წიგნები და მიწის განაწილების სიები შესანახად არ შესულა; ზ) ქუთაისის ცენტრალური არქივის 29.03.2018 წლის №AA2018008599-13 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ. შვილი; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი. ამავე სოფლის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. ი.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. ი.-ს ძე თ-ე - უფროსი; დ. ს.-ს ასული თ-ე - ცოლი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილი; სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. თ-ე - უფროსი; დ. თ-ე - ცოლი; მე. თ-ე - შვილი; ინ. თ-ე - შვილი; თ) 12.10.2018 წლის №... საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს საარქივო მასალებში ...ს სასოფლო საბჭოს მიერ 28.04.1992 წელს მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი №2) არ არის დაცული, რის გამოც ვერ დასტურდება ინფორმაცია ან. ი.-ს ძე თ-ეის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ; ი) 21.11.2018 წლის №AA2018029671-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 ნლის 28.04 ოქმი №2(1) ცუდად იკითხება; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1) ცუდად იკითხება; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1) ცუდად იკითხება; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1) ცუდად იკითხება; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ. შვილი. აღნიშნულ წლებში 1986-1988 წლების მონაცემებით კომლს საკუთრებაში ერიცხება 1946 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო-სასარგებლო ფართი 70 კვ.მ და 1986-1990 წლების მონაცემებით 0.32 ჰა მიწის ნაკვეთი. 1989-1995 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლისა და 1991-1995 წლების მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ არ არის მითითებული. ამავე სოფლის 1996-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. ი.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. ი.-ს ძე თ-ე - უფროსი; დ. ს.-ს ასული თ-ე - ცოლი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილი. აღნიშნულ წლებში 1996-1998 წლების მონაცემებით კომლს საკუთრებაში ერიცხება 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1996-2000 წლების მონაცემებით 1970 წელს აგებული ბლოკის შენობა. 1999-2006 წლების მონაცემები მიწის ნაკვეთისა და 1996-2006 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ არ არის მითითებული; კ) 1992 წლის 27 თებერვლის №127 მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტით ან. ი.-ს ძე თ-ეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სულ გამოეყო 0.75 ჰექტარი მიწა 02 (ორ) ნაკვეთად: მიწის რეფორმამდე არსებული I ნაკვეთი, ორივე გვერდის სიგრძე - 100/100; ორივე გვერდის სიგანე - 25/25; ფართობი - 0.2500, საიდანაც სახნავია - 2200, ხოლო 300 კვ.მ-ზე არის მრავალწლიანი ნარგავები; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ...ი-წყალტუბოს გზა; სამხრეთით - შიდა გზა; აღმოსავლეთით - ნ. კ-ე; დასავლეთით - ინ. თ-ე; დამატებით გამოყოფილი II ნაკვეთი, ორივე გვერდის სიგრძე - 100/100; ორივე გვერდის სიგანე - 50/50; ფართობი - 0,5000 - სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შიდა გზა; სამხრეთით - რ. ძ-ე; აღმოსავლეთით - შ. გ-ეის შევსება; დასავლეთით - მეურნეობის ფართობი; ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე ასახულია მიწის რეფორმამდე არსებული 1 მიწის ნაკვეთს ნახაზი, ფართით - 0,2500 და დამატებით მიღებული 1 მიწის ნაკვეთის ნახაზი, ფართით - 5000; ლ) 1992 წლის 27 თებერვლის №127 მიღება-ჩაბარების აქტში არ არის აღნიშვნა საცხოვრებელი სახლის შესახებ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელე ან. თ-ეის კანონიერი უფლების არსებობა უძრავ ქონებაზე, რომლის რეგისტრაციაც სარჩელით სადავო 2016 წლის 09 აგვისტოს №... გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის სახელზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ან. თ-ეე და მოპასუხე მ. თ-ე არიან ი. ივ.-ს ძე თ-ეის და შ. სე.-ს ასული თ-ეის შვილები, ანუ არიან ძმები, ხოლო გ. და ა. თ-ეები ამ უკანასკნელთა (ი. და შ. თ-ეების) შვილიშვილები (მ. თ-ეის შვილები). საქმეში წარმოდგენილი და ზემოთ განხილული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება, რომ აპელანტი (მოსარჩელე) ან. თ-ეე, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, მის ძმასთან, მ. თ-ესთან, ერთად ირიცხებოდა მამისეული (ი. თ-ეის) კომლის წევრად (კომლის სხვა წევრთა ვინაობა ასევე დაფიქსირებულია საარქივო ცნობებში). აღნიშნულ კომლს ერიცხებოდა როგორც მიწის ნაკვეთები, ისე საცხოვრებელი სახლი. საქმეში დაცული საარქივო ცნობები შეიცავს მონაცემს ან. თ-ეის კომლის შესახებაც, რომელსაც 1992 წლის 27 თებერვლის №127 მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტით წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში გამოყოფილი უფიქსირდება 0.75 ჰექტარი მიწა ორ ნაკვეთად, თუმცა სასამართლო თვლის, რომ საკმარისად სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ან. თ-ეის კომლზე რიცხული საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია. საარქივო ცნობის მონაცემი, რომ ან. თ-ეის კომლს 1996-2000 წლებში უფიქსირდება 1970 წელს აგებული ბლოკის შენობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული საკმარის მტკიცებულებად კომლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესახებ, მითუმეტეს იმ პირობებში როცა იმავე ცნობის მიხედვით, 1999-2006 წლების მონაცემები მიწის ნაკვეთისა და 1996-2006 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ საკომლო დოკუმენტებში არ არის მითითებული. გარდა აღნიშნულისა მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინეს სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ ან. თ-ეის ოჯახს სხვა საცხოვრებელი სახლი გააჩნია.
მოპასუხე სარეგისტრაციო სამსახური სადავო რეგისტრაციას ძირითადად ამართლებს იმით, რომ ...ს სასოფლო საბჭოს მიერ 28.04.1992 წელს მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი №2) ან. ი.-ს ძე თ-ეის კომლი ცალკე გამოიყო მამისეული კომლიდან, რითაც მოსარჩელემ დაკარგა უფლება ი. თ-ეის კომლის ქონებაზე. აღნიშნული მსჯელობა გაიზიარა საქალაქო სასამართლომაც და მასზე დააფუძნა გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ამ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ 28.04.1992 წ. ოქმი №2 არ იძებნება, რის გამოც ერთმნიშვნელოვანად იმის მტკიცება, ნამდვილად მოხდა თუ არა კომლის გაყოფა, შეუძლებელია. ასეთი ოქმი რომც იძებნებოდეს ის მხოლოდ 1992 წლის აპრილის შემდეგი პერიოდის ფაქტებს ასახავს და ვერ შეცვლის კანონის იმ მოთხოვნას, რომ მიწის რეფორმის შედეგად მიწაზე საკუთრების უფლება მოიპოვეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხულმა კომლებმა და ამ კომლის წევრებმა. აღნიშნული პერიოდისთვის ან. თ-ეე იყო ი. თ-ეის კომლის წევრი. გარდა ამისა, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას ი. თ-ე იყო გარდაცვლილი და სარეგისტრაციო სამსახურს არ დაუდგენია, მოპასუხეებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციით ხომ არ ირღვეოდა კომლის ერთერთი წევრის მემკვიდრეების უფლებები. 1992 წლის აპრილში კომლიდან გასვლის შემთხვევაში ან. თ-ეე ი. თ-ეის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას ვერ დაკარგავდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. ამავე მუხლით განსაზღვრული იყო საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად: საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო-შრომითი გაერთიანება ან მთლიანად წყვეტდა არსებობას და მის ბაზაზე იქმნებოდა ორი ან მეტი ახალი კომლი ან იგი მხოლოდ რიცხობრივად მცირდებოდა კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველ შემთხვევაში სახეზე იყო კომლის გაყრა, მეორეში კი - კომლიდან გამოყოფა. იმდროინდელი კანონი ითვალისწინებდა კომლიდან გამოყოფას როგორც კომლიდან გასვლით, ისე კომლში დარჩენითაც და ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობდა. კომლიდან გასვლით და კომლიდან ქონების გატანით (ნატურით ან ფულადი კომპენსაციით) მთლიანად ისპობოდა გასული წევრის უფლება კომლის საერთო ქონებაზე. კომლში დარჩენით კი, გასულ წევრს კომლის საერთო საკუთრებაზე უფლების წარმოშობასთან ერთად წარმოეშობოდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლება (მაგალითად საცხოვრებელი სახლის მიმართ). კომლის გაყრის შემთხვევაში მის წევრებს შორის ნებაყოფლობით შედგებოდა ე.წ. „გაყოფის ფარდი“, რომელშიც მიეთითებოდა ისეთი საკითხები როგორიცაა: გაყოფის თარიღი, გაყოფაში მონაწილე სუბიექტები, გასაყოფი ქონების აღწერა და მახასიათებლები, როგორ განაწილდა ქონება წევრებს შორის, როდის უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებით მიკუთვნებული ქონების ფაქტობრივად გადაცემა და ა.შ. შეთანხმებას ხელი აწერდა კომლის ყველა ქმედუნარიანი წევრი. 16 წელს მიღწეულნი დოკუმენტს ხელს აწერდნენ დამოუკიდებლად, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვნები და ქმედუუნარო პირები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების მეშვეობით. კომლის გაყრის შედეგად წარმოშობილი ახალი კომლი საჭიროებდა აუცილებელ რეგისტრაციას სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოში, სადაც უნდა მომხდარი ქონების გაყოფის შესახებ შეთანხმების რეგისტრაცია, ხოლო შეთანხმება კომლის ქონების გამოყოფის შესახებ (რამდენადაც გამოყოფა არ ცვლიდა არსებულ კომლს) რეგისტრაციას არ საჭირობდა და კომლის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილება მხოლოდ საკომლო წიგნში აღინიშნებოდა. გაყრა რომელიც არ იყო რეგისტრირებული სასოფლო საბჭოს აღმასკომში - კანონიერად არ მიიჩნეოდა. ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, გახდა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც გავრცელდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა იხსნებოდა სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ ვინაიდან ან. თ-ეე ცალკე კომლად გავიდა, მან, როგორც დამოუკიდებელი კომლის წევრმა, რეფორმის შედეგად, დამატებითი მიწის ნაკვეთები მიიღო, პალატამ განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ ცალკე კომლად გასვლა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევდა. ვინაიდან საკოლმეურნეო კომლის რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა კომლის წევრებს კომლის ქონებაზე საერთო თანასაკუთრების უფლებას წარმოუშობდა, 1993 წლის შემდეგ მხოლოდ კომლიდან გასვლა, შესაბამისი, ქონებრივი კომპენსაციის გარეშე, საკუთრების უფლებაზე უარის თქმას არ უთანაბრდებოდა. ამგვარ სამართლებრივ რეგულაციას იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, კომლიდან გასვლა, თუნდაც, რეფორმის შედეგად დამატებითი მიწის ნაკვეთის მიღების მიზნით, თავისთავად კომლიდან გასული სუბიექტის მიერ საკუთრებაში არსებულ კომლის ქონებაზე უარის თქმას არ ნიშნავდა. მით უფრო, კომლიდან გასვლა და რეფორმის ფარგლებში დამატებითი მიწის ნაკვეთის მიღება კომლის ყოფილი წევრისათვის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლების ჩამორთმევას არ იწვევდა.
„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ
გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1992 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ან. თ-ეე ი. თ-ეის კომლის წევრი იყო, შესაბამისად, მას მამისეული კომლის ქონებაზე კომლის დანარჩენ წევრებთან ერთად საერთო თანასაკუთრების უფლება წარმოეშვა. 1992 წლის აპრილის მდგომარეობით ის რომც გასულიყო კომლიდან (სარწმუნოდ კი ასეთი ფაქტიც არ დასტურდება), მას ი. თ-ეის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება უკვე წარმოშობილი ჰქონდა. მისი კომლიდან გასვლა კი, კომლის ე.წ. „გაყრის“ შედეგად არ მომხდარა. საქმეში არ მოიპოვება ე.წ. „ფარდობის აქტი“ ან სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ან. თ-ეის მიერ ი. თ-ეის კომლის ქონების ნაწილის ან კომლის ქონებაში მისი წილის ღირებულების კომპენსაციის სახით მიღება. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება კომლების ე.წ. „გაყრა“, რომლის ფაქტობრივი შედეგი კომლის წევრებს შორის საერთო თანასაკუთრებაში არსებული კომლის ქონების განაწილება იყო.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში /დაბებში/ მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ დებულების მე-13 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთს იღებდა დამოუკიდებელი ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრი. დადგენილია, რომ №64 მიღება-ჩაბარების აქტით 01 (ერთი) ჰექტარი მიწის ნაკვეთი ი. ივ.-ს ძე თ-ეს (რეფორმამდე - 2460+408+1674 = 4542 კვ.მ და დამატებით მიღებული - 0.5538 ჰა.), როგორც ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრს გადაეცა - 27.02.1992 წელს.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილების მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდა 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 01.01.1992 წლის მდგომარეობით ან. ი.-ს ძე თ-ე იყო ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლი წევრი, მაშასადამე, ან. თ-ეეს, როგორც ი. თ-ეის კომლის წევრს, კომლისთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული ქონება ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. ამასთან, ან. თ-ეეს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლებები გააჩნდა მამის, ი. თ-ეის სამკვიდროზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ან. თ-ეე გამოყოფილ იქნა ცალკე კომლად ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლიდან, მან დაკარგა უფლება მას №64 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთებზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22/03/1996 წ. კანონის 4.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. 4.4 და 4.5 მუხლებით, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. 1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (ამოქმედდა 25.11.1997 წ) 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე. განსახილველ შემთხვევაში, მამკვიდრებელი ი. თ-ე გარდაიცვალა 2000 წლის 09 იანვარს, რა დროსაც გაიხსნა მისი სამკვიდრო.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ,,საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ“ სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
ი. თ-ეის გარდაცვალებისა და მისი სამკვიდროს გახსნის დროისთვის (09.01.2000 წ.) საკოლმეურნეო კომლს აღარ გააჩნდა 1964 წლის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სამართლებრივი სტატუსი. 15.07.1993 წლიდან საქართველოში ამოქმედდა „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი, რომელიც 25/11/1997წ-დან ძალადაკარგულად გამოაცხადა 06.06.97წ. ახალმა სამოქალაქო კოდექსმა). აღნიშნული კანონი მიუთითებდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლება წესრიგდებოდა კონსტიტუციით (ძირითადი კანონით), სამოქალაქო სამართლის კოდექსით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. ხსენებული კანონი ადგენდა საკუთრებითი ურთიერთობის წარმოშობის, განხორციელების, დაცვისა და შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. კანონის მე-2 მუხლი საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლების ობიექტებად ასახელებდა: მიწასა და მის წიაღს, წყლებს, კონტინენტური შელფის რესურსებს, ფლორას და ფაუნას, საწარმოებს, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებებს, საცხოვრებელ სახლებს, აგარაკებს, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნებს, ფულს, ფასიან ქაღალდებს, ძვირფას ლითონებსა და ქვებს, აგრეთვე სხვა მოძრავ და უძრავ ქონებას. მე-3 მუხლის პირველი აბზაცით, საქართველოს რესპუბლიკაში საკუთრების უფლების სუბიექტებს (მესაკუთრეებს) წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, იურიდიული პირები და სახელმწიფო. ამდენად, კომლის წევრის საკუთრება, მათ შორის კომლის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწა სამკვიდრო მასაში შედიოდა და მასზე მემკვიდრეობის უფლება საერთო წესის დაცვით წარმოიშობოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო რეგისტრაციის განხორციელების პროცესში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა გაერკვია ი. თ-ეის კუთვნილი სამკვიდროს მიმღებნიც და ისე მიეღო გადაწყვეტილება №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომლის (ოჯახის) უფროსი ი. ივ.-ს ძე თ-ე გარდაიცვალა 2000 წლის 09 იანვარს, ხოლო მისი მეუღლე შ. სე.-ს ასული თ-ე გარდაიცვალა - 1997 წელს. ანდერძის არარსებობის პირობებში გარდაცვლილის შვილები წარმოადგენენ თანაბარი უფლების მქონე პირველი რიგის მემკვიდრეებს. რეგისტრაციის შესახებ 09.08.2016წ. N... გადაწყვეტილებით მ. თ-ეს, გ. თ-ეს და ა. თ-ეს (მოსარჩელის ძმას და ძმიშვილებს) საკუთრებად დაურეგისტრირდათ წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი (ს/კ-ით ...), იმ პირობებში როცა სარეგისტრაციოდ წარდგენილი იყო საარქივო ცნობა აწ.გარდაცვლილი ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლის შესახებ და 27.02.1992 წლის მიწის №64 მიღება-ჩაბარების აქტი, კომლის წევრს, №64 მიღება-ჩაბარების აქტის გაცემისას წარმოადგენდა ან. თ-ეე, ამასთან ი. თ-ე (ვის სახელზეც იყო გაცემული №64 მიღება-ჩაბარების აქტი) სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროისთვის იყო გარდაცვლილი, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს მისი მემკვიდრეების ვინაობა არ დაუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და განაპირობებს სადავო აქტის ბათილად ცნობას. შესაბამისად, არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (2016 წლის 06 აგვისტოს №... გადაწყვეტილების) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა. ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს სარეგისტრაციო უძრავი ქონების მიმართ განმცხადებლის გარდა სხვა პირთა უფლების არსებობა, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტით (სზაკ-ის 95.2 მუხ.) და უზრუნველყოს მათი მონაწილება საკითხის განხილვაში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 1992 წლის №64 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობის შესახებ, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. მიწის რეფორმის კომისიას უფლება ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტი გაეცა ოჯახის (კომლის) ერთერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე, რაც არ ნიშნავდა მიწის ნაკვეთის ინდივიდუალურად მისთვის გადაცემას, რამდენადაც მიწის რეფორმის შედეგად მიწა გადაეცემოდა კომლებს (ოჯახებს).
დ. თ-ეის სააპელაციო საჩივართან მიმართებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.2021 წლის განჩინებით ან. თ-ეეს და დ. თ-ეეს დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ ან. თ-ეეს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადასახდელად ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების დამადასტურებელი ცნობის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის, სააპელაციო საჩივრის 05 (ხუთი) ასლისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის, ჩაწერილი CD-R ან DVD-R დისკზე, წარმოსადგენად, ხოლო დ. თ-ეეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების იურიდიული ინტერესის დასაბუთებისათვის (საპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო არა მხოლოდ ან. თ-ეის, არამედ დ. თ-ეის სახელითაც, მაშინ როცა საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით დ. თ-ეე მხარეს ან მესამე პირს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ზემოთ მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით შედგენილ სააპელაციო საჩივარში, დ. თ-ეის აპელანტად დაშვებისთვის მითითებული უნდა ყოფილიყო იმ იურიდიული ინტერესის შესახებ, რაც დ. თ-ეეს გააჩნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ, რის შემდეგაც სასამართლო განსაზღვრავდა მის პროცესუალურ სტატუსს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით) და სააპელაციო საჩივრის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარსადგენად განესაზღვრათ ვადა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული განჩინების ასლი დ. თ-ეეს გადაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, რომელიც ამ უკანასკნელს პირადად ჩაბარდა 2021 წლის 18 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 19 დეკემბრიდან და ამოიწურა - 2021 წლის 28 დეკემბერს 24:00 საათზე. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დ. თ-ეეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა ა. თ-ეის, გ. თ-ეისა და მ. თ-ეის მიერ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი გახდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ბათილად ცნობის ნაწილშიც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ან. თ-ე ვერ შეძლებს გაიფორმოს სადავო უძრავი ქონება და ამავდროულად, მ. თ-ესაც გაუუქმდა საკუთრების უფლება. შესაბამისად ქონება დარჩა რეგისტრაციის გარეშე.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ 1992 წლის 28 აპრილს მოსარჩელეები გამოეყვნენ ი. თ-ეის ძირითად კომლს. კომლს გამოეყო მიწის ნაკვეთი - 0.75 ჰა და ბლოკის შენობა აგებული 1970 წელს, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ან. თ-ეის კომლს აღერიცხა უძრავი ქონება, მ. თ-ეის კომლს კი, განსხვავებული ფართობის ქონება და შეიქმნა 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კომლი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ძირითად - ი. თ-ეის, ასევე, მ. თ-ეის კომლთან. ამდენად, ან. თ-ე 1992 წლიდან გასულია ცალკე კომლად. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საარქივო ცნობა, მიღება-ჩაბარების აქტი და საკადასტრო აზომვითი ნახაზი სავსებით საკმარისი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
კასატორთა განმარტებით, გარდა იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს არ ევალება მემკვიდრეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, ამასთან მოსარჩელეს დავის მიმართ არ აქვს იურიდიული ინტერესი. ასევე გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მოთხოვნის უფლების ნაწილის დათმობა სააპელაციო სასამართლოში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 4 აგვისტოს მ. თ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, დისკი, საარქივო ცნობა, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, გარდაცვალების მოწმობა, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ცნობა-დახასიათება (ტ.1, ს.ფ 28); ბ) 1992 წლის 27 თებერვლის მიწის მიღება-ჩაბარების №64 აქტით ირკვევა, რომ თ-ე ი. ივ.-ს ძეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სულ გამოეყო 01 (ერთი) ჰექტარი მიწა 03 (სამ) ნაკვეთად; მიწის რეფორმამდე არსებული: I ნაკვეთი: ორივე გვერდის სიგრძე - 30/30; ორივე გვერდის სიგანე - 82/82; ფართობი - 0.2460, საიდანაც სახნავი იყო - 2000, ნარგავები - 460; ორივე გვერდის სიგრძე - 24/24; ორივე გვერდის სიგანე -17/17; ფართობი - 408 სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ...-...ის გზა; სამხრეთით - თ-ე შ.-ს ეზო; აღმოსავლეთით - შიდა გზა; დასავლეთით - ვ. ფ-ეის ეზო; II ნაკვეთი: ორივე გვერდის სიგრძე - 31/31; ორივე გვერდის სიგანე -54/54; ფართობი -1674, სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შ. კ-ე; სამხრეთით - შიდა გზა; აღმოსავლეთით - არ. თ-ე; დასავლეთით - რ. თ-ე; დამატებით გამოყოფილი III ნაკვეთი: კიღიაში, ორივე გვერდის სიგრძე - 39/39; ორივე გვერდის სიგანე - 142/142; ფართობი - 5538 სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შიდა გზა; სამხრეთით - ვე. თ-ეის ნაკვეთი; აღმოსავლეთით - არ. თ-ეის ნაკვეთი; დასავლეთით - მუ. თ-ეის ნაკვეთი; ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე ასახულია მიწის რეფორმამდე არსებული 2 მიწის ნაკვეთი ფართებით - 2460 კვ.მ+408 კვ.მ. და 1674 კვ.მ და დამატებით მიღებული 1 მიწის ნაკვეთი, ფართით 0.5538 (ტ.1, ს.ფ 180-181); გ) 15.06.2011 წლის №... საარქივო ცნობით ირკვევა, რომ წყალტუბოს არქივში დაცული, სოფელ ...ს სასოფლო საბჭოს და საკრებულოს 1986-1990 წლების (ცვლილებები ნაწარმოებია 1996 წლამდე) საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1. ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი; 2. შ. სე.-ს ასული თ-ე - მეუღლე; 3. ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 4. დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 5. მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილიშვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2); 6. ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილიშვილი (გამოყოფილია ცალკე კომლად 28.04.1992 წლის ოქმი №2). საკომლო წიგნში არსებული დამატებითი ფურცლებით ირკვევა, რომ ამავე კომლის წევრები არიან კომლის უფროსის: შვილი - მ. ი.-ს ძე თ-ე; შვილიშვილი - გ. მ.-ს ძე თ-ე. 1996-2000 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, ი. ივ.-ს ძე თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან. 1. ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი (ჩანაწერი გადახაზულია. გარდაცვლილია 09.01.2000წ.); 2. შ. სე.-ს ასული თ-ე - მეუღლე (ჩანაწერი გადახაზულია გარდაცვლილია 1997წ.); 3. მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; 4. გ. მ.-ს ძე თ-ე - შვილიშვილი; 5. ა. მ.-ს ასული თ-ე - შვილიშვილი. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ. თ-ეის კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1. მ. თ-ე - ოჯახის უფროსი; 2. გ. თ-ე - შვილი; 3. ა. თ-ე - შვილი (ტ.1, ს.ფ 29); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით მ. თ-ეის განცხადება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ 31); ე) წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2788.00 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ... (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი - №01- განაშენიანების ფართი 200 კვ.მ, საერთო ფართი - 388.55 კვ.მ; №02 - განაშენიანების ფართი 35 კვ.მ, №03 - განაშენიანების ფართი 30 კვ.მ), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია - ა. თ-ეის, გ. თ-ეის და მ. თ-ეის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1992 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №64 აქტი და წყალტუბოს არქივის 15.06.2011 წლის №... საარქივო ცნობა (ტ.1, ს.ფ 22-23); ვ) საქართველოს ეროვნული არქივის 01.06.2017 წლის №13/69646 წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - ოჯახის უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი, მინიშნებულია გამოყოფილია ცალკე კომლად; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; აღნიშნულ წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1946 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო - სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, 1987-1990 წლებში 0.32 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 1991-1995 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. სოფელ ...ს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე- ოჯახის უფროსი, გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი, გადახაზულია მინიშნებით გარდაიცვალა; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; ა. მ.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი; აღნიშნულ წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებელი სახლის საერთო- სასარგებლო ფართი 100 კვ.მ (სახლის აგების წელი მითითებული არ არის), 1996-1998 წლებში 1.0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 1999-2000 წლებში მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია მ. თ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მ. თ-ე - უფროსი; გ. თ-ე - შვილი; ა. თ-ე - შვილი. აღნიშნულ წლებში კომლზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანის შესახებ ქუთაისის ცენტრალურ არქივში 2007 წლის საკომლო წიგნები და მიწის განაწილების სიები შესანახად არ შესულა (ტ.1, ს.ფ 78-79); ზ) ქუთაისის ცენტრალური არქივის 29.03.2018 წლის №AA2018008599-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ. შვილი; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი. ამავე სოფლის 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. ი.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. ი.-ს ძე თ-ე - უფროსი; დ. ს.-ს ასული თ-ე - ცოლი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილი; სოფელ ...ს 2001-2006 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. თ-ე - უფროსი; დ. თ-ე - ცოლი; მე. თ-ე - შვილი; ინ. თ-ე - შვილი (ტ.1, ს.ფ 27); თ) 12.10.2018 წლის №... საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს საარქივო მასალებში ...ს სასოფლო საბჭოს მიერ 28.04.1992 წელს მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი №2) არ არის დაცული, რის გამოც ვერ დასტურდება ინფორმაცია ან. ი.-ს ძე თ-ეის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ (ტ.1, ს.ფ 30); ი) 21.11.2018 წლის №AA2018029671-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ წყალტუბოს რაიონის სოფელი ...ს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1986-1995 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ი. ივ.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ი. ივ.-ს ძე თ-ე - უფროსი; შ. სე.-ს ასული თ-ე - ცოლი; ან. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04 ოქმი №2(1), ცუდად იკითხება; დ. ს.-ს ასული თ-ე - რძალი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1), ცუდად იკითხება; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვ.შვილი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1), ცუდად იკითხება; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვ.შვილი, გადახაზვის გარეშე მითითებულია გამოყოფილია ცალკე კომლად 1992 წლის 28.04. ოქმი №2(1), ცუდად იკითხება; მ. ი.-ს ძე თ-ე - შვილი; გ. მ.-ს ძე თ-ე - შვ. შვილი. აღნიშნულ წლებში 1986-1988 წლების მონაცემებით კომლს საკუთრებაში ერიცხება 1946 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო-სასარგებლო ფართი 70 კვ.მ და 1986-1990 წლების მონაცემებით 0.32 ჰა მიწის ნაკვეთი. 1989-1995 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლისა და 1991-1995 წლების მონაცემები მიწის ნაკვეთის შესახებ არ არის მითითებული. ამავე სოფლის 1996-2006 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ან. ი.-ს ძე თ-ე, კომლის წევრებად ირიცხებიან: ან. ი.-ს ძე თ-ე - უფროსი; დ. ს.-ს ასული თ-ე - ცოლი; მე. ან.-ს ძე თ-ე - შვილი; ინ. ან.-ს ასული თ-ე - შვილი. აღნიშნულ წლებში 1996-1998 წლების მონაცემებით კომლს საკუთრებაში ერიცხება 0.75 ჰა მიწის ნაკვეთი და 1996-2000 წლების მონაცემებით 1970 წელს აგებული ბლოკის შენობა. 1999-2006 წლების მონაცემები მიწის ნაკვეთისა და 1996-2006 წლების მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ არ არის მითითებული (ტ.1, ს.ფ 101); კ) 1992 წლის 27 თებერვლის №127 მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტით ან. ი.-ს ძე თ-ეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში სულ გამოეყო 0.75 ჰექტარი მიწა 02 (ორ) ნაკვეთად: მიწის რეფორმამდე არსებული, I ნაკვეთი: ორივე გვერდის სიგრძე - 100/100; ორივე გვერდის სიგანე -25/25; ფართობი - 0.2500, საიდანაც სახნავია - 2200, ხოლო 300 კვ.მ-ზე არის მრავალწლიანი ნარგავები; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - ...ი-წყალტუბოს გზა; სამხრეთით - შიდა გზა; აღმოსავლეთით - ნ. კ-ე; დასავლეთით - ინ. თ-ე; დამატებით გამოყოფილი, II ნაკვეთი, ორივე გვერდის სიგრძე - 100/100; ორივე გვერდის სიგანე - 50/50; ფართობი - 0,5000 - სახნავი; ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება - შიდა გზა; სამხრეთით - რ. ძ-ე; აღმოსავლეთით - შ. გ-ეის შევსება; დასავლეთით - მეურნეობის ფართობი; ამავე დოკუმენტის მეორე გვერდზე ასახულია მიწის რეფორმამდე არსებული 1 მიწის ნაკვეთის ნახაზი, ფართით - 0,2500 და დამატებით მიღებული 1 მიწის ნაკვეთის ნახაზი, ფართით - 5000. 1992 წლის 27 თებერვლის №127 მიღება-ჩაბარების აქტში არ არის აღნიშვნა საცხოვრებელი სახლის შესახებ (ტ.1, ს.ფ 162-163).
საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მ. თ-ეის, გ. თ-ეისა და ა. თ-ეის მიერ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება, რომლის მიხედვითაც, „საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას... ამასთან, საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები... სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება (სუსგ №ბს-1322(კ-19), 25.03.2021წ.).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტა უპირველესად უკავშირდება კომლის სამართლებრივ ბუნებას, კომლის წევრობასა და საკუთრებას, რის გამოც პალატა პირველ რიგში, სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიმოიხილავს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, გარკვეული უფლება-მოვალეობები, აგრეთვე პასუხისმგებლობა როგორც ერთმანეთის, ისე მესამე პირთა მიმართ. კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლს გააჩნდა პირადი საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით-საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არცერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 22.09.1992 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1992 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონება და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრება იყო, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის კომლის წევრების საერთო საკუთრება თანაბარი წილით. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება სსკ-ით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (სუსგ №ას-1063-983-2017, 17.10.2017წ.).
საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ, 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. კომლიდან გამოყოფა, როგორც წესი, აღინიშნებოდა კომლიდან გასვლით, თუმცა არსებობდა შემთხვევები, როდესაც კომლის წევრი აპირებდა ქონების გაყოფას და ფიქრობდა კვლავ კომლში დარჩენას საცხოვრებლად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა შეხედულება, რომელიც დასაშვებად თვლიდა საკოლმეურნეო კომლის საცხოვრებელი სახლიდან გარკვეული წილის გამოყოფას საკუთრების უფლებით და მასზე სამოქალაქო კანონმდებლობით საერთო წილადი საკუთრებისათვის დადგენილი უფლებრივი რეჟიმის გავრცელებას. მაგალითად: თუ კომლის რომელიმე წევრი თავს დაანებებდა სამეურნეო საქმიანობას (მუშაობას დაიწყებდა საწარმოში და ა.შ), ხოლო საცხოვრებლად დარჩებოდა ამავე კომლში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამ შემთხვევაშიც კომლის წევრი ითვლებოდა კომლიდან გამოყოფილად. კომლიდან გამოყოფა კომლიდან გასვლით და კომლში დარჩენით კომლის საერთო საკუთრების მიმართ წარმოშობდა სამართლებრივად განსხვავებულ რეჟიმს, კერძოდ, კომლიდან გასვლით და ქონების გატანით (ნატურით თუ ფულადი კომპენსაციის სახით) მთლიანად უსპობდა კომლის წევრს უფლებას კომლის საერთო ქონებაზე, კომლში საცხოვრებლად დარჩენით კი, კომლის საერთო საკუთრების ქონებაზე უფლების მოსპობასთან ერთად წარმოიშობოდა კომლთან საერთო წილადი საკუთრების უფლება, რაც ეხებოდა მხოლოდ საცხოვრებელ სახლს (სუსგ №ას-464-2022, 06.12.2022).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის №128 დადგენილების მეორე პუნქტით დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით, ხოლო 1992 წლის 1 იანვრის შემდეგ გაყრის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომლები დაკმაყოფილდებოდნენ ამ მიზნით მიწის სარეზერვო ფონდის შექმნის შემდეგ. კომლის გაყრა ხორციელდება მასში ორი და მეტი სრულწლოვანი შვილის არსებობის შემთხვევაში, ამასთან ერთ-ერთი შვილი რჩება კომლის მემკვიდრედ და მას ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ გამოეყოფა. ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ასევე ქონება მიღება-ჩაბარების აქტით. ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება. აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ 1992 წლის მიწის მიღება-ჩაბარების №64 აქტით თ-ე ი. ივ.-ს ძეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 1 (ერთი) ჰექტარი მიწა 3 ნაკვეთად. დადგენილია, რომ რეფორმის პერიოდში, 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ან. თ-ე წარმოადგენდა ი. თ-ეის კომლის წევრს, რის შესახებაც აგრეთვე მითითებულია საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობებში. მართალია, საარქივო ცნობებში ან. თ-ეის შესახებ მითითებულია, რომ გამოყოფილ იქნა ცალკე კომლად 1992 წლის 28 აპრილის ოქმით, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ავტომატურად არ განაპირობებდა უფლების დაკარგვას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლისათვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქონებაზე უფლების დაკარგვა უკავშირდებოდა კომლიდან გასვლის ფორმას.
საგულისხმოა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია №127 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ან. ი.-ს ძე თ-ეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში გამოეყო 0.75 ჰექტარი მიწა, თუმცა, აღნიშნული ასევე არ ქმნის ი. თ-ეის კომლისათვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან. თ-ეის უფლების დაკარგულად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2016 წლის 4 აგვისტოს მ. თ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წყალტუბოს რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 09.08.2016 წელს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განცხადება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე მუხლის მესამე პუნქტში კი აღნიშნულია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მ. თ-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ განცხადებას დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, დისკი, საარქივო ცნობა, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, გარდაცვალების მოწმობა, შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ცნობა-დახასიათება. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ისე იქნა მიღებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რომ გამოკვლეული არ ყოფილა ან. თ-ეის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. „..საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება..“ (სუს 13.12.2018წ. №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალება კონკრეტული შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი უქმდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად გამოსაცემი აქტის შინაარსი დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგებზე. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორების შედავებაზე, რომ გაურკვეველია, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მოთხოვნის უფლების ნაწილის დათმობა სააპელაციო სასამართლოში. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა(ა)იპ ი...ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულ საქმეში №3/ბ-442-2021 აპელანტ (მოსარჩელე) ან. თ-ეის (პ/ნ ...) მოთხოვნის ½ ნაწილში უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა(ა)იპ ი... (საფუძველი: მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება 28.10.2022წ.). საგულისხმოა, რომ აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა კერძო საჩივრით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა), რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის პროცესუალურ შესაძლებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-ეის, გ. თ-ეის და ა. თ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მ. თ-ეს (პ/ნ ...), გ. თ-ეს (პ/ნ ...) და ა. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 17.05.2023წ. №3703 საგადასახადო დავალებით ნ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა