დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-983(კ-25) 16 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ე-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირი - ლ. ე-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 10 მაისს გ. ე-ეემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაონულ სასამართლოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ლ. ე-ეის საკუთრების უფლების ( ს/კ №...) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩაბმული იქნა ლ. ე-ე.
გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ე-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის გაჩინებით გ. ე-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, გორში, ...ს ქ. №...-ში (...ს ქ. №30) მდებარე 390 მ2 განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აღრიცხული იყო ნ. გ-ას საკუთრების უფლება. გ. ე-ეემ 2021 წლის 16 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და წარადგინა 1997 წლის 16 ივლისით დათარიღებული, ნ. გ-ასა და გ. ე-ეის სახელით შესრულებული ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი იყო გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრება, ექსპლუატაციაში მიღება და კეთილმოწყობა. ნ. გ-ას შენატანი იყო 8 000, ხოლო გ. ე-ეის შენატანი 81 000 აშშ დოლარი. პროექტის განხორციელების შემდეგ სახლი უნდა გადასულიყო საერთო საკუთრებაში: გ. ე-ეის საკუთრებაში - 9/10 წილი, ნ. გ-ას საკუთრებაში - 1/10 წილი. გ. ე-ეე უნდა დახმარებოდა ნ. გ-ას ნორმალური ცხოვრებისა და მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრებით. ამის ნაცვლად, ნ. გ-ა ვალდებულებას იღებდა თავისი წილი ამ სახლში გადაეცა გ. ე-ეის ან მისი მემკვიდრისათვის. განცხადებას ასევე ერთვოდა 2012 წლის 06 აგვისტოთი დათარიღებული, ნ. გ-ასა და გ. ე-ეის სახელით შესრულებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი შეთანხმდნენ, რომ 1997 წლის 16 ივლისის ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება შესრულებული იყო და გ. ე-ეეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთის 9/10 წილი, ხოლო ნ. გ-ას - 1/10 წილი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... სადავო გადაწყვეტილებით გ. ე-ეის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პროცესში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი-ინფორმაცია.
პალატამ აღნიშნა, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე (1997 წლის 25 ნოემბერი) მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და შესაბამის ორგანოში დარეგისტრირებულიყო სანოტარო წესით დამოწმების დღიდან სამი თვის ვადაში. ანალოგიური წესი მოქმედებდა საცხოვრებელი სახლის ჩუქების და გაცვლილობის ხელშეკრულებების დადებისას. ამასთან, საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სანოტარო წესით გარიგების დადასტურება სავალდებულო იყო მხოლოდ კანონით მითითებულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში, დაუცველობა სანოტარო ფორმისა, რომელსაც კანონი მოითხოვდა, იწვევდა გარიგების ბათილობას. ამდენად, პალატის მითითებით, ნუ. (ნ.) გ-ასა და მის დისშვილს - გ. ე-ეეს შორის 1997 წლის 16 ივლისს გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, გარკვეული ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის წილზე საკუთრების უფლების გადაცემას (გასხვისებას), დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 1997 წლის 16 ივლისის და 2012 წლის 06 აგვისტოს შეთანხმებები შედგენილი და დამოწმებული არ იყო მათი გაფორმების დროისათვის მოქმედი კანონით გათვალისწინებული წესით, არ არსებობდა გ. ე-ეის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებას, რომლითაც ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე დარეგისტრირებულ იქნა ლ. ე-ეის საკუთრების უფლება, პალატამ აღნიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, გორში, ...ს ქ. № ...-ში (...ს ქ. № 30) მდებარე 390 მ2 მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აღრიცხული იყო ნ. გ-ას საკუთრების უფლება. ნ. გ-ას სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე 2022 წლის 16 თებერვალს გაცემული №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გახდა ლ. ე-ე. ამდენად, ლ. ე-ეის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ე-ეემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ფორმალურად განიხილებოდა რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა, თუმცა სასამართლომ იმსჯელა სამოქალაქო გარიგების ბათილობის საკითხზე, რითიც გასცდა დავის ფარგლებს. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, ფორმის დარღვევით დადების მოტივით საკუთარი ინიციატივით გაებათილებინა გარიგება. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთ. კასატორის მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედებდა სსრკ სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძვლების (მიღებული 1991 წლის 31 მაისს), რომლის თანახმად, ერთობრივი საქმიანობის ხელშკრულების ფორმა განსაზღვრული არ იყო. ამდენად, სადავო შეთანხმება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. კასატორი აგრეთვე მიუთითებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ კანონის 35.2 მუხლზე, რომლის მიხედვით სამოქალაქო კოდექსისი ამოქმედებმადე დადებული გარიგებები, რომლების იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით და დადგენილ ვადებში არ იყო რეგისტრირებული შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ლ. ე-ეის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მაშინ, როდესაც გ. ე-ეის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. იმის გათვალისწინებით, რომ ლ. ე-ეის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეძლო გ. ე-ეის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება, არსებობდა წარმოებაში მისი ჩართვის საჭიროება.
კასატორი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონის“ 3.6 მუხლსა და მე-13 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ არ არსებობდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები. რეგისტრატორს უფლება არ ჰქონდა ემსჯელა წარდგენილი გარიგების ბათილად ცნობის საკითხზე. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ცნობილი იყო, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და სამკვიდრო მასა არ იყო დადგენილი. ამდენად, ორგანოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა არცერთი სარეგისტრაციო განაცხადი. ამასთან, ნუ. გ-ას სახელზე რეგისტრირებული და ლ. ე-ეის მიერ სარეგისტრაციო ობიექტები მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
კასატორის მითითებით, მას არ მიეცა ანდერძის რეალიზების საშუალება, რითიც ბოროტად ისარგებლა ლ. ე-ემ. მესამე პირის განცხადების საფუძველზე, მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობაში სახელი „ნ.“ შეცვალეს სახელით - „ნუ.“, თუმცა საკუთრება ირიცხებოდა „ნ.“ გ-აზე და საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში სახელის ცვლილება არ გახორციელებულა. ამასთან, საკმკვიდრო მოწმობაშიც მითითებული იყო სახელი „ნუ.“. ამდენად, შეუძლებელი იყო უძრავი ქონების გადაფორმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის განჩინებით (მოსამართლე - ბადრი შონია) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ე-ეის საკასაციო საჩივარი.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 17 ოქტომბრის №36/პლ-2025 დადგენილებით მოსამართლე ბადრი შონიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ არჩევის გამო, საქმე №ბს-983(კ-25), საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით 2025 წლის 22 ოქტომბერს განაწილდა მოსამართლე ქეთევან ცინცაძეზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ე-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, აღრიცხული იქნა ნუ. (ნ.) გ-ას სახელზე.
2021 წლის 16 დეკემბერს გ. ე-ეემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და წარადგინა 1997 წლის 16 ივლისით დათარიღებული, ნ. გ-ასა და გ. ე-ეის სახელით შესრულებული ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი იყო გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრება, ექსპლუატაციაში მიღება და კეთილმოწყობა. ნ. გ-ას შენატანი იყო 8 000, ხოლო გ. ე-ეის შენატანი 81 000 აშშ დოლარი. პროექტის განხორციელების შემდეგ სახლი უნდა გადასულიყო საერთო საკუთრებაში: გ. ე-ეის საკუთრებაში - 9/10 წილი, ნ. გ-ას საკუთრებაში - 1/10 წილი. გ. ე-ეე უნდა დახმარებოდა ნ. გ-ას ნორმალური ცხოვრებისა და მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრებით. ამის ნაცვლად, ნ. გ-ა ვალდებულებას იღებდა თავისი წილი ამ სახლში გადაეცა გ. ე-ეის ან მისი მემკვიდრისათვის. განცხადებას ასევე ერთვოდა 2012 წლის 06 აგვისტოთი დათარიღებული, ნ. გ-ასა და გ. ე-ეის სახელით შესრულებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი შეთანხმდნენ, რომ 1997 წლის 16 ივლისის ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება შესრულებული იყო და გ. ე-ეეს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთის 9/10 წილი, ხოლო ნ. გ-ას - 1/10 წილი.
მითითებულ შეთანხმებებთან ერთად, გ. ე-ეის მიერ წარდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2021 წლის 25 ოქტომბრის № 007451421 დასკვნა, რომლის მიხედვით, 1997 წლის 16 ივლისისა და 2012 წლის 06 აგვისტოს შეთანხმებებზე ხელმოწერები შესრულებული იყო ნ. გ-ას მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 5 იანვრის №... გადაწყვეტილებით შეჩერდა განცხადებაზე წარმოება იმ მოტივით, რომ განცხადება წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, ტექნიკური აღრიცხვის არქივში მოძიებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხული იყო ნ. გ-ა და ამ რეგისტრაციისათვის საჭირო იყო მისი განცხადება ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვალების შემთხვევაში კი - სამკვიდრო მოწმობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილებით გ. ე-ეის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების პროცესში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი-ინფორმაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილებით, ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 366 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი ...) 1/2 ნაწილზე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დარეგისტრირდა ლ. ე-ეის საკუთრების უფლება.
გ. ე-ეემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილება და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 მარტის № ... გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 აპრილის № ... გადაწყვეტილებით გ. ე-ეის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ გ. ე-ეემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში საჯარო რეესტრში არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე არ წარადგინა და ადმინისტრაციულ საჩივარს არ ერთვოდა ნ. გ-ას კუთვნილი უძრავი ნივთის 9/10 ნაწილზე გ. ე-ეის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (კანონმდებლობის შესაბამისად დადებული გარიგება, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რის გამოც არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, 2022 წლის 16 თებერვლის №... სამკვიდრო მოწმობით, ლ. ე-ემ, როგორც მეორე რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ (დის შვილმა), მიიღო დეიდის - ნუ. გ-ას სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი, და ამდენად, არ არსებობდა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 11 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველიც.
ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს როგორც გ. ე-ეის სახელზე ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში მდებარე 366 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის 9/10 ნაწილის რეგისტრაციაზე უარის თქმის (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის), ისე ამავე უძრავ ქონების 1/2 ნაწილზე ლ. ე-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთანავე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტაციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ გ. ე-ეის მიერ სარეგისტაციო ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა სადავო ფართის 9/10 ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ" ქვეპუნქის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და შესაბამის ორგანოში დარეგისტრირებულიყო სანოტარო წესით დამოწმების დღიდან სამი თვის ვადაში. ანალოგიური წესი მოქმედებდა საცხოვრებელი სახლის ჩუქების და გაცვლილობის ხელშეკრულებების დადებისას. ამდენად, 1997 წლის 16 ივლისის ,,ერთობლივი საქმიანობის შეთანხმება", რომელიც ითვალისწინებდა, გარკვეული ქმედებების განხორციელების სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის წილზე საკუთრების უფლების გადაცემას (გასხვისებას), დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2012 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის № 4 ბრძანებით და ძალადაკარგულია 2019 წლის 31 დეკემბრის № 87 ბრძანებით) მე-20 მუხლის თანახმად, ხელმოწერის დამოწმებას ექვემდებარებოდა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა მინდობილობის, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, ასევე ადმინისტრაციული ხელშეკრულებები, რომლებიც წარმოშობენ, ცვლიან ან წყვეტენ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებებს. ამავე ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება ხორციელდებოდა უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადების წარმოდგენასთან ერთად, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2012 წლის 06 აგვისტოს შეთანხმება შედგენილი და დამოწმებული არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, რაც ასევე არ იძლეოდა მხოლოდ ამ დოკუმენტის საფუძველზე გ. ე-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობას. ამდენად, წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის მხრიდან დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა, ხოლო ამ დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
რაც შეეხება, სადავო ქონების 1/2 წილზე ლ. ე-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მართლზომიერებას, დადგენილია, რომ ლ. ე-ემ სარეგისტრაციო ორგანოში წარადგინა 2022 წლის 16 თებერვალის №... სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც იგი გახდა ნ. გ-ას სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც სარეგისტრაციო წარმოების და არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სადავო არ გამხდარა ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის კანონიერება. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ნ. გ-ას ქონებასთან მიმართებაში ლ. ე-ეის სასარგებლოდ გაცემული ძალაში მყოფი სამკვიდრო მოწმობა, არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. ე-ეის საკასაციო საჩივარზე 02.09.2025წ. №29099955838 საგადასახადო დავალებით მ. დ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ე-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. მ. დ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ე-ეის საკასაციო საჩივარზე 02.09.2025წ. №29099955838 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა