გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-188(კ-25) 20 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
კასატორი (მოსარჩელე) - ა.ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მესამე პირი - სსიპ ...ის განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ბ-მა სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აპრილის ბრძანება ა.ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილება ა.ბ-ის დაჯარიმების და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ.
სარჩელის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე, 2014 წლის გაზაფხულზე, მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მზიდი კონსტრუქცია მოაწყო, რომლის ძირითადი ფუნქცია არის თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა. კონსტრუქცია 2014 წელს გადაიხურა, რაც შპს „...-ის“ საკუთრებაში არსებული ობიექტიდან ელექტროენერგიით სარგებლობით დასტურდება, ხოლო დასრულებულ კონსტრუქციაში ინდივიდუალური მრიცხველი 2015 წელს დამონტაჟდა. გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2018 წლის 20 ივლისს (4 წლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებიდან). ტერიტორიაზე გადახურვა უკვე 7 წელია მოწყობილია, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს შენობა და იგი სამეურნეო მასალების განთავსებისთვის გამოიყენება. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის შესაბამისი ნორმები, 7 წლის წინ მოწყობილი კონსტრუქციის გამო.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) ბორჯომის რაიონის დაბა ...ში „...-ის“ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2015 წლის 17 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა.ბ-ის სახელზე. ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი: 1706.00 კვ.მ. 2020 წლის 10 მაისს მომზადებული ამონაწერის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე რეგისტრირებულია შენობა-ნაგებობა; ბ) 2021 წლის 7 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოსცა №14 მითითება, რომლის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...-ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) წარმოებულია მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობა. ა.ბ-ის დაევალა მითითების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოეხდინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მშენებლობის სრული დემონტაჟი, ვინაიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას. ასევე, ა.ბ-ის განემარტა, რომ საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრებოდა 8000 ლარით და გაფრთხილებულ იქნა, რომ მითითების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევისას დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით შესაბამისად; გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აპრილის №ბ16.16211036 ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა.ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით; დ) 2021 წლის 20 აპრილს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ა.ბ-ის აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობდა სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით; ე) 2021 წლის 13 მაისს ა.ბ-იმა განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითებასთან და 2021 წლის 13 აპრილის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის №ბ16.16211036 ბრძანებასთან დაკავშირებით, სადაც განმარტა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე მან დაბა ...ში, „...-ის“ ტერიტორიაზე, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), აწარმოა მზიდი კონსტრუქციის მოწყობა, რომლის ფუნქციაა კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა, რაც წარმოადგენს მხოლოდ გადახურვას და არ შეიძლება ეწოდოს შენობა, ადგილზე განთავსებულია სამეურნეო ნივთები. 2015 წელს ენერგოკომპანიის მიერ დასრულებულ გადახურვაში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველი. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს საავტომობილო გზის მომიჯნავედ და ადვილად შესამჩნევია. ამის მიუხედავად, მერიამ ფაქტზე 8 წლის შემდეგ მოახდინა რეაგირება. მერიამ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას გამოიყენა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2018 წლის 20 ივლისს, რომელიც ვერ გავრცელდება 8 წლის წინ მოწყობილ კონსტრუქციაზე; ვ) 2021 წლის 31 მაისის №13 შემოწმების აქტის თანახმად, რომელიც შედგა 07.04.2021წ. №14 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად, დგინდება, რომ შემოწმების აქტის შედგენის მომენტში მშენებლობა იყო დასრულებული, არ იყო წარდგენილი მშენებლობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია; ზ) 2021 წლის 9 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ა.ბ-ის გაუგზავნა უწყება და აცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მის მიერ წარმოებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითების საფუძველზე, დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება და დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა შესაბამისი ზომების მიღება, რომელიც არ შესრულდა. საქმის განხილვა დანიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 20 ივლისს 12:00 საათზე. მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. 2021 წლის 17 ივლისის წერილით კი, ა.ბ-ის დამატებით ეცნობა იმ პირთა ვინაობა, ვინც მერიის მხრიდან განხილვაში მიიღებდა მონაწილეობას; თ) 2021 წლის 20 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე, რომელზეც ა.ბ-ი არ გამოცხადდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა.ბ-ის დაჯარიმების და უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟის შესახებ დადგენილების პროექტის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთან წარდგენის თაობაზე; ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილებით ა.ბ-ს დაევალა მის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟი და იგი დაჯარიმდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის 8000 ლარით; კ) 2015 წლის 10 ივნისს ა.ბ-იმა განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაბა ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და წარადგინა შესაბამისი ესკიზური პროექტი. პროექტზე დართული განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...-ის“ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), დაპროექტებულია სათივე ანგარი, რომელიც წარმოადგენს ლითონის მილი კვადრატებით შეკრულ მსუბუქ კონსტრუქციას, დაფარულს გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლებით. ანგარი სამი მხრიდან შემორაგულია გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლების კედლით, წინა მხრიდან კი ღიაა. მოშენების ფართობია 281.7 კვ.მ, საერთო ფართობი 277.4 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1211.2 კვ.მ; ლ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 1 თებერვლის №6315 წერილით ა.ბ-ისადმი დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში 2015 წლის 10 ივნისს რეგისტრირებულია ა.ბ-ის განცხადება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ, ხოლო მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მის მიერ წარდგენილი არ არის. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მერია ვერ იმსჯელებდა დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის; მ) ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი გეგმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილების №5 დანართის თანახმად, ყოფილი ...ის და ე.წ. ,,...-ის“ ტერიტორია მიეკუთვნება გამწვანებულ ტერიტორიას, დაუშვებელია აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების ინდივიდუალური განვითარება ნებისმიერი ფუნქციით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა.ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე წარმოებული მშენებლობა საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას. მისი მოშენების ფართობი და მახასიათებლები არ ექცევა I კლასის შენობა-ნაგებობაში, შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი აღემატება 60 კვადრატულ მეტრს, კერძოდ, პროექტის მიხედვით, მოშენების ფართობია 281.7 კვ.მ. შესაბამისად, მოსარჩელემ მშენებლობა ნებართვის გარეშე აწარმოა.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ მერიას აქტების გამოცემისას არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, რომელიც მიღებულია 2018 წელს. კერძოდ, დადგენილია, რომ მერიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2021 წელს, დარღვევის გამოვლენისთანავე. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ 2015 წელს მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მათთვის ცნობილი იყო მშენებლობის შესახებ, აღნიშნულ გაცხადებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს უარი უთხრა აქტის გამოცემაზე, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 2020 წლის 10 მაისის თარიღით მომზადებულ ამონაწერში ფიქსირდება ინფორმაცია შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ...ის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი გეგმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილების №5 დანართის თანახმად, ყოფილი ...ის და ე.წ. ,,...-ის“ ტერიტორია მიეკუთვნება გამწვანებულ ტერიტორიას, დაუშვებელია აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთების ინდივიდუალური განვითარება ნებისმიერი ფუნქციით.
სასამართლოს მოსაზრებით, უდავოდ დასტურდება, რომ ა.ბ-იმა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აწარმოა მშენებლობა სათანადო ნებართვის გარეშე, ამასთან, მან არ შეასრულა მერიის უფლებამოსილი პირის მითითება უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა.ბ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად სსიპ ...ის განვითარების სააგენტო ჩაერთო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ა.ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა ორ გარემოებაზე მითითებით, კერძოდ, განსახილველ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ვრცელდება ამნისტია და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება დაეწყო მშენებლობა, ვინაიდან 2015 წლის 10 ივნისის განცხადებაზე, რომელიც ეხებოდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, ადმინისტრაციული ორგანოდან პასუხი არ მიუღია. შესაბამისად, ა.ბ-იმა ივარაუდა, რომ მას ჰქონდა უფლება დაეწყო მშენებლობა, რაც აწარმოა კიდეც. ამასთან თვლის, რომ მშენებლობა განახორციელა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მოქმედება. მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის მიზანი, რომელიც მოცემულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, კერძოდ, ყურადღება არის გამახვილებული იმ მოცემულობაზე, რომ წლების განმავლობაში, მთელ რიგ შემთხვევებში სამშენებლო საქმიანობა განხორციელებულია შესაბამისი წესების დაცვის გარეშე. შედეგად, საკმაოდ დიდია იმ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია და საცხოვრებლად გამოიყენება, თუმცა, სამშენებლო წესების დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და მოქმედი კანონმდებლობის პირობებში ვერც სამომავლოდ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, განხორციელდეს ამ მომენტისთვის არსებული მშენებლობადამთავრებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მშენებლობის კანონიერად გამოცხადება საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ამდენად, კანონით ცალსახად არის დადგენილი გარემოება, რომლის არსებობის პირობებში არის შესაძლებელი უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო საქმიანობის შედეგად აშენებული შენობა-ნაგებობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა და ეს არის, როდესაც სახეზეა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობით (მისი არსებობის შემთხვევაში). მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დგინდება და მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს, მის მიერ აშენებული ნაგებობა არ არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. მომჩივანი მას მოიხსენიებს, როგორც კონსტრუქციას, რომელსაც არ აქვს საძირკველი და მისივე განმარტებით, ნაგებობა წარმოადგენს მხოლოდ ტრანსპორტისა და სამეურნეო საშუალებების დამცავ საშუალებას. რაც შეეხება კანონში მითითებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, ის ცალკე აღებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გარეშე არ ექცევა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის რეგულირების სფეროში, იმ მარტივი მიზეზით, რომ ტერმინოლოგიურად და თავისი არსით წარმოადგენს ძირითადი შენობის დამხმარე შენობას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მიზნებისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი არის ცალკე მდგომი, არაუმეტეს 3 მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) მქონე ინდივიდუალური საკუთრების საგანი − საცხოვრებელი ფუნქციის შენობა, რომელიც შეიძლება იყოს 1 კონსტრუქციულ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიიჩნევა აგრეთვე სახლი, რომელიც არაუმეტეს 2 ინდივიდუალური საკუთრების საგნისგან შედგება (მე-5 პუნქტი). ამდენად, მოცემული განმარტებიდან გამომდინარე და საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად, რაც დაუსაბუთებელს ხდის აპელანტის წარმომადგენლის არგუმენტს განსახილველ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ამნისტიის ნორმის გავრცელების თაობაზე.
2015 წლის 10 ივნისის განცხადებით დგინდება, რომ ა.ბ-იმა მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაბა ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და წარადგინა შესაბამისი ესკიზური პროექტი. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხის გაუცემლობა აპელანტმა მიიჩნია, როგორც თანხმობა მშენებლობის წარმოებაზე და მის მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი პროექტი, რომელიც წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნული ქმედების სამართლებრივ საფუძვლად მომჩივანი მხარე მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მშენებლობის შეტყობინების თაობაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში (მშენებლობის მარტივ შეტყობინებაში), ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, ასევე I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც 2015 წლის 10 ივნისს ა.ბ-ის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ ესკიზურ პროექტზე დართული განმარტებითი ბარათით დგინდება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...-ის“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), დაპროექტებულია სათივე ანგარი, რომელიც წარმოადგენს ლითონის მილი კვადრატებით შეკრულ მსუბუქ კონსტრუქციას, დაფარულს გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლებით. ანგარი სამი მხრიდან შემორაგულია გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლების კედლით, წინა მხრიდან კი - ღიაა. მოშენების ფართობია 281.7 კვ.მ, საერთო ფართობი 277.4 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1211.2 კვ.მ. ზემოთ მოცემული მოშენების ფართობისა და სამშენებლო მოცულობიდან გამომდინარე, ა.ბ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა არ არის I კლასის შენობა-ნაგებობა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების დანართი №1-ის მიხედვით I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლებია 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საწარმოებლად კანონით დადგენილია მშენებლობის ნებართვის მოპოვება ან გარკვეული პირობის არსებობისას მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლი არეგულირებს I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შეტყობინების ზოგად წესს, თუმცა ასევე ადგენს იმის შესაძლებლობას, როდესაც მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ან მშენებლობის დეტალური შეტყობინების ნაცვლად, მოითხოვოს მშენებლობის ნებართვის მიღება. ამ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს ამ კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტაცია (მე-5 ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიმართული აქვს მშენებლობის ნებართვის მოპოვებაზე და არა მშენებლობის დეტალურ შეტყობინებაზე. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი მშენებლობის შეტყობინების ზოგადი წესი ვერ იმოქმედებს. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი მოშენების ფართობი და საერთო ფართობი მიუთითებენ II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებლის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო, სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც მშენებლობის ნებართვის მოპოვების პირველ ეტაპად მიიჩნევა. მშენებლობის ნებართვის მოპოვება საჭიროებს სამი სტადიის გავლას და მისი საბოლოო საფეხურია მშენებლობის ნებართვის გაცემა. მოსარჩელემ მის მიერ მერიაში წარდგენილ განცხადებაზე კანონით დადგენილ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიიჩნია თანხმობად, თუმცა საგულისხმოა, რომ მას არ განუხორცილებია არც ერთი ქმედება, არ წარუდგენია კანონით დადგენილი დოკუმენტაცია, რაც მშენებლობის მეორე ან მესამე სტადიისათვის იყო აუცილებელი და დაიწყო მშენებლობა (საგულისხმოა მისი განმარტება სააპელაციო სასამართლოში, რომ მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამშენებლო სფეროში), აღნიშნული კი, მიუთითებს მისი მხრიდან განხორციელებული მშენებლობის უკანონობაზე და სადავო აქტების მართებულობაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული განმარტება ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, თუ მხარე თვლის, რომ მის მიერ ნაწარმოებ მშენებლობაზე არ უნდა გავრცელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოქმედება, შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებიდან გამომდინარე, სადავო სამართალურთიერთობა არ უნდა დარეგულირდეს არც იმავე კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნული მოცემულობისა, ადმინისტრაციული წარმოება სწორად წარიმართა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის საფუძველზე, ვინაიდან დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითება შეადგინა გადაცდომის გამოვლენისთანავე - 2021 წლის 7 აპრილს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 2020 წლის 10 მაისის თარიღით მომზადებულ ამონაწერში ფიქსირდება ინფორმაცია შენობა-ნაგებობის არსებობის შესახებ, მანამდე არსებულ ამონაწერებში კი, იგი არ ფიქსირდებოდა. აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი „ენერგო პრო ჯორჯიას’’ ამონაწერი, არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომელიც უტყუარად დაადასტურებს მშენებლობის 2015 წელს წარმოებას, რამეთუ სრულიად შესაძლებელია, რომ ამ დროისათვის მოხდა მხოლოდ აბონენტის რეგისტრაცია და მრიცხველის მონტაჟი ამ საკადასტრო ერთეულზე, რა დროსაც გარკვეულ შემთხვევებში მოიხმარდა ელ.ენერგიას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ-იმა.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მოქმედება, რომლითაც უნებართვო მშენებლობები კანონიერად გამოცხადდა. დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, მითითებული ნორმის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო ობიექტი გამოიყენება საწყობად. კანონმდებლობის მიზანია იმ უნებართვო მშენებლობების დაკანონება, რომლებიც ვერ მიიღება ექსპლუატაციაში. მართალია, კანონში გამოყენებულია ტერმინი ინდივიდუალური სახლი, თუმცა მითითებულია ასევე დამხმარე შენობები და გათვალისწინებულია მათი კანონიერად ცნობა. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ მოსარჩელემ მშენებლობის ნებართვის მიღებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართა მუნიციპალიტეტს, რაზეც პასუხი არ მიუღია, შესაბამისად, შეეძლო მშენებლობის დაწყება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით, ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება ა.ბ-ისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილება ა.ბ-ისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში დაევალოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) უძრავი ქონება მდებარე ბორჯომის რაიონი, დაბა ..., „...ის” ტერიტორია, საკადასტრო კოდი №..., ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (სათიბი), დაზუსტებული ფართობი 1706.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა.ბ-ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 23 ივლისი (ს.ფ. 47-48). აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მაისის №... გადაწყვეტილებით განხორციელდა რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია №1 შენობა-ნაგებობა (ს.ფ.49-50); ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2021 წლის 7 აპრილს გამოიცა №14 მითითება, რომლის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) წარმოებულია მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობა. ა.ბ-ის დაევალა მითითების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოეხდინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მშენებლობის სრული დემონტაჟი (ს.ფ 51); გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აპრილის №ბ16.16211036 ბრძანებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ა.ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) უნებართვოდ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით (ს.ფ 52); დ) ა.ბ-იმა 2021 წლის 13 მაისს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითებასთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აპრილის №ბ16.16211036 ბრძანებასთან დაკავშირებით. განმცხადებელმა განმარტა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე, დაბა ...ში, „...ის“ ტერიტორიაზე, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...), მოაწყო მზიდი კონსტრუქცია, რომლის ფუნქცია არის კონსტრუქციების, აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური და სხვა დატვირთვების მიმართ ამტანუნარიანობა, რაც წარმოადგენს მხოლოდ გადახურვას და არ შეიძლება ეწოდოს შენობა, ადგილზე განთავსებულია სამეურნეო ნივთები. 2015 წელს ენერგოკომპანიის მიერ დასრულებულ გადახურვაში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველი. მიწის ნაკვეთი მდებარეობს საავტომობილო გზის მომიჯნავედ და ადვილად შესამჩნევია. ამის მიუხედავად, მერიამ 8 წლის შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ამასთან, ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას გამოიყენა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2018 წლის 20 ივლისს (ს.ფ. 55-57); ე) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლების მიერ 2021 წლის 31 მაისს შედგა №13 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, შემოწმების მომენტში მშენებლობა იყო დასრულებული. ამასთან, ა.ბ-ის მიერ არ შესრულდა 07.04.2021 წლის №14 მითითებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, არ იყო წარდგენილი მშენებლობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია (ს.ფ. 58); ვ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2021 წლის 20 ივლისს გამართულ სხდომაზე, რომელზეც ა.ბ-ი არ გამოცხადდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა.ბ-ის დაჯარიმების და უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟის შესახებ დადგენილების პროექტის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთან წარდგენის თაობაზე (ს.ფ. 65-66); ზ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილებით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ა.ბ-ის დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით ა.ბ-ის დაევალა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟი (ს.ფ. 67-68); თ) ა.ბ-მა 2015 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაბა ...ში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და წარადგინა შესაბამისი ესკიზური პროექტი. პროექტზე დართული განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის“ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე, დაპროექტებულია სათივე ანგარი, რომელიც წარმოადგენს ლითონის მილი კვადრატებით შეკრულ მსუბუქ კონსტრუქციას, დაფარულს გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლებით. ანგარი სამი მხრიდან შემორაგულია გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლების კედლით, წინა მხრიდან კი ღიაა. მოშენების ფართობია 281.7 კვ.მ, საერთო ფართობი 277.4 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1211.2 კვ.მ (ს.ფ. 84-104); ი) ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 1 თებერვლის №6315 წერილით ა.ბ-ის ეცნობა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში 2015 წლის 10 ივნისს რეგისტრირებულია ა.ბ-ის განცხადება მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ, ხოლო მიწის ნაკვეთზე - მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია მის მიერ წარდგენილი არ არის. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ვერ იმსჯელებდა დაბა ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის (ს.ფ. 107).
საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დენად სამართალდარღვევას წარმოადგენს, იგი იწყება ქმედებით და გამოვლენამდე უწყვეტად ხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2021 წლის 7 აპრილს გამოიცა №14 მითითება, რომლის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) წარმოებულია მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობა. შესაბამისად, შესაძლო სამართალდარღვევა ამ დროიდან გამოვლინდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ მოცემული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დაუშვებელი იყო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის გავრცელება, რომელიც მიღებულია 2018 წლის 20 ივლისს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსზე, რომელიც ადგენს: ა) საქართველოს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების სისტემას, მის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქიასა და შემადგენლობას, მათი შემუშავებისა და დამტკიცების წესებს; ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს და შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილი).
მითითებული კოდექსის მე-3 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება.
ზემოაღნიშნული კოდექსის 94-ე მუხლით დადგენილია მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის წესი, კერძოდ, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას (1-ლი ნაწილი). II–IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება - მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას (მე-2 ნაწილი). ამდენად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას - I კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე შეტყობინებას, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი - უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან (გარკვეული კატეგორიის შენობისათვის) შეტყობინების გარეშე. ამდენად, უნებართვო მშენებლობა იმთავითვე არის სამართალდარღვევა, ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა სანქციის გამოყენებამდე აძლევს პირს შესაძლებლობას გამოასწოროს სამართალდარღვევა და აიცდინოს მის მიმართ სანქციის გამოყენება, არ ადასტურებს პირის უფლებას აწარმოოს მშენებლობა ნებართვის გარეშე. სამშენებლო სფეროში სამართალდარღვევა მყისიერად არ იწვევს სანქციის დაკისრებას. კანონმდებლობა დამრღვევის მიმართ სანქციის გამოყენებამდე ითვალისწინებს მითითების გამოცემას, რომლითაც პირს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რაც არ ადასტურებს ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების დასაშვებობას. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მშენებლობის ნებართვის მოპოვების ვალდებულება გამოიხატება მშენებლობის სფეროში დადგენილი საქმიანობის პრევენციული აკრძალვით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითებით ა.ბ-ის დაევალა, მითითების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოეხდინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მშენებლობის სრული დემონტაჟი. 2021 წლის 31 მაისს შედგა №13 შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილებით ა.ბ-ის დაევალა მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟი და იგი დაჯარიმდა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის 8000 ლარით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 131-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 8 000 ლარის ოდენობით).
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 101-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები, ერთ-ერთი ასეთია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ინფორმაცია განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ (პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ა.ბ-იმა 2015 წლის 10 ივნისს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს და ითხოვა დაბა ...ში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და წარადგინა შესაბამისი ესკიზური პროექტი. პროექტზე დართული განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის“ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე დაპროექტებულია სათივე ანგარი, რომელიც წარმოადგენს ლითონის მილი კვადრატებით შეკრულ მსუბუქ კონსტრუქციას, დაფარულს გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლებით. ანგარი სამი მხრიდან შემორაგულია გოფრირებული თუნუქის პროფილირებული ფურცლების კედლით, წინა მხრიდან კი ღიაა. მოშენების ფართობია 281.7 კვ.მ, საერთო ფართობი 277.4 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 1211.2 კვ.მ.
საკასაციო პალატა მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობის კლასის მახასიათებლები (დანართი №1). აღნიშნული დადგენილების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებელი არის 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. ხოლო, II კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებელი არის 500 მ2‑მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5მ-დან 12მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო მშენებლობის შესაბამისობა I კლასის მშენებლობისათვის განსაზღვრულ მახასიათებლებთან. ამასთან საგულისხმოა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებში სადავო ობიექტი მოხსენიებულია II კლასის შენობა-ნაგებობად. შესაბამისად, ა.ბ-ის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნა არ ქმნიდა საკმარის საფუძველს, რომ მოსარჩელეს მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაეთვალა და ეწარმოებინა მშენებლობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საწარმოებლად კანონით დადგენილია მშენებლობის ნებართვის მოპოვება ან გარკვეული პირობის არსებობისას მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ განუხორციელებია და მის მიერ მოთხოვნილი იყო მხოლოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო სამართალურთიერთობაზე მშენებლობის შეტყობინების ზოგადი წესი ვერ იმოქმედებს და მშენებლობის დაწყების კანონიერების სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილი (მშენებლობის შეტყობინების თაობაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობის შეტყობინებით გათვალისწინებული მშენებლობა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს წერილობითი თანხმობა მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიზანს წარმოადგენდა, დადგენილიყო სათივე ანგარის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც მშენებლობის ნებართვის მოპოვების პირველ ეტაპად მიიჩნევა. მოსარჩელეს არ განუხორციელებია სხვა არცერთი ქმედება მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად და ასეთ პირობებში დაიწო მშენებლობა, რაც ადასტურებს მის მიერ განხორციელებული მშენებლობის უკანონობას. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილება ა.ბ-ის დაჯარიმების ნაწილში კანონიერია და ამ ნაწილში არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მიუხედავად მშენებლობის უკანონობისა და ა.ბ-ისთვის ჯარიმის დაკისრების საფუძვლების არსებობისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, დადგენილია, რომ 2020 წლის 10 მაისის მდგომარეობით მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ა.ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ბორჯომის რაიონში, დაბა ...ში, „...ის“ ტერიტორიაზე №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, დგინდება, რომ საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მიმართ მითითების შედგენის და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მომენტისათვის. აღნიშნული საკუთრების უფლება ძალაშია და სადავოდ არ არის გამხდარი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ საკუთრების უფლების განხილვისას, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი შედგება სამი განცალკევებული წესისგან. დიდი პალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანახმად (საქმეზე - “იატრიდისი საბერძნეთის წინააღმდეგ”) ისინი განმარტებულია შემდეგნაირად: „პირველი წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, ზოგადი ხასიათისაა და აყალიბებს საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის პრინციპს. მეორე წესი, რომელიც პირველი პარაგრაფის მეორე წინადადებაშია მოცემული, ეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას და უქვემდებარებს მას კონკრეტულ პირობებს. მესამე წესი, რომელზეც მეორე პარაგრაფი მიუთითებს, აღიარებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უფლებამოსილები არიან, inter alia, საჯარო ინტერესის შესაბამისად განახორციელონ საკუთრების გამოყენების კონტროლი“ (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §55). იმისათვის, რომ საკუთრების უფლებაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევის დადგენის საფუძვლად არ მიიჩნიოს, საჭიროა მოცემული ჩარევა პირველ რიგში იცავდეს კანონიერების პრინციპს (Iatridis v. Greece, no. 31107/96, §58) კანონიერების პრინცი ზემოაღნიშნული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა. ამაზე მეტყველებს ასევე დიდი პალატის გადაწყვეტილება - „ბელანე ნაგი უნგრეთის წინააღმდეგ” (Béláné Nagy v. Hungary, no. 53080/13), რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხსენებულ უფლებაში ნებისმიერ ჩარევა მოცემულ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს.
საკასაციო სასამართლო, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპი არის აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება, საქმე №ბს-1112(კ-18)) .
„შენობის დემონტაჟი, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული დანაწესის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან საქმის გარემოებების გამოკვლევისა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შეუძლებლობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის №ბს-681-681(კ-18) გადაწყვეტილება). ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დემონტაჟის დავალების ნაწილში გასაჩივრებული დადგენილების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო შეფასება არ მისცემია შენობა-ნაგებობის მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტს, არ არის შეფასებული ის სამართლებრივი საფუძველი, რაც სადავო შენობა-ნაგებობის რეგისტრაციას დაედო საფუძვლად 2020 წელს, შესაბამისად, არ არის დადგენილი მოსარჩელისათვის დემონტაჟის დავალება ემსახურებოდა თუ არა შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს და წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული მოსარჩელის უფლებაში პროპორციულ ჩარევას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გამოკვლევას საჭიროებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად შეაფასოს სადავო საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ნაწილში არსებობს გასაჩივრებული დადგენილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობები.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითება და 2021 წლის 13 აპრილის №ბ.16.16211036 ბრძანება ,,ა.ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ’’.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ამავე კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, დარღვევის გამოსწორების შესახებ მითითება გაიცემა გონივრული ვადით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ.
ზემოაღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, (1) მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში მიიღოს დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; (2) მოტივირებული საფუძვლის არსებობისას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით; (4) თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ.
მითითებული საკანონმდებლო ნორმები ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითებით ა.ბ-ის მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციულ წარმოება, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის 13 აპრილს გამოსცა №ბ.16.16211036 ბრძანება იმავე საკითხზე, კერძოდ, ,,ა.ბ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ’’. ამასთან, ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლი (ადმინისტრაციული წარმოების სახეები), 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და 95-ე მუხლი (დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში). ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა 2021 წლის 13 აპრილის №ბ.16.16211036 ბრძანების გამოცემის საფუძველი და იგი მიღებულია იმავე საკითხზე, რასაც ითვალისწინებდა 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითება, საკასაციო სასამართლო აღარ შეაფასებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 13 აპრილის №ბ.16.16211036 ბრძანების კანონიერებას და იმსჯელებს მხოლოდ 2021 წლის 7 აპრილის №14 მითითებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო პალატის იმ განმარტებებზე, სადაც ,,მითითების’’ სამართლებრივი ბუნება განიმარტა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-746-730(კ-12) საქმეზე განმარტა, რომ ,,სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მითითების შედგენა არ ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, მითითება თავისთავად არ იწვევს უშუალო სამართლებრივ შედეგს - დაჯარიმებას, ჯარიმის დაკისრებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა. მითითება არის შუალედური აქტი, სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის ,,ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითება არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა, რათა სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განსაზღვრულ გონივრულ ვადაში პირმა ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები. მითითება ქმნის პირის დაჯარიმებამდე დარღვევის გამოსწორების პირობას. სამშენებლო სამართალდარღვევაზე მითითების გაცემის დანიშნულება არის სამართალდარღვევის გამოსწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ იქნება გამოსწორებული, მითითება შესაძლოა საფუძვლად დაედოს დაჯარიმების შესახებ აქტის გამოცემას (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება საქმეზე ბს-746-730(კ-12)).
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2021 წლის 7 აპრილს გაიცა №14 მითითება, რომლის მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ...ში „...ის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ...) წარმოებულია მეორე კლასის შენობა-ნაგებობის უნებართვო მშენებლობა. ა.ბ-ის დაევალა მითითების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მოეხდინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მშენებლობის ნებართვის მისაღებად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მშენებლობის სრული დემონტაჟი. ამავე მითითებით ა.ბ-ის ეცნობა, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მითითების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევისას დაეკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაზეც განსაზღვრული იყო ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, ვინაიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილება ა.ბ-ისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში წინამდებარე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ამ ნაწილში დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, მითითება, რომლითაც ა.ბ-ის მიმართ დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, კანონიერია და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის შედავებას საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმის თანახმად, ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა ნაგებობით (მისი არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ობიექტებისა, ლეგალიზებას არ საჭიროებს და კანონიერად მიიჩნევა.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის მიზნებისთვის ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიიჩნევა ცალკე მდგომი, არაუმეტეს 3 მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) მქონე ინდივიდუალური საკუთრების საგანი − საცხოვრებელი ფუნქციის შენობა, რომელიც შეიძლება იყოს 1 კონსტრუქციულ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლად მიიჩნევა აგრეთვე სახლი, რომელიც არაუმეტეს 2 ინდივიდუალური საკუთრების საგნისგან შედგება (მე-5 ნაწილი).
ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის არსებითია, რომ სახეზე იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დამხმარე შენობა-ნაგებობით (მისი არსებობის შემთხვევაში). დამხმარე შენობა-ნაგებობა, ცალკე აღებული, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გარეშე, არ ექცევა მუხლის რეგულირების სფეროში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ აშენებული ნაგებობა არ არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მზიდ კონსტრუქციას, რომლის ძირითადი ფუნქციაა აღჭურვილობის, თოვლის, ქარის, წყლის, სეისმური, ტექტონიკური და სხვა დატვირთვების ამტანუნარიანობა, მასში განთავსებული აქვს სამეურნეო ნივთები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისა და ამ საფუძვლით შენობა-ნაგებობის კანონიერად მიჩნევის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ა.ბ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები. ამასთანავე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ 24), სააპელაციო საჩივარზე - 150 ლარი (ს.ფ 211), ხოლო საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი, რომლის გადახდაც ჯამში 550 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა.ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება ა.ბ-ისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 23 ივლისის №დ-16.16212042 დადგენილება ა.ბ-ისათვის დემონტაჟის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში დაევალოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
6. ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას ა.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა