დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-992(კ-25) 20 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ზ.ჯ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - თ.ჯ-ე, ნ.ჯ-ე
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 15 მარტს თ.ჯ-ემ და ნ.ჯ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ზ.ჯ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თ. და ნ. ჯ-ეების ხონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით ნ.ჯ-ის და თ.ჯ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ზ.ჯ-ის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ საქმეზე, ზ.ჯ-ე განისაზღვრა მესამე პირად.
სარჩელის მიხედვით, 2022 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელეებმა საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს ხონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება ს/კ ..., რომელიც ეკუთვნოდა მათი მამის - თ.ჯ-ის კომლს და რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თავად მოსარჩელეებიც. მიუხედავად ამისა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეების ბიძის (მამის ძმის) - ზ.ჯ-ის საჩივრის საფუძველზე, გააუქმა მოსარჩელეების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ზ.ჯ-ეს მიწის რეფორმის შედეგად გადაეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ხონში (მიღება-ჩაბარების აქტი №1139) და აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მის სახელზე. მიწის რეფორმის დროს მოქმედი კანონმდებლობით, ვისაც ჰქონდა სარგებლობაში მიწის ნაკვეთი, მას არ შეიძლებოდა გადაცემოდა კიდევ სხვა ნაკვეთი, რაც განსახილველ შემთხვევაში ადასტურებდა, რომ ზ.ჯ-ე არ ცხოვრობდა რეფორმის პერიოდში იმ კომლში, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ის და თ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, რომ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2025 წლის 6 მარტს 12:00 საათზე, თუმცა მოსარჩელეები ნ.ჯ-ე და თ.ჯ-ე სხდომაზე არ გამოცხადნენ. მოსარჩელე ნ.ჯ-ემ 2025 წლის 5 მარტს ელექტრონული ფოსტით სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა საქმის განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ იმყოფებოდა გერმანიაში და საქართველოში დაბრუნებას შეძლებდა აგვისტოში. მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2025 წლის 8 აპრილს 12:00 საათზე, რაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა მოსარჩელე მხარეს, თუმცა მოსარჩელეები არ გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე, ისე რომ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ არც გამოუცხადებლობის მიზეზი და არც საქმის განხილვის გადადება მოუთხოვიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვა ჩატარდა მოსარჩელე მხარის მონაწილეობის გარეშე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ არსებობდა მხარეების დაუსწრებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, 2420 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (ს/კ ...) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა თ.ჯ-ის და ნ.ჯ-ის თანასაკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო №... საარქივო ცნობა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის 2 აპრილის ბრძანებით ბათილად ცნო თავისივე გამოცემული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №..., რის შემდეგაც 2022 წლის 20 აპრილს №... განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილებების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება. შედეგად, საჯარო რეესტრმა დაიწყო №... სარეგისტრაციო წარმოება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების რეგისტრაციის (რეგისტრაციის გაუქმების) მიზნით. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 12 იანვრის №... შეტყობინება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ამდენად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ხონის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ რადგან საკუთრების უფლების გაუქმების გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა, 2022 წლის 13 დეკემბერს მესამე პირმა ზ.ჯ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, №... განაცხადის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. შედეგად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვით, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი ბათილად იქნა ცნობილი, ამასთან, №... საარქივო ცნობაც ვერ იქნებოდა გამოყენებული საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების გაუქმება. გარდა ამისა, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა ნ. და თ. ჯ-ეების სახელზე, მიმდინარე №... სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის შესაბამისად მოსარჩელეებმა 2023 წლის 15 თებერვალს განაცხადით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს საკუთრების რეგისტრაცია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 აპრილის ბრძანება №ბ60.6022092001, რომლითაც ბათილად ცნო თავისივე გამოცემული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავო უძრავ ნივთზე.
რაიონულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მართალია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №... გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხებოდა სხვა საკითხებსაც, თუმცა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და მხარის რეალური ინტერესის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესის საგანი იყო აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებდნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათი მამის ძმა ზ.ჯ-ე დაპირისპირებული იყო მოსარჩელეებთან და მათ მამის სახლი წაართვა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ განმარტა, რომ ნ. და თ. ჯ-ეების საკუთრება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2420 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე გაუქმდა არა იმიტომ, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა მათი მამის ძმას ზ.ჯ-ეს, არამედ იმიტომ, რომ საკუთრების უფლების დამდგენი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 აპრილის №ბ60.6022092001 ბრძანებით, რის შემდეგაც მერიამ 2022 წლის 20 აპრილის №... განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილებების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემოქმედა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმად რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
გარდა ამისა, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აქტის (და მისი გაუქმების საფუძვლის) არსებობის შესახებ მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი იყო, გამომდინარე იქედან, რომ ის მონაწილეობდა საჩივრის განხილვაში ზეპირი მოსმენისას, მაგრამ იგი არ გაუსაჩივრებია. მეტიც, ასევე, არ გასაჩივრებულა რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ვინაიდან მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა არცერთ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს არ მიეცა საშუალება დახმარებოდა მას მოთხოვნის ტრანსფორმირებაში), შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცული იყო აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ.ჯ-ემ და ნ.ჯ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინებით მესამე პირის წარმომადგენლის შუამდგომლობა ნ.ჯ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა აპელანტის მხარის დაზუსტებული მოთხოვნა.
ზემოაღნიშნულ განჩინებაში აღინიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს თ. და ნ. ჯ-ეების წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა: ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 14 მარტის (ფაქტობრივად 02.04.2022 წლის) №ბ60.6022092001 ბრძანების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის თ. და ნ. ჯ-ეების საკუთრებად დარეგისტრირების დავალება, ხონის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 2420 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 141.90 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე.
მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ რაიონულ სასამართლოში მათ არ მიეცათ საშუალება მიეღოთ საქმის განხილვაში მონაწილეობა, რათა დაეზუსტებინათ სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლო პრაქტიკის თანახმად, როდესაც მოთხოვნები არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული ან არსებობს გარკვეული პრობლემა მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლო უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რისი მიღწევა სურს მოსარჩელეს, შესაბამისად მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვდნენ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე პირის ზ.ჯ-ის საჩივარი, გაუქმდა მის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, განახლდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელე მხარე, ამ მოთხოვნის რეალიზებით ვერ მიაღწევდა მიზანს - სადავო უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების დარეგისტრირებას, რადგან, ამავე დროს, მას სადავოდ არ გაუხდია ხონის მუნიციპალიტეტის ბრძანება, რომლითაც დათვალიერების ოქმი ადმინისტრაციულმა ორგანომ ცნო ბათილად, რაც საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ნივთზე ნ. და თ. ჯ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის 2023 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა აპელანტი მხარის დაზუსტებული მოთხოვნის მიღების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, თ.ჯ-ის და ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №3/21-2023 საქმეზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე პირის ზ.ჯ-ის საჩივარი, გაუქმდა მის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, განახლდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ამ მოთხოვნის რეალიზებით ვერ მიაღწევდნენ მიზანს - სადავო უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების დარეგისტრირებას, რადგან, ამავე დროს, მათ სადავოდ არ გაუხდიათ ხონის მუნიციპალიტეტის ბრძანება, რომლითაც თავისივე დათვალიერების ოქმი ცნო ბათილად, რაც საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ნივთზე ნ. და თ. ჯ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის 2023 წლის №... გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ გარემოებამ, რომ არ მოხდა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღება გამოიწვია - ის იურიდიულად არ იქნა საკმარისად დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში, რაიონული სასამართლო, თუმცა, მოქმედებდა სასკ-ის 261 შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად, მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მაგრამ ამ გარემოებამ, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღება გამოიწვია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაიონულ სასამართლოს უნდა შეესრულებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის მოთხოვნა, რაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნების წინაპირობად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ჯ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ დასახელებულ განჩინებასთან ერთად იგი ასაჩივრებდა საკასაციო საჩივრის ფარგლებით მოცულ წინმსწრებ განჩინებებსაც (სააპელაციო სასამართლოს 21.07.2025წ. და 30.05.2025წ. განჩინებები, 21.07.2025წ. საოქმო განჩინება).
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამდენადაც სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელეებმა არ ისურვეს სარჩელის განხილვაში მონაწილეობის მიღება არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით, მათ შორის არ მოუთხოვიათ განხილვაში დისტანციურად ჩართვა/მონაწილეობა. ამასთან, კასატორი ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები 2025 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის და გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების შესახებ, სსკ-ს 70-78-ე მუხლების დაცვით იყვნენ გაფრთხილებულები/ინფორმირებულები.
ამასთან, კასატორი ხაზს უსვამს, რომ რაიონულ სასამართლოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვის პირობებში ვერ მოეთხოვება მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დახმარება, რამდენადაც კანონმდებელი მხარეებს უფლების სახით ანიჭებს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა-არმონაწილეობის არჩევანს, და ამავე უფლების ფარგლებში წარმომადგენლის მეშვეობით აღჭურავს განხილვაში მონაწილეობის ნებით. მოსარჩელე მხარემ უფლების რეალიზაცია მოახდინა პასიურ ფორმაში, რა შემთხვევაშიც დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის სახელმძღვანელო წანამძღვართა გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ სსკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების დანაწესის მიხედვით საქმე გადაწყვიტა მათი დასწრების გარეშე. კასატორი ხაზს უსვამს, რომ ინკვიზიციურ პრინციპს აქვს თავისი დანიშნულება და ვერ შეითავსებს მოთხოვნის ტრანსფორმირების ნორმატიულ პირობებს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მოსარჩელეების გამოუცხადებლობის გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მათთვის გაეწია მოთხოვნის ტრანსფორმირებაში დამხარება.
ამასთან, კასატორი უკანონოდ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების წინმსწრებ 2025 წლის 21 ივლისის განჩინებას მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, რამდენადაც განჩინების არც აღწერილობით და არც სამოტივაციო ნაწილში აპელაციის მოსამართლემ არ ასახა და არ შეაფასა მესამე პირის პოზიცია მასზედ, რომ რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო მოკლებული შესაძლებლობას მოთხოვნის ტრანსფორმირებაში მოსარჩელე მხარის სხდომაზე განხილვაზე არყოფნის გამო. კასატორის ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს მხრიდან რომელიმე მხარის ადვოკატირება დაუშვებელია, რასაც, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ადასტურებდა დავაში მესამე პირად ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საოქმო განჩინებაც. ამასთან, კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრებ 2025 წლის 30 მაისის განჩინებას, ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე და მესამე პირის შუამდგომლობის (შუამდგომლობის საგანი: ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 21.07.2025 წლის საოქმო განჩინებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით თ.ჯ-ის და ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №3/21-2023 საქმეზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ზ.ჯ-ემ, ამდენად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე იმსჯელებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონიერების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „სარჩელის ტრანსფორმირების პროცესუალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი ინკვიზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების თანაარსებობისა და ურთიერთშეჯერების გამოვლინებაა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპის, ასევე, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო იზღუდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით, თუმცა ინკვიზიციურობის პრინციპის საფუძველზე მინიჭებული აქტიური როლის გათვალისწინებით, სასამართლო არა თუ უფლებამოსილი, არამედ ამგვარი საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში... სასარჩელო მოთხოვნის მართებული ტრანსფორმირებისათვის გადამწყვეტია მოსარჩელის რეალური და საბოლოო იურიდიული ინტერესის გამორკვევა. სარჩელის ტრანსფორმირება ემსახურება მოსარჩელის საბოლოო მიზნის მიღწევის ხელშეწყობას... საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის ტრანსფორმირების ექსკლუზიური უფლებით სასამართლოს აღჭურვა წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს მოსარჩელის რეალური, ნამდვილი იურიდიული ინტერესის ამოკითხვისა და მასთან მისადაგებული შინაარსით სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრის უპირატესი შესაძლებლობა გააჩნია“ (სუსგ საქმე №ბს-193(2კ-21) 09.12.2021 წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, №... საკადასტრო კოდით 2420 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა თ.ჯ-ის და ნ.ჯ-ის თანასაკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო უფლების დამდგენი დოკუმენტი - №... საარქივო ცნობა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი. თუმცა, აღნიშნული ოქმი ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 აპრილის ბრძანებით, რის შემდეგაც, მერიამ 2022 წლის 20 აპრილის №... განაცხადით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილებების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო №... სარეგისტრაციო წარმოება ს/კ... მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების რეგისტრაციის (რეგისტრაციის გაუქმების) მიზნით. ზემოაღნიშნულ განცხადებაზე მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ 2023 წლის 12 იანვრის №... შეტყობინება.
ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს მესამე პირმა ზ.ჯ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, №... განაცხადის დასრულება და რეგისტრაციის გაუქმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის №... გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2022 წლის 24 ივნისის №... გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიხედვით, ვინაიდან რეგისტრაციის საფუძვლად არსებული დოკუმენტი ბათილად იქნა ცნობილი, ამასთან, №... საარქივო ცნობაც ვერ იქნებოდა გამოყენებული საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი რეგისტრაციის შესახებ 2021 წლის 10 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. შესაბამისად, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და №... საკადასტრო კოდზე საკადასტრო მონაცემების გაუქმება.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეებს არ გაუსაჩივრებიათ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 2 აპრილის ბრძანება №ბ60.6022092001, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი თავისივე გამოცემული უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სადავო უძრავ ნივთზე. მოსარჩელეები განსახილველ შემთხვევაში ითხოვდნენ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ.ჯ-ის საჩივარი - გაუქმდა განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, განახლდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა №... განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ თავად სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაშივე აღნიშნულ იქნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა არცერთ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს არ მიეცა საშუალება დახმარებოდა მას მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რაც თავის მხრივ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლო განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების ინტერესების სრულყოფილი რეალიზების და მათი რეალური მოთხოვნების ჩამოყალიბების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნევდა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებას, რაც არ განხორციელდა იმ მიზეზით, რომ მოსარჩელე მხარე არ გამოცხადდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს იმპერატიულ დანაწესს სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით მოსარჩელის საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის და მის ფარგლებში მოსაზრების დაფიქსირების თაობაზე, ასეთ პირობებში კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირებისთვის და მოსარჩელისთვის საკუთარი უფლებების სრულყოფილი რეალიზაციის მიცემის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი პოზიციის მოპოვება და მოთხოვნის ტრანსოფრმაცია შესაძლებელია მათ შორის მოსარჩელისგან წერილობით თანხმობის მიღებითაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, რაიონულ სასამართლოს ჰქონდა მხარესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რამდენადაც ნ.ჯ-ემ ელექტრონული ფოსტით წარდგენილი განცხადებით სხდომის გადადება ითხოვა, ხოლო თ.ჯ-ეს უწყება ჩაჰბარდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია, იმოქმედოს აქტიური სასამართლოს პრინციპით. კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად, ხოლო, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებისა, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რა ვალდებულებაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ რაიონულ სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის დამატებით უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდა მხოლოდ 2025 წლის 8 აპრილის სხდომაზე განახორციელა. რაიონულ სასამართლოს დავის საგნის დაზუსტების შემდეგ, უნდა ემსჯელა მოსარჩელე მხარის რეალურად მიღწევადი და აღსრულებადი უფლების შესახებ. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების მოპოვებისთვისაც მიმართა მან სასამართლოს. სასამართლოს, სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე, ან სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის დანაწესი, დახმარებოდა მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის დაზუსტებასა თუ ტრანსფორმირებაში, რათა სწორად მომხდარიყო სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მხარის კანონიერი ინტერესების დაცვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთვის სასამართლოს ესაჭიროება „ობიექტური ფუნდამენტი“, რომელსაც ქმნის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები. „თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში ეჭვის შეტანის რისკი, მცირდება სხვა მტკიცებულებით მისი გამყარების საჭიროება“ (იხ.: Khan v. the United Kingdom (ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ), N35394/97, §37, 12 მაისი, 2000)
ნიშანდობლივია, რომ მართლმსაჯულების არსი ყველა შემთხვევაში კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებში ვლინდება. ცხადია, სიმართლის დადგენა არც ერთადერთი, და არც ნებისმიერი შესაძლო გზით დაცვადი ინტერესია, თუმცა მართლმსაჯულების მიზნის მისაღწევად, „...პროცესი უნდა ავლენდეს სიმართლის დადგენის მაქსიმალურ ძალისხმევას. ჭეშმარიტება აშკარად უნდა ვეძებოთ, როცა „სიმართლის პოვნა“ ან „სიმართლისა და სამართლიანობის“ მიღწევა არის პროცესის გაცხადებული მიზნები“ (იხ. Thomas Weigend, Should We Search for the Truth, and Who Should Do It, North Carolina Journal of International Law and Commercial Regulation, p. 390).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე და 394-ე მუხლების დანაწესი სააპელაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს ხელახლა განსახილველად. ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იმდენად არასრული დასაბუთება, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რა გარემოებაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ართულებს საქმის ობიექტურად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას. მართალია სააპელაციო სასამართლო თავისი პროცესუალური როლის გათვალისწინებით წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, თუმცა ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვედა ინსტანციის მიერ მოკვლეულ, განხილულ და დადასტურებულ/უარყოფილ ფაქტებსა თუ გარემოებებს, რა მიმართებით დაშვებული არსებითი ხარვეზის შევსება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელია.
პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად აუცილებელი საპროცესო მოქმედებების ჩატარება და ინკვიზიციურობის პრინციპის დაცვით ახალი მტკიცებულებების მოპოვებით საქმის გარემოებების სრულყოფა მიზანშეწონილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელდეს, რამეთუ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების მოპოვების სადავოობას, რასთან დაკავშირებით კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების სარწმუნოდ დადასტურება მრავალსაფეხურიანი ინსტანციურობის პირობებში უდავოდ მიიღწევა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუმების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნების თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო სასამართლო კანონიერად მიიჩნევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებას სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნების თაობაზე სწორედ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საჭირო იყო სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, მოსარჩელეთა ინტერესების სრულყოფილი ჩამოყალიბების და მათზე სათანადო სამართლებრივი შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინება და მასში არსებული მსჯელობა, რომ მოსარჩელე მხარე საკუთარი მოთხოვნის რეალიზებით ვერ მიაღწევდა სადავო უძრავ ნივთზე თავისი საკუთრების უფლების დარეგისტრირების მიზანს, რამდენადაც სადავო არ იყო გამხდარი ხონის მუნიციპალიტეტის ბრძანება, რომლითაც თავისივე დათვალიერების ოქმი ცნო ბათილად, რაც საფუძვლად დაედო სადავო უძრავ ნივთზე ნ. და თ. ჯ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის მიერ 2023 წლის N... გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სადავო უძრავ ნივთზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო შუამდგომლობა და მიღებულიყო აპელანტი მხარის დაზუსტებული მოთხოვნა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებას და 2025 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინების უკანონობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მესამე პირის შუამდგომლობა აპელანტ ნ.ჯ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული საოქმო განჩინება არის კანონიერი და არ იკვეთება მისი გაუქმების საფუძვლის არსებობა. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საქმის მასალებში არსებული შპს ...ის გზავნილის თანახმად, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება ნ.ჯ-ეს ჩაბარდა 2025 წლის 23 აპრილს, ხოლო ნ.ჯ-ის და თ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა 2025 წლის 6 მაისს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვით. აღსანიშნავია, რომ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა თ.ჯ-ე და თანდართული იყო მინდობილობა, რომლის თანახმად, თ.ჯ-ეს ჰქონდა ნ.ჯ-ის სახელით სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრების უფლება.
აღნიშნულის შემდგომ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განჩინებით განიმარტა, რომ თ.ჯ-ე არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი ნ.ჯ-ის სახელით სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, დასახელებული განჩინებით, ნ.ჯ-ეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაევალა უშუალოდ თავის მიერ ხელმოწერილი საჩივრის ან კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ადვოკატის მიერ ხელმოწერილი საჩივრის წარდგენა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. საქმის მასალებში არსებული შპს ...ის გზავნილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ნ.ჯ-ეს ჩაბარდა 2025 წლის 22 მაისს, ხოლო ხარვეზის შევსების თაობაზე ნ.ჯ-ის წარმომადგენლის - რ.ხ-ას განცხადება, თანდართული მასალით წარდგენილ იქნა 2025 წლის 28 მაისს, ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი 7 დღიანი ვადის დაცვით. მართალია აღნიშნულ განცხადებაზე თანდართული იყო ნ.ჯ-ის მიერ რ.ხ-ასთვის სასამართლოს ნებისმიერი აქტის გასაჩივრების უფლების მინიჭების ამსახველი მინდობილობა, თუმცა სააპელაციო საჩივარი წარმოადგენდა ასლს და მასზე არ იყო აღნიშნული ნ.ჯ-ის წარმომადგენლის - რ.ხ-ას ხელმოწერა, თუმცა, მის მიერ ხარვეზით განსაზღვრულ ვადაში მოხდა შესაბამისი რეაგირება, ხარვეზიანი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა კი შესაძლებელია გამხდარიყო ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების საფუძველი. სასამართლოს მხრიდან შესაბამისი რეაგირების/მოქმედების (ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება) განხორციელებამდე, ნ.ჯ-ის წარმომადგენელმა - რ.ხ-ამ 2025 წლის 30 მაისს წარადგინა კიდევ ერთი განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელზე თანდართულ სააპელაციო საჩივარზე აღნიშნული იყო ადვოკატ რ.ხ-ას ხელმოწერა დედანში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მესამე პირის - ზ.ჯ-ის შუამდგომლობა აპელანტ ნ.ჯ-ის საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამდენად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობები, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის და 21 ივლისის განჩინებების უკანონობაზე კასატორის მითითება უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარზე 12.09.2025წ. №... გადახდის ქვითრით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინება და ამ განჩინების წინმსწრები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინებები;
3. ზ.ჯ-ეს (პ/ნ:...) დაუბრუნდეს რ.პ-ის (პ/ნ:...) მიერ 12.09.2025წ. №... გადახდის ქვითრით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა